"ყველაზე დიდი პრობლემა - სკოლაში მოსული გამოუძინებელი, გაჯეტებთან ღამენათევი მოსწავლეა" - დღევანდელი პედაგოგების გამოწვევები და ჟურნალისტის გზა სამოქალაქო განათლების მასწავლებლობამდე - კვირის პალიტრა

"ყველაზე დიდი პრობლემა - სკოლაში მოსული გამოუძინებელი, გაჯეტებთან ღამენათევი მოსწავლეა" - დღევანდელი პედაგოგების გამოწვევები და ჟურნალისტის გზა სამოქალაქო განათლების მასწავლებლობამდე

რუსუდან კილასონია 7 წელია, რაც „პალიტრა მედიის“ ჟურნალისტია და პროფესიული საქმიანობის პარალელურად, კერძო სკოლაში სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელია. საინტერესოა, რამ გადააწყვეტინა პედაგოგობა, რამდენად გაუჭირდა ახალი საქმიანობა და როგორი გამოწვევები აქვს, როგორც პედაგოგს.

428598436-7095263713892775-6160135447056560320-n-1710088941.jpg

- ბავშვობის ოცნება იყო, გავმხდარიყავი ჟურნალისტი და პროფესიის არჩევის დროს არც მიფიქრია, აზრი შემეცველა. ჩემს გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდნენ, თვლიდნენ, რომ გამიჭირდებოდა სამსახურის მოძებნა, თვითრეალიზება და დავრჩებოდი იმედგაცრუებული. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ჩემს მიზანს მივაღწიე და სრულიად უცხო გარემოში, პროტეჟეების, რეკომენდატორებისა და ნაცნობების გარეშე დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა. ჰოლდინგში სტაჟირების პროგრამით მოვხდი და გასაუბრებაზე ამიყვანა ქალაბატონმა ნატა მუმლაძემ, მის მიერ ჩემ მიმართ გამოხატული ნდობით დავიწყე საკუთარი პროფესიის მეტად შეყვარებაც და იმის გააზრება, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა. ძალიან კარგ რედაქტორებთან მოვხვდი და მათთან ურთიერთობით დღემდე ბევრს ვსწავლობ.

ჩემი საქმიანობის პარალელურად, ვცდილობდი დრო გამომენახა ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად, რაღაც ახალსაც შევჭიდებოდი, პანდემიის პირობებში ინტერვიუებზე ვეღარ დავდიოდი, სახლიდან მიწევდა მუშაობა, გაუსაძლისი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი და კიდევ უფრო გამიმყარდა აზრი, რომ დრო იყო, ახალი შესაძლებლობები მეპოვა საკუთარ თავში. სწორედ იმ პერიოდში გამიჩნდა სამოქალაქო განათლების საგნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და დავიწყე გარკვევა, შემეძლო თუ არა ჩამებარებინა გამოცდა. დავრეგისტრირდი, სიმართლე გითხრათ, ვერც ერთი საათი ვერ გამოვნახე სამეცადინოდ და მოსამზადებლად, უფრო მეტიც, გამოცდის წინა ღამეს უსიმოვნო ამბავი შევიტყვე და არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა გამოცდაზე გასვლას. საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდა იმით, რომ გამოცდა წარმატებით ჩავაბარე.

მიუხედავად ამისა, არ მიფიქრია, სკოლაში დამეწყო მუშაობა, თან მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამაც უნდა გამევლო და ამდენი რამის ერთდროულად გაკეთებას არ ვგეგმავდი. მოხდა ისე, რომ ზემოაღნიშნულ პროგრამაზე 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე და ერთი წლის თავზე უფროსი მასწავლებლის სტატუსიც მივიღე, ამ დროს უკვე ვმუშაობდი სკოლაში და პრაქტიკული გამოცდილებაც მიგროვდებოდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორ მიჭერდა მხარს ჩემი სკოლა და დირექტორი, ბატონი ავთანდილ კიკნაძე, მასწავლებლობის რთულ და გამოწვევებით სავსე გზაზე.

407859378-6802282956524187-6147014903038744922-n-1710088984.jpg

- როგორი მოლოდინები გქონდა და რა დაგხვდა? რა არის ძირითადი გამოწვევები დღეს პედაგოგისთვის?

- ბოლო რამდენიმე წელია მოლოდინების გარეშე ცხოვრება ვისწავლე, წინასწარ არანაირი მოლოდინები არ მაქვს, მგონია, რომ რასაც გასცემ, გაიღებ, გააკეთებ, შედეგიც მეტნაკლებად შესაბამისი იქნება. ზედმეტი მოლოდინების გარეშე ცხოვრება ნიშნავს ნაკლებ გულისწყვეტას. გააზრებული მქონდა, რომ დიდ პასუხისმგებლობას შევეჭიდე და თუ არ გამომივიდოდა, თავს დავანებებდი მასწავლებლობას, თუ ამ ყველაფრისთვის არ აღმოვჩნდებოდი მზად, უნდა წამოვსულიყავი სკოლიდან. როცა რამეს ვერ ართმევ თავს, აღიარება სირცხვილი არაა... ერთ შანსს ყველა იმსახურებს, თავიდან ყველაფერი უნაკლოდ და უბადლოდ ალბათ ერთეულებს გამოსდით... სანამ მოსწავლეებს გავიცნობდი. მშობლებს გავესაუბრე, ვუთხარი მათ, რომ ნებისმიერ დროს მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის, შენიშვნის, რჩევების მისაღებად, მინდოდა მცოდნოდა, რას ისურვებდნენ ჩემგან, როგორც მასწავლებლისგან. ჩემთვის სკოლაში მუშაობის პერიოდში მშობლებთან და ბავშვებთან თანამშრომლობა ყველაზე პრიორიტეტულია...ვთვლი, რომ მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის თანამშრომლობის გარეშე, სასურველი შედეგი ძნელად მიიღწევა, სამივემ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ვალდებულებები, მოვალეობები და უფლებები ერთმანეთისა და სკოლის წინაშე. გააგრძელეთ კითხვა