ჩინელები მოდიან?! - "თუ იქიდან საქართველოში მასობრივად წამოვიდა ტურიზმი, ჩვენ ფიზიკურად ვერ აუვალთ" - კვირის პალიტრა

ჩინელები მოდიან?! - "თუ იქიდან საქართველოში მასობრივად წამოვიდა ტურიზმი, ჩვენ ფიზიკურად ვერ აუვალთ"

„იცით, ჩინეთი რამდენად დიდია საქართველოზე, შესაბამისად, თუ იქიდან მასობრივად წამოვიდა ტურიზმი, ჩვენ ფიზიკურად ვერ აუვალთ“ , - ამის შესახებ ტურისტული კომპანიის „კლარკ & რობინსონს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა ჩინეთიდან შემომსვლელების რაოდენობას გაზრდის, თუმცა, ეს ქვეყნის ბიუჯეტზე ნაკლებად აისახება. როგორც მამუკა კელაურაძე განმარტავს, გასულ წელს უკვე დაიწყო ტენდენცია, რომ ჩინეთის მოქალაქეები ადგილობრივი სასტუმროების მართვაში შედიან, საკუთარ სტუმრებს თავად იღებენ და შესაბამის მომსახურებას უწევენ. ამასთან, მამუკა კელაურაძის ინფორმაციით, ხშირად ანგარიშსწორებაც ნაღდი ფულით ხდება.

„იცით, ჩინეთი რამდენად დიდია საქართველოზე, შესაბამისად, თუ იქიდან მასობრივად წამოვიდა ტურიზმი, ჩვენ ფიზიკურად ვერ აუვალთ. საკმაოდ შორია ჩვენგან, შესაბამისად, გადაფრენა ძალიან ძვირი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ უვიზო მიმოსვლა ჩინელი ტურისტების რაოდენობას გაზრდის. ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში, ბათუმში, ვიცი, რომ რამდენიმე სასტუმრო ჩინელებმა საკუთარ მართვაში აიღეს. რაც უვიზო მიმოსვლის შესახებ გაცხადდა, წელსაც უკვე დაიწყეს მზადება. არ ვიცი, რამდენი სასტუმრო დათანხმდა ამას, მაგრამ ამ თვალსაზრისით, არ მგონია, რომ კარგი გამოცდილება მიიღონ სასტუმროებმა. იმიტომ, რომ როგორც წესი, სპეციფიკური ტურისტები არიან ჩინელები და ძალიან უდიერად ეპყრობიან სხვის ქონებას. ვიცი ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც ისეთ დონეზე მიიყვანეს, გაუშვეს და მართვაში ისევ მეპატრონემ დაიბრუნა. არ დავასახელებ სასტუმროს, მაგრამ ასეთ ფაქტები იყო და კიდევ იქნება სავარაუდოდ.

აქ კიდევ ერთი მომენტია, ჩვენ კანონმდებლობა მათ აძლევს იმის საშუალებას, რომ თვითონ იყვნენ ტუროპერატორები. სასტუმრო იქირაონ, თავისი ტრანსპორტით, გიდებით, ადგილობრივი პრაქტიკულად, არაფერი გამოიყენონ. ჩინელი ტურისტები იმითაც არიან ცნობილები, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში საკუთარი საკვებით დადიან. ასე რომ, ფაქტია, ბევრნი შემოვლენ, მაგრამ ფინანსურად რამდენად ეფექტური იქნება ქვეყნისთვის და ადგილობრივი ტუროპერატორებისთვის, ამას ვერ გეტყვით. შეიძლება ადგილობრივებისთვის ისეთივე კონკურენტები გახდნენ, როგორც სხვები, მაგალითად, გალფის ქვეყნებიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, იგივე, რუსულენოვანი ქვეყნებიდან. ყველა თვითონ იწყებს ამ მიმართულებით მუშაობას. ეს თავის დროზე დაიწყეს ირანელებმა, არაბებმა და ახლა უკვე შენგენის ზონის რამდენიმე ქვეყანაც შეუერთდა, პოსტ საბჭოთა სივრციდან. თავისი გიდები, თავისი სასტუმრო, თავისი ტრანსპორტი... შემოდიან ნაღდი ფულით და მთლიანობაში, ბუნებრივია, ბიუჯეტს და ქვეყანას არაფერი რჩება“,- ამბობს მამუკა კელაურაძე.

მისი თქმით, ჩინეთთან დაკავშირებით პრობლემაა კომუნიკაციაც, რადგან უმრავლესობამ საერთაშორისო ენა არ არის.

განაგრძე კითხვა