ბურუსით მოცული ავტოკატასტროფა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - საბჭოთა დაზვერვის თამაშები: ვინ განისვენებს ვერის სასაფლაოზე?! - კვირის პალიტრა

ბურუსით მოცული ავტოკატასტროფა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - საბჭოთა დაზვერვის თამაშები: ვინ განისვენებს ვერის სასაფლაოზე?!

თბილისში 1939 წლის ივლისის მორიგი ცხელი დღე დგებოდა. გარეგნულად “მხნე და ბედნიერი” საბჭოთა საქართველოს მოქალაქენი სამსახურებისკენ მიიჩქაროდნენ. ოდნავ მინავლდა წინა წლების სისხლიანი რეპრესიები. ხალხიც თანდათან ივიწყებდა შინსახკომის ტყავის ქურთუკიანი ჯალათების ღამეულ სტუმრობებს, რასაც ნათესავების, მეგობრების და მეზობლების სამუდამო გაუჩინარება მოჰყვებოდა ხოლმე. რკინის მარწუხებით შებოჭილ ქვეყანაში მცხოვრებთ, ფეხბურთი და ახალი გაზეთებიღა ქონდათ გულის გადასაყოლებლად შერჩენილი. ყოველ დილით გაზეთების შეძენა და წაკითხვა უკვე ჩვეულებად ჰქონდათ ქცეული სიმშვიდე მომატრებულ ადამიანებს. საგაზეთო ჯიხურებთან რიგები არ წყდებოდა.

1939 წლის 9 ივლისს დილას თბილისელების ყურადღება საქართველოს კ.პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის გაზეთ “კომუნისტის” მეორე გვერდზე გამოქვეყნებულმა ოფიციალურმა ცნობამ მიიპყრო :

“9 ივლისს, გამთენიისას, ავტომობილის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ სსრ კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩინეთში ამხ. ივანე ტროფიმის-ძე ბოვკუნ-ლუგანეცი და მისი ცოლი ნინო ვალენტინის ასული. კატასტროფა მოხდა ქალაქ ქუთაისსა და კურორტ წყალტუბოს შუა, გზატკეცილის მე-6 კილომეტრზე. ქუთაისის საქალაქო საბჭოს მიერ გამოყოფილმა კომისიამ გამოარკვია, რომ ავტომანქანამ ავარია განიცადა საჭესამართავის დაზიანების გამო”.

ოთხი დღის შემდეგ იგივე გაზეთი იტყობინებოდა: “ტრაგიკულად დაღუპული ამხანაგ ლუგანეც-ორელსკის” და მისი ცოლის დაკრძალავის მოსაწყობად გამოიყო მთავრობის კომისია ამხ. კოჭლამაზაშვილის თავმჯდომარეობით და ამხ. ჩერქეზიას, ლ.რუხაძის, ჯორბენაძისა და შელეგიას შემადგენლობით. . . დაკრძალვა მოხდება ა.-წ. 14 ივლისს თბილისში საღამოს 7 საათზე. განსვენებულთა ცხედრებთან გამოსათხოვრად შესვლა დღის 2 საათიდან საღამოს 5 საათამდე წითელი არმიის სახლში. ცხედრების გამოსვენება წითელი არმიის სახლიდან. დაკრძალვა ვერის ახალ სასაფლაოზე საღამოს 6 საათზე”. ოდნავ ქვემოთ დაბეჭდილ ოფიციალურ ნეკროლოგში კი საბჭოთა დიპლომატის ბიოგრაფია იყო მოთხრობილი:

“ამხ. ლუგანეც-ორელსკი დაიბადა 1899 წელს ქ. ვოროშილოვგრადში. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, როგორც პარტიზანი, წითელარმიელი, პოლიტმუშაკი, და მეთაური. პარტიაში იგი შევიდა 1920 წელს. სამოქალაქო ომის დროს საბრძოლო დამსახურბისათვის ამხ. ლუგანეც-ორელსკიმ მიიღო წარჩინების ნიშნები. მოსკოვში 1931 წელს სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კიევში, მოსკოვში, სვერდლოვსკში, ხარკოვში და მთელ რიგ სხვა ქალაქებში.

1937 წელს ნოემბერში სსრკ სახკომსაბჭომ ამხ. ლუგანეც-ორელსკი დანიშნა სრულუფლებიან წარმომადგენელად ჩინეთში, სადაც იგი 1939 წლის მაისამდე ასრულებდა თავის პასუხსაგებ მისიას.

ამხ. ლუგანეც-ორელსკი ჩამოვიდა შვებულებაში სსრ კავშირში და სამკურნალოდ წყალტუბოს გაემგზავრა. აქ ბრმა შემთხვევამ ჩვენს რიგებს გამოსტაცა ბოლშევიკური პარტიის აქტიური წევრი და თვალსაჩინო საბჭოთა დიპლომატი.

ჩვენ მწუხარებით ვაცილებთ უდროოდ დაღუპულ ამხანაგს, რომელმაც თავისი სიცოცხლის მეტი წილი შესწირა მუშათა კლასს, ჩვენს პარტიას და საბჭოთა სახელმწიფოს.”

ნეკროლოგს ხელ აწერდნენ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახ. კომისარიატის ხელმძღვანელები: პოტიომკინი, ლოზოვსკი, დეკანოზოვი, ბოგომოლოვი და სხვები. ნეკროლოგს მხოლოდ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოლოტოვის ხელმოწერა აკლდა.

ჩინეთიდან კი ჩან კაი-ში და მისი მთავრობა გამოსთქვამდა დიდ მწუხარებას. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ელჩი იმ დროს საკმაოდ მაღალ ჩინოვნიკურ საფეხურზე იდგა და უფლებებით საკავშირო მინისტრის მოადგილეს უთანაბრდებოდა, ბოვკუნ-ლუგანეცის გარდაცვალება საქართველოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებით იმიტომ იყო საყურადღებო და ნამდვილად დასამწუხრებელი, რომ ავტოავარია საქართველოში, ქუთაისის მახლობლად მოხდა და სტუმართმოყვარე “მზიურ რესპუბლიკაში” სამკურნალოდ ჩამოსული ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე აქ დასრულდა.

დაკვირვებული მკითხველი ბევრ შეუსაბამობას აღმოაჩენდა ოფიციალურ ცნობებში: 9 ივლისს “კომუნისტი” იტყობინებოდა ბოვკუნ-ლუგანეცის, ხოლო 14 ივლისს უკვე ლუგანეც-ორელსკის დაღუპვას. რას ნიშნავდა ეს ცვლილება? რა გადაუდებელი მიზნით მიჰქროდა ღამის ორ საათზე ქუთაისისკენ საბჭოთა დიპლომატი? ელჩი ავადმყოფობის გამო, წვეთ ალკოჰოლურ სასმელს არ ეკარებოდა და როგორ გადაიჩეხა მშრალ ამინდში ავტომობილი ხევში? მაინც რატომ კრძალავდნენ თბილისში, ვერის სასაფლაოზე პარასკევ (!) დღეს უკრაინელ კაცს? და რაც ყველაზე მთავარია, რატომ არ აწერდა ნეკროლოგს ხელს მოლოტოვი? – კითხვები კიდევ ბევრი იყო მაგრამ რეპრესიებით დაშინებული მოსახლეობა მეზობელსაც კი ვერ უმხელდა თავის ეჭვებს. მათ რა იცოდნენ, რომ ივანე ბოვკუნი, რომელიც ლუგანეც-ორელსკის გვარით იმყოფებოდა ჩინეთში ელჩად, იმავდროულად საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი იყო, უამრავ სახელმწიფო საიდუმლოებას ფლობდა და ამიტომაც მტერ-მოყვარის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო?

picture2-1709877457.jpg

ივანე ბოვკუნ-ლუგანეც–ორელსკი

“წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო”

გალაქტიონის ეს პატარა შედევრი 1938 წელს შეიქმნა. წყალტუბო-ქუთაისის გზატკეცილზე საბჭოთა დიპლომატის უკანასკნელი საავტომობილო სრბოლა საბედისწეროდ დაემთხვა ამ ლექსის პოეტურ მარშრუტს. ამ საინტერესო დამთხვევის გარდა, დაკვირვებული თვალი ბევრ უზუსტობას აღმოაჩენს ოფიციალურ ცნობებში. საყურადღებო და გასაოცარია ექსპერტიზის ასეთი უსწრაფესი დასკვნა: მათ ერთ დღეში ყველაფერი მოასწრეს – გავიდნენ დილის ორ საათზე მომხდარ შემთხვევაზე, შეისწავლეს ყველა დეტალი და ნიუანსი, შეადგინეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ნახაზები, დაადგინეს ავარიის გამომწვევი ურთულესი ტექნიკური(!) მიზეზები, გაამზადეს ექსპერტიზის დასკვნა და გაზეთის რედაქციასაც გადასცეს. ეს იმ დროისთვის წარმოუდგენელი სისწრაფე იყო. მაგრამ ხომ შესაძლებელია ამგვარი ოპერატიულობა გარდაცვლილის მაღალმა სახელმწიფო პოსტმა განაპირობა? ეს არგუმენტი მისაღები იქნებოდა, რომა არა ერთი “პატარა” ნიუანსი.

“კომუნისტში” 9 ივლისს დაბეჭდილი ამ შეტყობინებიდან ორი დღის შემდეგ, 1939 წლის 11 ივლისს, უკვე საკავშირო გაზეთმა “იზვესტიამ” გამოქვეყნა საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს (ТАСС) ოფიციალური ცნობა ქუთაისთან მომხდარი საავტომობილო ავარიის შესახებ.

ეს ინფორმაცია სიტყვა-სიტყვით იმეორებს “კომუნისტის” 9 ივლისის ტექსტს, მხოლოდ ერთი “უმნიშვნელო” დამატებით: რუსულ ტექსტში ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორიდან სამამდეა გაზრდილი. ელჩს და მის მეუღლეს ,ავტომანქანის მძღოლი, ვინმე ბორის ჩუპრინი დაემატათ.

როგორ მოუვიდათ ქართველ პარტიულ ფუნქციონერებს და მილიციის შეფებს ამგვარი შეცდომა და გამორჩათ მძღოლის გვარი? მით უფრო, რომ იმ პერიოდში გაზეთ “კომუნისტის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბორის ნანიტაშვილი იყო, საქართველოს ცკ-ს პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის მარჯვენა ხელი, თანამოაზრე და მეგობარი. თანაც ბატონი ბორისი, რომელსაც პირადად ვიცნობდი, ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი დიდი გულმოდგინებით და პედანტურობით. იქნებ მძღოლი, ბორის ჩუპრინი, “კომუნისტში” 9 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ დაიღუპა? თუმცა ეს ვერსიაც გამოსარიცხია, რადგანაც ღრმა ხევში გადაჩეხილი, ერთიანად დალეწილი ავტომობილიდან თავიდანვე ვერავინ გადარჩებოდა. ამიტომ ეს “შეცდომა” არც გაზეთის რედკოლეგიის და არც საქართველოს მილიციის თანამშრომლების ბრალი არაა. ეს შეცდომა სხვაგან დაუშვეს. იმიტომ რომ პირველი “ქართული” ნეკროლოგის ტექსტი, ოფიციალური ცნობა, დამკრძალავი კომისიის შემადგენლობის სია და თვით “ავტოკატასტროფის” ვერსია კარგა ხნით ადრე იყო მომზადებული და შეთანხმებული. ვისთან? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ საბჭოთა ელჩის პიროვნებას დავუბრუნდეთ.

ვინ იყო სინამდვილეში ბოვკუნ-ლუგანეცი?

ივანე ბოვკუნის შესახებ ცნობები საქართველოს უშიშროების არქივებში უამრავ მსგავს საქმეებშია გაბნეული. ერთადერთი რაც შემორჩენილია, ესაა 1989-1991 წლებში საკავშირო სუკ-ის საარქივო ფონდებში ისტორიკოსებისა და პუბლიცისტების შერჩევითი დაშვების დროს მოპოვებული მცირედი დოკუმენტები.. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ის ადრე ესერი იყო და მხოლოდ 1920 წელს გადავიდა “ბოლშევიკების” მხარეზე. 1928 წლიდან საბჭოთა “ჩეკას” მემკვიდე, “ოგპეუ”-ში მუშაობდა. 1929-1931 წლებში სწავლობდა სამხედრო აკადემიაში. 1931 წლიდან სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მსახურობდა. 1936 წელს სპეციალური სადაზვერვო დავალებით გააგზავნეს ჩინეთში, მოქმედებდა ვიცე-კონსულის საფარქვეშ. ხოლო 1937 წელს საბჭოთა პოლიტბიუროს (!) გადაწყვეტილებით ჩინეთში ელჩად დაინიშნა. მისი მეუღლეც საელჩოში მუშაობდა - მშიფრავად. ბოვკუნი, რომელიც ჩინეთში ლუგანეც-ორელსკის გვარით იმყოფებოდა, პასუხისმგებელი იყო საბჭოური იარაღის ჩან კაი-შისთვის მიწოდებაზე, რომელიც იაპონიის არმიასთან ომობდა. ცნობილია, რომ სტალინმა ჩინეთს 1937-1939 წლებში დაახლოებით 450 მლნ დოლარის საბრძოლო ტექნიკა და იარაღი მიაწოდა, მათ შორის: 980 თვითმფრინავი; 1300 ქვემეხი; 100-ზე მეტი ტანკი და ა.შ. გარდა ამისა საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს მოეთხოვებოდა ჩინეთის ექსპორტის

picture1-1709877457.jpg

ერთ დროს სტალინის მეგობარი, ჩინეთის მმართველი 1928–1949 წლებში, ჩან კა–ში

მნიშვნელოვანი წყაროს – ნარკოტიკების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფარული რეალიზაციის სატრანზიტო ხაზების გაკონტროლებაც. 1939 წლის მარტში ბოვკუნ-ლუგანეცს სასწრაფოდ მოსკოვში ჩასვლა მოსთხოვეს, თუმცა რამდენიმე თვე არც საბჭოთა დაზვერვის და არც საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობას მიღებაზე ის არ გამოუძახიათ. სწორედ ამ დროს პოლიტიკური მკვლელობების „დიდოსტატი“ კრემლში საბჭოთა ელჩი–რეზიდენტის “უხმაურო” გაქრობის სცენარზე მუშაობდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)