დაწყევლილი ხიდი - "როკის გვირაბი" ზღვაში, რომლის მეშვეობით, გერმანელები საქართველოს დაპყრობას ცდილობდნენ და დღეს პუტინი უკრაინას უტევს - კვირის პალიტრა

დაწყევლილი ხიდი - "როკის გვირაბი" ზღვაში, რომლის მეშვეობით, გერმანელები საქართველოს დაპყრობას ცდილობდნენ და დღეს პუტინი უკრაინას უტევს

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა კვლავ აგრძელებს თითზე დახვეული სკანდალის გაღვივებას - რუსეთის დაზვერვის მიერ ხელში ჩაგდებულ სატელეფონო მოსმენებს, რომელშიც გერმანიის ბუნდესვერის მაღალჩინოსანი ოფიცრები განიხილავენ „ტაურუსის“ ფრთოსანი“ რაკეტებით ყირიმის ხიდის შესაძლო აფეთქების ტექნიკურ ნიუანსებს...

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პირველი ყირიმის ხიდის, იგივე ქერჩის ხიდის აშენების იდეა უშუალოდ სწორედ გერმანელებს უკავშირდებათ, კერძოდ კი მესამე რაიხის დიქტატორს-ჰიტლერს, რომელსაც უკვე დაპყრობილი ყირიმის ნახევარკუნძულიდან ამ ხიდის გამოყენებით ვერმახტის შენაერთებისა და საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლა სურდა ჯერ სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ საქართველოში და შემდეგ ირანისკენ გასაჭრელად...

1-x-1709895594.png
ჰიტლერის დატოვებული კონსტრუქციებით სტალინის მიერ აშენებული პირველი სარკინიგზო ხიდი ქერჩის სრუტეზე, რომელმაც ერთი წელიც ვერ გაძლო...

თუმცა მთლად ობიექტურები რომ ვიყოთ, ყირიმის ხიდის აგების გეგმა, რომელიც ყირიმის ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულებს დააკავშირებდა, ჯერ კიდევ მეფის რუსეთში ჰქონდათ, ,თუმცა მხოლოდ 1930-იან წლებში, სტალინის ბრძანებით დაიწყეს გრანდიოზული სარკინიგზო ხაზის დაპროექტება, რომელიც უკრაინის სამხრეთში, ხერსონიდან დაიწყებოდა, გაივლიდა მთელს ყირიმის ნახევრაკუნძულზე, გადავიდოდა ქერჩის სრუტეზე აშენებულ ხიდზე და შავი ზღვის სანაპიროს გავლით „ჩამოგვაკითხავდა“ ფოთში...

სტალინის მთავრობამ ამ პროექტის განსახორციელებლად და ქერჩის სრუტეზე სარკინიგზო ხიდის ასაშენებლად სამშენებლო კონსტრუქციების შეკვეთაც კი მოასწრო...გერმანიაში, იმ გერმანიაში,რომელიც რამდენიმე წელში თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და კრემლს ქერჩზე ხიდის ასაგებად აღარ ეცალა...

სამაგიეროდ, ამისთვის უკვე თავად ჰიტლერმა მოიცალა, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში შეჭრილ მის საოკუპაციო ძალებს სჭირდებოდათ დიდი მოცულობის საბრძოლო საჭურვლის მიწოდება და ამისთვის უმოკლესი გზა სწორედ ქერჩის სრუტეზე გადიოდა...

თუმცა 4,5 კმ-მდე სიგრძის (ყველაზე ვიწრო ადგილი ქერჩის სრუტეში) ხიდის აშენება იმ დროისთვის ტექნიკურად ძალიან რთულად შესასრულებელი გახლდათ და ამიტომაც გერმანიის საოკუპაციო ძალებმა ქერჩის სრუტის თავზე ჯერ საბაგირო გზა გახსნეს 1943 წლის 14 ივნისს - გერმანიის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის რეიხმინისტრი ალბერტ შპეერი აღნიშნავდა, რომ საბაგირო გზით დღე-ღამის განმავლობაში ათასს ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეიძლებოდა, რაც მეტ-ნაკლებად ჰყოფნიდა ბრძოლებში მყოფ გერმანიის მე-17 არმიასო...

2-x-1709895704.jpg
უკრაინელების მიერ პუტინის ყირიმის ხიდის პირველად აფეთქება...

საბაგირო გზა აღარ აკმაყოფილებდათ ბერლინში და თავად ჰიტლერის დავალებით, 1943 წელსვე დაიწყო მზადება ქერჩის სრუტეზე ხუთკილომეტრიანი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ასაშენებლად, რომლებსაც უნდა უზრუნველყოთ გერმანიის შეიარაღებული ძალების მძიმე სამხედრო ტენიკის, საბრძოლო საჭურვლისა და ცოცხალი ძალის შეუფერხებელი გადასროლა სამხრეთით ანაპა-ნოვოროსიისკი-ტუაფსე-სოჭის მიმართულებით საქართველოში შემოსაჭრელად და გაგრა-სოხუმის გავლით, ჯერ ქუთაისისკენ, შემდეგ კი თბილისისკენ გამოსაჭრელად, რასაც პარალელურად, დაემატებოდა ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს სამხედრო გზით დარტყმებიც, საბოლოო ჯამში, ბაქოს ნავთობის საბადოების ხელში ჩასაგდებად, ხოლო გეგმის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ჰიტლერის მადა იზრდებოდა-უკვე ოკუპირებული სამხრეთ კავკასიიდან ირანში შეჭრა, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე სახმელეთო დერეფნის გასაჭრელად...

მაგრამ მოხდა ისე, რომ ქერჩის სრუტესთან მიზიდული სარკინიგზო ხიდის კონსტრუქციების ბოლომდე აწყობა გერმანელებმა ვეღარ მოასწრეს - 1944 წლის 11 აპრილს საბჭოთა ჯარებმა გერმანიის არმია ქერჩიდან განდევნეს და ეხლა უკვე თავად სტალინს დასჭირდა ქერჩის სრუტეზე ხიდი, რათა დროულად მოემარაგებინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადასული წითელი არმია.

საბჭოთა სამხედროებმა არამარტო აღადგინეს გერმანელების მიერ უკანდახევისას სპეციალურად აფეთქებული საბაგირო გზა, არამედ იმავე გერმანელების მიერ დატოვებული კონსტრუქციებით დაიწყეს ქერჩის სრუტზე პირველი სარკინიგზო ხიდის აგება და პირველი მატარებელი უკვე 1944 წლის 3 ნოემბერსაც გაატარეს, რაც წარმოუდგენლად მოჩანდა-შვიდ თვეში ამხელა ხიდის აგება...

თუმცა, მშენებლობის სიჩქარის დაშვებულმა შეცდომებმა მალევე თავი იჩინა და 1945 წლის 18 თებერვალს ძლიერი ქარის მიერ აზოვის ზღვიდან წამოღებულმა ყინულებმა ამ სარკინიგზო ხიდის 32 ბურჯი დაანგრია-ხიდის სარკინიგზო ლიანდაგები ზღვაში ჩავარდა, რადგან ბურჯებთან ყინულმჭრელი კონსტრუქციების დაყენება ვერ მოასწრეს...

დანგრეული ხიდის აღდგენის მცდელობები იყო, მაგრამ 1950 წელს ამაზე უარი თქვეს და საბორნე გადასასვლელი გააკეთეს.

3-x-1709895744.jpg
ყირიმის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები აქტიურად გამოიყენება უკრაინაში მებრძოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მოსამარაგებლად, რაც ამ ხიდებს უკრაინელი სამხედროების უმთავრეს სამიზნედ ტოვებს...

2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ჯერ ოკუპაციისა და მალევე მისი ანექსიის შემდეგ,პუტინმა სასწრაფოდ დააწყებინა ტამანიდან ქერჩამდე საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების მშენებლობა, რომლებიც შესაბამისად 2018 და 2019 წელს გაიხსნა, რასაც რამდენიმე წელში რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა მოჰყვა უკრაინაზე.

შემთხვევითი არ არის, რომ კრემლი ელოდა ამ ხიდების მშენებლობის დასრულებას, რადგან სწორედ მათი გამოყენებით გადასროლილი დამატებითი ძალებით მოახერხეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში თავისუფლად შეჭრა და თითქმის უბრძოლველად მელიტოპოლისა და ბერდიანსკის დაპყრობა, რომელთა გათავისუფლება უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად რჩება.

შეიძლება ითქვა, რომ ქერჩის სრუტეზე ამ ხიდების აგებით აგრესორმა რუსეთმა ერთგვარი საზღვაო „როკის გვირაბი“ შექმნა - ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიიდან როკის გვირაბის გავლით შემოიჭრნენ რუსული ტანკები საქართველოში, ცხინვალის რეგიონში, ისე ქერჩის ხიდების გავლით რუსული ჯავშანტექნიკა ჩრდილოეთ კავკასიიდან ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულზე გადავიდა, იქიდან კი უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დაპყრობა დაიწყო...

უკრაინის სპეცსამსახურებმა ამ ორწლიანი ომის განმავლობაში ორჯერ მოახერხეს რუსი ოკუპანტების ყირიმის ხიდების აფეთქება - 2022 წლის 8 ოქტომბრის დილას ყირიმის საავტომობილო ხიდზე რამდენიმე ასეული კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ტრეილერი აფეთქდა, სავალი ნაწილი ჩაანგრია და გვერდით გამავალ სარკინიგზო ხიდზე საწვავით სავსე ცისტერნებიც ააფეთქა, ხოლო 2023 წლის 17 ივლისს უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-კატარღებმა შეტევა მიიტანეს საავტომობილი ხიდის ბურჯებზე და ხიდის სავალი ნაწილი კვლავ ჩაანგრიეს.

როგორც ჩანს, ყირიმის ხიდების ისტორია ამით არ დამთავრებულა და უახლოესს მომავალში მათ შესახებ მორიგ ინფორმაციებს კვლავ ვიხილავთ მსოფლიოს ახალი ამბებში...შემთხვევების თემებში...