პუტინის "რიტუალი" და ნავალნის აჩრდილი - რა ბედი ელის კრემლის ბინადარს და რა განწყობაა რუსეთის საზოგადოებაში
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი შინ - კრემლში და გარეთ - ომში“ (ავტორი - ტონი ბარბერი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ლიდერის მიერ შექმნილი პოლიტიკური რეჟიმის გრძელვადიან სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები: უკრაინის ომის გავლენა, არჩევნების პერსპექტივა, რუსული საზოგადოების განწყობა და ა.შ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მკაცრად კონტროლირებული პოლიტიკური რიტუალი, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სახელწოდებით არის შენიღბული, 15-17 მარტს გაიმართება. რას გავიგებთ „არჩევნებით“ რუსული საზოგადოების განწყობის, ვლდიმერ პუტინის მიერ ხელისუფლების უზურპაციის და უკრაინის ომის პერსპექტივის შესახებ?
ჩვეულებრივად, როცა რუსეთის მოვლენების თაობაზე საინფორმაციო ბიულეტენს და მიმოხილვებს ვადგენ, ვსარგებლობ დასავლელი ექსპერტების და რუსული დამოუკიდებელი კომენტატორების, აგრეთვე რუსი ექსპერტების თვალსაზრისებით, რომლებიც სამშობლოდან მოშორებით, საზღვარგარეთ არიან განდევნილები. ამჯერად თქვენს ყურადღებას მივაპყრობ რუსი სამხედრო ანალიტიკოსის რუსლან პუხოვის ნააზრევს, რომელსაც კავშირები აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და, როგორც ჩანს, რუსულ სამხედრო დაზვერვასთან.
ორი შეჭრა: 1968 და 2022 წლები
რუსლან პუხოვი არის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი“. მისი ანალიტიკური პოლიტიკური ნარკვევი (ესე) სათაურით „“სპეციალურიდან“ - „სამხედრომდე“: ორწლიანი ოპერაციის გაკვეთილები უკრაინაში“ არ ასახავს კრემლის ოფიციალურ პოზიციას ომის მიმართ. და მაინც, ამის მიუხედავად, მასალა გვაძლევს წარმოდგენას, რომ რუსულ მმართველ პოლიტიკურ წრეებში ზოგიერთები, ალბათ, ფიქრობენ საომარი მოქმედებების შესახებ და იმაზეც, თუ რა ელოდებათ სამომავლოდ.
რუსლან პუხოვი თავის ესეს იწყებს იმის თქმით, რომ უკრაინაში 2022 წლის თებერვლის ბოლოს სრულმასშტაბიანი შეჭრის სამხედრო გეგმა თითქმის იმეორებს ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს საბჭოთა ჯარის შეჭრის გეგმას. როგორც ცნობილია, ამ შეჭრამ შეაჩერა „პრაღის გაზაფხული“ - სახალხო მოძრაობა, რომელიც მიმართული იყო ჩეხოსლოვაკური კომუნიზმის ლიბერალიზებისაკენ. ეს ორი შეჭრა ერთმანეთს ჰგავს საკმაოდ ბევრი ასპექტით. როგორც 1968 წლის დროინდელმა კრემლმა განამტკიცა თავისი ხელისუფლება ჩეხოსლოვაკიზე, მოიტაცა რეფორმატორი ლიდერები, მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანა და საბოლოო ჯამში ისინი პროსაბჭოური ლოიალისტებით ჩაანაცვლა, თითქმის იგივენაირი გეგმა ჰქონდა პუტინს 2022 წელს - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის დამხობა და უკრაინაში მარიონეტული რეჟიმის დამყარება.
მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი მომენტის მსგავსებისა, რუსლან პუხოვის მტკიცებით, პუტინის ჯარების შეჭრა თავიდანვე ისე მაინც არ განვითარდა, როგორც ჩაფიქრებული იყო - იმიტომ, რომ 1968 წლისაგან განსხვავებით, რუსი აგრესორები უკრაინაში უფრო ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ. გასული წლის უკრაინის არმიის კონტრშეტევის მოგერიების შემდეგ რუსეთმა ცოტა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ რუსლან პუხოვი არ ჩქარობს კრემლის გამარჯვების პროგნოზის გაკეთებას. იგი წერს:
„ორივე მხარეს არ ჰყოფნის ძალები ერთმანეთის დასაძლევად და ამიტომ პოზიციურ ბრძოლაზე არიან გადასულნი, რაც 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაჭიანურდება მეტ-ნაკლებად სტაბილური ფრონტით - ისე როგორც მიმდინარეობდა კორეის ან ირან-ერაყის ომი.
მართალია, რუსეთს მნიშვნელოვანი რესურსები აქვს, მაგრამ უკვე საკმაოდ მოძველებული მძიმე ტექნიკის (ტანკებისა და ჯავშანმანქანების) წარმოების ზრდა ან მათი რემონტი საქმეს ვერ უშველის, ასევე ვერ უზრუნველყოფს სამხედრო წარმატებას ვერც საარტილერიო სისტემებისა და ჭურვების წარმოების მატება. ომი პერმანენტული გახდება და გამოიწვევს ეროვნული სიმდიდრის კოლოსალურ მრავალწლიან ხარჯებს... და ადრე თუ გვიან - ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ და შიდაპოლიტიკურ პრობლემებს.
პერსპექტივაში რუსეთმა საეჭვოა თავიდან აიცილოს და გვერდი აუაროს ამ უარყოფით მოვლენებს. იმ რადიკალური „სტრეს-ტესტის“ გავლა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, რუსული მმართველობის სისტემას ბოლომდე მოუწევს.
აძლიერებს თუ ასუსტებს პუტინს ომი?
როგორც შენიშნეთ, რუსლან პუხოვი იხრება რუსი მოსკოველი კომენტატორებისთვის უჩვეულო პოზიციისაკენ და ვარაუდობს, რომ ეკონომიკისა და საზოგადოების სრულმასშტაბიანი მილიტარიზაცია, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, ვლადიმერ პუტინსა და მის რეჟიმს ცუდად შეუბრუნდება.
მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის (შვედეთი) საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ხარჯები წლიურად 2022 წელს 27%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს - კიდევ 24%-ით და, როგორც ვარაუდობენ, მიმდინარე წელს, გასულთან შედარებით, 29%-ით კიდევ მოიმატებს.
ამის მიუხედავად, ბევრი დასავლელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს რაიმე უშუალო საფრთხე მაინც არ ემუქრება. როგორც დანიელ შელიგოვსკი და აგნეშკა ლეგუცკა აღნიშნავენ ვარშავის (პოლონეთი) საერთაშორისო კველევების ინსტიტუტიდან, „უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არის ის ძირითადი ფაქტორი, რომლითაც ამჟამად რუსული ელიტა ცემენტდება. საფრთხის გრძნობის არსებობა საზოგადოებას ლიდერის ირგვლივ აერთიანებს. რუსეთის სახელისუფლო სისტემა სულ უფრო რეპრესიული და გახდება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, თუმცა სოციალური უკმაყოფილების მკვეთრი გამოხატვა მოსალოდნელი არ არის. მმართველ ელიტაში განხეთქილების შეტანა შეუძლია მხოლოდ აშკარა სამხედრო ფიასკოს, მაგალითად, ყირიმზე კრემლის კონტროლის დაკარგვას“.
ანალოგიურ ანალიზს აკეთებს თომას გრემი, რუსეთის მოვლენებზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ამერიკელი დამკვირვებელი. თავის კომენტარებში, რომელიც მან სახელისუფლო ორგანოებისათვის მოამზადა, ხაზს უსვამს, რომ ვლადიმერ პუტინი იმ ქსელის ცენტრში იმყოფება, რომელიც მმართველ ელიტას ერთად იჭერს. მისი უეცარი მოშორება მთელ ქსელს დაშლის და დაარღვევს, რაც რუსული ელიტის თითოეულ წევრს საფრთხით ემუქრება. ამრიგად, თვითგადარჩენის ინსტინქტი ვლადიმერ პუტინის მიმართ ლოიალობის ძლიერ სტიმულს უზრუნველყოფს.
როცა „არჩევნები“ არჩევნები არ არის
მოკლედ ვისაუბროთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, რეჟიმისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს პუტინის გამარჯვების მასშტაბს და ამომრჩეველთა მონაწილეობის დონეს (ხმის მიმცემთა რაოდენობას). 2018 წელს, მაგალითად, მან ხმების 76,7% მოაგროვა, ხოლო ამომრჩეველთა მონაწილეობის დონე 67,5%-ს შეადგენდა.
ამასთან დაკავშირებით, ანდრეი პერცევი, აშშ-ის კარნეგის ფონდის თანამშრომელი, წერს: „კრემლის პოლიტიკურმა მენეჯერებმა დიდი ხანია იციან, როგორი შედეგები სურთ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში: მოსახლეობის რეკორდული აქტიურობა, რათა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ისტორიაში ყველაზე მეტი ხმები მიიღოს.
მაგრამ პუტინის რეკორდული გამარჯვებაც კი ბევრს ვერაფერს გვეტყვის მის რეჟიმზე და რუსული საზოგადოების განწყობაზე იმასთან შედარებით, რაც გავიგეთ ბორის ნადეჟდინის მოკლე საპრეზიდენტო-საარჩევნო ანტისაომარი კამპანიიდან, რომელიც მას ხელისუფლებამ თებერვლის დასაწყისში შეაწყვეტინა (ხელმოწერების ვითომდა „გაყალბების“ გამო).
როგორც კორტნი უივერი და ანასტასია სტოგნი წერდნენ „ფაინენშელ თაიმსში“, ბორის ნადეჟდინი სახელმწიფო სათათბიროს თითქმის უცნობი ყოფილი წევრი, ცდილობდა ერთგვარი ე.წ. „ორთქლის გამომშვები სარქველი“ ყოფილიყო რუსებისათვის ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ანუ იმათთვის, ვინც იმედგაცრუებული იყო უკრაინის ომით და რეჟიმით“, თუმცა კრემლმა ისიც ვერ აიტანა.
„უფრთხილდით რუსულ საზოგადოებრივ გამოკითხვებს“
რამდენად არის ფართოდ გავრცელებული ის უკმაყოფილება, რომლის განსახიერებას ბორის ნადეჟდინი წარმოადგენდა? ჩვენ უკიდურესად ფრთხილი უნდა ვიყოთ, როცა რუსეთში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებს ვეცნობით და სადაც ანტისაომარი აზროვნება დანაშაულად ითვლება, ხოლო ოფიციალურად დადგენილი ისტორიის მიმართ ეჭვების გამოხატვა ან მისი ინტერპრეტაცია ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ მუქარად ითვლება.
რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც მმართველები კლავენ, წამლავენ და საპყრობილეში გზავნიან თავიანთ ოპონენტებს . მაგალითისათვის შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ალექსი ნავალნის პრეცედენტი, რომელიც მოწამლეს, შემდეგ დააპატიმრეს და არქტიკულ მკაცრ კოლონიაში სული ამოხადეს. ასევე აკრძალული უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ ლიდერის ოლეგ ორლოვის ბედი ბედი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია.
თუმცა არის გარკვეული მიდგომები, რომ საზოგადოებრივი განწყობა დავინახოთ. ალექსი ნავალნის დაკრძალვაზე მოსკოვში ათი ათასობით მოსკოველი მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გარდაცვლილის იდეებს იზიარებენ. გარდა ამისა, ამერიკელი პოლიტოლოგ პოლ გობლის მიერ Eurasia Daily Monitor-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსული მასმედია იუწყება, რომ უჩვეულოდაა გაზრდილი იმ მოქალაქეთა საჩივრები, რომლებზეც ომმა მეტ-ნაკლებად ნეგატიური გავლენა მოახდინა: იგულისხმება ჯარში სამსახურისთვის კომპენსაციების გადახდის დაგვიანება, სამხედრო მოსამსახურეებისათვის შვებულებებზე უარი და ბევრი სხვა უკანონობა. გამოცდილმა დამკვირვებლებმა და ანალიტიკოსებმა იციან, რომ მსგავსი მოვლენები საზოგადოებაში განწყობის ამსახველ ბარომეტრებს წარმოადგენენ.
აპათია „სასარგებლოა“, მაგრამ ყოველთვის არა
ბევრი რუსი და დასავლელი კომენტატორი ხაზს უსვამენ აპათიის როლს ვლადიმერ პუტინის რეჟიმის გამძლეობაში. ექსპერტ ანდრეი კოლესნიკოვის მტკიცებით, ალექსი ნავალნის სიკვდილმა ვერ შეძლო რუსული საზოგადოების ძირითადი ნაწილის შერყევა და მისი გამოყვანა გულგრილობის ტყვეობიდან.
რუსეთის პროპაგანდა მეტწილად იმიტომაა „ეფექტიანი“, რომ ის კარგად სარგებლობს საზოგადოების აპათიით: იმდენად, რამდენადაც მოქალაქეებს ესმით, რომ მათი პროტესტი ავტოკრატის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს, ისინი ცდილობენ მინიმალური პოლიტიკური ინფორმაცია მიიღონ, ან საერთოდ არ იფიქრონ პოლიტიკაზე.
მაგრამ საქმე არც ასე უიმედოდაა. დაქსაქსულ რუსულ ოპოზიციას შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ალექსი ნავალნის სიკვდილი, როგორც გმირობის სიმბოლო და მისი სახელით იბრძოლოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ლიუდმილა ურიცკაიამ - ცნობილმა რუსმა მწერალმა ქალმა, რომელიც ამჟამად კრემლის მიერ არის დევნილი და ბერლინში ცხოვრობს, „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტს ასეთი რამ უთხრა: „50 წლის შემდეგ რუსეთში არცერთი დასახლებული პუნქტი არ იქნება ალექსი ნავალნის სახელობის მოედნის გარეშე“.
მოამზადა სიმონ კილაძემ