სტალინის აჩრდილი: რისი ეშინიათ გერმანელებს?! - რატომ არ აწვდის შოლცი ზელენსკის რაკეტებს, რომელსაც პუტინის გამწარება შეუძლია - კვირის პალიტრა

სტალინის აჩრდილი: რისი ეშინიათ გერმანელებს?! - რატომ არ აწვდის შოლცი ზელენსკის რაკეტებს, რომელსაც პუტინის გამწარება შეუძლია

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „გერმანიის პოლიტიკა უკრაინის მიმართ განპირობებულია განსაზღვრული მიზეზით - რუსეთისადმი შიშით და ოლაფ შოლცის სწრაფვით - გახდეს „მშვიდობის კანცლერი“ (ავტორი - მეთიუ კარნიტშნიგი), რომელშიც უკრაინის ომის ფონზე გაანალიზებულია გერმანია-რუსეთის სპეციფიკური დამოკიდებულება წარსულში და აწმყოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მთელ ევროპაში დაბნეულობა და შეშფოთება დათესა იმის გამო, რომ მან უკრაინის მიმართ წინააღმდეგობრივი პოზიცია დაიკავა. მაგრამ მის ასეთ, ერთი შეხედვით, უპრინციპო მიდგომაში გარკვეული მეთოდი ჩანს.

ოლაფ შოლცმა ჩიხში შეიყვანა თავისი ევროპელი მოკავშირეები, როცა უარი თქვა კიევისათვის ფრთოსანი რაკეტების „ტაურუსების“ მიწოდებაზე და თავისი პოზიცია რუსეთის საპასუხო მოქმედების რისკით გაამართლა.

ოლაფ შოლცის პოზიცია გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, - „ევროპა ისეთ სიტუაციაშია, რომ სილაჩრე არავინ არ უნდა გამოიჩინოსო“, - მიანიშნა მან. თითქმის იგივე გაიმეორა ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენ უოლესმა - „არათანმიმდევრულობა უკრაინის დახმარების საქმეს ძალიან ვნებსო“.

მაგრამ ის, რაც ოლაფ შოლცის არათანმიმდევრულობად შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, სინამდვილეში კარგად მოფიქრებულ სტრატეგიას წარმოადგენს.

გერმანია - აშშ-ის მიმბაძველი?

მას შემდეგ, რაც ოლაფ შოლცი მიხვდა, რომ უკრაინას შეუძლია თავი დაიცვას რუსეთისაგან იარაღით მომარაგების შემთხვევაში, გერმანიის კანცლერმა ამერიკის პრეზიდენტს მიბაძა - იმდენ იარაღს და ტექნიკას აწვდის უკრაინას, რამდენიც საჭიროა თავდაცვისათვის, მაგრამ არა გამარჯვებისათვის. სხვათა შორის, გერმანიის კანცლერი თავის მიდგომას არ მალავდა. დღემდე ოლაფ შოლცი, რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიას მიეკუთვნება, პირდაპირ და მტკიცედ არ აცხადებს, რომ ომი უკრაინამ უნდა მოიგოს, არამედ ამბობს, რომ „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინა კი არ უნდა დამარცხდეს“.

ასეთი ნათქვამი შეიძლება უაზრობად ჩაითვალოს, განსაკუთრებით უკრაინელების მხრიდან, რომლებისთვისაც გერმანიის, როგორც ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერის პოზიციის დაფიქსირება კიევის უპირობო გასამარჯვებლად კარგი ფსიქოლოგიური ფაქტორი იქნებოდა, ხოლო მოსკოვისათვის - სიგნალი იმისა, რომ ბერლინი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ომის მოგებაში.

მიზეზი ოლაფ შოლცის ასეთი ქცევისა არის ის, რომ მის ცნობიერებაში ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადმული რუსეთისადმი შიშს.

„ვაითუ კიევმა „ტაურუსით“ კრემლს დაარტყას!“

გერმანიის კანცლერის არგუმენტი ასეთია: უკრაინას რომ ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსი“ მივცეთ, ვაითუ კიევმა ქერჩის ხიდის დასაგრევად გამოიყენოს, ან უფრო უარესისთვის - მოსკოვისაკენ გასაშვებად, რომ კრემლს დაარტყას. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომ ჩვენზე საპასუხო დარტყმა განახორციელოს, ამას გასაგებია რაც მოჰყვება.

გერმანიის პოლიტიკურ წრეებში მსგავსი დებატები ტანკ „ლეოპარდის“ მიწოდებაზეც ანალოგიური იყო. ოლაფ შოლცი თავს იკავებდა იმიტომ, რომ შიშობდა, შეიძლებოდა სიტუაცია გამწვავებულიყო. მან მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა „ლეოპარდების“ მიცემა კიევისათვის (დაგვიანებით), როცა აშშ-მა უკრაინას მცირე რაოდენობით ტანკები - „აბრამსები“ გაუგზავნა. მაგრამ იმ მომენტისათვის რუსეთს უკვე საკმარისი დრო ჰქონდა და მოასწრო თავდაცვითი ნაგებობების შექმნა, დანაღმა ფრონტის ხაზი იმ დონით, რომ უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა.

გერმანიამ უკრაინას ტანკები კი მისცა ყოყმანით, მაგრამ „ტაურუსების“ გაგზავნაზე კატეგორიულ უარს ამბობს - „ომში ჩაბმა არ გვსურსო“.

კანცლერი მარტო არ არის გერმანიის პანიკურ შიშში. მას მხარს უჭერენ ბუნდესტაგის დეპუტატებიც. რაც შეეხება გერმანულ საზოგადოებას, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გერმანელთა თითქმის 60% უკრაინისათვის „ტაურუსების“ გადაცემის წინააღმდეგია, რაც ათი პროცენტით მეტია თებერვლის მონაცემებზე.

გერმანული ანდაზის სიბრძნე

ბერლინის მიდგომა უკრაინისადმი დახმარების გაწევაზე ყველაზე კარგად არის ასახული ცნობილ გერმანულ ანდაზაში: „ძალიან ბევრია, რომ მოკვდე, მაგრამ ძალიან ცოტაა, რომ იცოცხლო“.

მაგრამ ასეთი მიდგომა, რომ უკრაინელებს იმდენი უნდა მისცე, რომ მხოლოდ თავი დაიცვან და შეტევა ვერ განახორციელონ, მაინც საკმაოდ ძვირი ჯდება. აქედან გამომდინარეობს გერმანიის კანცლერის მიერ ევროპელი ქვეყნების დანამუსება - თქვენც ჩვენსავით დაიხარჯეთ უკრაინისთვისო.

დღეისათვის გერმანიამ უკრაინას 17,7 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერლინს ვაშინგტონის შემდეგ მეორე ადგილი უკავია, მაგრამ თუ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობას გავითვალისწინებთ, მაშინ ბერლინი მე-11 ადგილზე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიას დახმარების დიდი რესურსები და რეზერვები აქვს, მას მეტის გაკეთება შეუძლია უკრაინისათვის, მაგრამ გერმანელებს... არ სურთ . ბოლო გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 20% თვლის, რომ მათმა ქვეყანამ მეტი სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს კიევს, ამ დროს კი 40%-ის აზრით, ბერლინმა უკვე საკმაო დახმარება გაუწია, ხოლო კიდევ 40%-ს მიაჩნია, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და დახმარება უნდა შემცირდეს.

წითელი არმიის გახსენება

გერმანელთა შიშის - „ვაითუ მოსკოვის პროვოცირება მოვახდინოთო“ - ასახსნელად სასარგებლო იქნება მე-20 საუკუნის გერმანიის ისტორიაში ჩავიხედოთ: გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ორი ომი ჰქონდა, რომლებიც ბერლინისათვის საბოლოოდ კატასტროფული შედეგებით დასრულდა.

გერმანელთა კოლექტიურ ფსიქიკაში მტკიცედ არის ჩაბეჭდილი ის საშინელი დანაკარგები, რომელიც გერმანიამ რუსეთთან (საბჭოთა კავშირთან) 1941-1945 წლების ომში განიცადა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. არც ერთი გერმანული ოჯახი არ დარჩენილა, რომელიც ტრამვირებული არ იყო რუსეთში ვერმახტის (ფაშისტური გერმანიის არმიის) შეჭრით, ყველას ვიღაცა ახლობელი დაეღუპა, ან დაეჭრა, ან ტყვედ ჩავარდა - მამა, პაპა, ძმა... განსაკუთრებით სტალინგრადის ბრძოლების დროს. და როცა წითელი არმია გერმანიის ტერიტორიას მიუახლოვდა, მოსახლეობა, სამოქალაქო მცხოვრებლები თავზარდაცემულები იყვნენ - საშინელი შურისძიების მოლოდინში, მტრის ხახაში რომ აღმოჩნდებოდნენ.

თუმცა გერმანიის სპეციფიკურ დამოკიდებულებას რუსეთისადმი მხოლოდ შიში არ განაპირობებს. ბევრი გერმანელისათვის, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ კომუნისტურ ნაწილში დაიბადნენ და გაიზარდნენ, რუსეთი უფრო მეტად მეგობრად ითვლება, ვიდრე მტრად. აღმოსავლეთ გერმანია (ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) არ იყო იმდენად მკაცრად ოკუპირებული, როგორც ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნები, მაგალითად, პოლონეთი (რომელსაც რუსეთთან თავისი ძველი ანგარიშები ჰქონდა), ამიტომაც რუსეთის მიმართ დამოკიდებულება აღმოსავლეთ გერმანიაში დღემდე საკმაოდ პოზიტიურია.

ეს ტენდენცია პოლიტიკურ გამოკითხვების შედეგებშიც არის ასახული: პრორუსუსლი პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ რეიტინგით აღმოსავლეთ გერმანიის ყველა ხუთივე მხარეში ლიდერობ (ბერლინის გამოკლებით).

მართალია, ყოფილ დასავლეთ გერმანიაში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 80% ცხოვრობს, რუსების მიმართ შედარებით ნაკლები სიმპათიები აქვთ, იქაც ძველებურად ფართოდ არის გავრცელებული რწმენა იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საიდუმლო მასთან დიალოგის აწყობაში გამოიხატება.

ბევრი გერმანელი პატივს სცემს დასავლეთ გერმანიის ზომიერ პოლიტიკას სსრ კავშირის მიმართ ცივი ომის დროს, რომელიც „ოსტპოლიტიკის“ (OstPolitik) სახელითაა ცნობილი და რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვილი ბრანდტმა 1970-იან წლებში განახორციელა. მან დიდი როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებაში.

ოლაფ შოლცმა, რომელიც იმ ეპოქის შვილია, სხვებზე მეტად იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს „ოსტპოლიტიკის“ გავლენას გერმანელთა ფსიქიკაზე.

აი, ამიტომაც მისი უარი „ტაურუსის“ უკრაინელებისათვის გაგზავნაზე, რომელიც მან ბუნდესტაგში კი არ გამოაცხადა, არამედ გერმანიის უმსხვილესი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქტორებთან შეხვედრის დროს, უნდა განვიხილოთ არა იზოლირებულად, არამედ როგორც მისი ფართო პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად.

ოლაფ შოლცის უარი, რომ იგი ვა-ბანკზე არ წავა უკრაინის გამო, გვაფიქრებინებს იმას, რომ გერმანიის კანცლერის საბოლოო მიზანს წარმოადგენს უკრაინაზე ზეწოლა - სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმების მიზნით და რაც შეიძლება სწრაფად. ამ მხრივ ოლაფ შოლცს ხელს აძლევს ამერიკელი რესპუბლიკელების უარი უკრაინისადმი დახმარებაზე, ანუ იგი მარტო არ არის.

ოლაფ შოლცს, რომლის რეიტინგი ისტორიულად ყველაზე დაბალია კანცლერებს შორის (არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო), 2025 წლის შემოდგომაზე არჩევნები ელოდება და თუ მანამდე მისი კოალიციური მთავრობა არ დაიშლება, ერთადერთ მის წარმატებად შეიძლება უკრაინის მიმართ თავშეკავებული დამოკიდებულება ჩაითვალოს. ეს, ალბათ, შოკისმომგვრელი იქნება გერმანიის გარეთ, მაგრამ გერმანელებში ოლაფ შოლცის პოლიტიკა უკრაინის მიმართ მოწონებით სარგებლობს. კანცლერი, სავარაუდოდ, არჩევნების დროს სწორედ ამ ფაქტორით ისარგებლებს.

„მშვიდობის კანცლერი“

ბოლო დღეებში ოლაფ შოლცმა თავისი მიდგომა კიდევ უფრო განამტკიცა და გერმანელებს „ფრიდენსკანცლერად“ ანუ „მშვიდობის კანცლერად“ წარუდგა. ეს ის მეტსახელია, რომლითაც ვილი ბრანდტს ხშირად მოიხსენიებდნენ ხოლმე.

„ყველასათვის რომ აბსოლუტურად გასაგები და ნათელი იყოს: მე, როგორც გერმანიის კანცლერი, უკრაინაში ჩვენი ბუნდესვერის არც ერთ ჯარისკაცს არ გავგზავნი“, - განაცხადა მან.

არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ მისგან ამის გაგონებას არავინ არასდროს არ ელოდა. მთავარი ისაა, რომ მისი განცხადებამ გაიჟღერა ემანუელ მაკრონის ნათქვამის საპასუხოდ, რომელმაც არ გამორიცხა ჯარისკაცების გაგზავნა.

ფაქტიურად, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს - და მსოფლიოს - მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, თუ რას არ გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად და რატომ არ გააკეთებს.

ამ თვალსაზრისით ამასწინანდელი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამჟღავნება, რომლის დროსაც გერმანელი ოფიცრები რაკეტა „ტაურუსის“ უკრაინისათვის გაგზავნის საკითხს იხილავენ, კანცლერს ძალიან დაეხმარა: აუდიოჩანაწერში ჩანს, რომ სამხედროები ოლაფ შოლცის პოზიციით იმედგაცრუებულნი არიან, რაც კანცლერს აწყობს - საკუთარი სამშვიდობო პოლიტიკის დასამოწმებლად. მით უმეტეს, რომ არჩევნები შორს არ არის.

„ჩვენ ვემზადებით ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ ჩვენ - სოციალ-დემოკრატიული პარტია - მშვიდობის პარტია ვართ“, - განცხადა ამ კვირაში აქსელ შეფერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ვეტერანმა, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) წევრმა, - „ჩვენ ფრიდენსკანცლერი გვყავს“.

წყარო