ჯაშუშების საქმე#
ცხინვალში დაუსწრებლად გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს სამ ადგილობრივ ოსს "საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა" და ტერაქტების მომზადების ბრალდებით. იანიკ ქარქუსოვს, როგორც სამეულის მეთაურს, 22 წლით პატიმრობა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, დანარჩენ ორს, ალან ქარქუსოვსა და გიორგი გოგიჩაევს -19-19 წლით. ე.წ. პროკურატურის განცხადებით, სამივეზე წლებია "საერთაშორისო ძებნაა" გამოცხადებული, საქმე კი 18 წლის წინ, 2006 წელს თბილისის შეკვეთით და "ფულადი ჯილდოს მიღების სანაცვლოდ" ჩადენილ მძიმე დანაშაულებს ეხება.სამი მსჯავრდადებულიდან განსაკუთრებულ ინტერესს იანიკ ქარქუსოვი იწვევს. როგორც ოსური მედია წერს, იანიკმა 2016 წელს ვლადიკავკაზში ორი მევალე ავტომატით ჩაცხრილა და 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ამიტომაც გაურკვეველია, "პროკურატურას" მისი ძებნა რაში დასჭირდა, როცა ლამის ხელის გაწვდენაზე ჰყავთ ციხეში, მეორე და საინტერესო ამბავი კი იანიკის და მისი ორი უფროსი ძმის თბილისთან კავშირს შეეხება. იანიკ ქარქუსოვი 2007-2008 წლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში დიმიტრი სანაკოევის მრჩევლად მუშაობდა. ამავე ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა მისი ორი ძმაც - ჯემალ ქარქუსოვი შს მინისტრი იყო, ურუზმაგ ქარქუსოვი კი დროებითი ადმინისტრაციის მთავრობის მეთაური. ძმები ქარქუსოვები ცხინვალში "მოღალატეებად" მიიჩნევიან...
ქართული სპეცოპერაცია
ძმები ქარქუსოვების "ქართველებთან თანამშრომლობის ისტორია" 2005 წლიდან იწყება. 2005 წლის მარტში ცხინვალის რეჟიმმა იანიკ და ჯემალ ქარქუსოვები კონტრაბანდის, იარაღით ვაჭრობის, სამხედრო და სახელმწიფო დანაშაულის ბრალდებებით დააკავა. მაშინ ჯემალ ქარქუსოვი გამყოფ ხაზთან სამხედრო პოსტს ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი იყო ჯემალ ქარქუსოვის შეუთანხმებლობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერ ედუარდ კოკოითთან, ხოლო ოსური გამოძიების ბრალდებით, ორივე ძმამ უმეთვალყურეოდ დატოვა სამხედრო პოსტი, რის გამოც ქართული ქვედანაყოფების შეუფერხებლად წინსვლის საფრთხე შეუქმნა "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" ზურგს. იმავე წლის ნოემბერში ძმები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაიქცნენ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. მაშინ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ქარქუსოვებს ცხინვალის ციხიდან გაქცევაში საქართველოს სპეცსამსახურები დაეხმარნენ და "ეს იყო ძალიან რთული ოპერაცია, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე მზადდებოდა".
მოგვიანებით ორ ძმას რუსეთიდან ურუზმაგიც შემოუერთდა და სამივე 2006 წელს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობაში დაასაქმეს. 2007 წელს ამ უწყებას სახელი გადაერქვა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია დაერქვა.
იანიკ ქარქუსოვი 2009 წლის 5 იანვრამდე მუშაობდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის მრჩევლად; მისი ძმა, ჯემალი, 2008 წლის ბოლომდე იყო სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის შს მინისტრი, ხოლო მესამე ძმა, ურუზმაგი, რამდენიმე თვე ალტერნატიული მთავრობის მეთაური იყო, შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, სადაც 2010 წლამდე მუშაობდა.
ურუზმაგ ქარქუსოვი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობიდან ნიკა გილაურმა 2010 წელს გაათავისუფლა ქართული ენის არცოდნის მიზეზით, ქარქუსოვმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივით გაათავისფლეს. 2010 წელს მან პრორუსული პოლიტიკური მოძრაობა შექმნა და სააკაშვილის ხელისუფლება 2008 წელს რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ურუზმაგისგან განსხვავებით, იანიკ და ჯემალ ქარქუსოვები თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ რუსეთში გაიქცნენ. 2009 წელს რუსეთს თავშეფარებულმა ძმებმა სააკაშვილის გაკრიტიკება დაიწყეს, საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ყოველთვის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. 2012 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, რუსეთში გაქცეული ძმები პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში მოხვდნენ. პოლიტდევნილად გამოცხადებულმა იანიკმა 2016 წელს ვლადიკავკაზში ავტომატური იარაღით ორი ძმა მოკლა. ოსური მედიის ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთ-ერთმა 2015 წელს იანიკ ქარქუსოვს 200 ათასი რუბლი ასესხა. მსესხებელს ვალი ერთ თვეში უნდა დაებრუნებინა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. იანიკმა ძმები დაიბარა, დაჰპირდა, ვალს დაგიბრუნებთო და... ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. იანიკ ქარქუსოვი მალევე დააკავეს. მას 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ახლა კი დე ფაქტო ცხინვალის ახალმა ბრალდებამაც უწია.
ცხინვალის სასამართლოს მტკიცებით, "რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ" ეს დანაშაულები 2006 წლის აპრილში წინასწარი შეთქმულებით ჩაიდინეს. "მსჯავრდადებულები მოქმედებდნენ საქართველოს სპეცსამსახურების მითითებით ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით". თუკი იანიკს ვლადიკავკაზიდან ცხინვალში გადაიყვანენ, მას 22 წლით ციხეში ყოფნა მოუწევს.
გადმობირებული ოსები
2006 წელს რა სპეცოპერაციის მომზადებაში ედება ბრალი იანიკ ქარქუსოვს, ცხინვალის სასამართლოს არ გაუსაჯაროებია. ამ თემაზე არც თბილისში საუბრობენ.
როგორც იმდროინდელი შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი ამბობს, სამივე ძმა რომ თბილისში იყო, ცნობილია, მაგრამ იმის იქით რა ჩაიდინეს, ვერ იტყვის: "ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით 2004-დან 2006 წლამდე სროლები ყოველ ზაფხულს იყო. დიდი შეტაკებები იყო 2004 წლის ივლის-აგვისტოში, როდესაც ქართველი მებრძოლები დაიღუპნენ. 2005 წელს ააფეთქეს გორის პოლიციის შენობა, შიდა ქართლის სიახლოვეს ტერაქტების მთელი ჯაჭვი, გორის ელექტროგადამცემ ხაზებსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დივერსიების მთელი წყება იყო. 2006 წელს ცხინვალში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დავიჭირეთ ამ ტერაქტების დამგეგმავები და შემსრულებლები, მათ შორის ოსებიც და რუსი პოლკოვნიკი ბოიკო. მას მოჰყვა რუსეთის დაზვერვის სამი თანამშრომლის დაჭერა და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა. ოსების მხარეს რა მსხვერპლი იყო, არ მახსოვს", - ამბობს უტიაშვილი.
მისი თქმით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ძმები ქარქუსოვებიდან ყველაზე გავლენიანი ჯემალი იყო და თავიდანვე მშვიდობის პოლიტიკას იცავდა.
"2009 წელს იანიკი და ჯემალი რუსეთში წავიდნენ და ჯემალ ქარქუსოვმა თქვა, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი ვიყავიო. აბა, რას იტყოდა, ოპორტუნისტი ვარ და საითაც კარგია, იქით წავალო?! სანაკოევი, ქარქუსოვები, პარასტაევი - ყველა მშვიდობის პოლიტიკას იცავდა. დიმიტრი სანაკოევი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი იყო, ჯემალ ქარქუსოვი და ალან პარასტაევი კი დე ფაქტო შს მინისტრები, იყო ასევე ვლადიმერ სანაკოევი, "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელი. ისინი დაპირისპირებული იყვნენ ედუარდ კოკოითთან, რომლის მთავარი ამოცანა სამშვიდობო პროცესის ჩაშლა იყო. ეს ხალხი, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მუშაობდა, რომ მშვიდობა დამყარებულიყო და მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ თავიდანვე ჰქონდათ სიმპათიები ქართული მხარის მიმართ. ომი რომ წავაგეთ, ხელი ჩაიქნიეს ინტეგრაციის იდეაზე, მიხვდნენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. იფიქრეს, ქართველების მხარეს ყოფნას სჯობს, ისევ რუსეთში ვიპოვოთ თავშესაფარიო. იქ ჯემალ ქარქუსოვმა და ვლადიმერ სანაკოევმა თქვეს, რომ ეფ-ეს-ბეს ჩანერგილები იყვნენ. აბა, სხვას რას იტყოდნენ?!" - დასძენს უტიაშვილი.
ვინ არიან ძმები ქარქუსოვები
"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ცხინვალში ეს გამოძიება წლებია მიმდინარეობს, თუმცა, როდესაც იანიკ ქარქუსოვს ასამართლებენ საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის, იბადება კითხვა, მისი ძმა ჯემალ ქარქუსოვიც ხომ თანამშრომლობდა თბილისთან და მას რატომ არ ერჩიან.
- ცხინვალში ეს გამოძიება წლებია მიმდინარეობს. ნათესავები ცდილობდნენ საბოლოო განაჩენი არ დამდგარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გაჯიუტდა ცხინვალის ხელისუფლება. გოგიჩაევი და ალან ქარქუსოვი ვინ არიან, არ ვიცი. ამ სამიდან ცნობილი იანიკ ქარქუსოვია, ყაჩაღი, კოკოითის უფროს ძმასთან, სერდონთან ძმაკაცობდა. ქუჩის ბიჭები იყვნენ. მისი უფროსი ძმები არიან ჯემალ და ურუზმაგ ქარქუსოვები. ჯემალი ცხინვალში მაღალ თანამდებობაზე იყო, მაგრამ რომ ვთქვათ, რაღაც ამინდს ქმნიდაო, ასე არ იყო. 2004 წელს იარაღის თემაზე დაიჭირეს, ყურით მოთრეული ბრალდებით. ჯემალ ქარქუსოვს აქეთ, ჩვენს მხარეს, კონტაქტები ჰქონდა. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ დიდი ფული გადაუხადეს თბილისიდან. მერე იანიკმა და ჯემალმა ცხინვალის ციხიდან მოახერხეს გაქცევა და სამივე ძმა თბილისში გადმოვიდა. ჯემალი დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში მინისტრი იყო. იანიკიც იქვე მუშაობდა. ურუზმაგი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ის ახლაც თბილისშია, რაღაც ბიზნესი აქვს. პოლიტიკური მოძრაობაც ჰქონდა ჩამოყალიბებული. იანიკმა და ჯემალმა 2008 წლის ომის შემდეგ დაანებეს თავი ყველაფერს და რუსეთში წავიდნენ.
- ჯემალ ქარქუსოვმა რუსეთის გაქცევის შემდეგ თქვა, რუსეთის ჯაშუშად ვიყავი შემოგზავნილი თბილისშიო. რამდენად შესაძლებელია სერიოზული ინფორმაცია გაეტანა?
- ის არასერიოზული ადამიანია. ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყო ჩანერგილი რუსეთიდან, და ვერც იმის, როგორც ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება ამტკიცებს, ქართველების აგენტი იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაშიო. მედროვე კაცია. განსაკუთრებული კვალი არ დაუტოვებია არც ცხინვალში და არც თბილისში.
- ითქვა, რომ 2006 წელს ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან.
- ის, რომ ქარქუსოვებს ბრალად ედებათ მაშინ ჩატარებულ სპეცოპერაციებში მონაწილეობა, ფაქტია. თუმცა, რომელზე წაუყენეს ბრალდება იანიკ ქარქუსოვს, ამის თქმა არ შემიძლია. თუ გახსოვთ, ქართულმა პოლიციამ 2004 წელს ერგნეთის ბაზრობა დახურა და ამის გამო რეგიონში სიტუაცია დაიძაბა. ოსებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. ივლის-აგვისტოში შეტაკებებიც იყო, 16 ქართველი მებრძოლი დაიღუპა არასწორად დაგეგმილი ოპერაციის გამო. ოსებმა ერთი კაცი დაკარგეს. მაშინ გამყოფ ხაზთან მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება. შემდეგ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სამაგიერო გადაეხადა. მაგალითად, ააფეთქეს სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბეს უფროსი, ახალციხელი ოსი და ა.შ. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ოპერაციები იანიკისა და ჯემალის დაგეგმილი იყოო...
- თუკი ჯემალ ქარქუსოვზეც ეჭვობდნენ, თან უფრო გავლენიანიც იყო, ვიდრე იანიკი, მას რატომ არ წაუყენეს ბრალდება?
- დამტკიცება უნდა ყველაფერს, როგორც ჩანს, იანიკის კვალი ჩანდა, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი და არაკონტროლირებადი იყო. სიმართლე რომ ითქვას, რუსეთში ჯემალის დაკავებას რა უნდა? ან თუკი იანიკი იყო საქართველოს სპეცსამსახურების აგენტი, ჯემალი რატომ არ არის?! ერთს ბრალი წაუყენეს, მეორე გარეთაა. იგივე შეიძლება ითქვას ვოვა სანაკოევზეც - ის ძალიან ცნობილი ფიგურაა, იდეოლოგიური ფრონტის "მებრძოლი" და "კოკოითი ფანდარასტის" აქციის სულისჩამდგმელი თბილისში, და ისიც თავს მშვენივრად გრძნობს. დიდხანს ვერ ჩადიოდა ვლადიკავკაზში, ახლა კი იქ ცხოვრობს. საქართველოში მთავარი პროპაგანდისტი იყო და არავინ დევნის.
- 18 წელი გავიდა და ახლა რატომ დასჭირდათ იანიკის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის გასამართლება?
- ეს ხომ ცხინვალია, იქ არანაირი სამართალი და კანონი არ არსებობს, თანაც, უამრავი ხალხი იყო ჩარეული, იბრძოდნენ, რომ ეს გამოძიება არ შემდგარიყო...
- ამ ძმების შესახებ რას ამბობენ?
- ჯემალი არ უყვართ, ამბობენ, რომ მოღალატეა, იანიკი კი ბანდიტი. ურუზმაგს არც ახსენებენ. ის ცხინვალში არც იყო ხშირად, უფრო რუსეთში აქტიურობდა.
- ოფიციალურმა თბილისმა ცხინვალიდან ბევრის გადმობირება შეძლო?
- ძალიან ბევრის, სანაკოევის მთავრობა 70%-ით ოკუპირებული ოსეთიდან გადმოსული ოსებით იყო დაკომპლექტებული. გმირთა მემორიალზე შეგიძლიათ ნახოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა შორის ბევრი ოსური გვარია. 2008 წლის ომის დროს ჩვენს მხარეზე მებრძოლი ქართულგვარიანი ოსებიც დაიღუპნენ. 2008 წლის ომის დროს ოსებს ჩაუვარდათ ჩვენს მხარეს მებრძოლი ოსი მეომარი და რას უზამდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ... აფხაზეთში ასეთი რამ არ ხდებოდა. ერთადერთი აფხაზი, ვინც ჩვენს მხარეს იბრძოდა, თბილისელი ექიმის, სოკრატ არშბას შვილიშვილი იყო და მასაც ქართული გვარი ჰქონდა. აფხაზები ჩვენს მხარეს არ იყვნენ, ოსები - რამდენიც გინდა.
ეკატერინე ბასილაია