„დიდი უმუშევრობა“ ანუ „მოჯადოებული წრე“ ქართულ ტელემედიაში - კვირის პალიტრა

„დიდი უმუშევრობა“ ანუ „მოჯადოებული წრე“ ქართულ ტელემედიაში

2023 წლის 27 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში - „პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!“ - თქვენი მონა-მორჩილი წერდა: „პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებულ ტელემედიებს სტაბილურობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვთ. პოლიტიკურმა დაჯგუფებამ თუ ჩათვალა, რომ მას ტელევიზიაში მილიონების ჩაყრა აღარ უღირს, არხი მომენტალურად წყვეტს არსებობას. ათეულობით მაღალ ხელფასს შეჩვეული ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ტექნიკური სპეციალისტი რჩება უმუშევრად. ასე დახურულ ტელევიზიებს, ვეჭვობთ, რომ არაერთს ვნახავთ, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.“

ჩვენი პროგნოზი დროზე ადრე ხდება. პოლიტიკური ძალებმა „ანკესების დახვევა“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყეს. აგერ „ფორმულაზე“ დაიხურა გასართობი და ბიზნესგადაცემები და ეთერში დარჩა მხოლოდ პოლიტიკური თოქ-შოუები და საინფორმაციო გამოშვებები. „ფორმულას“ ხელმძღვანელების განმარტებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ არხმა გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება და საარჩევნო წლის კონტექსტის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, არჩევანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე გაეკეთებინათ.

"პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც…გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება", — აცხადებენ „ფორმულაში“.

სავარაუდოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რეორგანიზაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებსაც შეეხებათ და არ არის გამორიცხული, ეს ტელევიზია საერთოდ დაიხუროს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფინანსური კრიზისია და „რეორგანიზაციას“(ამ ტერმინით ინიღბება ხოლმე ტელეარხების დახურვის დასაწყისი) გეგმავენ სხვა, ასევე პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებული ტელევიზიებშიც. უმუშევრად უკვე დარჩნენ და სამომავლოდ ეს ემუქრებათ ჟურნალისტთა, ოპერატორთა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელთა მთელ არმიას.

ყველა შემთხვევა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ერთგვარი „მოჯადოებული წრე“ შეიქმნა, რომელიც ასე გამოიყურება - პოლიტიკური დაჯგუფება ტელევიზიის „გაკეთებას“ გადაწყვეტს; „ასხამს“ დიდ ფულს და აწესებს არარაციონალურ და ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამო მაღალ სახელფასო მარჟას; დიდი რიხით იწყებს მაუწყებლობას, არ აინტერესებს ბალანსი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის; ერთ დღესაც, პოლიტიკური ლიდერები „აღმოაჩენენ“, რომ ვერ მოუტანათ ტელევიზიამ გრანდიოზული შედეგი; იკეტება პარტიულ-ფინანსური ონკანი; იწყება „რეორგანიზაცია“ და ადამიანები რჩებიან უმუშევრები.

უმუშევრად დარჩენა პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა - როდესაც მუშაობ პოლიტიკური პოზიციის მქონე მედიაში და თან წინა პლანზე ხარ(ჟურნალისტი, წამყვანი, პროდიუსერი), გინდა თუ არა, შესაბამის პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული ხდები. ამან კი სამომავლოდ დასაქმებაში შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნას.

„მოჯადოებული წრის“ ბოლო ფაზა უკვე დაწყებულია პოლიტიკურად კონტროლირებადი ტელევიზიების დიდ ნაწილში. „რეორგანიზაციები“, სავარაუდოდ, დაჩქარდება ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პოლიტიკური დაჯგუფებები უბრალოდ აზრს ვეღარ დაინახავენ მილიონების ჰაერში „გასროლაში“. დიდი ალბათობით, პოლიტიკური ფულით დაფინანსებული ტელევიზიების ნაწილი დაიხურება, ნაწილისგან კი მინი-მოდელი დარჩება.

ეს კარგია თუ ცუდი? უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ძალიან ცუდია. თუმცა მეორე მხრივ, „მოჯადოებული წრე“ მხოლოდ ერთ კონკრეტულ სეგმენტს კი არა, მთელ საზოგადოებას აზიანებს.

როდესაც ტელემედია არის ბიზნესი და არა პოლიტიკური იარაღი, იქ არის სტრატეგია და გათვლები, რომ ტელეარხი დოტაციურიდან იქცეს შემოსავლის წყაროდ. ასეთად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მაყურებელს მიაწვდის მაღალი ხარისხის პროდუქტს - უპირველეს ყოვლისა კი, ობიექტურ და დაბალანსებულ ინფორმაციასა თუ ანალიზს(რაც დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია). და ამ სტრატეგიის განხორციელებისა და განვითარების გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერი მოკლევადიანი პოლიტიკური ტელეპროექტებია, რომელთა სპონსორებსაც არც ხარჯები აინტერესებთ, არც მოგება და არც საზოგადოების ინტერესი. ისინი მაყურებელს იმას კი არ აწვდიან, რაც საზოგადოებას სჭირდება, არამედ ალტერნატიულ რეალობას და ცდილობენ, „თავში ჩაუდონ“ კონკრეტული პოლიტიკური ძალის „მესიჯბოქსი“. შესაბამისად, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ ტელემედიას ჯანსაღ გარემოში განვითარების კონკრეტული ეტაპის მიღწევისთვის თუ ერთი-ორი წელი დასჭირდებოდა, ზემოხსენებული სცენარის შემთხვევაში, უკეთეს შემთხვაში, დასჭირდება ხუთი-ათი წელი, რაც ბიზნესსაც აზიანებს და საზოგადოებასაც.

მეორეც - მედიის(მათ შორის ტელემედიის) ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მოქალაქეების პრობლემებზე ორიენტაცია. თუმცა პოლიტიკურად კონტროლირებად ტელეარხებთან დაკავშირებით ეს პროცესი არაჯანსაღია - მაგალითად, თუ თქვენ ხართ უსამართლობის მსხვერპლი და დაუკავშირდით რომელიმე ასეთ არხს, მისი წარმომადგენლები(მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ძალიანაც გგულშემატკივრობდნენ) იმაზე იწყებენ ფიქრს, პოლიტიკურად აწყობთ თუ არა თქვენი პრობლემის გაშუქება. დიახ, შესაძლოა, არც მოგაქციონ ყურადღება ან თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთი ინტერპრეტაციებით მიაწოდონ მაყურებელს თქვენი საკითხი, რომ უარეს შარში გაგხვიონ.

ბიზნესი კი, რომელიც ამა თუ იმ პოლიტანგაჟირებულ ტელევიზიაში სარეკლამო ფულს დებს, იმ ძალასთან ასოცირდება, ვისაც წარმოადგენს ის ტელევიზია.

შესაბამისად, თუ ტელემედიებს ჩამოშორდება პოლიტიკური მდგენელი, ეს საზოგადოებისთვისაც კარგი იქნება, ბიზნესისთვისაც, მედიაპროფესიონალებისთვისაც(ბიზნესპროექტში დასაქმება უფრო მეტ სტაბილურობას ნიშნავს, ვიდრე პოლიტიკურში) და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვისაც.

P.S. თუმცა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 2028 წლის არჩევნებია. ამიტომაც, არც ის არის გამორიცხული, რომ „მოჯადოებული წრე“ თავიდან ჩაირთოს.

გიორგი კვიტაშვილი