ქართული სტრატეგიული დილემა - შეიძლება თუ არა, რომ თბილისს ერთდროულად სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდეს ამერიკასთანაც და ჩინეთთანაც?! - კვირის პალიტრა

ქართული სტრატეგიული დილემა - შეიძლება თუ არა, რომ თბილისს ერთდროულად სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდეს ამერიკასთანაც და ჩინეთთანაც?!

სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ძალიან სერიოზულ თემებზე დისკუსიები დადის პრიმიტიულ, ბავშვურ დონეზე (ყველას ეხება - ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც). მაგალითად, საქართველომ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, პარალელურად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, ეს თემა განსახილველია, თუმცა საქართველოში ყველაფერი იმ დონეზე დავიდა (ექსპერტებიც სცოდავენ), რომ თითქოს ქართველებმა ან ჩინეთი უნდა ავირჩიოთ, ან ამერიკა.

სინამდვილეში ქართველები უნდა ვეცა­დოთ, რაც შეიძლება მეტი ძლიერი მოკავშირე გვყავდეს, რომლებიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ ისეთი საფრთხის განეიტრალებას, როგორიც პუტინის­ რუსეთია. სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მონობის მემორანდუმი არ არის. რა თქმა უნდა, ძლიერი ქვეყნები უპირველესად თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და შენ უნდა ეცადო, მაქსიმალურად დაცული იყოს შენი ინტერესებიც თუ უსაფრთხოებაც.

ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოთამაშეა და მისი გავლენა კიდევ უფრო იზრდება პლანეტაზე მიმდინარე შეშლილი­ პროცესების გამო. რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი­ მეთოდები, თუ როგორ მოიპოვოს­ ამა თუ იმ ქვეყანაზე გავლენა.­ მაგალითად, აფრიკაში ის სარგებლობს­ იქაური­ დიქტატორული რეჟიმების სიხარბით, აძლევს კრედიტებს ისეთი პირობებით, რომლებსაც ისინი აპრიორი ვერ დააბრუნებენ. შესაბამისად, ვალში პეკინი ხელში იგდებს სტრატეგიულ ობიექტებს. თუმცა, როდესაც იცი ჩინური მეთოდების­ შესახებ, შეგიძლია მოიქ­ცე ისე, რომ ამ ხაფანგში თავი არ გაყო. შენ უნდა გქონდეს შენი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებას და იდეაში პეკინის დახმარებით რუსული საფრთხის განეიტრალებას.

ამერიკას ლომის წილი უძევს იმაში, რომ საქართველო 90-იანი წლების კოლა­ფსიდან გამოვიდა და მეტ-ნაკლებად შედგა როგორც სახელმწიფო. რა თქმა უნდა, თბილისის მიზანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვისა და უსაფრთხოების გაძლიერებით. რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა აშშ საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციით იყოს წარმოდგენილი და უვიზო რეჟიმიც შემოიღოს.

თქმა იმისა, რომ თურმე არ შეიძლება, ერთი მხრივ, ჩინეთის პარტნიორი იყო და მეორე მხრივ კი ამერიკის, პოლიტიკური­ სიბეცეა. ბალანსის პოლიტიკა და დიპლო­მატია ქართველებს არ გვესწავლება - ერთსაც შეგიძლია გაუწიო ანგარიში და მეორესაც და შენი ქვეყნის ტერიტორიაზე­ ორი სუპერსახელმწიფოს ინტერესები დააბალანსო, თან ისე, რომ შენი ინტერეს­ები არ შეილახოს, საკვანძო საკითხებზე კი პეკინი და ვაშინგტონი თავად მოილაპარაკებენ.

მეტი ძლიერი მოკავშირე საქართველოს - აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი. არ დაგვავიწყდეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და მძევლად აყვანილი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

სასხვათაშორისოდ - საქართველომ ახლახან სომხეთთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა, მანამდე აზერბაიჯანთან გვაქვს გაფორმებული. ვიკამათოთ იმაზე, ქართველებმა ბაქო უნდა ავირჩიოთ თუ ერევანი?!

წაიკითხე ვრცლად