"სიმონიანი და სოლოვიოვი ამბობენ, 2008 წელს თბილისი რომ აგვეღო, ეხლა სომხეთში ასეთი მდგომარეობა არ გევქნებოდაო" - მამუკა არეშიძის მძიმე პროგნოზი
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 4 მარტის ნომერში გამოქვეყნდა
- თუკი რუსეთი ომში დამარცხდება, საერთაშორისო დღის წესრიგი როგორ ჩამოყალიბდება?
- რუსეთის სრულად დამარცხების სცენარი რთული წარმოსადგენია, ამიტომ, ასე ვთქვათ, - თუკი პუტინი ვერ გაიმარჯვებს, ასეთ შემთხვევაში კი დასავლეთი მოინდომებს იმის გაკეთებას, რაც ვერ გააკეთა მე-20 საუკუნის 20-იან და 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი უკიდურესად იყო დასუსტებული და დასავლეთმა არ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც სჭირდებოდა, ეს არის რესურსების დაუფლება. მომავალ მსოფლიოში კი, როდესაც რესურსების დეფიციტი იქნება, რუსეთის რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მხოლოდ ენერგეტიკული რესურსი. ეს არის ხეტყის, მტკნარი წყლის რესურსი და მიწები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და რისთვისაც ჩინეთი ახლა თავს იკლავს. დასავლეთს ეს შეცდომა უკვე ორჯერ მოუვიდა და ახლა აღარ დაუშვებს. ეს მოხდება რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, მაგრამ რუსეთის ვერგამარჯვების შემთხვევაში, მოსკოვი შეეცდება აგრესიული ქმედებები შეზღუდოს, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, ვიდრე არ გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რაც დაუშვა, და მერე თავიდან არ მოემზადება.
- კავკასიის ადგილი სად იქნება?
- კავკასია უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური სივრცეა, სადაც იკვეთება ძალიან სერიოზული მოთამაშეების ინტერესები, რასაც ახლა ჩინეთიც დაემატა. ამიტომ კავკასიისთვის ბრძოლა მუდამ გაგრძელდება. ამას სამხედრო ფორმა ექნება თუ პოლიტიკური, ეს მეორე საკითხია. ისტორიულად სულ ასე იყო. მსხვილი მოთამაშეების ინტერესებს სულ რომ თავი დავანებოთ, საქართველოში არის ადგილი, სადაც გავლენებისთვის ლამის ხმალამოღებული იბრძვის 4 სახელმწიფო. ეს ჭიდილი გაგრძელდება და საქართველოს ხელისუფლებებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ დანის პირზე სიარული მოუწევთ. მას ვერც ნატოს ფორმატი გადაარჩენს და ვერც ევროკავშირში გაწევრება. ბრიუსელშიც და ნატოს შტაბბინაშიც ძალიან კარგად იციან ეს და ამიტომაც არის, ღია კარში რომ ვდგავართ ამდენი წელია. საქმე ის კი არ არის, საქართველო 9 პუნქტს შეასრულებს თუ 12-ს, არამედ ისიც, კონკრეტული მომენტისთვის გეოპოლიტიკური ვითარება როგორი იქნება.სოლოვიოვის ერთ-ერთ ბოლო ეთერში სიმონიანი და კიდევ სხვა სტუმრები არჩევდნენ თემას, თუ რა ხდება სომხეთში. იქ პირდაპირ იყო საუბარი, ჩვენ თბილისი უნდა დაგვეკავებინა და ახლა სომხეთში ასეთი სიტუაცია არ იქნებოდაო. ასეთი მიდგომები რუსეთში არის და იქნება. უბრალოდ, 2008 წელს ამის გაკეთება ვერ გაბედეს, რადგან მაშინ პუტინს ამის რესურსი არ ჰქონდა. ახლა კი, როგორც ჩანს, აქვს. იმას კი არ ამბობენ, რომ აზერბაიჯანს მისცეს საშუალება, დომინანტი გამხდარიყო და აქედან გამომდინარე, თურქეთი. ამის გამო, როგორც ჩანს, კრემლში დიდი ვნებათაღელვაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ყარაბაღის მოვლენების ასე განვითარება იყო მათი მძიმე შეცდომების ბრალი, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ. ფაშინიანის სახალხოდ გინებაში არიან, კულუარებში კი ფიქრობენ, რომ სომხეთზე გავლენას კარგავენ და საქართველოა გავლენის გაზრდის პლაცდარმი. ამიტომ ცდილობენ საქართველოს საკითხში ისეთი პოლიტიკა ჰქონდეთ, რაც, მათი აზრით, ეფექტური იქნება - ეს არის "დაახლოების პოლიტიკა". თუმცა რამდენად ეფექტურია, ძნელი სათქმელია. პირადად მე არ მიმაჩნია ეფექტურად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მწვავეა, რაც მოსკოვს ხელს უშლის, ამის გამოა, რომ იდგმება ზოგიერთი ისეთი ნაბიჯი, რაც ქმნის ილუზიას, არიქა, ხვალ-ზეგ ტერიტორიული მთლიანობა აღდგებაო. რუსეთის ზოგიერთი ნაბიჯი მართლაც აჩენს ასეთ მოლოდინს, მაგრამ რამდენად რეალური იქნება, რთული სათქმელია.
- რა ნაბიჯებს გულისხმობთ?
- აფხაზების უაღრესად შევიწროება მიდის. იგივე ხდება ცხინვალშიც, მაგრამ ოსები, აფხაზებისგან განსხვავებით, ხმას არ ამოიღებენ. ჯერ ერთი, ცხინვალი მოსკოვის მიმართ ბევრად ლოიალურია და მეორე - მთელი ე.წ. სამხრეთი ოსეთი ერთი დიდი სამხედრო ბაზაა, სადაც დასაქმებულია მოსახლეობის თითქმის ნახევარი. აფხაზეთის შევიწროების ფაქტებიდან კი რომელი ერთი ჩამოგითვალოთ - ტრანშების ხელოვნურად დაგვიანება, ენერგეტიკაში შეზღუდვები, საწვავის შეტანის შეზღუდვები, ტერიტორიების წაღებაზე აღარაფერს ვამბობ. აფხაზები ყოველთვის ამბობდნენ, გვირჩევნია რუსულ ზღვაში დავიხრჩოთ, ვიდრე ქართულ ტბაშიო. ეს ლამაზ ფრაზად ეჩვენებოდათ, ვიდრე გათავხედებული იყვნენ, ახლა კი, როდესაც ამ ზღვამ ჩათრევა დაიწყო, ვეღარაფერს აკეთებენ, რადგან ყველაფერი უკვე დათმობილი აქვთ...
- ომის დასრულების სცენარებიდან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის რომელი უფრო ხელსაყრელია?
- რასაკვირველია, რუსეთის მარცხი, მაგრამ თუ რუსეთი არ დამარცხდა, მაგრამ ვერც მოიგო, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი შანსი ჩნდება. თუ დასავლეთმა რუსეთი აიძულა, გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია.
იხილე სრულად:„უკრაინა ასეთ მძიმე მდგომარეობამდე დასავლეთის პოლიტიკურმა თამაშებმა მიიყვანა“