გიორგი ვაშაძის ქონება - "ბიტკოინები", "ეთერიუმები" და საბანკო ანგარიშები
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე ქონებრივ დეკლარაციას ანახლებს. აღნიშნულის თანახმად, მან გასულ წელს საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებისთვის ხელფასის სახით 43 624 ლარი მიიღო.
რაც შეეხება ვაშაძის და მისი მეუღლის, ქეთევან სიჭინავას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ასე გამოიყურება - სიჭინავას საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი თბილისში ჯამში 100 კვ.მ, რომელიც მას მამამ აჩუქა. გარდა ამისა, სიჭინავა ფლობს 4062 კვ.მ-იანი კომერციული ფართის 70%-ს. დეკლარაციის თანახმად, მას ეს ფართი ასევე მამამ აჩუქა 2008 წელს. დეკლარაციაში მითითებული მონაცემების თანახმად, გიორგი ვაშაძე ფლობს ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2014 წელს 5 000 აშშ დოლარად იყიდა.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციით ავტომობილი მხოლოდ ვაშაძის მეუღლეს უფიქსირდება. საუბარია 2016 წლის BMW X6-ზე, რომელიც სიჭინავამ 2019 წელს 40 000 აშშ დოლარად იყიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაშაძემ 2013 წელს 21 ერთეული Bitcoin-ი 18 000 აშშ დოლარად, ხოლო 2016 წელს 80 ერთეული Etherium-ი 5 000 აშშ დოლარად იყიდა. დღეის მდგომარეობით, 1 ერთეული Bitcoin-ი 64.9 ათას აშშ დოლარი, ხოლო Etherium-ი 3.7 ათასი აშშ დოლარი ღირს.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, 2023 წელს ბიტკოინების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 145 ათას აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ხოლო ჯამში 20 ერთეული ეთერიუმის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელს 4 100 აშშ დოლარი იყო.