„გეპეის“ ბიჭები - კვირის პალიტრა

„გეპეის“ ბიჭები

სოციალურ ქსელში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გვერდზე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონ მაია გოგორიშვილის 4 წლის წინანდელ პოსტს გადავაწყდი: "...სუბიქტურად და ობიექტურადაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველოში არ იქნებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვერ გეტყვით, როგორ განვითარდებოდა ჩვენთან საესტრადო ხელოვნება. სტალინმა ბრძანა: "ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის". ეს აკრძალვა სტალინის გარდაცვალებამდე მოქმედებდა, შემდგომ კი შეიქმნა სხვადასხა ჯაზ-ორკესტრები, მაგრამ ისეთი აღიარება, როგორიც "გეპეის" ჯაზ-ორკესტრს ჰქონდა, არც ერთს არ მოუპოვებია. "გეპეის კვარტეტი", რომლის წევრებიც იყვნენ გურამ ბზვანელი, თამაზ ცინცაძე, გურამ ბაკურაძე და შოთა ხარაბაძე, ისეთი პოპულარული გახდა, რომ მოსკოვში ხალხით გადაჭედილ დარბაზებში მის კონცერტებს ცხენოსანი მილიცია იცავდა"... ოთხეულიდან დღეს, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარავინ არის. წლების წინ ლეგენდად ქცეული ჯაზ-კვარტეტიდან ერთ-ერთის, ინჟინრისა და კომპოზიტორის, ბატონი გურამ ბზვანელის გაცნობა მოვახერხე. ბატონი გურამი იყო ჯაზ-კვარტეტის სულისჩამდგმელი და იმ სიმღერების კომპოზიტორიც, რომლებიც დღემდე უყვარს ყველა თაობას. გული მწყდება, შოთა ხარაბაძის, თამაზ ცინცაძისა და გურამ ბაკურაძის გაცნობა რომ ვერ შევძელი (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ბევრისთვის საყვარელი მომღერლის - ნოდარიკო ხუციშვილის ბაბუა იყო), მაგრამ მიხარია, რომ შემიძლია ბატონი გურამ ბზვანელის მონათხრობით გიამბოთ ლეგენდარულ ოთხეულზე.

429117702-3557618924552953-3851533697208545719-n-1709494766.jpg

გურამ ბზვანელი - ახალგაზრდა უცნაური გვარით

გურამ ბზვანელი გვარად ტყეშელაშვილი იყო, მაგრამ მისი ოჯახის წარმომავლობა ვანის რაიონის სოფელ ბზვანს უკავშირდებოდა. ვფიქრობ, ბატონმა გურამმა, როგორც შემოქმედმა, გვარის ორიგინალური ვერსია აირჩია და ასე "დაიბადა" გურამ ბზვანელი!

ის კონსერვატორიის გვერდით, გრიბოედოვის 10 ნომერში ცხოვრობდა. გამიმხილა, სასკოლო ასაკიდან ვწერდი სიმღერებსო. თურმე სკოლის შემდეგ ძალიან უნდოდა რეჟისორობა, მაგრამ იმ წელს მიღება არ იყო. სამედიცინო ინსტიტუტში უცდია ბედი, მაგრამ ამაოდ. მომდევნო წელს მეგობრები შემომიჩნდნენ და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე და ამ ნაბიჯმა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. ერთი წლის შემდეგ ახლობლებიც კი მომიგზავნეს, სამედიცინო ინსტიტუტში გადმოდიო, მაგრამ არსად აღარ მინდოდა წასვლა, რადგან უკვე "გეპეის" ორკესტრში ვიყავი. მე რომ ინსტიტუტში მოვეწყვე, გურამ ბაკურაძე და თამაზ ცინცაძე უკვე იქ სწავლობდნენ. ინსტიტუტის ოლიმპიადაზე მათ ნოდარ დუმბაძის ტექსტზე დაწერილი ჩემი "სიმღერა თბილისზე" შეასრულეს, ორკესტრის ხელმძღვანელობას მოეწონა და ასე მიმიღეს ორკესტრშიო.

ბატონი გურამი სწავლის დაწყებამდე სოხუმში თამაზ ცინცაძესა და შოთა ხარაბაძეს შეხვედრია. იხსენებდა, ისინი დუეტში მღეროდნენ, გიტარაზე, მე კი შიგადაშიგ სხვადასხვა ხმას ვურთავდი. სწორედ მათ უთხრეს ინსტიტუტის დირექციას ჩემზე, კარგად მღერისო. მერე ხელმძღვანელობამ ბიჭებთან ერთად კვარტეტის შექმნა შემომთავაზა. ლექსზე "ქარი, აშარი" მოვამზადეთ სიმღერა და მოვასმენინეთ უნიჭიერეს კაცს, დორიან კიტიას - იმხანად პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტური პროფკომის თავმჯდომარეს. დორიანმა ემოციის გამოხატვა არ იცოდა, ვერ გაიგებდი, სწყინდა თუ უხაროდა, ამიტომ მეც უემოციოდ მითხრა, სტუდენტური ღონისძიება იმართება მუშთაიდის პარკში და იქნებ გამოხვიდეთო. კონცერტზე მსმენელს ისე მოვეწონეთ, გვთხოვდნენ, გვემღერა, მაგრამ ხმებში 2 სიმღერაზე მეტი არ ვიცოდით და რა შეგვესრულებინა? მერე გაირკვა, რომ დორიანს საცდელად გავუშვივართ კონცერტზე: აინტერესებდა, ხალხი თუ მოიწონებდა ჩვენს ნამღერს. თავდაპირველად, სამ ხმაში ვმღეროდით, 4 ხმაში სიმღერაზე მერე დავიწყე მუშაობა, თითქოს ყური თხოულობდა სხვა ხმას და, საბოლოოდ, სულ სხვა ჟღერადობის, ფორმისა და ჟანრის კვარტეტი გამოგვივიდაო.

ბატონმა გურამმა იმ საუბრისას გაიხსენა, 1955 წლის იანვარში ორკესტრი მოსკოვში წასასვლელად პროგრამას რომ ადგენდა და ბაქოდან კონსტანტინე პევზნერი მოიწვიეს. ღიმილით მიამბო, ჩვენი "ქარი, აშარიც" გვქონდა პროგრამაში, სხვათა შორის, კარგი გაკეთებული კი იყო, მაგრამ ორგანიზატორებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. მერე კონფერანსიეებმა, ბაჯული გელოვანმა და ირაკლი მამაცაშვილმა ამერიკულ თემაზე გადაათამაშეს, ტექსტიც შეიცვალა და მივიღეთ... ჯაზიო. ყველას უკვირდა, თურმე, ამის უფლება როგორ მოგცესო. 1956 წლიდან ნანი ბრეგვაძეც შემოგვიერთდა. ჩემი სიმღერა "ჩავაქრე სანთელი" კი ესტრადაზე მისი სადებიუტო სიმღერა გახლდათო...

რატომ "დაბლოკეს" ბიჭები

სტუდენტურმა ორკესტრმა და კვარტეტმა ჯერ საქართველოში გაიმარჯვეს, შემდეგ, მეორე ეტაპზე, მოსკოვში საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის კოლექტივს აჯობეს, - სხვები გამოცდილებითაც სჯობდნენ და ასაკითაც უფროსები იყვნენ, მაგრამ მათი საესტრადო ნომრები ყველასგან გამოირჩეოდა. მათი მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენები მაყურებლისთვის უცხო ხილი აღმოჩნდა. პირველი მოქმედებიდან გასულებს კეთილად მოღიმარი უცნობი მამაკაცი დახვედრიათ - ის კვარტეტით აღფრთოვანებული ჟიურის წევრი, ცნობილი პიანისტი სვასმანი ყოფილა. სწორედ მან უთხრა კვარტეტს, ერთის გარდა, ჟიურის ყველა წევრმა უმაღლესი ქულა დაგიწერეთო. საბოლოოდ, 16 რესპუბლიკიდან მსოფლიო ფესტივალზე მაინც მოხვდნენ. მოგვიანებით კიდევ ერთი დაუვიწყარი გამოსვლა ჰქონიათ მოსკოვში, ორკესტრ "რეროსთან" ერთად.

ხომ ჯაზს ვმღეროდით? - ეს არ იყო ამერიკული ჯაზი. ჩვენი სიმღერები ქართულ თემაზე შექმნილი ორიგინალური ნაწარმოებები იყო. ერთზე კი დაგვწყდა გული: საზღვარგარეთ ვერ წავედით საგასტროლოდ, არადა, რამდენჯერ მიგვიწვიეს. ერთხელ მივემგზავრებოდით, მაგრამ ბოლო წუთებში მოსკოვში ისევ ქართველმა დაგვბლოკა, სხვათა შორის, ქალმა. იცით, რატომ? როდესაც ორკესტრის ერთ-ერთ წევრს გასაუბრებაზე ჰკითხეს, არის თუ არა კომუნიზმი დიქტატურაო? მან უპასუხა, არ ვიციო. იმ ქართველმა ქალმა კი, შეგვარცხვინეთო და აღარ გააშვებინა ჩვენი ორკესტრი და კვარტეტი...

დაშლილი ჯაზ-კვარტეტი

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გურამ ბზვანელმა კონსერვატორიაში ჩააბარა, შოთა ხარაბაძე მოსკოვში წავიდა, და მეუღლესთან ერთად ანსამბლ "აკორდში" მღეროდა. გურამ ბზვანელი და გურამ ბაკურაძეც აღნიშნავდნენ შოთა ხარაბაძის გამორჩეულ ხმის ტემბრს - არაჩვეულებრივი კრინი ჰქონდაო. თამაზ ცინცაძე დიდი საფეიქრო კომბინატის, გურამი კი მექანიკური ქარხნის დირექტორები იყვნენო.

ასე, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრებასთან ერთად დასრულდა მათი მუსიკალური ცხოვრებაც, მაგრამ არა ურთიერთობა. გარდაცვალებამდე დიდ მეგობრებად დარჩნენ, რადგან მათ მეგობრობას დიდი სიყვარული მოჰყვებოდა - ერთმანეთისა და სიმღერის, რომელიც შესანიშნავ ოთხეულთან ერთად იქცა ლეგენდად!