ანგელა მერკელის საიდუმლო: პუტინის სპეცოპერაცია - როგორ ცდილობენ რუსული სპეცსამსახურები გერმანიაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის გამოწვევას
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: რუსეთს უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე მტერიო. ალბათ ისეთ „მეგობრებს“ გულისხმობდა როგორიცაა: სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. „ნაყიდი მეგობრობა“ რამდენადაა სანდო, ეს ყველამ კარგად ვიცით. ეს პუტინმაც იცის. ამიტომ ცდილობს „თაფლაკვერის პოლიტიკასთან“ ერთად უფრო საიმედო და ნაცადი მეთოდებით, უპირველესად კი სპეცსამსახურების ოპერატიულ–ტექნიკური და აგენტურული ოპერაციებით მიაღწიოს საწადელს.
რუსეთის ხელისუფლება უკრაინისა და მისი დასავლეთელი მოკავშირეების წინააღმდეგ ძალზე კომპლექსურად და გათვლილად მოქმედებს, რისთვისაც სამწუხაროდ, კვლავ მოუმზადებელი აღმოჩნდა დემოკრატიული სამყარო. დრო პუტინის სასარგებლოდ „მუშაობს“ და ეს ძალიან კარგად იცის რუსეთის დიქტატორმა. პუტინმა მნიშვნელოვან გამარჯვებას ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია, როდესაც ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელით ამერიკა ორ, ურთიერთსიძულვილით აღსავსე დაპირისპირებულ საზოგადოებად გახლიჩა, რომელიც როდის გამთლიანდება, არავინ იცის. დღესაც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამხედრო დახმარებას აშშ–ის რესპუბლიკური პარტიის „ტრამპის ფრთა“ ბლოკავს. ამერიკული დახმარების დაყოვნების პარალელურად, პუტინი ცდილობს დასავლეთ ევროპის მიერ უკრაინისადმი სამხედრო–ფინანსური დახმარებაც შეაჩეროს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ რუსეთის „ჰიბრიდული შეტევა“ დასავლეთ ევროპის მთავარი ქვეყნის – გერმანიის წინააღმდეგ. ამ დღეებში გამოჩნდა, თუ რა „ოსტატურად“ იყენებს რუსეთის ხელისუფლება ოპერატიულ–აგენტურული გზებით მოპოვებული ინფორმაციის დეზინფორმაციულ „სიახლეებად“ გავრცელების მეთოდს. რუსი პროპაგანდისტები გაჰყვირიან: გერმანელი ოფიცრები რუსეთზე თავდასხმის სამიზნეების შერჩევაზე თათბირობდნენო. რეალობა კი სრულიად საწინააღმდეგო იყო.
დღეს გერმანია ის ძირითადი რგოლია, რომელიც აერთიანებს და ამყარებს „ანტიპუტინურ“ კოალიციას. თუ რუსეთის დიქტატორმა შეძლო და დასავლეთ ევროპის ერთიანობა შეარყია, ის გაიმარჯვებს. უნგრეთი და სლოვაკეთი, ზოგჯერ ავსტრიაც, უკვე ხშირად იკავებენ ორჭოფულ პოზიციას უკრაინის დახმარების საქმეში.
ამიტომაც რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ გერმანიაში სიტუაციის იმგვარად დაძაბვას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთდაპირისპირების იმ დონემდე გამწვავებას, რომ შესაძლებელი გახდეს ხალხის დიდი მასების ქუჩაში გამოყვანა, კანცლერ შოლცის გადაყენება და "მართვადი ქაოსის" პროცესის ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნება. საბჭოთა/რუსული "მართვადი ქაოსის" კლასიკური სცენარი ამგვარია: უკვე ათწლეულებია სპეცსამსახურები პოლიტიკური, ეროვნული, რელიგიური, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და ა.შ. დაპირისპირების გასამწვავებლად აგენტურას ნერგავდნენ გერმანიაში. „ფსიქოლოგიური ომის“ თუ რა სპეცოპერაციას ამზადებს რუსეთი გერმანიაში, ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ „საიდუმლოდ გაამხილა“: გერმანიაში „დენაციფიკაცია“ არ დასრულებულა და თუ გერმანელი ხალხი წინ არ აღუდგა „ნაციზმის გავრცელებას“ , ეს თავად გერმანიისთვის სავალალო შედეგების მომტანი იქნებაო. რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის თუ რამდენად მტკივნეულია ნაციზმის საკითხი გერმანიის საზოგადოებისთვის და სწორედ იქ „ჩხვლეტს“. თემა უკვე „შემოგდებულია“, ახლა საქმეში რუსეთის სპეცსამსახურები ჩაერთვებიან.
დიდი ნოსტრადამუსობა არ სჭირდება იმის პროგნოზირებას, თუ რა მოვლენები განვითარდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში: ებრაელთა სასაფლაოების შეურაცხყოფა, ფაშისტური ჯგუფების გააქტიურება, არაა გამორიცხული ‘ნაცისტების“ მიერ ტერაქტების მოწყობა და ა.შ. ეს უკვე განვლილი ისტორიაა, თუმცა კვლავ სახიფათოდ აქტუალური.

საბჭოთა/რუსეთის სპეცსამხურების სპეცოპერაციებში “გამორჩეული” ადგილი უკავია საზღვარგარეთ ფაშისტური ორგანიზაციების შექმნას და ეროვნებათაშორისი შუღლის პროვოცირებას. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საბჭოთა დაზვერვა ფიქტიურ ნეონაცისტურ ორგანიზაციებს პირველ რიგში დასავლეთ გერმანიასა და ლათინურ ამერიკაში ქმნიდა, სადაც ყველაზე ბევრი ფაშისტური იდეოლოგიის თაყვანისმცემელი ცხოვრობდა. ამ “ნეოფაშისტური” ორგანიზაციის ძირითადი წევრებიც გერმანიაში არალეგალურად მცხოვრები რუსი ეროვნების საბჭოთა მზვერავები იყვნენ. ისინი გერმანელ ახალგაზრდებში და მესამე რეიჰის ყოფილ ოფიცრებში ფარულ აგიტაციას ეწეოდნენ და ორგანიზაციის წევრობას სთავაზობდნენ. ბევრიც თანხმდებოდა და შედეგად მთლიანად ებმებოდა კა-გე-ბეს მახეში. ფაშისტური გამოსვლები, ებრაელთა სასაფლაოების დარბევები და ბევრი ამგვარი “გმირობა” ნეონაცისტური ორგანიზაციების სავიზიტო ბარათი იყო. ამის პარალელურად, საბჭოთა “დეზინფორმაციული მანქანა” სასწრაფოდ ავრცელებდა ინფორმაციას “გერმანელი ფაშისტების” ახალი ვანდალური მოქმედებების შესახებ. ამ ოპერატიული კომბინაციით საბჭოთა დაზვერვა ერთდროულად რამდენიმე მიზანს აღწევდა: ნეონაცისტური მოძრაობის გააქტიურებით საერთაშორისო საზოგადოების თვალში კომპრომეტირებას უკეთებდა დასავლეთ გერმანიის ხელისუფლებას; ახდენდა შიდაპოლიტიკური სიტუაციის უაღრესად დაძაბვას; უკიდურესად აღვივებდა ეროვნებათაშორის შუღლს და ბოლოს: ამ ორგანიზაციების წევრები თანდათანობით კა-გე-ბეს სრული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ. იგივე მიზნები აქვს ამჟამად პუტინს, რომლისთვისაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო და არის განსაკუთრებული „სამიზნე“. რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1984-1989 წლებში აღმოსავლეთ გერმანიაში ასრულებდა საბჭოთა დაზვერვის დავალებებს და მაშინ მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ დასავლეთ გერმანია იყო. ამჟამადაც რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებები ძალზე მრავალფეროვანია და მოიცავს სპეცოპერაციების ჩატარებას გერმანიაში.
ამიტომაც იყო, რომ ამ რამდენიმე წლის წინ, გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებმა გერმანიის პოლიტელიტას, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს. ბუნდესტაგის წევრები და მათი თანაშემწეები, ახალგაზრდა პერსპექტიული პოლიტიკოსები და მეცნიერები, დამწყები ბიზნესმენები – ესაა არასრული ჩამონათვალი გერმანიის საზოგადოების იმ ფენებისა, სადაც რუსეთის დაზვერვა განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენს. დღეისათვის გადაბირების ძირითად მეთოდებად კვლავ კა-გე-ბეს ძველი არსენალი - შანტაჟი და ფული გამოიყენება.
გერმანული მასმედიისა და ექსპერტების მტკიცებით, ნებისმიერი გერმანელი, რომელიც პირადი, საქმიანი თუ ტურისტული მიზნით რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდებოდა, ფე-ეს-ბეს ოპერატიული კონტროლოს ქვეშ აღმოჩნდებოდა და იწყებოდა მათი გადაბირების კარგად გათვლილი გეგმის განხორციელება. არანაკლებ აქტიურობენ რუსეთის სპეცსამსახურები თავად გერმანიის ტერიტორიაზე. გერმანიის კონტრდაზვერვის მონაცემებით, ამ ქვეყანაში აკრედიტებული რუსი დიპოლომატების და ჟურნალისტების დიდი ნაწილი რეალურად რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვების თანამშრომლები არიან. ისინი თანხებს არ იშურებენ, რათა გადაიბირონ ახალგაზრდა, პერსპექტიული პოლიტიკოსები, მეცნიერები და ბიზნესმენები. რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული დაინტერესების მთავარი ობიექტი ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური (უპირველესად ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების) პროგრამებია და საიდუმლო დოკუმენტებია. ამის დასტურად ერთ ისტორიას გავიხსენებ.
2011 წლის 20 ოქტომბერს გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ცოლ-ქმარი, 54 წლის ანდრეას და 51 წლის ჰაიდრუნ „ანშლაგები“ დააკავეს. გერმანიის კონტრდაზვერვის ინფორმაციით, ბრალდებულები 1988 წლიდან მოქმედებდნენ, ჯერ საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ. მათ ძირითად ინტერესს წარმოადგენდა სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაცია, უპირველესად კი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გეგმები.
ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კონტრდაზვერვის დაეჭვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ანდრეასი ერთ პატარა ფირმაში მუშაობდა მცირე ხელფასზე, ხოლო მისი ცოლი – ჰაიდრუნი საერთოდ არ მუშაობდა. თუმცა ქმარი რეგულარულად ესწრებოდა თავდაცვისა და საერთაშორისო პოლიტიკის თემატიკაზე სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ კონფერენციებს, ხოლო მისი მეუღლე გერმანიის ერთ–ერთი უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა. ამასთან ერთად, „ანშლაგების“ ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. ხშირად აწყობდნენ წვეულებებს, სადაც იკრიბებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები , სამხედრო ოფიცრები და საჯარო მოხელეები. „ანშლაგები“ რუსეთის დაზვერვისგან ყოველწლიურად 100 ათას ევროს იღებდნენ .

„ანშლაგების“ სასამართლო პროცესი
გავრცელებული ინფორმაციით, „ანშლაგების“ გამოვლენაში აშშ-ში განხორციელებულმა დაპატიმრებებმაც იქონია გავლენა, რადგან ეჭვმიტანილები მუდმივ კონტაქტზე იყვნენ 2010 წელს აშშ-ში დაკავებულ რუს ჯაშუშ ანა ჩაპმანთან. თუმცა თავად ოჯახური წყვილი ყოველივე ამას უარყოფდა. მათ ხელთ ჰქონდათ დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, დაკავებულები წარმოშობით ლათინური ამერიკიდან იყვნენ, (ვითომდა მამაკაცი არგენტინაში დაიბადა, ქალი კი პერუში), შემდეგ კი ავსტრიის მოქალაქეები გახდნენ და გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. გერმანიის კონტრდაზვერვის მტკიცებით სინამდვილეში ისინი ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეები და არალეგალური აგენტები იყვნენ, მრავალი წელი ცხოვრობდნენ ყალბი დოკუმენტებით გერმანიაში და სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ. გერმანიის კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ „ჯაშუშური ოჯახის“ ერთ-ერთი ინფორმატორი იყო ჰოლანდიელი დიპლომატი რაიმონდ პუტერაი, რომელმაც სამი წლის განმავლობაში რუსეთის დაზვერვას გადასცა რამდენიმე ასეული საიდუმლო დოკუმენტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. მათ შორის იყო რამდენიმე ათეული დოკუმენტი, რომლებიც ეძღვნებოდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას.

რაიმონდ პუტერაი
ნიდერლანდების პროკურატურის ცნობით, მხოლოდ 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის აგვისტომდე დიპლომატმა, რომელიც კაზინოებს ხშირად სტუმრობდა და ამიტომაც სულ ვალებში იყო, გასამრჯელოს სახით დაახლოებით 80 ათასი ევრო მიიღო . რაიმონდ პუტერაი 2012 წლის მარტში დააპატიმრეს და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
გაცილებით რბილად დაისაჯნენ გერმანიაში მოქმედი რუსეთის ჯაშუშები. 2013 წლის 2 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობისთვის ანდრეას „ანშლაგს“ და მის მეუღლეს ჰაიდრუნს, შესაბამისად, 6,5 და 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თუმცა „ქალბატონი ჯაშუში“ 2014 წელს გაათავისუფლეს და სამშობლოში, რუსეთში „მიაბრძანეს“. 2015 წლის ივნისში კი „ანდრეას ანშლაგიც“ დაბრუნდა რუსეთში. საინტერესოა რა „დამსახურებისთვის“ გაუწია გერმანიის ხელისუფლებამ ამგვარი შეღავათი რუს ჯაშუშებს? ეს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გადაწყვეტილება იყო.
ევროპის უპირველესი ქვეყნის ყოფილი კანცლერი, მართლაც რომ საინტერესო პიროვნებაა. თუმცა მის არაორდინარულ ბიოგრაფიაში ჯერ კიდევ ბევრი "შავი ლაქაა", რომლებიც მის მშობლებს უკავშირდება. ანგელა მერკელი (ქალიშვილობის გვარი კასნერი) 1954 წლის 17 ივლისს დაიბადა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. მისი მამა ჰორსტ კასნერი ჰამბურგის ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში თეოლოგიას სწავლობდა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად, 1957 წელს (ზოგიერთი ცნობით 1954 წელს) კომუნისტურ-ათეისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გადაბარგდა საცხოვრებლად. წლების მანძილზე ჰორსტ კასნერი ლუთერანული ეკლესიის ე.წ. პროგრესულ ძალებს ხელმძღვანელობდა და ყოველთვის ლოიალურად იყო განწყობილი კომუნისტური ხელისუფლებისადმი, რისთვისაც მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდა. თავად ანგელა ახალგაზრდობაში საბჭოთა "კომკავშირის" გერმანული ანალოგის - "თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდობის კავშირის" რეგიონული ლიდერი იყო. ახალგაზრდობის პერიოდში ანგელა საქართველოში იმყოფებოდა, სადაც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქართული ღვინის გამოისობით ვითომდა, მცირე ინციდენტიც კი შეემთხვა.

ასეთი იყო ანგელა საქართველოში სტუმრობისას
1989 წლის დეკემბრიდან ანგელა მერკელმა მუშაობა ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსის - ვოლფგანგ შნურის ოფისში დაიწყო, სადაც მალევე დაწინაურდა, თუმცა 1990 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ შნური წლების მანძილზე აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამინისტროს აგენტი იყო! მერკელს სასწრაფოდ ახალი "პატრონის" მოძებნა მოუხდა. ეს კი გერმანიის მომავალი კანცლერი ჰელმუტ კოლი აღმოჩნდა. მისი დახმარებით 1991 წელს ანგელა გერმანიის ფედერალური მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა. ასე, თანდათანობით მიიწევდა ანგელა პოლიტიკურ ოლიმპზე და 2005 წლის 22 ნოემბერს გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი-კანცლერი გახდა.
ამის შემდეგ პროამერიკული განწყობის და რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე პოლიტიკოსი რადიკალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ 2003 წელს ანგელა მერკელი მწვავედ აკრიტიკებდა მაშინდელ კანცლერს გერჰარდ შრიოდერს პუტინთან "გადამეტებული მეგობრობის" გამო. თუმცა გახდა რა კანცლერი, თავად უფრო მეტად "ჩაეხუტა" პუტინს. ფაქტია, რომ სწორედ მერკელის დახმარებით შეძლო რუსეთმა ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილების შეტანა საქართველოს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე გამოჩნდა, რომ საქართველოს მიღებას ამ ორგანიზაციაში, ღიად თუ ფარულად, რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა. მთავარი მათ შორის გერმანია იყო.
ყველაზე კარგად ანგელა მერკელმა უწყის, 2003 წლიდან მოყოლებული, რამდენ დათმობებზე წავიდა გერმანიის ხელისუფლება რუსეთთან და არ ჰქონდა მკვეთრი რეაქცია რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებების საპასუხოდ : ლიტვინენკოს მკვლელობა, ყირიმის ოკუპაცია, მამა-შვილი სკრიპალების მოწამლვა, ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, ნავალნის მოწამვლა, ჰაკერული შეტევები გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის საიტებზე, თავად მერკელის პირადი ელექტრონული ფოსტის გატეხვა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჰაკერების მიერ და ა.შ. მეტი რა უნდა გაეკეთებინა პუტინმა, რომ ანგელას თვალები „ახელოდა“? თუმცა, როცა არ გინდა დაინახო, თვალებს ხუჭავ! ასე იყო მერკელიც.
"ბოროტი ხმები" იმასაც ამბობენ, რომ მერკელისა და პუტინის გზები ჯერ კიდევ 1985-1990 წლებში გადაიკვეთა, როდესაც ანგელა "კომკავშირელი აქტივისტი", ხოლო ვალოდია - მათზე მონადირე კა-გე-ბეს ოფიცერი იყო. ასე რომ, არავინ იცის, შესაძლოა პუტინს ჰქონდა ძველ-ახალი კომპრომატები ანგელა მერკელზე და ამიტომაც "ანცობდა"? 2021 წლის ზაფხულში სანქტ–პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან მოენატრება ანგელა და კომპლიმენტები არ დაიშურა მის მიმართ: ძალიან ვაფასებ მას, ის ძალზე გამოცდილი პოლიტიკოსია, პირდაპირი და საიმედო ადამიანია. შეიძლება რაღაც მოგვწონს, შეიძლება რაღაც არ მოგვწონდეს, მაგრამ ის სტაბილური პარტნიორიაო. ისიც დაამატა: გერმანია რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია მსოფლიოში და ევროპაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ მისი მომავალი ლიდერიც მსგავსი პიროვნება იქნებაო. ოლაფ შოლცმა პუტინის იმედები ჯერ–ჯერობით „ვერ გაამართლა“, ამიტომ გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი რუსეთის ხელისუფლების ღია და ფარული შეტევების მთავარი ობიექტი გახდება.