პუტინ, ნამუს ჩკა? - რას მიხვდნენ ბოლოსდაბოლოს სომხები: შეძლებს თუ არა ფაშინიანი ერევნიდან რუსი მესაზღვრეების გაძევებას
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „სომხეთმა რუსეთს რუსი მესაზღვრეების გაყვანა მოსთხოვა: რატომ არის ეს ფაქტი მნიშვნელოვანი“ (ავტორი - გრიგოლ ათენასიანი, BBC-ის კორესპონდენტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას:
სომხეთმა რუსეთს მოსთხოვა, რომ გაიყვანოს რუსი მესაზღვრეები ერევნის საერთაშორისო აეროპორტ „ზვარტნოციდან“, სადაც ისინი საკონტროლო-გამშვებ პუნქტში მუშაობენ. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის სამხედროები, რომლებიც უშიშროების ფედერალური სამსახურის სტრუქტურაში შედიან, ერევნის აეროპორტში იმყოფებიან ორმხრივი დოკუმენტის საფუძველზე - „ხელშეკრულება სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სასაზღვრო ჯარების სტატუსის შესახებ“, რომელსაც ხელი 1992 წელს მოეწერა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის სასაზღვრო ჯარების ოთხი ქვედანაყოფი აკონტროლებს სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვრებს. მათი ბაზები განლაგებულია ქალაქებში: გიუმრში, არმავირში, არტაშატში და მეგრში.
1992 წელს, როცა ხელშეკრულება გაფორმდა, სომხეთს თავისი სასაზღვრო სამსახური შექმნილი არ ჰქონდა.
„გაიყვანეთ! არ გვინდა!“
ოთხშაბათს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ აეროპორტის კონტროლი მთლიანად უნდა განახორციელონ სომხეთის სასაზღვრო ჯარების წარმომადგენლებმა.
კითხვას, თუ რატომ გაჩნდა ამის აუცილებლობა, არმენ გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთმა მიაღწია იმის შესაძლებლობას, რომ თვითონ სრულად გააკონტროლოს თავისი დედაქალაქის აეროპორტი. „სომხეთს ამ საკითხში მკაფიო პოზიცია აქვს, რაზედაც მოსკოვს ოფიციალურად შევატყობინეთ“, - განუცხადა არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებს, თუმცა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ერევნიდან რაიმე ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.
ზოგიერთი სომეხი პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა სომხეთში მას შემდეგ გახდა არასასურველი, როცა რუსეთმა, მათი აზრით, ვერ შეძლო თავისი სტრატეგიული მოკავშირის დაცვა ყარაბაღის ომში. კერძოდ, ასეთი პოზიცია გამოხატა რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა: „დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები ჩვენს საზღვარს დაიცავენ. თქვენ გჯერათ? რამდენჯერმა დადასტურდა, რომ მათ ჩვენ ვერ დაგვიცვეს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენი საზღვარი მოწყვლადი გამხდარიყო. ისინი მოვიდნენ ყარაბაღში და რა გააკეთეს? იქიდან სომეხი ხალხი გამოაძევეს, რუსებმა კი არ დაიცვეს. ჰოდა, რატომ უნდა იყვნენ ისინი „ზვარტნოცში“, როცა დაცვის უნარი არ აქვთ?“.
„სომხეთს დახმარება სჭირდება, რუსეთი კი არ ეხმარება“
ერევანი დიპლომატიურად ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას - ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩვენივე აეროპორტის დაცვაო, მაგრამ სინამდვილეში სომხეთს სწორედ ახლა სჭირდება საზღვრების დაცვა, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან, სადაც ინციდენტები გრძელდება - ამ ერთი თვის წინ ოთხი სომეხი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის პრობლემა ძალის გამოყენებით გადაწყვიტა, 2023 წლის სექტემბერში, ხოლო სომხეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, მშვიდობა მაინც არ დამყარებულა. მოლაპარაკება კიდევ ერთხელ შევიდა ჩიხში.
სომხეთს რუსეთიდან დახმარების მიღების იმედი დაეკარგა. ამას წინათ არმენ გრიგორიანმა საჯაროდ გაამჟღავნა ერევნის პრეტენზიები მოსკოვის მიმართ: რუსეთი არ აწოდებს ერევანს 260 მილიონი დოლარის იარაღს (ფული დიდი ხანია, გადახდილია), არ ასრულებს თავის მოვალეობას სომხეთის არმიის რეფორმირების საკითხში და, რაც მთავარია, რუსეთმა სპეციალურად დაიკავა ნეიტრალური პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკების მომენტში ანუ „სტრატეგიული მოკავშირე“ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას არ იცავს, ამ დროს კი ევროკავშირი და აშშ სომხეთის მხარეს დადგნენ.
„საფრანგეთს ვთხოვოთ დახმარება...“
ახლა სომხეთი ახალ პარტნიორებს ეძებს და მზერას საფრანგეთს აპყრობს, რომელიც დათანხმდა სომხეთის არმიას, რომ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები და ჯავშანმანქანები მიაწოდოს, აგრეთვე, სომეხი ჯარიკაცების წვრთნა დაიწყოს. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია ნატოს წევრი საფრანგეთის მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი ფორმალურად ჯერ ისევ „ოდკბ“-ის წევრია და რუსეთის ოფიციალურ მოკავშირედ ითვლება.
რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო, რომ სომხეთის ნაბიჯი მოსკოვის განრისხებას გამოიწვევდა. ასეც მოხდა: გასულ შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ „მთავრობა სომეხი ხალხის ცნობიერებაში სიცრუეს ნერგავს“. სიცრუეში იგულისხმება ის, რომ სომხეთის რუსეთთან კავშირი შეცდომა იყო. სერგეი ლავროვმა ერევანი „არამოკავშირულ ქცევაში და უმადურობაშიც“ ამხილა.
ამიტომაც უნდა ველოდოთ, რომ რუსი მესაზღვრეების სამსახურზე უარის თქმა კრემლის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.
მოამზადა სიმონ კილაძემ