გაძვირდება თუ არა საქართველოში ბენზინი - კვირის პალიტრა

გაძვირდება თუ არა საქართველოში ბენზინი

რუსეთმა ბენზინის ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მის ამოქმედებამდე ორი დღით ადრე მიიღო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვის გადაწყვეტილება ძალაში 1-ლი მარტიდან შევიდოდა. ის 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. მიზეზად დასახელდა გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთში ბენზინზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაცია. აკრძალვა არ შეეხებათ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთს. ამასთან, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა ნავთობკომპანიებს მოსთხოვოს საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ, რომლის ნორმაც ამ დროისთვის 12,5%-ია.

მედიასთან ამ საკითხის კომენტირებისას "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ რუსეთიდან ბენზინის იმპორტს, ძირითადად, ბულგარეთი, რუმინეთი და თურქმენეთი ჩაანაცვლებს, რაც 1 ლიტრ ბენზინზე ფასს, მინიმუმ, 10-20 თეთრით გააძვირებს. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0,01 ევროთი გაიზარდა და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი არის ნორვეგიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 20-25%-ით აღემატება ევროპის საშუალო ფასებს, ყველაზე იაფი საწვავი კი რუსეთშია (იხ. ცხრილი).

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,82-1,84 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,74-1,81 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,59-1,66 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,61-1,65 ლარი; ევროდიზელი - 1,74-1,81 ლარი. არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უფრო დაბალია. რეგულარის ტიპის ბენზინისა და L-62 დიზელის საწვავის საშუალო ფასი შეადგენს 1,35-1,55 ლარს ლიტრზე.

"10-15 თეთრი არ არის იმხელა სხვაობა, რომ ამან დიდად მოახდინოს გავლენა ფასებზე"

ბენზინის იმპორტიორი ქვეყნის შეც­ვლა როგორ გააძვირებს საქართველოში ბენზინის ფასს, ამაზე ეკონომიკის ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ის ეყრდნობა ბიზნესიმპორტიორების მონაცემებს და დაახლოებით 1 ლიტრზე 15-თეთრიან გაძვირებაზე საუბრობს.

- რუსეთის გადაწყვეტილება ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ადგილობრივ ბაზარზე, იმიტომ, რომ იმპორტირებული ბენზინის დაახლოებით 70% რუსეთიდან შემოდიოდა. ამის მიზეზი სიიაფე იყო. ცხადია, ევროპულ საწვავზე გადასვლა ფასებს­ გაზრდის. ვგულისხმობ ბენზინს­, რადგან ჯერ რაც გაცხადდა, მხოლოდ­ ბენზინის ექსპორტი აიკრძალა. რაც შეეხება კონკრეტულ ფასს, კომენტირება რთულია, მაგრამ როგორც ბენზინიმპორტიორები აცხადებენ, ეს ყველაფერი 1 ლიტრზე დაახლოებით 10-15 თეთრით უნდა აისახოს. ჯერჯერობით, ალბათ, ასეც იქნება, ოღონდ ცხადია, საუბარია მოკლევადიან პერიოდზე, გრძელვადიან პერიოდში კი ყველაფერს აჩვენებს ბირჟებზე განვითარებული პროცესები. შესაძლოა იქ შემცირდეს ფასი და შესაბამისად, აქაც დაუბრუნდეს დღევანდელ ნიშნულს, ან პირიქით, უფრო გაიზარდოს.

- დეფიციტის რისკი რამდენად არის? ევროპულ ან სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე გადართვა მარტივია და დროს არ მოითხოვს?

- საწვავის დეფიციტის მიზეზს ვერ ვხედავ და არა მგონია, შეიქმნას, რადგან რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საწვავი დღეს ისედაც შემოდის. ჩვენ შარშან, შემოდგომის დამდეგს, გვქონდა შემთხვევა, როდესაც აიკრძალა რუსეთიდან საწვავის ექსპორტი და მაშინ დეფიციტის საფრთხე არ გაჩენილა. შესაბამისად, ახლა ვერ ვხედავ ამის საშიშროებას.

- ბენზინის 10-15-თეთრიან გაძვირებას შეიძლება სხვა პროდუქციის გაძვირებაც მოჰყვეს?

- ჯაჭვურ რეაქციასაც, პრინციპში, არ ველი, რადგან 10-15 თეთრი არ არის იმხელა სხვაობა, რომ ამან დიდად მოახდინოს გავლენა ფასებზე. გარდა ამისა, წარმოებას თუ გადავხედავთ, ბენზინი, ფაქტობრივად, არ გამოიყენება. როდესაც საწვავის გაძვირებაზეა საუბარი, პროდუქციის გაძვირებაზე უფრო პურის მცხობლები ლაპარაკობენ, რომლებიც დიზელს იყენებენ და შესაბამისად, გაძვირებაზე ლაპარაკი დიზელის გაძვირებას მოსდევს ხოლმე. ამ შემთხვევაში კი დიზელის ფასის გაძვირება არ არის მოსალოდნელი, ხოლო ბენზინის გაძვირებამ არა მგონია სადისტრიბუციო ხარჯი გააძვიროს, ან ისეთი ცვლილებები გამოიწვიოს, რომ ამან ფასებზე მოახდინოს გავლენა.

"მერამდენე წრეზე უნდა წავიდეთ, რომ მივხვდეთ, რუსეთი არ არის სანდო სავაჭრო პარტნიორი"

ეკონომიკის ანალიტიკოსი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია თქმა, რა იქნება ფასი. ის აქცენტს რუსული ბაზრის არასტაბილურობაზე აკეთებს და იმედოვნებს, რომ ამის მერე მაინც შევაფასებთ რუსეთს სათანადოდ და მასზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდება.

- გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურიც არის, მაგრამ მთავარი მაინც რუსეთში ბენზინზე ფასების გაზრდის პრევენციაა - ანუ რუსეთში ბენზინზე ფასები რომ არ გაიზარდოს, ან დეფიციტი არ იყოს, ამის გამო როგორც სექტემბერში აკრძალეს 1 თვით, ახლა 6-თვიანს აკეთებენ. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ძალზე დიდი ნაწილი გადაზრდილია ერთმანეთის ენერგორესურსებისთვის ზიანის მიყენებაში. ეს რუსეთში ბენზინზე დეფიციტური მდგომარეობის შექმნის ერთ-ერთი მიზეზია. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო სანქციებში მოყვა, ამის მიზეზი ის არის, რომ ფორმალურად არა ვართ ევრაზიული კავშირის წევრი - ანუ ურთიერთობა რაც არ უნდა დათბეს, რაღაც ფორმალობებს მაინც აქვს მნიშვნელობა. ასე რუსეთს ჩინეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და ინდოეთთან, ასევე სხვა ქვეყნებთანაც, მაგრამ შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებზე, ასევე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მიიღებს რუსეთიდან ბენზინს, ეს კი ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჭკუას ვერ ვსწავლობთ. მერამდენე წრეზე უნდა წავიდეთ, რომ მივხვდეთ, რუსეთი არ არის სანდო სავაჭრო პარტნიორი. რუსეთი როგორი არასანდო პოლიტიკური პარტნიორიცაა, ასეთივე არასანდო ეკონომიკური პარტნიორია.

პოლიტიკისა და ეკონომიკის ცალ-ცალკე განხილვა არ შეიძლება, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც პოლიტიკაა. აქედან გამომდინარე, ქართველი იმპორტიორები, რომლებიც ენერგორესურსების შემოტანის რუსულ წყაროს დაუბრუნდნენ, რა თქმა უნდა, კვლავ იზარალებენ. როდესაც რაღაც ხაზი გაქვს აწყობილი, ალტერნატივების ძიება ხარჯებთან არის დაკავშირებული და ალტერნატივებზე გადართვაც, რა თქმა უნდა, ხარჯებს უკავშირდება. იმედია, ახლა მაინც ვისწავლით გაკვეთილს და ეს ეხება როგორც იმპორტიორებს, ასევე ხელისუფლებას, რადგან გვახსოვს, რომ წინა პრემიერმა დაახლოებით შარშან პირდაპირ მოუწოდა ბიზნესს, იაფი ნავთობი შემოიტანეთო. ეს ძალიან არასწორია იქიდან გამომდინარეც, რომ ხელისუფლება ბიზნესზე ბრძანებებს გასცემდეს, თავისთავად ბევრი მიმართულებით პრობლემურია, მით უმეტეს, სტიმულის შექმნა, რომ ნავთობი რუსეთიდან შემოვიტანოთ, ძალიან სახიფათოა. ამიტომ იყო, რომ მერე სექტემბერშიც რაღაც პრობლემები შეიქმნა და ახლაც ვითარება ხარჯებთან არის დაკავშირებული.

- თავისთავად ის, რომ ვისარგებლოთ, სანამ იაფია და ძვირი არ გადავიხადოთ, ცუდი რატომაა? და მეორე, ეს უშლიდა ხელს ბიზნესს პარალელურად ეძებნა ალტერნატიული წყაროები და თუ საჭირო გახდებოდა მერე გადართულიყო?

- წყაროსა და ალტერნატივას ყოველთვის მიაგნებ. გასაგებია, რომ შეიძლება დროში არ გაიჭედო, მაგრამ შეუძლებელია ერთი მიმწოდებლისგან მეორეზე გადართვა ხარჯებს არ უკავშირდებოდეს. მთავარი გადართვის ხარჯებია, თორემ წყაროს მიგნებას არაფერი არ უნდა, სულ ორი წყაროა, რუსული და ევროპული და კონტაქტებიც აქვთ. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ როცა სისტემა აწყობილი გაქვს, შემდეგ სხვა სისტემაზე გადართვა, დისტრიბუციულად თუ სხვაგვარად, ახალ ხარჯებს უკავშირდება. ეს არის პრობლემა და არა ის, რომ რაღაც დეფიციტი შეიქმნება. არა, არანაირი დეფიციტი არ გვემუქრება.

- ბენზინის სამომხმარებლო ფასს რა მოუვა?

- ცხადია, მომავალზე ასი პროცენტით ვერავინ ისაუბრებს, მაგრამ წყაროების გადართვა მოხდება და ბენზინი შემოვა, ხოლო ფასს რა მოუვა, ამას ვერავინ იტყვის. საერთოდ, ფასებზე მსჯელობა მკითხაობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ფასების ცვლილება, პირველ რიგში, უკავშირდება ინფლაციურ ტემპებს, ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის რაგვარობას, ამიტომ არავინ იცის, რა მოუვა ფასებს. ისინი გაიზრდება თუ შემცირდება, ამაზე მე პირადად კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- ფაქტია, რომ გაიზრდება, რადგან თავად ბიზნესი საუბრობს 10-15-თეთრიან გაზრდაზე...

- არა, არ არის ფაქტი. ფასზე ძალიან ბევრი ცვლადი მოქმედებს და როგორ უნდა თქვა, ამ ძალიან ბევრი ცვლადიდან რომელი როგორ გაიზრდება ან შემცირდება? თუ მხოლოდ ერთ ცვლადს ავიღებთ, რომ ერთი წყაროდან მეორე წყაროზე გადართვისას ფასები იზრდება, კი, მაგრამ კიდევ არის სხვა უამრავი ცვლადი - მსოფლიო ბაზარზე ფასები, როგორია ფულის მასა ქვეყანაში, როგორია მონეტარული პოლიტიკა და სხვ. ცვლადი ბევრია და ამიტომ შეუძლებელია დაზუსტებით ვინმემ რამე თქვას. ასეთ დროს მაღალია ფასის გაზრდის ალბათობა, მაგრამ დაზუსტებით თქმა, ფასებს რა მოუვა, ძალიან რთულია. ფასებზე ასევე მოქმედებს მოლოდინები და მთელი ქვეყანა თუ ვიტყვით, რომ გაძვირდება და გვექნება გაძვირების მოლოდინები, ანუ ჩვენი ქცევა განპირობებული იქნება ამ გაძვირების მოლოდინით, ესეც გამოიწვევს გაძვირებას - თუ ველოდები, რომ რაღაც გაძვირდება, ახლა ვიყიდი ბევრს, მოთხოვნას გავზრდი, და რადგან მოთხოვნას ვზრდი, ფასიც გაიზრდება - ანუ ადამიანების მასობრივი ქცევაც, თუ გნებავთ, დავარქვათ ისტერიკა, ფასების ზრდაზე მოქმედებს. ასე რომ, საერთო ჯამში იმდენი ცვლადია, რომ შეუძლებელია ვთქვათ, რომ უეჭველად გაიზრდება.

- ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში არსებული ყველა ცვლადი შენარჩუნდა, ასევე არ შეიცვალა მსოფლიო ბაზარზე ფასი და შენარჩუნდა დღეს არსებული ევროპული ფასიც, ჩვენთან გაძვირება როგორი იქნება?

- ასე მსჯელობა არ არის სწორი, რადგან ყველა ცვლადი ასე ვერ შენარჩუნდება. პროცესები არ არის სტატიკური და შეუძლებელია ფულის მასა არ შემცირდეს ან არ გაიზარდოს. ასევეა სხვა ცვლადებიც, ამიტომ ამის თქმა, ვიმეორებ, შეუძლებელია.

რუსა მაჩაიძე