„ცინდელიანი ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა“
სასტიკი მკვლელობა მოხდა გასულ კვირას სოფელ წინუბანში. 28 თებერვლის დილას განგაში იქაურმა მამაკაცმა ატეხა და საშველად მეზობლებს მას შემდეგ უხმო, რაც მისი საამქროს მიმდებარედ, თხრილში, გოგონას ცხედარი იპოვა. მის დაძახილზე პირველი ქეთევან ჯავახიშვილის მამა, კობა მივიდა. გოგონას ცხედარი მისი სახლიდან 50 მეტრის მოშორებით იპოვეს. მან მოჰკიდა ხელი პირქვე დამხობილ გოგონას, რომელიც, საუბედუროდ, მისი ქალიშვილი აღმოჩნდა. ცხედარს ხელები მავთულით ჰქონდა უკან შეკრული და ზემოდან ქვები ეყარა... უკვე ცნობილია, რომ 21 წლის ოთარ ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დღეს ჩამოვიდა ჭუბერიდან თბილისში ქეთევან ჯავახიშვილთან შესახვედრად. ის ჯერ ბებიის სახლში მივიდა, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობს, მერე გოგონას მესიჯები მისწერა და გვიან ღამით შეხვედრა მოსთხოვა.
გამოძიების ინფიორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელი ბებიის სახლში დაბრუნდა, სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა, სისხლიანი ქურთუკი იქვე დატოვა, შარვალი კი სახლის ახლოს გადააგდო. სწორედ მისი ბებიის ბინიდან აქვს გამოძიებას ამოღებული დანაშაულის იარაღი, დანა და სისხლიანი ქურთუკი. მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკისას იპოვეს სისხლით გაჟღენთილი შარვალიც. როგორც პროკურორი ამბობს, ბებიის სახლში სისხლის ლაქების კვალიც იპოვეს, რომელიც უკვე მოწმენდილი იყო. საინტერესოა, შინ დაბრუნებული დამნაშავე ნახეს თუ არა ოჯახის წევრებმა, ბებიამ და დეიდამ? ვინ მოწმინდა სისხლიანი იატაკი? შეხვდნენ თუ არა სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ოთო ცინდელიანს და უამბო თუ არა მკვლელობის ამბავი? ჯერ უცნობია, რა ჩვენება მისცეს მათ გამოძიებას. ოთარ ცინდელიანის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან. ბებიამისმა მხოლოდ ის თქვა, რომ მისი შვილიშვილი ჭუბერიდან ჩამოვიდა. მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ოთარ ცინდელიანი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. "მას ბრალდება სს კოდექსის 109-ე მუხლის თ) და მ) ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ გაიმეტა დამნაშავემ გოგონა. ერთი ვერსიით, ბრალდებულს ის უყვარდა, მაგრამ გოგონა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო... მეორე ვერსიით, გოგონას ის ნარკოტიკისთვის ფულს სძალავდა და უარის გამო გაუსწორდა ასე სასტიკად. როგორც ჩანს, კითხვებს ყველაზე მეტად მსხვერპლისა და მოძალადის მიმოწერა გასცემს პასუხს. ეს მტკიცებულებები საქმეში უკვე დევს. პროკურორის თქმით, ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს საკუთრებად მიაჩნდა. როგორც ჩანს, ოთო ცინდელიანს მისი მოკვლა წინასწარ ჰქონდა განზრახული. ამიტომაც გოგონას სახლთან ის დანით შეიარაღებული მივიდა. როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესზე განაცხადა, 21 წლის გოგონას ბრალდებულმა დანით 59 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ თხრილში ჩააგდო და თავზე ნარჩენები დააყარა. "ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია. სხეულის არც ერთი ორგანო არ დარჩენილა, ზემო და ქვემო კიდურები, კისრის წინა და უკანა მხარე, თავი, ყველგან აქვს ათეულობით ჭრილობა. ყველა მათგანი შემავალი... ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა... კაცი, რომელმაც 59 ჭრილობა მიაყენა ქეთევან ჯავახიშვილს, მიიმალა და შეეცადა გაენადგურებინა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები... ცინდელიანს დედა ჰყავს საზღვარგარეთ და ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ აქვს გადალახული, შესაბამისად, მიმალვის საფრთხე ნამდვილად არსებობდა...".
თავად ბრალდებულს სასამართლო პროცესზე განმარტება არ გაუკეთებია, ის დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ჩანს, ეს ტაქტიკა ადვოკატმა აირჩია. ის თავიდანვე აქცენტს აკეთებდა ოთარ ცინდელიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და, ალბათ, ციხიდან მის გათავისუფლებას ამაზე აპელირებით შეეცდება. ოთარ ცინდელიანის ადვოკატი ანა შიშნიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის პირი მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია და დეტალებზე ვერ საუბრობს: "იმდენად რთულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ საქმის დეტალებზე ვერ ილაპარაკებს. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე შერაცხადობის დასადგენად".
ოთარ ცინდელიანის მამა, თემურ ცინდელიანი, ირწმუნება, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს: "ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ არის ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი. ერთხელ ბარსელონაშიც მკურნალობდა. ამის გამო ფსიქიკურად უჭირდა, თორემ მაგის გამკეთებელი იყო? ჩემთან იყო ჩამოსული ბოლოს სვანეთში, მაგრამ მე არ ვიყავი სახლში და უკან წამოვიდა".
ოთარ ცინდელიანს რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამის არ სჯერათ მოკლული გოგონას ახლობლებს. ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ...
მართალია, ოთარ ცინდელიანს სატელეფონო მიმოწერები წაშლილი აქვს, მაგრამ ისინი აღმოჩნდა ქეთი ჯავახიშვილის ტელეფონში, რომელიც შემთხვევის ადგილზე იპოვეს და საქმეს უკვე დაურთეს მტკიცებულებად. როგორც პროკურორი ამბობს, ბრალდებული ამცირებდა, შეურაცხყოფას აყენებდა გოგონას. 21 წლის გოგოს საკუთრებად თვლიდა და რასაც მოისურვებდა, იმას გაუკეთებდა. პროკურორის თქმით, დამნაშავეს ქვეყნიდან გაქცევა სურდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და სასჯელის შემსუბუქების იმედით სამართალდამცავებს სამეგრელოში ჩაბარდა...
ქეთი ჯავახიშვილის ოჯახში 5 ბავშვი - 3 გოგონა და ორი ბიჭი გაზარდეს. ქეთი უფროსი შვილი იყო. როგორც მეზობლები ამბობენ, ჯავახიშვილების ოჯახი ესპანეთში იყო საცხოვრებლად წასული და ერთი წელია, რაც დაბრუნდნენ. ესპანეთში იყო ბრალდებული ოთარ ცინდელიანიც. მისი დედა წლებია ემიგრაციაშია. ამ ოჯახებს ერთმანეთთან ნათელმირონობა აკავშირებთ. ცინდელიანის მშობლები დიდი ხანია გაშორებული არიან, ბრალდებულს ბებია ზრდიდა. ქეთი ჯავახიშვილი და ოთარ ცინდელიანი მარტყოფის საჯარო სკოლაში თანაკლასელები იყვნენ. ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონიათ. მეზობლების ვარაუდით, ბიჭს ქეთი შეუყვარდა, მაგრამ ეტყობა ნათელმირონობის გამო გოგონა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.
"ბიჭის დედაც ჩვენი სოფლიდან არის, ოთო აქ გაიზარდა. მშობლები გაშორებულები არიან. მამა სვანეთში ცხოვრობს, დედა ესპანეთშია. ბიჭი იანვარში ჩამოვიდა საქართველოში, ეტყობა, მერე სვანეთში იყო. ნარკომანი რომ ყოფილა, ახლა გავიგე. ერთი ვერსიით, ცინდელიანმა ქეთის ფულისთვის ჩამოაკითხა. ალბათ, ნარკოტიკების ყიდვა უნდოდა და უარის გამო გოგონას დანით გაუსწორდა. ქეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობდა, განათლებული, ჭკვიანი გოგო იყო, ხალისიანი, მეგობრული და ძალიან კეთილი. სამსახურში დაწინაურებასაც უპირებდნენ. ასეთი სისასტიკე თავზარდამცემი და გამაოგნებელია. როგორ ასწია ხელი ასეთ სილამაზეზე, როგორ მოუკლა მშობლებს შვილი?!" - ამბობს ქეთის მეზობელი.
"ქეთი ძალიან ჭკვიანი, ლამაზი, წარმატებული გოგონა იყო. თუ რამე პრობლემა გქონდა, ეცდებოდა ხასიათის გამოკეთებას, შენს დახმარებას. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის. არ არსებობს ადამიანი, ვინც ქეთიზე რაიმე ცუდს იტყვის. ბევრი ოცნება ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი წაართვეს. ცინდელიანი ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა. ბიჭს უყვარდაო, როგორ უნდა შეჰყვარებოდა, როცა ნათელმირონობაა ამ ოჯახებს შორის. ალბათ, ემუქრებოდა ქეთის. იმანაც იფიქრა, დაველაპარაკები და თავს დამანებებსო და, ალბათ, ამიტომ შეხვდა. შესაძლებელია ქეთის ესპანეთშიც ავიწროებდა და იფიქრა საქართველოში უსაფრთხოდ ვიქნებიო, მაგრამ ცინდელიანმა აქაც მოაგნო. ნეტავ ეთქვა ვინმესთვის, რომ ავიწროებდა და დაეხმარებოდნენ", - გვითხრა ქეთი ჯავახიშვილის ახლობელმა.
ჩვენ კიდევ ერთ ნათესავს გავესაუბრეთ: "ახლა რომ უფიქრდება ოჯახი, გოგონას სულიერი მდგომარეობა აშკარად სხვანაირი იყო. ეტყობა, ქეთი ვერ უმხელდა დედას თავის გასაჭირს. ბოლო დროს ნაკლებად საუბრობდაო, აშკარად იყო წინა პირობა, ეტყობა, ცინდელიანი აშინებდა, აშანტაჟებდა. ეს ტრაგედია აუცილებლად უნდა გახდეს დიდი ხმაურის მიზეზი, რათა სხვა დედებიც ასე არ გამწარდნენ. ამას ერთადერთი კანონი შეაჩერებს. უდიდესი მომავლის ქეთი მოგვიკლეს, უამრავი დიპლომი, სიგელი ჰქონდა. სულ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებაზე ფიქრობდა. რამდენი დედა უნდა გამწარდეს ვიღაც ნარკომანი, ავადმყოფი სადისტის გამო. ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ", - გვითხრა ნათესავმა.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ჯავახიშვილების ოჯახს ამ ტრაგედიის გამო.