ბერიაშვილის საავიაციო ქარხანას უკრაინული კამიკაძე-დრონები „შეესიენ“...
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ „ჭურვების შიმშილის“ რთულ პერიოდში, რომელშიც უკრაინის არმია აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე, ერთ-ერთ გამოსავალს წარმოადგენს რაც შეიძლება მეტი კამიკაძე-დრონის გამოყენება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, მათ შორის უშულოდ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტებზეც...
ამ მხრივ 8-9 აგვისტოს ღამე ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა, როდესაც რუსეთის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავის კონსტრუქციის და შესაბამისად კვადროკოპტერებზე ბევრად შორს მფრენი ორმოცდაათამდე კამიკაძე-დრონი შეიჭრა...
როგორც აღმოჩნდა ამ უკრაინელი დრონების უმეტესობამ საჰაერო შეტევები მიიტანა რუსეთის ქალაქ ტაგანროგის იმ რაიონზე, სადაც „ბერიევის სახელობის ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსია“ განთავსებული.
ბერიევი ჩვენი თანამემამულე, საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი გიორგი ბერიაშვილი გახლდათ, რომელიც საბჭოთა ჰიდროავიაციის „მამად“ ითვლება და ამ ქარხანაში დღესაც აწყობენ Бе-200 ტიპის ამფიბია-თვითმფრინავებს, თუმცა უკრაინული კამიკაძე-დრონების სამიზნე სულ სხვა რამ იყო...
კერძოდ კი ის რუსული „ავაქსები“-А-50 ტიპის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავები, რომლებზეც კიევმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა-ერთი ასეთი რუსული „ავაქსი“ ბელარუსში დააზიანა, ხოლო ორი კი აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდო.
ამ რუსულ „ავაქსებს“ კი სწორედ ტაგანროგის ბერიევის სახელობის საავიაციო ქარხანაში აწყობენ და ამიტომაც არ არის გასაკვირი მასთან ამდენი უკრაინული კამიკაძე-დრონის მასიური „სტუმრობა“.
არსებული ინფორმაციების თანახმად, მოდერნიზებულ А-50У ტიპის ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავს მძლავრი რადიოელექტრონული და ოპტიკური დაზვერვის საბორტე აპარატურის გამოყენებით შეუძლია 800 კმ-ზე ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის სტარტის დაფიქსირება სარაკეტო ძრავის ფაკელის მიხედვით; ჰაერში მფრენ ბომბდამშენს 650 კმ-მდე, გამანადგურებელს - 300 კმ-მდე, ხოლო ფრთოსან რაკეტას კი - 215 კმ-მდე სიშორეზე აღმოაჩენს. რუსულ "ავაქსს" მიწაზეც შეუძლია მოძრავი სამიზნეების დაფიქსირება - მობილურ სარაკეტო დანადგარს 300 კმ-ზე "ხედავს", ხოლო ტანკების კოლონას - 250 კმ-ზე.
გასაგებია, რომ ასეთი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების მქონე რუსულმა "მფრინავმა რადარებმა" სისხლი გაუშრო უკრაინის გენშტაბს, რადგან ბელარუსის საჰაერო სივრცეში მფრენ ამ თვითმფრინავს მთელი დასავლეთ უკრაინის დაზვერვა შეუძლია, ხოლო რუსეთის ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებიდან კი - მთელი აღმოსავლეთ უკრაინის, ამასთან, ანექსირებული ყირიმის თავზე მფრენი ასეთივე რუსული მზვერავი უკრაინის სამხრეთ ნაწილშიც ღრმად "იჭყიტება"...
ორი „ავაქსის“ დაკარგვის შემდეგ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს და ცდილობს უკრაინის ფრონტის ხაზსს 300 კმ-ზე ახლოს აღარ მიუახლოვოს А-50У-ები, რაც ამ რუსულ თვითმფრინავებს მნიშვნელოვნად უზღუდავს შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის შესაძლებლობებს უშულოდ უკრაინის საჰაერო სივრცის სიღრმეში.
ტაგანროგის აეროდრომის და ჰიდროდრომის(ადგილი საიდანაც ბერიევის ჰიდროთვითმფრინავები აზოვის ზღვაში ჩადიან და სანაპიროზე ამოდიან) მოედნებზე ისედაც დგას სარემონტოდ გამზადებული რამდენიმე უზარმაზარი А-50У და შორეული მოქმედების ნავსაწინააღმდეგო Ту-142, რომლებსაც ანგარებში ვერ დამალავენ-სავარუდოდ სწორედ ეს თვითმფრინავები გახლდნენ უკრაინული კამიკაძე-დრონების სამიზნეები,თუმცა რა კონკრეტული შედეგით დამთავრდა ეს მასიური თავდასხმა ბერიაშვილის სახელობის ამ რუსულ საავიაციო ქარხანაზე, ეტყობა რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, როდესაც დასავლური კერძო კომპანიები თავიანთი თანამგზავრებიდან გადაღებულ ტაგანროგის ფოტოებს გაავრცელებენ...