შოიგუ 622 დღე-ღამე ელოდა ოცნების ასრულებას - უკრაინელებს ბოლოსდაბოლოს აუფეთქეს პირველი „ჰაიმარსი“
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც ამტკიცებენ უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული „ჰაიმარსებიდან“ პირველი სარაკეტო დანადგარის სრულ განადგურებას...
იმავე რუსეთის სამხედრო უწყებას რომ დავუჯეროთ, 2022 წლის 23 ივნისიდან მოყოლებული, როდესაც აშშ-მა ოფიციალურად განაცხადა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების - „ჰაიმარსების“ უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე, რუსმა სამხედროებმა 50-მდე მეტი „ჰაიმარსი“ გაანადგურეს...
თუმცა ეს მხოლოდ პროპაგანდისტული ნაბიჯი გახლდათ, რადგან უკრაინას, საერთო ჯამში, მხოლოდ 38 ერთეული 227 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა თუ გადაეცა, რომელთაგან ოციოდე თუ იქნებოდა M142 HIMARS-ი, დანარჩენი კი - მუხლუხებიანი MLRS-ები და მისი ფრანგული და გერმანული მოდიფიკაციები გახლდნენ. თითქმის ორი წლის განმავლობაში შოიგუს უწყებამ ერთი ნორმალური ვიდეო ვერ დადო, რომელზეც ნათლად იქნებოდა ასახული კონკრეტულად „ჰაიმარსის“ განადგურების მომენტი, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალების მზვერავების გაგებაც შეიძლება, რადგან ისინი არა ერთხელ მოატყუეს, როდესაც საჰაერო დაზვერვის მიერ დიდი წვალებით აღმოჩენილი და მის გასანადგურებლად გახარჯული ძვირად ღირებული რაკეტების მოხვედრის შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ განადგურებული „ჰაიმარსი“... გასაბერი ცრუ-სამიზნე გახლდათ ან სულაც - ფანერისგან იყო შეკოწიწებული...
თუმცა ამჯერად, 2024 წლის მარტის დასაწყისში, აღმოსავლეთ ფრონტზე, ბახმუტიდან ჩრდილო-დასავლეთით 25 კმ-ში, დონეცკის ოლქის სოფელ ნიკოროვკასთან რუსულმა სადაზვერვო დრონმა მართლაც აღმოაჩინა უკრაინელების „ჰაიმარსის“ მობილური სარაკეტო დანადგარი, რომელიც ქარსაცავ ტყის ზოლთან იდგა და მის გასანადგურებლად გამოიყენეს შორსმფრენი მართვადი რაკეტა (უთითებენ „ისკანდერზე“, მაგრამ ასეთი სიზუსტით ეს აერობალისტიკური რაკეტა არ ხასიათდება).
ის, რომ ამჯერად კვლავ გასაბერ ან ფანერის ცრუ-„ჰაიმარსს“ კი არა, არამედ რეალურ დანადგარს ესროლეს, მეტყველებს ვიდოკადრები, როდესაც აფეთქებული „ჰაიმარსიდან“ რაკეტები იწყებენ „თვითნებურ“ სტარტს და იქვე ეცემიან...
ეს არის ამერიკელების მიერ უკრაინისთვის გადაცემული „ჰაიმარსებიდან“ პირველის სრული განადგურების დადასტურებული ფაქტი, თუმცა 2024 წლის 12 თებერვალს აშშ-ის პენსილვანიის შტატის ჰარისბერგის საერთაშორისო აეროპორტში გადაიღეს, თუ უკრაინული მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ан-124-დან როგორ ჩამოაქვთ ორი დაზიანებული „ჰაიმარსი“-ერთი მათგანი საარტილერიო ჭურვის ახლოს აფეთქებამ დააზიანა, მეორე კი, ეტყობა, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდდა. თუმცა ორივე მათგანი სრულად განადგურების კატეგორიაში არ შედიოდა და რემონტს ექვემდებარებოდა -შეიძლება მათ სანაცვლოდ სხვა „ჰაიმარსები“ გააგზავნეს უკრაინაში.
ომი ომია და პირველ „ჰაიმარსსაც“ ადრე თუ გვიან მაინც აუფეთქებდნენ რუსი ოკუპანტები უკრაინელებს, მით უმეტეს, რომ ოთხმა ათეულმა „ჰაიმარსმა“ და MLRS-მა საოცარი საბრძოლო ეფექტიანობა აჩვენეს, რაც პროპაგანდისტულ ეფექტიანობაშიც გადავიდა, როდესაც „ჰაიმარსებიდან“ მაქსიმალურ, 84 კმ სიშორეზე გაშვებული GMLRS-ის მართვადი რაკეტები ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებდნენ რუსი ოკუპანტების შტაბებს, პირადი შემადგენლობის თავშეყრის ადგილებსა თუ შვეულმფრენებს აეროდრომებზე, რის გამოც „ჰაიმარსი“ კრემლის „პირადი მტერი“ გახდა და პუტინის დავალებით შოიგუს უწყებამ მათზე განსაკუთრებული ნადირობა დაიწყო, თუმცა პირველი წარმატების მისაღწევად მაინც თითქმის ორი წელი დასჭირდა...
ისე, შედარებისთვის, მცირე სტატისტიკა - 227 მმ კალიბრის რაკეტების გამშვები „ჰაიმარსი“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის კლასს განეკუთვნება და მის ანალოგებად რუსი ოკუპანტების შეიარაღებაში 220 მმ-იანი „ურაგანები“ და 300 მმ-იანი „სმერჩები“ შეიძლება მივიჩნიოთ, ხოლო საერთაშორისო ინტერნეტრესურსის - „ორიქსის“ გამოთვლით (რომელიც ფოტოვიდეო მასალით არის დადასტურებული), ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 80 „ურაგანი“ და 2 „სმერჩი“ დაკარგეს, რომელთა ნაწილი სწორედ „ჰაიმარსებიდან“ გაშვებული მართვადი რაკეტებითაა განადგურებული, კონტრსაბატარეო ორთაბრძოლების დროს...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინელების პირველი „ჰაიმარსის“ სრული განადგურების დამადასტურებელი ვიდეოკადრები: