უსინათლო მიხო პაპა და ხალხის გადამრჩენელი დასტაქარი - კვირის პალიტრა

უსინათლო მიხო პაპა და ხალხის გადამრჩენელი დასტაქარი

ქიზიყში, ქალაქ სიღნაღში ხშირად იხსენებენ მიხეილ ლეკაშვილს, რომელიც უსინათლო იყო, ჯოხით დადიოდა, მაგრამ ჭიანურს სხვებზე უკეთ აკვნესებდა. მიხო პაპას გარეშე სიღნაღში სუფრა არ გაეწყობოდა, დარდიმანდ ქიზიყელებს სულ მისი სახელი ეკერათ პირზე. ბრმა იყო, მაგრამ ათას თვალხილულს სჯობდაო, ამბობდნენ ძველი სიღნაღელები.

დარდიმანდ ქიზიყელებს სულ მისი სახელი ეკერათ პირზე

ნუნუ ბაზერაშვილი, მიხეილ ლეკაშვილის შვილიშვილი:

- პაპა ზემომაჩხაანელი იყო. 11 წლისას დაუკარგავს მხედველობა. ოჯახში მისი ერთადერთი ფოტო იყო შემორჩენილი და ისიც დაიკარგა. კარგად მახსოვს, იმ ფოტოზე ლიბრიანი, უცნაურად მომზირალი თვალები ჰქონდა. ბავშვობაში თვალის დაავადება დამართნია, მშობლებს ყურადღება ვერ მიუქცევიათ და თვალისჩინი დაუკარგავს.

პაპას თვალებში მხოლოდ სინათლის შეგრძნება ჰქონია. იმის გამო, რომ სოფელში უსინათლო კაცი ოჯახს ვერ შეინახავდა, ცოლ-შვილით სიღნაღში წამოსულა საცხოვრებლად. კარგი სმენა ჰქონია, ამიტომაც გადაუწყვეტია ჭიანურის დაკვრა შეესწავლა. ვინ იყო პაპას მასწავლებელი, არ ვიცით, მაგრამ ეტყობა კარგი პედაგოგი იყო, უსინათლოს საუკეთესოდ დაკვრა რომ ასწავლა.

იმ დროს ჭიანური პოპულარული მუსიკალური ინსტრუმენტი იყო და კარგი მეჭიანურეც - დაფასებული და ხალხისთვის საყვარელი ხელოვანი. მოგვიანებით, სიღნაღელ მეჭიანურეებს სამკაციანი გუნდი შეუქმნიათ. სიღნაღელმა მეჭიანურეებმა ისე გაითქვეს სახელი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასტროლებზეც დადიოდნენ. ყოველ ზაფხულს ბორჯომში, დამსვენებლებისთვის კონცერტებს მართავდნენ. მიხო პაპა მელოდიებს საკუთარი იმპროვიზაციებით უკრავდა. თურმე გაოცებას ვერ მალავდნენ, მის დაკრულს რომ მოისმენდნენ და მერე იგებდნენ, უსინათლო რომ იყო.

პაპა კარგი მეოჯახეც გახლდათ და ორიგინალური საგნების შეძენა უყვარდა. ზოგიერთი ნივთი ოჯახში ახლაც არის შემორჩენილი. ერთი ლამპა ხელოვნების ნიმუში იყო.

428969381-7818536271508870-944478987903858841-n-1709493437.jpg

- უსინათლო ნივთებს როგორ არჩევდა?

- ხელის შეხება საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყო რასთან ჰქონდა საქმე. მამამ მიამბო, ერთხელ მექუდესთან წამიყვანა და მთხოვა, კარგად შეამოწმე, ქუდის შიდა პირად სხვა ნაჭერი არ იყოს გამოკერებულიო. როგორც ჩანს, მექუდეები კეპის ქვემოდან უფრო დაბალხარისხიან მატერიას ხმარობდნენ და მყიდველებს ატყუებდნენ. პაპას მოუზომია ქუდი და მამასთვის მიუცია, კარგად დაათვალიერე, რამე ხარვეზი არ ჰქონდესო. კარგი ნამუშევარიაო, უთქვამს მამას. მერე პაპასაც ,,დაუთვალიერებია"“ და მამაჩემისთვის ქიზიყურად უთქვამს, შე მამაძაღლო, შენც მე მატყუებ, ვერ დაინახე, რომ ქვემოდან სხვა ნაჭერი აქვს ამოკრულიო? მამას კიდევ შეუმოწმებია და დარწმუნებულა, რომ უსინათლო კაცმა ქუდის შეფასებაში აჯობა. პაპას ნაყიდი უძვირფასესი ბეჭედი მაქვს სახსოვრად, საუკეთესო ნაკეთობაა. ცოლისთვის საჩუქრად მიურთმევია, მან კი მე დამიტოვა. ბებო ლამაზი და მშრომელი ქალი იყო. თურმე მის სილამაზეს ხალხი პაპას დამსახურებად მიიჩნევდა, პაპა თავს ევლებოდა.

ხელოვან კაცს უამრავი მეგობარი ჰყავდა. ის ჭიანური, რომელიც სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული, მუდმივად თან დაჰქონდა. პაპას და ბებოს 7 შვილი შეეძინათ და მხოლოდ სამი გაუზრდიათ, მაგრამ 1937 წელს კიდევ ერთი ვაჟი დაღუპვიათ მუცლის ტიფით. ამ ტრაგედიიდან ორ წელში პაპაც გარდაცვლილა. არც ერთ შვილს არ გამოჰყვა ხელოვნების ნიჭი. თუმცა ხასიათით პაპას მამა ჩამოჰგავდა, სიღნაღში არქივის დირექტორი იყო და ყველას უყვარდა. რელიკვიად ქცეულ ჭიანურს მამა სათუთად ინახავდა და არავის აძლევდა, მაგრამ მუზეუმს უარი ვერ უთხრა, დაე, იქ შეინახონო.

მუცლის ტიფის დიაგნოზი პირველად სიღნაღელმა ექიმმა დასვა

1937 წლის გაუგონარ რეპრესიებს საქართველოში საშინელი სენი, მუცლის ტიფიც დაერთო. ავადმყოფობა უმეტესად ახალგაზრდებს უტევდა. ექიმი და წამალი ჭირდა. სიღნაღის მემატიანის ცნობით, ყოველდღიურად სიღნაღის სოფლებში ყოველდღე გაიგონებდით ტირილსა და გოდებას. ზოგჯერ ამ მძიმე სენით ოჯახები იღუპებონენ. ექიმებს დიაგნოზის დასმა უჭირდათ. ადამიანი, რომელმაც ეს მომაკვდინებელი სენი პირველმა ამოიცნო და ზუსტი დიაგნოზი დასვა, სიღნაღელი გრიგოლ (გრიშა) ნათიძე იყო. სიღნაღელი ექიმის დიაგნოზის შეუცდომლობა თბილისიდან რესპუბლიკის ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის მოვლინებულმა პროფესორებმაც დაადასტურეს. სასწრაფოდ გატარებულ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს დაავადება სიღნაღში ოდნავ შეუჩერებია. ექიმ ნათიძეს მკურნალობის თავისი მეთოდით არაერთი განწირული ავადმყოფი გამოუჯანმრთელებია. სიღნაღში ისე ჰყვარებიათ გრიშა ექიმი, თურმე ქუჩაში ეგებებოდნენ და ხელებს უკოცნიდნენ. ხალხის გადამრჩენელი დასტაქარი ყველა ოჯახის სასურველი სტუმარი ყოფილა. სიღნაღელები ამბობენ, ყოველდღე სახლიდან სახლში, ავადმყოფიდან ავადმყოფთან დადიოდა ეს მადლიანი ადამიანიო.

სიღნაღელი მღვდლის შვილს გრიშა ნათიძეს 1917 წელს წარჩინებით დაუმთავრებია ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და სამხედრო ექიმი გამხდარა. 1920 წლიდან მუშაობდა სიღნაღის სამედიცინო დაწესებულებაში. პარალელურად, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა სიღნაღის სამედიცინო ტექნიკუმის მსმენელებს.

გრიშა ექიმზე დღესაც ბევრ მხიარულ ამბავს ჰყვებიან. ერთხელ სოფელ ნუკრიანში აუყვანიათ ავადმყოფთან. ავადმყოფი სპეციალობით ვეტექიმი ყოფილა და გრიშა ექიმს კარგად სცნობია. წამლები გამოუწერია, რეცეპტი ავადმყოფის მეუღლისთვის მიუცია და უთქვამს, წამლები დაალევინეთ, უყურეთ ორი-სამი დღე და თუ გაუმჯობესება არ დაეტყო, დაკალითო. უიმეეე, ექიმოო, რას ამბობთო, შეუცხადებია ავადმყოფის მეუღლეს. რა გაგიკვირდა, ადამიანო, შენმა ქმარმაც ეგრე არ იცის საქონელზეო? ავადმყოფსა და მის ცოლს ბევრი უცინიათ. მეორე დღეს პაციენტს დასტაქრისთვის უთქვამს, ექიმო, ისე გამამხიარულეთ, გამოჯანმრთელება იმ დღესვე დამეტყოო.

როცა გრიშა ექიმს დაბადებიდან 50 წლის იუბილე და საექიმო მოღვაწეობის 25-ე წლისთავი შესრულებია, სიღნაღელებს დიდი ღონისძიება გაუმართავთ. ერთ პაციენტს კი ექიმისთვის ასეთი ლექსი მიუძღვნია: `ვის არ ახსოვს ტიფობა, / ამ სახადის სავალი, /ვის არ ახსოვს ნათიძე, / ფარნით ხელში მავალი. / განუცხადე სასტიკი, / ბრძოლა შეუპოვარი, / შველად შენ მოგელოდა, / ყრმა და ძუძუმწოვარი. / იუბილეს გილოცავთ, / ხარ ჩვენთვის სანეტარო, / იცოცხლე მრავალი წელი, / მშრომელთა მეგობარო".

სიღნაღელებმა საამაყო გრიშა ექიმის ამბები ლეგენდად შემოინახეს.

ნელი ვარდიაშვილი