ბროწეულის ბდღვრიალა ბაღი ელიას მთის ძირას - კვირის პალიტრა

ბროწეულის ბდღვრიალა ბაღი ელიას მთის ძირას

პროფესიით აგრონომს, დედოფლის­წყაროელ მიხეილ ღვინიაშვილს 2 ჰექტარზე, სახლიდან 3 კილომეტრში, ბროწეულის ბაღი აქვს გაშენებული, რომელსაც მეცხრე წელია, გულმოდგინედ უვლის. ბაღი ცნობილი ელიას მთის სიახლოვესაა და ეს ყველაფერი ერთად მშვენიერ გარემოს ქმნის. რაც შეეხება თავად ბროწეულის ჯიშებს, ესენია ატლასი და განჯური. "ბროწეული სუბტროპიკული მცენარეა და გამოირჩევა გვალვაგამძლეობით. გემოთიც საუკეთესო ხილია და ასევე, სასარგებლოც. შეიცავს დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს. მისი ქერქიც არაერთ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ფარმაციაშიც შეიძლება მისი გამოყენება, ბროწეულის ქერქის ნახარში ხალხურ მედიცინაში გამოიყენება - წყლულოვანი დაავადებისთვის პირველი წამალია, ასევე ანთებითი პროცესებისთვის. ბროწეულის წვენზე ხომ აღარაფერს ვამბობ", - გვეუბნება ფერმერი მიხეილ ღვინიაშვილი.

- როგორ უნდა მოვუაროთ ამ მცენარეს, წლის განმავლობაში რა ეტაპებია გასავლელი?

მიხეილ ღვინიაშვილი:

- ბროწეულის დასარგავად ნიადაგი კარგად უნდა მომზადდეს, მოიხნას. მცენარე ორი სეზონზე ირგვება - შემოდგომასა და გაზაფხულზე. თუმცა დარგვა მაინც შემოდგომაზე ჯობს, რადგან გაზაფხულზე რისკი მეტია. ორმო იმხელაზე უნდა ამოვიღოთ, რომ ნერგს ჩარგვისას ფესვი არ მოეკეცოს. დარგვის შემდეგ სასურველია მორწყვა. ბროწეულს ხშირი მორწყვა არ სჭირდება. თუ ზომაზე მეტ ტენს მიიღებს, ნაყოფი გასკდება, მაგრამ თუ დააკლდება, მაშინაც გასკდება. ასე რომ, ბალანსია დასაცავი.

გაზრდილი ხე აუცილებლად უნდა გაისხლას. ბროწეულმა ბევრი ამონაყარი იცის და მოსაცილებელია ისე, რომ ბუჩქის ფორმა მიეცეს.

- რამდენი ღერო უნდა დარჩეს?

- ორი-სამი, მაქსიმუმ, ოთხი, რათა ბუჩქის ფორმით განვითარდეს. ყველა ამონაყარი ისხვლება და ბოლოს ზემოთ, ვარჯიც. ეს იმისთვის, რომ მცენარე თანაბრად გაიზარდოს, სიმაღლეშიც ძალიან არ უნდა წავიდეს და არც ძალიან არ უნდა დავადაბლოთ.

ხეები ისე უნდა დავრგოთ, რომ ნაკვეთი შეივსოს, მაგრამ ერთმანეთს ხელი არც ჰაერის მიწოდებაში და არც კვებაში არ უნდა შეუშალონ.

92eaa102-fe9b-48e5-a49f-5ac9523af9d4-1709733081.jpg

- ხეების გადაბელვა შეიძლება?

- თავიდან სამ წლამდე ამას არავინ აკეთებს, რადგან გვეჩქარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს. მხოლოდ გაზრდის შემდეგ უნდა გადაიბელოს - ეს ძირებს გაუმსხვილებს. მერე რამდენჯერმე უნდა შეიწამლოს. პირველი შეწამვლა საჭიროა მანამდე, სანამ ფოთოლი გამოუვა. შემდეგ ჭიაზე დამუშავდება, მორიგი წამლობა 2-3-ჯერ სოკოვან დაავადებაზეა ჩასატარებელი, კიდევ ჭრაქსა და ნაცარზე.

ნაკვეთის აბალახება ხელს გვიშლის მუშაობაში, ყველა ხესთან უპრობლემოდ უნდა მიხვიდე. ამიტომ ბალახის მოსაშორებლად სერიოზული ბრძოლა გვიწევს. სასუქიც შესატანია, სასურველია ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. შემოდგომაზე ფოსფოროვანი სასუქის შეტანა ჯობს და გაზაფხულზე - აზოტოვანის.

- ყვავილობის პერიოდში შეწამვლა არ შეიძლება?

- არა. აუცილებლად ყვავილობამდე უნდა შეიწამლოს სოკოვან დაავადებასა და ჭიაზე. ყვავილობიდან რომ გამოვა, კიდევ არის საჭირო სოკოსა და ჭიაზე დამუშავება. ყვავილიდან ნაყოფში რომ გადადის, მაშინაც სჭირდება სოკოზე დამუშავება, ცოტა მოგვიანებით კი ჭრაქსა და ნაცარზე. ისევე ვიქცევით, როგორც ვენახის შემთხვევაში.

ბევრი რამ ამინდზეც არის დამოკიდებული, წვიმა და მზე ბევრ რამეს განსაზღვრავს. წვიმიანობის დროს ჭრაქზე შეწამვლა შეიძლება 3-4-ჯერაც დასჭირდეს, ხოლო თუ გვალვა დაიჭირა, ერთხელ უნდა შეიწამლოს. ამას ყოველდღიური კონტროლი სჭირდება.

3762f7f6-9970-4d0c-994b-b1c0f3c38e96-1709733081.jpg

- მოსავალს როდის იღებთ?

- ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში.

ბროწეულის ბაღი 2 ჰექტარზე მაქვს გაშენებული, თითოზე 850-870 ძირამდე ხე მოდის. ბაღი უკვე 9 წლისაა. მალე თითქმის სრულ მსხმოიარობაში შევა და შესაძლოა თითო ძირმა 50 კილოგრამამდე ნაყოფი მოგვცეს. ამ ეტაპზე 50 ტონა და შეიძლება 70-ც აიღო, გააჩნია ამინდს, სეზონს, მოვლას...

- ნაკვეთი შეიძინეთ თუ მემკვიდრეობით გადმოგეცათ?

- 90-იან წლებში პრივატიზაციისას რომ დარიგდა, 1 ჰექტარი მივიღე. ამ 1 ჰექტარის გამო არ მიღირდა წლების განმავლობაში კომბაინის, ტრაქტორის შეყვანა, რათა ხორბალი ან ქერი დამეთესა, ამიტომ რამდენიმე წელიწადს მიგდებული­ გვქონდა. მერე ბროწეულის ბაღის გაშენება გადავწყვიტე. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ბიჭმა, რომელსაც ბროწეული ძალიან უყვარს. მეც დავუჯერე და დავრგე. მერე ინტერესმა მოიმატა, თანაც გვერდით 1 ჰექტარი ნაკვეთი გაიყიდა, ისიც შევიძინე. დედოფლისწყაროს ცენტრში ვცხოვრობ და ჩემი ნაკვეთი სახლიდან 3 კილომეტრშია. ზუსტად ელიას მთის ძირას.

1ed3e0e5-70f0-4e50-9f15-d046c1eb796b-1709733082.jpg

- ყიდით ბროწეულს?

- პირველად მოსავალი რომ ავიღეთ, ძალიან გამიჭირდა გაყიდვა. საკონსერვო ქარხნებს რომ დავურეკე, ბროწეული მაქვს, თუ ჩაიბარებთ-მეთქი. ბროწეულს წვენში რა უნდაო? ფხვნილი, წყალი და ეგ არისო... მერე დავფიქრდი, რაკი წლების განმავლობაში ამდენი ფული გავიმეტე, ავდექი და პატარა ქარხანაც გავმართე. ორი წელია, რაც ავამუშავე. წვენს ბოთლებში ვასხამ და თბილისში ვგზავნი. ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან მაქვს ხელშეკრულება და მას დედაქალაქის მარკეტებში შეაქვს. კონკურენცია დიდია, მაგრამ ვინც ჩემი პროდუქტი გასინჯა, ამბობს, რომ მსგავსი ხარისხი საქართველოში არ არის და მთხოვენ, ხარისხი არ დავწიო. მეც ვცდილობ მეტად გავაუმჯობესო ხარისხი.

დანადგარი იტალიიდან შემოვიტანე, რომელიც ბროწეულს ქერქს აცლის. ადრე ქერქიანად ვწურავდი, ახლა - უქერქოდ. ქერქს ვაშრობ და საწვავად ვიყენებ, საწვავად ვიყენებ ბროწეულის ტოტების განასხლავსაც. წვენს პასტერიზებას ვუკეთებ და ბროწეულის ქერქს საწვავად ამისთვის ვხმარობ.

- უდანაკარგო მეურნეობა გქონიათ.

- ასე გამოვიდა, დანადგარმა წაგვწია წინ. გარდა ამისა, უჟანგავი ფოლადის ცისტერნები გავაკეთე, საიდანაც პასტერიზებული წვენი ბოთლებში ისხმება. პლასტიკურ ბოთლებს ვერ ვიყენებ, რადგან პასტერიზებული სითხე გარკვეულ ტემპერატურაზე ცხელდება.

- გრანტით ხომ არ გისარგებლიათ?

- მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტით.

- მუშახელი სეზონურად გყავთ დასაქმებული?

- სამუშაოების მიხედვით ბაღში 4-5 კაცი მყავს დასაქმებული, თითქმის გაზაფხულიდან შემოდგომამდე მუშაობენ. ცხადია, ყოველდღე არა, სეზონისა და საქმის მიხედვით მუშაობენ ბაღში. დაკრეფისას დაახლოებით 15-20 კაცი მჭირდება, წვენის ჩამოსხმისას - 7-8. ბროწეულს არ ვყიდი, რასაც ვაწარმოებ, წვენად ვასხამ.

- როგორ შევინახოთ ბროწეული ისე, რომ არ გაგვიფუჭდეს?

- უპირველესად, როდესაც კრეფას ვიწყებთ, ხილი სიმწიფის სტადიაში უნდა იყოს. მკვახეს თუ მოვწყვეტთ, გაფუჭდება, ზედმეტად გადამწიფებულიც ფუჭდება. ამიტომ მაქვს პროდუქტში შაქრის გამზომი ხელსაწყო. როდესაც ბროწეულის შაქრიანობა 18-18,5 გახდება, მაშინ უნდა დაიკრიფოს. ხელსაწყოს ეკრანზე დავაწვეთებთ წვენს და სკალაზე აისახება შაქრიანობის შემცველობა. 17-ის ზემოთ უკვე შეიძლება დაკრეფა. ბროწეული სასურველია ყუნწიანად მოვკრიფოთ, ვაზის მაკრატლით მოვჭრათ. ყუნწი 5-7 სანტიმეტრზე მაინც უნდა ჰქონდეს დატოვებული. ასე, ყურძნის მსგავსად, პატარა თოკზე აიჯაგნება და უპრობლემოდ ინახება.

- საყინულეში რომ გავყინოთ?

- გაყინვის შემდეგ როგორც კი გამოვიღებთ, ორ დღეში დალპება. უკეთესია, გავარჩიოთ და მარცვლები შევინახოთ საყინულეში.

- გასხვლა ახლა უკვე შეიძლება?

- ახლა ჩვენთან კიდევ ყინვაა მოსალოდნელი, ამიტომ თავს ვიკავებ. როგორც კი ყინვა ჩაივლის, მაშინ დავიწყებ ამ პროცედურას.