"დელიკატურიც იყო და - რაინდიც, მუდამ გამორჩეულად გალანტური" - თამაზ ჭილაძეს 93 წელი შეუსრულდებოდა
ჩვენი გაუბზარავი მეგობრობის ნიშნად
დრო გადაუვლის მოგონებებს, მაგრამ ვერ წაშლის -
ღმერთი გვიზოგავს, ბოლომდე რომ იმედად გვეყოს...
და გეძებ ისევ მარტოობის უსაზღვროში ცაში,
ვუსმენ ცარიელ გულის ფეთქვის უცნაურ ექოს...
თამაზ ჭილაძე
დღეს 2024 წლის 5 მარტია და ჩემი ძვირფასი, მონატრებული და დაუვიწყარი ბატონი თამაზ ჭილაძის დაბადების დღე - კლასიკოსი მწერლის, პუბლიცისტისა და დრამატურგის, ყოველმხრივ დიდი ადამიანის - კაცობით, დაძმობით, სამშობლოს სიყვარულით, მეგობრობით, სისათუთით, სიყვარულით, ნიჭიერებით... თამაზ ჭილაძეობით! დღეს თამაზ ჭილაძეს 93 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2018 წლის 28 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დღეს მზე იყო და სითბო, ზუსტად ისეთი ამინდი, ბატონ თამაზს რომ უყვარდა. მისი გარდაცვალების შემდეგ პირველად, დღეს მის საფლავზე ვერ გავედი.
მარტელი მეგობრები
თამაზ ჭილაძეს 2010 წელს „პალიტრა მედიის“ პროექტმა - „ქართული პროზის საგანძურმა“ შემახვედრა. ქართველი მწერლების მრავალტომეულში მისი ნაწარმოების გამოცემა გვინდოდა და ბატონი თამაზი სწორედ მე უნდა დამეყოლიებინა. მწერლის დათანხმება არცთუ ადვილი აღმოჩნდა. ლამის, კვირაში ერთხელ ვურეკავდი მოწიწებით და ჩვენს პროექტში მისი მონაწილეობის აუცილებლობაზე ვესაუბრებოდი. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ჩემს ცხოვრებაში კი ახალი ეტაპი დაიწყო...
მასთან ხანგრძლივ სატელეფონო საუბრებს, სტუმრობასა და ინტერვიუებს უკვალოდ არ ჩაუვლია. მხოლოდ ჟურნალისტ-რესპონდენტი კი აღარ ვიყავით, მან მეგობარი მიწოდა და უკვე - „მარტელებად“ ვიქეცით: იგი - 5 მარტს დაბადებული და მე - 4 მარტს. თავად მახსენებდა ხოლმე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და ხომ შეიძლება, „შენობით“ ვისაუბროთო. მე როგორ გავბედავდი ასე გათავხედებას, მას კი უდიდესი სიხარულით ვუდასტურებდი, რომ შეიძლებოდა კი არა, აუცილებლად ასე უნდა მოემართა...
მახსოვს, ერთხელ, ჩვენი მეგობრობის გარიჟრაჟზე ჩავეკითხე: მარტში დაბადებულ ადამიანებს ცვალებადი ბუნება აქვთ, ხანდახან გიჟურიც, ინტუიციითაც გამოირჩევიან, გაბუტვაც სჩვევიათ და გულისხმიერები და ყურადღებიანებიც არიან, მეოცნებენიც, როგორია „თქვენი მარტის“ ბუნება-მეთქი? გაოცებულმა შემომხედა და სიცილით მიპასუხა, - ანუ, თქვენი სიტყვით, მარტში დაბადებულ ადამიანს ყველა ის თვისება ჰქონია თანდაყოლილი, რაც, საერთოდ, ახასიათებს ადამიანს. არ ვიცი, სხვა დროს დაბადებულ ადამიანებს რა თვისებები დავუტოვეთ, მაგრამ, სხვა რა დამრჩენია, მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, მაინც და მაინც მარტში რომ გამაჩინაო...
ბევრჯერ უთქვამს, - რა კარგი ტანდემი გამოგვივიდა, ერთმანეთის რა კარგად გვესმისო. ბატონმა თამაზმა იცოდა, რომ მისი თითოეული საქებარი და თბილი სიტყვა მაბედნიერებდა და სტიმულს მაძლევდა, ამიტომაც არასდროს იშურებდა ჩემთვის... და ჩვენი მეგობრობაც წლიდან წლამდე მყარდებოდა, მასთან ერთად კი, მანათლებდა, მამდიდრებდა და სამყაროს საუკეთესო კუთხე-კუნჭულებს მიჩვენებდა... ამ ტანდემის მუდმივი თანამგზავრი იყო ბატონი თამაზის უსათნოესი უმცროსი და, ძმების მიერ „დედის მაგიერად“ წოდებული ქალბატონი თინა. სამწუხაროდ, ჩვენი უძვირფასესი ქალბატონი თინა 2023 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა. მახსოვს, მის გამოსამშვიდობებელ სუფრაზე შესანიშნავად აღნიშნა ზვიად კვარაცხელიამ - თამაზ და ოთარ ჭილაძეები დღემდე სწორედ თინა ჭილაძემ შემოგვინახაო. იმდენად განუყოფელები იყვნენ, ღრმად მწამს, რომ დღეს დაც უკვე ძმებთან ერთად არის, კვლავ ერთ ოჯახად... მარადიულ სამყოფელში.
ბატონ ოთარ ჭილაძეს მხოლოდ მისი შემოქმედებით ვიცნობდი, პირადად კი არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ბატონი თამაზი და ქალბატონი თინა უერთმანეთოდ ვერაფრით წარმომედგინა. ამ ორ შესანიშნავ ადამიანთან, თბილისური საღამოების გარდა, მაკავშირებს უდიდესი ზუგდიდ-ანაკლიური მოგონება, რასაც ამქვეყნად ვერაფერი გაახუნებს, ვერ წაშლის...
იუბილარი
2016 წელს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-უნივერსალის“ დამფუძნებელმა ხატია ჯანაშიამ ბატონ თამაზს 85 წლის საიუბილეოდ საუცხოო დღესასწაული მოუწყო, შესანიშნავი საღამოთი და ქალბატონ თინასთან ერთად ანაკლიაში ერთკვირიანი დასვენებით. ამ მოგზაურობაზე ბატონი თამაზის დაყოლიება ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ 30 წლის უნახავი ზუგდიდის ხათრით მაინც დაგვყაბულდა. ეს იყო დაუვიწყარი ერთი კვირა.
ხატიამ საიუბილეოდ რეჟისორი რობერტ სტურუაც და კომპოზიტორი გია ყანჩელიც მიიწვია ზუგდიდში და თამაზ ჭილაძის პატივისცემითა და სიყვარულით ისინიც დათანხმდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ჯანმრთელობის გამო ბატონი გია ვეღარ წამოვიდა, ბატონმა რობერტმა კი მხარი მოიტეხა, მაგრამ აშკარად თავი გადადო, რუსთაველის თეატრის დირექტორთან, ბატონ გია თევზაძესთან ერთად გადაწყვიტა წამოსვლა და ბატონი თამაზის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „ნადირობის სეზონის“ ზუგდიდის სცენაზე წარმოდგენასაც დათანხმდა. გამგზავრებამდე ბატონმა თამაზმა მთხოვა, თინა (ქალბატონი თინა ჭილაძე - თამაზ და ოთარ ჭილაძეების ერთადერთი და უერთგულესი და - ავტ.) მძღოლთან ერთად მანქანით წამოვა, ფეხების ტკივილის გამო, მატარებელში ვერ ავა, მე კი მანქანით ასეთ შორ მანძილზე მგზავრობა გამიჭირდება. თინა მარტოს არ მიშვებს, იქნებ შენც ჩემთან ერთად, ჩქაროსნული მატარებლით წამოხვიდეო. ასეთ ბედნიერებაზე უარს როგორ ვიტყოდი... ალბათ, წარმოიდგენთ, როგორ ვემზადებოდი ამ მოგზაურობისთვის და რა კოშკებს ვაგებდი, გზად რამდენ ამბავს მომიყვება და ჩავიწერ-მეთქი, მაგრამ... ბატონ თამაზს სადგურზე უნდა შევხვედროდი და ტაქსით გავვარდი, გმირთა მოედანზე კი ისეთი საცობი დამხვდა, მისი გარღვევა წარმოუდგენელი იყო. მხოლოდ მაშინ გამახსენდა საცობის მიზეზი - რობი უილიამსის კონცერტი. ბატონი თამაზი უკვე სადგურზე იყო, ვაგონში, მე კი მისწრების შანსიც აღარ მქონდა. თანაც, მატარებელი გორამდე არ გაჩერდებოდა. წარმოვიდგინე, როგორ ნერვიულობდა და ტაქსის მძღოლ მიშას შევევედრე, გორში წამიყვანეთ-მეთქი. ლამის ვიფრინეთ და მატარებელს ერთი წუთით მივასწარით ბაქანზე. მატარებლის ვაგონიდან ბედნიერი ბატონი თამაზი მიქნევდა ხელს და პატარა ბავშვივით ხარობდა. საოცარი ადამიანი იყო, ხვდებოდა, რომ მეც ძალიან ვინერვიულე, თან მრცხვენოდა კიდეც და ერთი საყვედურიც არ დასცდენია... მე კი, ჩემი დაბნეულობა რომ დამეფარა, დავსხედით თუ არა ვაგონში, სამახსოვრო სელფის გადაღება ვთხოვე. ისეთი ბედნიერი იყო, რომ მივუსწარი, უყოყმანოდ დამთანხმდა, თუმცა... გარკვეული გზის გავლის შემდეგ მითხრა, რაღაც ეს მატარებელი დიდად არ მომწონს, მეგონა, უკეთესი იქნებოდა, მოდი, თინას დავურეკოთ და ზესტაფონში მასთან, მანქანაში გადავსხდეთო... ასე, დელიკატურად იცოდა თქმა, სხვა დროსაც შემიმჩნევია... დელიკატურიც იყო და - რაინდიც, მუდამ გამორჩეულად გალანტური.
ნატვრა
თამაზ ჭილაძის საიუბილეოდ ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მაყურებელს ვერ იტევდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დარბაზიდან ბატონ თამაზთან ერთად გამოვედი და ფოიეშიც თაყვანისმცემლების ზღვა დაგხვდა - შემოეხვივნენ მწერალს და ვინ - სიყვარულს უხსნიდა, ვინ - ავტოგრაფსა და ფოტოების გადაღებას სთხოვდა. ბატონი თამაზი აშკარად უბედნიერესი იყო. მართალია, ძალიან დაიღალა, მაგრამ წარბი წუთითაც კი არ შეუხრია და უპასუხოდ არავინ დაუტოვებია. თაყვანისმცემლებს შორის აშკარად ქალბატონები ჭარბობდნენ, თანაც - ახალგაზრდები და მარტო რომ დავრჩით, დანანებით თქვა: რა დროს ვარ 85 წლის, სამართალია ესაო? ჩავეკითხე: მაინც რამდენი წლის გინდათ, რომ იყოთ-მეთქი? - ასე, 40-45 წლის... თუნდაც 50-ის... 60-ის... 80 წლამდეც შეიძლება ბევრი რამ ინატრო ადამიანმაო, - მიპასუხა ღიმილით... უცებ თავის უძვირფასეს დას - ქალბატონ თინას ვეღარ მოჰკრა თვალი და შეწუხდა, - ფეხი სტკივა და მარტო ხომ არ წავიდაო? მერე მოშორებით შენიშნა და დაუძახა, - თინა, ხომ არ მოგეშველოო?
სიბერე - „წაგებული თამაშის გარჩევა“
ხავერდოვანი ხმა ჰქონდა... ძალიან გამორჩეული... თავის ლექსებსაც, ხომ, საუცხოოდ კითხულობდა და მისი ლაპარაკის მოსმენაც ნებისმიერს დაატყვევებდა! ბევრჯერ მიფიქრია, ალბათ, რამდენ გოგონას უყვარდა და რამდენი ქალბატონი ეტრფოდა-მეთქი... ხანდახან, განსაკუთრებულად გულახდილი საუბრისას, ძალიან მინდოდა, რაიმე თავის სიყვარულზეც ეთქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის სიტყვაძუნწი იყო. წლების წინ ხან ასე რომ მოვუარე და ხან ისე, ბოლოს შევაპარე, გიყვართ მოგონება გაცდენილი დღეების, წლების, სიყვარულის-მეთქი? „მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა, ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..“ - ბატონო თამაზ, მართლა დიდი ფერფლი აქვს ფიქრს? ან, სულაც, რა არის ის „ფერფლი“-მეთქი? წუთით ჩაფიქრდა და მომიგო: - ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს. რაც შეეხება სიყვარულს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდი ბედნიერებაა, რომელსაც, თუ ღმერთი ინებებს და გამოგიგზავნის, მერე (არა აქვს მნიშვნელობა, პირველია თუ მერამდენე!) შენი არსების აუცილებელი ნაწილი ხდება, სხვა სიტყვით - შენი სული იზრდება და მდიდრდება სიყვარულით. ასე რომ, ამ გრძნობას ანუ სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს, ოღონდ ეს, თუ შეიძლება ითქვას - ცოცხალი ფერფლია, საერთოდ, მოგონებები ცოცხალი ფერფლია, მეტი არაფერიო...
კვლავ მისივე სიტყვებს „დავესესხე“, - წარმოგიდგენიათ სიმარტოვე-მეთქი? - ადამიანს სხვისი სიმარტოვის წარმოდგენაც კი ზარავს, არადა, შეიძლება არც იცოდეს, რომ თვითონაც მარტოა. სიმარტოვეს უამრავი სახე აქვს, ამავე დროს, როგორიცა ხარ, ისეთივეა შენი სიმარტოვეც, რომელსაც, თუკი რამე არ შეუძლია, უპირველეს ყოვლისა, ნუგეშისცემა! სწორედ ცოცხალ ფერფლში ყელამდე ჩაფლული, საკუთარი თავის ამარა ხარ დარჩენილი... წარმოდგენით, როგორ არ წარმომიდგენია და თუნდაც, ამიტომაც, არავის ვუსურვებ სიმარტოვესო! არ მოვეშვი, - ერთხელ სიბერეს „წაგებული თამაშის გარჩევა“ უწოდეთ. რას ფიქრობთ დღეს, 86 წლის ასაკში, მართლა წააგეთ თამაში მასთან თუ პირიქით - გაიმარჯვეთ-მეთქი?- ახლაც იმავეს გავიმეორებდი, ოღონდ - უფრო დიდი სინანულით, გულდაწყვეტილიც კი. მართლაც, აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს! სიბერეს, რომელსაც წლების წინ „წაგებული თამაშის გარჩევა“ ვუწოდე, ანუ მე ვისაც „ვეთამაშებოდი“ და ახლაც, ჯერჯერობით, „ვეთამაშები“, დაუმარცხებელი მეტოქე გახლავთ! იყო დრო, როცა ზოგიერთი ჭრილობა პიროვნების ღირსებაზე მეტყველებდა, ასეთივეა ამ შემთხვევაში „წაგების“ ცნებაც, სიცოცხლესთან გამართულ ტურნირში. მთავარია, ეცადო, როგორმე ღირსეულად „ითამაშოო!“ - წარმოგიდგენიათ სიმარტოვე-მეთქი? - არ მოვეშვი. ჩაფიქრდა და, - ადამიანს სხვისი სიმარტოვის წარმოდგენაც კი ზარავს, არადა, შეიძლება არც იცოდეს, რომ თვითონაც მარტოა! სიმარტოვეს უამრავი სახე აქვს, ამავე დროს, როგორიცა ხარ, ისეთივეა შენი სიმარტოვეც, რომელსაც, თუკი რამე არ შეუძლია, უპირველეს ყოვლისა, ნუგეშისცემა! სწორედ ცოცხალ ფერფლში ყელამდე ჩაფლული, საკუთარი თავის ამარა ხარ დარჩენილი... წარმოდგენით, როგორ არ წარმომიდგენია და თუნდაც, ამიტომაც, არავის ვუსურვებ სიმარტოვესო!.. ეშინოდა სიმარტოვის და მუდამ ქალბატონ თინას უხმობდა... ბუნებამ ბოლომდე მაინც ვერ გაჰყო ორი უდიდესი მწერალი, ტყუპივით გადაჯაჭვული ძმები და მათი უერთგულესი და. გნებავთ, დამთხვევა უწოდეთ, გნებავთ - რიცხვების მისტიკა, მაგრამ ძმები ერთ თვეში დაიბადნენ, გარდაცვალებით კი... ბატონი ოთარი 2009 წლის 1-ელ ოქტომბერს გარდაიცვალა, ბატონი თამაზი - 28 სექტემბერს, ქალბატონი თინა კი - 15 ოქტომბერს!
უფროსი მეგობარი
ერთხელ თავის წიგნზე წამიწერა, ირმას ჩვენი გაუბზარავი მეგობრობის ნიშნადო... ღმერთმა მართლაც უდიდესი ბედნიერება მარგუნა, მასთან რომ შემახვედრა და დამაახლოვა... ბედნიერი ვარ, რომ შინ ბატონი თამაზის ნაჩუქარი წიგნები მაქვს. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბიულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად და ა.შ. მისი პიესები იდგმება თეატრებში, როგორც ჩვენში, აგრეთვე - საზღვარგარეთ. მახსოვს, ვკითხე, - თქვენმა წიგნებმა „შემოგინახათ“ დრო-მეთქი?
- შემოქმედება ერთგვარად ფარული, თუმცა ყოველთვის გამოაშკარავებული ცდაა დროისთვის თუნდაც ერთი წამის წართმევისა, მხატვრულ ქმნილებებში მისი სამუდამო „ჩატყვევებისა“. მაგრამ ბევრი რამ არ არის ამქვეყნად ისე ამაო, როგორც მსგავსი მცდელობა. წიგნები დროს კი არა, დროის ანარეკლს გვინახავენ, ანუ საკუთარ რეაქციას დროზეო, - მომიგო...
საოცრად მგრძნობიარე და გულისხმიერი ადამიანი იყო... სულით მარად ჭაბუკი და - სიცოცხლის უსაზღვროდ მოყვარული! მასავით ღირსეული ქართველი, ერის და სამშობლოს მოყვარული, არავინ მყოლია მეგობრად...
ბატონო თამაზ, მიყვარხართ და უსაშველოდ მენატრებით თქვენც და ქალბატონი თინაც.
P.S.
ქვეყანა უცებ შეიცვალა თითქოს ჩემ თვალწინ...
რარიგ მარტივი, გასაგები ყოფილა თურმე
ის, რაც, მეგონა ჩემთვის უცხო, მიუწვდომელი
და სურვილები, ლექსებივით, დავხიე, დავწვი,
მათ შორის ისიც, დამაფრენდა ცაში რომელიც.
და სინამდვილეს ვუბრუნდები
ძე შეცდომილი...
თამაზ ჭილაძე
2018
ბოლო ჩანაწერი
(სპეციალურად საიტისთვის)