"მე სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უფრო ცუდი საქმე მგონია... ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა მოიქცეს და ამ საკითხში რჩევის მიცემასაც აზრი არა აქვს"
ცნობილთა აზრი ოფიციალურ ქორწინებამდე შეყვარებული წყვილის თანაცხოვრებაზე
თანამედროვე ეპოქამ, ქართველ საზოგადოებას ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი მოუტანა. თუ 25-30 წლის წინ, ოფიციალურ ქორწინებამდე წყვილის ერთად ცხოვრება დაუშვებლად მიაჩნდათ, დღეს ეს ტრადიცია შეიცვალა: ახალგაზრდების დიდი ნაწილი გრანდიოზულ ქორწილს და ნათესავების დალოცვას აღარ ელოდება, ისე იწყებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. მოსაწონია თუ არა შეყვარებული წყვილის ერთად ცხოვრება ოფიციალურ ქორწინებამდე? - ამ შეკითხვაზე იმ რესპონდენტებს, რომელთა დათანხმებაც შევძელით, ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ:
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
იმედა კახიანი, საქართველოს სახალხო არტისტი:
"ჩვენს თაობაში ქორწინებამდე ერთად ცხოვრება მიღებული არ იყო. მე მაგალითად, ხუთი წელი ვიყავი შეყვარებული და ამ ხუთი წლის განმავლობაში, მომავალ მეუღლეს მხოლოდ ქუჩაში ვხვდებოდი. ვფიქრობდი, რომ ჩვენ ჯვარდაწერილი მეუღლეები არ ვიყავით, ისიც ვიცოდი, რომ მის უკან ოჯახი, დედ-მამა იდგა და ამ ყველაფერს ანგარიშს ვუწევდი. თუ ადამიანი გიყვარს, მის ოჯახსაც მოკრძალებით და პატივისცემით უნდა მოექცე..."
ლიზა ვადაჭკორია, ტელეწამყვანი:
"პრობლემა მხოლოდ რაღაცის დაძალებაა - როდესაც მშობელი შვილს აძალებს, ეს ბიჭი კარგია, ის კი ცუდი და მასთან აღარ დაგინახო, სახელი გაგიტყდებაო... ეს მე ფსიქოლოგიურ ძალადობად მიმაჩნია. 18 წლის შემდეგ ადამიანი სრულწლოვანია და სრული უფლება აქვს, გადაწყვეტილება თავად მიიღოს, ვისთან ურჩევნია ყოფნა და ვისთან - არა..."
მზია გეწაძე, მომღერალი:
"რა თქმა უნდა, უმჯობესია წყვილმა ჯვრისწერამდე და ოფიციალურ ქორწინებამდე ერთ ჭერქვეშ იცხოვროს, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ: მე ტაძარში ქალიშვილი შევედი, ჯვარიც დავიწერე, მაგრამ მერე ყველაფერი თავზე დამემხო. მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი უფრო კარგად რომ გაგვეცნო, ერთმანეთთან უფრო ახლოს ვყოფილიყავით, ცოლად ხომ არ გავყვებოდი? ოჯახები სწორედ იმიტომ ინგრევა, რომ სრულიად უცხო ადამიანები ქორწინდებიან და მერე ერთმანეთს ვერ უგებენ..."
ლადო კახაძე, ექიმი, საქართველოს პარლამენტის წევრი:
"ვერ დაგეთანხმებით, რომ მსგავსი რამ ჩვენი ერისთვის უცხოა: ძველად, საქართველოში, გოგონებს ძალიან პატარა ასაკში ათხოვებდნენ, სიძის სახლში მიიყვანდნენ და მომავალი რძალი 3-4 წლის განმავლობაში, ახალ ოჯახში იზრდებოდა. გოგონა ოჯახის წევრებს გაიცნობდა, შეეჩვეოდა და როცა გაიზრდებოდა, შეწყვილება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა..."
ნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი, მსახიობი:
" მე სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უფრო ცუდი საქმე მგონია, ვიდრე ახალგაზრდის თავისუფალი არჩევანი. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა მოიქცეს და ამ საკითხში რჩევის მიცემასაც აზრი არა აქვს. თუ გაუმართლებს, ხომ კარგი, თუ არა და, თავის თავს დააბრალებს, სხვას - ვერავის..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 7 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე