"დაჯდომის საშუალება არ მქონდა, დამხმარე არავინ მყავდა, ცოტა ხანი ჩამოვჯექი... 15 წუთი ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, ჯაბა უკვე აღარ იყო" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ?
13 მარტს ჯაბა ბოჯგუა 44 წლის გახდებოდა. მომღერალი სამი წლის წინ, 12-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ჯაბას დედა, მანანა გვასალია არის ის ადამიანი, რომელიც ავადმყოფ შვილს, ამ წლების განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია.
მიუხედავად უმძიმესი დიაგნოზისა, თავგანწირულ დედას მანამ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ერთ დღეს ჯაბა გონზე მოსულიყო, ვიდრე მომღერლის ბებია არ გარდაიცვალა. ამ დღის შემდეგ, მომღერალმა, რომელიც წლები უგონო მდგომარეობაში იყო, წონაში კლება დაიწყო და მისი მდგომარეობა დამძიმდა.
ჯაბა ბოჯგუა ციხეში ცუდად გახდომის შემდეგ, დედასთან და მოხუც ბებიასთან ერთად, წლები ერთოათახიან ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. მანანა გვასალია ამბობს, რომ 12 წლის განმავლობაში საწოლში არ სძინებია...
- ქალბატონო მანანა, სამი წელი გავიდა ჯაბას გარდაცვალებიდან...
- ჯაბა 13 მარტს 44 წლის გახდებოდა, ძალიან მინდა, მომცეთ საშუალება ეს დღე ჩემს შვილს მივულოცო. მე ის ღმერთის დახმარებით ვაცოცხლე, მე და დედაჩემს დღე და ღამე არ გვეძინა. მართალია, სამი წელი გავიდა, რაც ჯაბა აღარ მყავს, მაგრამ ახლაც ისე ვარ, წამლებს ვსვამ, მაგრამ არ მეძინება, ჩავრჩი იმ დროში. ძალიან მიჭირს, ჯანმრთელობა შემერყა. არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, არ ვაწუხებ გარეთ არავის. ხერხემლის პრობლემა მაქვს, მუხლები, სახსრები ყველაფერი მტკივა. ოღონდ ჯაბა ცოცხალი იყოს და ამ მდგომარეობაშიც მოვუვლიდი.
- როგორ ცხოვრობთ, როგორ გაგაქვთ თავი?
- უფლის წყალობით, ახლობელმა ბინა დამითმო და იქ ვცხოვრობ. ადრე გამგეობა მეხმარებოდა, ძალიან მადლიერი ვარ, ყურადღება არ მოუკლიათ. რომ გითხრათ, რომ ვინმე პატრონი მყავს, მაკითხავს, ეგრე არ არის. ადრე სასაფლაოზე ყოველდღე დავდიოდი, ახლა რაც ფეხების პრობლემა მაქვს, ყველა მესამე დღეს დავდივარ. რაც შემიძლია ვაკეთებ დედაჩემისთვის და ჯაბასთვის.
ბებია განსაკუთრებულად პატრონობდა ჯაბას...
- მიუხედავად ასაკისა, მართლაც ასე იყო. მთელი დღე გასული იყო, ისევ ჯაბას გამო და შინ რომ მოდიოდა, უბანში ძაღლები ჰყავდა და იმათ უვლიდა. დღემდე ორი ძაღლი მყავს შემორჩენილი და მე ვუვლი. იმ დღეს ბანკში მიდიოდა, მანქანა რომ დაეჯახა. პოლიცია რომ გამოიძახეს, გონზე იყო და უთხრა, მძღოლის ბრალი არ არის, ჩემი ბრალია, ჩემით დავეცი მანქანასო. ყველას უკვირდა, გამომძიებელმა დამირეკა და მე ასეთი ქალბატონი არ მინახავს, გვეუბნებოდა, მძღოლს არაფერი უთხრათ, ჩემი ბრალიაო.
- რატომ დაიჭირეს ჯაბა, ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, ვის აწყობდა რეალურად მისი ციხეში ყოფნა?
- რა გითხრათ, ამბობენ, რომ მთავრობამ გაწირაო, მე ხელს ვერ დავადებ, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოეშვათ ციხიდან, იმიტომ რომ ჯაბა გულით ავადმყოფი იყო. ვიდრე იქ მოხვდებოდა, გული ოთხჯერ ჰქონდა გაჩერებული. მის დაკავებაში წვლილი მიუძღვის ჩვეულებრივ ადამიანს, რომელმაც გარიგება დადო პოლიციასთან. იმ ქალის ქმარი, ვინც ჯაბას უჩივლა, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე იყო დაკავებული და 18 წელი ჰქონდა მისჯილი. საერთოდ, როდესაც ვალი აქვს ადამიანს, ჯერ სახლში მოდიან, ითხოვენ თანხას, დროს დაუთქვამენ და მერე ჩივიან. ასეთი რამ არ მომხდარა. თან უნდა ნახოთ, რა თანხაზე იყო ლაპარაკი. საჩივარში ეწერა, რომ ჯაბას მიუტანეს ბანბანერკა, ტორტი, რესტორანში დაპატიჟეს, ეს თანხები იყო შეკრებილი. ჯაბას უყვარდა საჩუქრების ჩუქება ადამიანებისთვის, ეგონათ მილიონერი იყო და ფულს გააკეთებდნენ. იხილეთ სრულად