ზელენსკის კრიზისი: ტრაგედია, რომელიც არ უნდა მოხდეს - შეძლებენ თუ არა უკრაინელები რუსების შეტევის შეჩერებას?!
აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ზელენსკი რთულ მდგომარეობაშია: როგორ უნდა გაიწვიოს არმიაში მეტი ჯარისკაცი მაშინ, როცა რუსები წინსვლას აგრძელებენ“ (ავტორები - შივონ ო’გრეიდი, სერგეი კოროლჩუკი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ვოლოდიმირ ზელენსკი საზღვარგარეთელ პარტნიორებს ჰპირდებოდა, რომ უკრაინა ყველაფერს გაუძლებს, თუ იარაღის აუცილებელ რაოდენობასა და მხარდაჭერას მიიღებსო, მაგრამ პრეზიდენტმა და მისმა უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ მაინც ვერ შეძლეს მკაფიო გეგმის შედგენა, არმიაში ათასობით რეკრუტირებულის გაწვევის მიზნით, რომლებიც მწვავედ არიან საჭირონი თავდაცვისათვის სწორედ ახლა, როცა რუსეთის არმია შეტევას აგრძელებს.
უკვე რამდენიმე თვეა, ისმის გამაფრთხილებელი განცხადებები ფრონტის წინა ხაზზე კვალიფიცირებული სამხედრო მოსამსახურეების უკმარისობის გამო, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღემდე ვერ შეძლო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა სამობილიზაციო სტრატეგიასთან მიმართებით. მობილიზაციის პრობლემამ ღრმა უთანხმოება გამოიწვია როგორც პარლამენტში, ასევე - მთლიანად უკრაინულ საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით სამხედროები იძულებულნი არიან, განახორციელონ სუმბურული სამობილიზაციო ზომები, რაც პანიკას თესავს გასაწვევი ასაკის მამაკაცებში. ვიღაცები იმალებიან, ზოგი საზღვარგარეთ ცდილობს გაქცევას - ისინი თავს არიდებენ ცუდად შეიარაღებულ არმიაში გაწვევას და შიშობენ, რომ მათ ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნიან უეჭველი სიკვდილისათვის, მით უმეტეს, რომ ამერიკის სამხედრო დახმარება აშშ-ის სახელისუფლებო ლაბირინთებშია „გაჭედილი“.
შეიარაღებულ ძალების რიგების განახლება ახალწვეულებით ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, ომის დაწყებიდან. მკაფიო სამობილიზაციო სტრატეგიის არარსებობამ და იმის თანხმობის არქონამ, თუ რამდენი ჯარისკაცი სჭირდება უკრაინას, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ თებერვალში პრეზიდენტმა თავისი მთავარსარდალი გადააყენა, თუმცა ამ მხრივ არც ახალ მთავარსარდალს - ალექსანდრე სირსკისაც არაფერი აქვს გაკეთებული. მოკლედ, სიტუაცია კვლავ ბუნდოვანი რჩება.
დანიშვნის დროს გენერალ სირსკის დაევალა, ღრმა შემოწმება ჩაეტარებინა არმიაში და [ზურგის] სხვადასხვა ქვედანაყოფებში ეპოვა ისეთი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საომარი მოქმედებებისათვის ვარგისები იქნებოდნენ. ამას წინათ პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ მილიონი მობილიზებული მოქალაქიდან წინა ხაზზე მხოლოდ 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. გენერალ სირსკის მთავარსარდლად დანიშვნიდან უკვე ერთი თვე გავიდა, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის - არც პრეზიდენტის ოფისში და არც სარდლობაში - თუ სად გაქრა დანარჩენი 700 ათასი ჯარისკაცი ან თუ მსახურობენ, სად არიან და რას აკეთებენ.
უკრაინელი დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტსა და სამხედროებს შორის ერთიანი თვალსაზრისის არარსებობა აძლიერებს გაურკვევლობას და მობილიზაციის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. არავინ იცის, რა უნდა გაკეთდეს. „მე არ ვიცი, თუ რატომ ცდილობენ ზელენსკი და მისი გუნდი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როცა აცხადებენ, რომ ყველაფერი კარგად არის“, - ამბობს დეპუტატი სოლომია ბობროვსკაია ლიბერალური ოპოზიციური პარტია „გოლოსიდან“, - ყველაფერი კარგად არ არის, განსაკუთრებით - არმიაში“.
უკრაინის არმიაში ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება უკვე სტრატეგიულ კრიზისში გადადის, რაც ბოლოდროინდელი წარუმატებლობით ძლიერდება, გამოხატული ავდეევკის და მის ახლოს მდებარე რამდენიმე სოფლის მოწინააღმდეგისადმი დათმობაში.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსი ბეჟევეცმა განაცხადა (იგი ჯარში გაწვევის საკითხებს კურირებს), გასაწვევი ასაკის მქონე სამოქალაქო პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ „ახლა შინ ჯდომის დრო არ არის და მათ სამშობლო უნდა დაიცვან“. „სრულიად შესაძლებელია, რომ რუსები მალე უფრო მოახლოვდებიან და მათი შემჩერებელი არავინ იქნება“, - თქვა ალექსი ბეჟევეცმა, - "ჩვენ ისედაც გვაკლია ბევრი რამ - იარაღი, ჭურვები, სხვა საბრძოლო მასალები და თუ ამას პირადი შემადგენლობის უკმარისობაც დაემატება, ეს ტრაგედიაში გადაიზრდება“.
საომარი მოქმედებები უკვე ორი წელია, გრძელდება და ის სიტუაცია, როცა ჯარში ახალგაზრდები ომის პირველ ეტაპზე ენთუზიაზმით ეწერებოდნენ, უკვე შეიცვალა, ენთუზიაზმი ჩაქრა. ბევრი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, უფრო მეტი დაჭრილ-დასახიჩრებულია - არმიას სასწრაფოდ სჭირდება განახლება, რაც მხოლოდ მობილიზაციით არის შესაძლებელი.
პარლამენტში (ვერხოვნა რადაში) უკვე რამდენიმე თვეა, დაძაბული დებატები მიმდინარეობს, მობილიზაციის კანონპროექტის ირგვლივ, მასში ცვლილებების შეტანის მიზნით. ფართოვდება ჯარში გაწვევის მასშტაბები, კერძოდ, გათვალისწინებულია გასაწვევი ასაკის შემცირება 25 წლამდე. კანონპროექტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უკვე შეტანილია 4 ათასამდე ცვლილება, რასაც ზოგიერთი დეპუტატი ეჭვის თვალით უყურებს - მათი აზრით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, ამ ერთობ არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტს დააკისროს.
„დროა, დაიწყოს სერიოზული ლაპარაკი საზოგადოებასთან. პრეზიდენტს არ უნდა ეშინოდეს“, - ამბობს სოლომია ბობროვსკაია, - „ახლა უკვე 2022 წელი აღარ არის, როცა ემოციები თითქმის უმართავი იყო“.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე დიდი ხანია ცდილობს, კონტროლქვეშ ჰქონდეს საომარი მოქმედებების საინფორმაციო სურათი. საზოგადოებამ სინამდვილე არ უნდა იცოდეს, რომ მაღალი მორალური სული შენარჩუნდეს. გასულ კვირას პრეზიდენტმა პირველად გააცნო მოსახლეობას შეიარაღებული ძალების დანაკარგები და თქვა, რომ ორი წლის განმავლობაში მოკლულია 31 ათასი ჯარისკაცი, თუმცა თუ რამდენად ობიექტურია ეს რიცხვი, მისი გადამოწმება შეუძლებელია.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი აწყდება პესიმიზმის გაძლიერებას ქვეყნის შიგნით და გარეთ - დღეს სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს შეაქვს ეჭვი უკრაინის უნარში, რომ კიევს რუსეთის შეტევის შეჩერება ამერიკელების დახმარების გარეშე შეუძლია. ამ მხრივ საქმე მართლაც ცუდად არის - კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს კანონპროექტის განხილვაზე, რომლის მიხედვით, უკრაინას 60 მილიარდი დოლარის დახმარება უნდა გადაეცეს.
სოლომია ბობროვსკაიას მხარს უჭერს ოპოზიციური დეპუტატი ვლადიმერ არევი, პარტია „ევროპული სოლიდარობიდან“. მისი თქმით, „პრეზიდენტმა პატიოსნად უნდა უთხრას საზოგადოებას, თუ რა უნდა გაკეთდეს ყოველგვარი ხელოვნური სიმამაცის გარეშე“.
სოლომია ბობროვსკაიას აზრით, კანონში უნდა შევიდეს იმ სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაცია, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან. „დღეს შინ დაბრუნების ერთადერთი გზა არის - დაჭრა ან დაღუპვა“, - ამბობს დეპუტატი, - „ომი - ეს მათემატიკაა, ჩვენ უნდა დავითვალოთ არსებული რესურსები და მის საფუძველზე გავთვალოთ ყველაფერი“.
ვლადიმერ არევმა გააკრიტიკა წინა კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ და ის ძალიან დამსჯელურად ჩათვალა. იგი მხარს არ უჭერს, რომ ისეთი ზომები მიიღონ კანონდამრღვევების მიმართ (ანუ ვინც არ დარეგისტრირდება ჯარში გაწვევის მიზნით), როგორიცაა მძღოლის უფლების ჩამორთმევა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება. სხვათა შორის, როგორც კი ინფორმაცია გავრცელდა სადამსჯელო ზომებზე, საბანკო ანგარიშების მფლობელებმა სასწრაფოდ დაიწყეს ფულის გატანა ბანკებიდან - ერთ თვეში 700 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც მნიშვნელოვან თანხას შეადგენს
ვლადიმერ არევის თქმით, „პირველ რიგში საჭიროა მობილიზებულთა უზრუნველყოფა შესაფერისი სამხედრო სამსახურით... და რომ არავის არ შეეძლოს მათი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა სათანადო მომზადებისა და აღჭურვა-ეკიპირების გარეშე. არ უნდა იყოს შიში და უნდობლობა ხელისუფლების მიმართ. სწორედ ფრონტზე მოუმზადებელი გაგზავნის შიში აიძულებს ზოგიერთ მამაკაცს, რომ თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს".
შარშან ნოემბერში თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა პატრნიორობაზე კომპანია Lobby X-თან რეკრუტირების პროპაგანდის თაობაზე. კომპანიის საიტზე ქვეყნედება ინფორმაციები არმიაში არსებული ვაკანსიების შესახებ - როგორც წინა ხაზზე, ასევე ზურგში და საინფორმაციო ტექნოლოგიების ქვედანაყოფებში.
„ადამიანებს უპირველეს ყოვლისა სურთ შეძლებისდგვარად მართონ თავიანთი მომავალი. მათ უნდათ იცოდნენ, თუ რით დაკავდებიან არმიაში სამსახურის დროს“, - ამბობს Lobby Xის თანადამფუძნებელი ვლადისლავ გრეზიევი. მისი თქმით, ამჟამად ძალიან ბევრი განცხადებაა შესული ყველაზე უსაფრთხო ადგილების დაკავებაზე, მაგრამ პრობლემებია საბრძოლო თანამდებობების შევსების საკითხში.
პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „გოლოსის“ წევრმა იაროსლავ იურჩიშინმა განაცხადა, რომ კანონმდებლებს სურთ შეიმუშაონ შესაბამისი სამოტივაციო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს არმიაში გაწვევას და რომელშიც გათვალისწინებული იქნება თანხა პრემიის სახით, რუსული ტექნიკის განადგურებისათვის, აგრეთვე - ფინანსური შეღავათები ვეტერანებისათვის.
„ამ კანონპროექტზე მუშაობა ძალიან რთული და მძიმე პროცესია. ადრე ჩვენ დაკავებულები ვიყავით იმ ადამიანების ჯარში გაწვევით, რომლებსაც ვალდებულების გრძნობა გააჩნდათ, ახლა სიტუაცია შეცვლილია - ჩვენ ადამიანებს მატერიალურ-ფინანსური და სოციალური მოტივაცია უნდა მივცეთ, სახელმწიფოს შესაძლებლობების მიხედვით, რომ მათ არმიაში სამსახური მოისურვონ“, - ამბობს იაროსლავ იურჩიშინი.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი ალექსი ბეჟევეცი ამბობს, „ქვეყანას მომავალი იმ მომენტამდე აქვს, სანამ არიან ადამიანები, რომლებიც სამშობლოსათვის იბრძვიან და თავს სწირავენ - იღუპებიან“.
„მე პირადად არ მომწონს სიტყვა „სამშობლოსათვის იღუპებიან“, უმჯობესი იქნება - „სამშობლოსათვის მტერს კლავენ“, - დაამატა მრჩეველმა, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის არსებობისადმი საფრთხის მიუხედავად, ბევრი მოქალაქისათვის [სამშობლოს გრძნობა] „ქარს გატანებული მტვერია“.
მოამზადა სიმონ კილაძემ