ძველი ეზო-კარის ახალი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

ძველი ეზო-კარის ახალი სიცოცხლე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ვისაც გაუვლია, აუცილებლად შეამჩნევდა გზისპირა სახლის ულამაზეს ბაღს, რომელიც ნაძვებშია ჩაფლული. ეს სილამაზე პროფესიით ქორეოგრაფმა ტომი გოგოჭურმა დაუღალავი შრომით შექმნა. ბატონი ტომი წლების განმავლობაში სოფელ არბოშიკის კულტურის სახლის დირექტორად მუშაობდა, შემდეგ თბილისში განაგრძო საქმიანობა, მაგრამ მშობლიური მიწის ძახილმა უხმო, სოფელ გამარჯვებაში, წინაპრების ძველ სახლში დაბრუნდა და იქაურობა წალკოტად აქცია. ტომის საოცარი სილამაზის ბაღს ჩვენც ვესტუმრეთ.

ტომი გოგოჭური: - თბილისში, კორპუსის ბინაში ვცხოვრობ, ამიტომ აგარაკის შეძენა რომ გადავწყვიტე, შვილებმა მირჩიეს, სოფელ გამარჯვებაში წინაპრების დანატოვარი სახლი გამერემონტებინა - იქ დავიბადეთ, გავიზარდეთ და ზაფხულში დასასვენებლად ჩვენს სახლში ჩასვლა უფრო გაგვახარებსო. შევპირდი, რომ სოფლის სახლს გავარემონტებდი და კეთილმოვაწყობდი. სამი გოგო მყავს, ყვავილები უყვართ და პირველ რიგში ჭიშკართან საყვავილე ავაშენე და ყვავილები ჩავრგე. ძალიან ლამაზი გამოვიდა, გავხალისდი და მას შემდეგ ვეღარ ვჩერდები. ყველაფერს მარტო ვაკეთებ - თავად მომაქვს სამშენებლო მასალა, ხელოსანიც მე ვარ და მუშაც. არადა, ქაფჩა ან სხვა სამშენებლო იარაღი ხელში არასდროს მჭერია.

155e0e38-1ba9-45f1-b6d1-f7c84af7a880-1709733082.jpg

ზაფხულში ხის ჩრდილში ვიჯექი და ვფიქრობდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. წარმოვიდგინე ხეებთან ფაცხა, შიგნით მაგიდა, ლამაზი სკამები, სადაც დასვენება შეიძლებოდა. მივზომ-მოვზომე, მასალა მოვიტანე და მშენებლობა დავიწყე. რამდენიმე დღეში ისეთი ფაცხა დავდგი, როგორიც წარმოვიდგინე. ასე, ნაწილ-ნაწილ გავამშვენიერე 3500 კვმ ეზო.

ეზოში ძველი სახლი იდგა. სველი წერტილები მივუმატე, გაჯით გავლესე და იქ ცხოვრება შესაძლებელი გავხადე. მერე გარე ფასადის გალამაზებაც დავიწყე. ორ კვირას თავი არ ამიღია, გულმოდგინედ ვიმუშავე და მიზანს მივაღწიე - რაც ჩავიფიქრე, ის გამოვიდა. თვალით ვზომავდი და ხელი გონებას მიჰყვება. როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ზუსტად ვერ აგიხსნით. როგორც ნახეთ, ეზოში რამდენიმე ჯვარი დგას. ერთხელ ადრიანად გამეღვიძა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სადღაც მაგვიანდებოდა. გარეთ რომ გამოვედი, ეზოს კუთხეში წარმოვიდგინე ცემენტის კვარცხლბეკზე მდგარი ხის ჯვარი. სასწრაფოდ მოვიტანე საჭირო მასალა და მშვიდად, წყნარად, ორ დღეში წარმოდგენა ცხადად ვაქციე.

- რამდენიმე ურემიც შევნიშნე და ისინიც თქვენი დამზადებულია?

- ახლობელმა მითხრა, რომ საგარეჯოში ხელოსანი კაცი აკეთებს კარგ ურმებს. პირველი ურემი მისგან ვიყიდე. პანდემია რომ დაიწყო და სახლიდან ვერ გავდიოდი, მისი მიბაძვით აკაციისგან თავად დავამზადე. დასასვენებელი სკვერი გავაკეთე, ლამაზი სკამები ავაწყვე და გვერდით ჩემი ურემი მივუდგი. სტუმრებს ზაფხულში ამ სკვერში მივართმევ ხოლმე ყავას. შადრევანიც მოვაწყვე და ცემენტის წეროები ჩავსვი. ქართული, ტრადიციული კუთხეებიც მაქვს, სადაც აკვანი, გუთანი, ფარი და ხმალი განვათავსე. ერთ-ერთი კუთხე ჩვენს დალოცვილ ვენახს მივუძღვენი. ზვრებში მომუშავე თანასოფლელებს ვთხოვე გამხმარი, ფესვებიანი ვაზი მოეტანათ. ვაზის ფესვები და ტოტები გავლაქე, მერე ხელოვნური მტევნები ვიყიდე და ჩამოვკიდე. ასე "გავაშენე" ეზოს ულამაზესი ვენახი. მეგობრები სანადიროდ და სათევზაოდ რომ მიდიან, მეც მივყვები. ისინი ნადირობენ, მე კი ლამაზ ჯირკებს, ფესვებსა და ქვებს ვაგროვებ. ერთ-ერთი ქვა დევის სახეს მივამსგავსე - ორი ჭრილი ზედა ნაწილში ჰქონდა და ერთი ქვემოთ. ერთ თვალში ისე ჩავუსვი ქვა, რომ ცალთვალა გამოსულიყო, რადგან ზღაპრულ დევს ცალი თვალი აქვს. ყურებადაც ქვები მივაწებე. კრამიტისგან ენა გავუკეთე, თეთრი ქვისგან კბილები. მის დანახვაზე ყველა ხალისობს. მორებისგან ორიგინალური სკამები გავაკეთე. ვინც მოდის, მასზე ჯდება და ფოტოს იღებს.

ed838f6b-992d-4cea-8a09-8c142fd19786-1709733081.jpg

- საკმაოდ ბევრი ძველი ნივთი გაქვთ.

- გზის პირას ვცხოვრობ და ყველა გამვლელი ამჩნევს განსხვავებულ ეზოს. სტუმარიც ხშირად მყავს - უცხო ადამიანები მთხოვენ ფოტოების გადაღებასა და დათვალიერებას. ამას წინათ რამდენიმე მანქანით ახალგაზრდები მოადგნენ ჩემს ეზოს. ტელეფონებით, გარედან იღებდნენ. როგორც შემნიშნეს, მაშინვე მანქანებისკენ გაიქცნენ. დავუძახე, სად გარბიხართ, დამელოდეთ-მეთქი. მინდოდა შემომეყვანა, დაესვენათ, დაეთვალიერებინათ ყველაფერი, მაგრამ გაიქცნენ და მომაძახეს, არაფერი გადაგვიღია, გვაპატიეთო. ზოგს ჰგონია, ჩემი ბაღის დათვალიერება ფასიანია და ამიტომ ვერ შემოდის. არადა, სტუმარი ჩემთვის ღვთის საჩუქარია და სიხარულით ვუღებ კარს.

ზოგი ისეთი აღფრთოვანებულია, სხვასაც ურჩევს ნახოს და შემორჩენილ საინტერესო ძველ ნივთს საჩუქრად ატანს. ზოგს მე ვყიდულობ. სადაც უნდა მივიდე, უცხოს და ორიგინალურს მაშინვე ვამჩნევ. ერთ ოჯახში კრამიტის საყიდლად მივედი და დავინახე, რომ ეზოში ჯართი ეყარა. თვალი გადავავლე და ძველი საკერავი მანქანა დავინახე. ოჯახის დიასახლისმა 150 ლარად მომყიდა და ახლა ეს საკერავი მანქანა ჩემს ეზოს ალამაზებს. ერთხელ ნერგების მოსატანად წავედი ლაგოდეხში. ღობის ძირას დაჟანგებული გუთანი ეგდო. პატრონს ვუთხარი, ნერგებს იმ პირობით შევიძენ, თუ გუთანსაც მომყიდი-მეთქი. ორივე მომყიდა. ასე შევიძინე ძველებური რადიოლებიც, ტელევიზორებიც და ა.შ.

ქართულ კუთხესთან ხმალი რომ დევს, რკინის "პალასისგან" გავაკეთე და მერე შევკარი, ფარი კი ვედროს სახურავისგან დავამზადე. დავჩვრიტე, წებოცემენტი წავუსვი, შევღებე და ნამდვილი ფარი გამოვიდა. რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი დიზაინითაა შექმნილი.

- როგორც მითხარით, სტუმრებისთვის ულამაზესი ოთახი თავად ააშენეთ, თან მიმტკიცებთ, მშენებლობის არაფერი გამეგებაო...

- იქ, სადაც ჩემი აშენებული პატარა სახლი დგას, რამდენიმე წლის წინ ძეძვი, აკაცია და მაყვალი იყო. წინაპრების სახლში ერთი მისაღები ოთახია და ორი საძინებელი. ჩემი ოჯახის წევრები თბილისიდან საღამოობით ჩამოდიან. ამ დროს მე უკვე დაღლილი ვარ და დასვენება მინდა ხოლმე, მათ კი ქეიფი. გადავწყვიტე, ჩემთვის სადმე დასასვენებელი ოთახი ამეშენებინა. დავიწყე აშენება. ერთი შეხედვით სახლი ლამაზია, მაგრამ არაპროფესიონალის ხელი მაინც ეტყობა. მეგობარი მებუხრე მოვიყვანე და ბუხრის შიგთავსი ავაშენებინე, მე კი მოვაპირკეთე. ვაკვირდებოდი როგორ აშენებდა ბუხრის შიდა ნაწილს და მოგვიანებით ეზოში ბუხარი მარტომ ავაშენე.

ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს დიდი სურვილი თუ აქვს რაღაც გააკეთოს და სულსა და გულს ჩააქსოვს მასში, აუცილებლად გამოუვა. აქამდე ვფიქრობდი, მარტო ხელოვნება - ცეკვა და სიმღერა გამომდიოდა საუკეთესოდ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მშენებლობის ნიჭიც მქონია. მეგობრები, მოსწავლეები, ახლობლები რომ მხედავდნენ სულ შრომასა და გარჯაში ვიყავი, ხშირად მსტუმრობდნენ. გამიჩნდა იდეა, ახალი სახლი სტუმრებისთვის დამეთმო და მას "ამ სახლში სიყვარულია" დავარქვი. აქაც ბევრი საინტერესო ნივთია. ყველაზე განსაკუთრებული მაინც ძველი ნახშირის უთო მგონია. ადამიანი რომ არ შეაწუხოს ნაკვერჩხლის ბოლმა, უთოს ერთ მხარეს გამწოვი მილიც აქვს. ჩემი შვილებიც მამარაგებენ უცნაური ნივთებით.

ჩემი ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. როგორც კი ინათებს, მაშინვე ვდგები, ყავას ვსვამ და საქმეს ვიწყებ. თუ მასალა არა მაქვს, მოვიმარაგებ და დროს არ ვკარგავ. ავდარში მარანში ვმუშაობ, დარში - ეზოში. სანამ არ შებინდდება, სახლში არ შევდივარ. ხელები, ახლა რომ სიშავე არ გადამდის, წინათ თეთრი და ქათქათა მქონდა. მაშინ ვერც მე წარმოვიდგენდი, ამდენ შრომას თუ შევძლებდი და სოფლად საოცარ კარ-მიდამოს მოვაწყობდი. სოფელში ბევრს ვერ გაუგია, რა მრჯის, რატომ ვწვალობ. უფალმა თქვა, ადამიანი ამ ქვეყანას რომ მოევლინება, სამი პირობა აუცილებლად უნდა შეასრულოს - სახლი უნდა ააშენოს, ხე დარგოს და შვილები გაზარდოსო. 222 ძირი მარტო ნაძვია ჩემს ეზოში. შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებ ჩემი ხელით შექმნილ სამოთხეს. ამაზე კარგი რა უნდა გავაკეთო.

ნელი ვარდიაშვილი