"მარტოხელა მგელი" - კვირის პალიტრა

"მარტოხელა მგელი"

19 წლის შოთა ქირია გმირულად დაეცა საქართველოს ტერიტორიული მთლია­ნობისათვის ბრძოლაში. დღემდე ლეგენდად დადის მისი გმირობისა და მეგობრობის ამბები.

"ბეტეერი", წარწერით "მარტოხელა მგელი", რომელსაც 19 წლის ქართველი ბიჭი მართავდა, 6-კაციანი შემადგენლობით ცხინვალიდან პირდაპირ სოხუმში ჩავიდა, თანამემამულეების დასახმარებლად. ახალგაზრ­დებს სამი დღის განმავლობაში გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან დაჭრილები და გარდაცვლილები. მესამე დღეს "ბეტეერი" ნაღმზე აფეთქდა... 19 წლის შოთა ქირია, ოთხ თანამებრძოლთან ერთად, გმირულად დაეცა საქართველოს ტერიტორიული მთლია­ნობისათვის ბრძოლაში. მეექვსე გადარჩა, თუმცა ორივე ფეხი დაკარგა. ეს ამბავი 1992 წლის 1-ლ სექტემბერს, სოფელ ეშერასთან მოხდა, რუსთავში კი დღემდე ლეგენდად დადის შოთა ქირიას გმირობის, მეგობრობისა და სულ სხვანაირი სიყვარულის ამბები. 18 წლის იყო, როდესაც რუსული იმპერიისგან გათავისუფლებულ საქართველოში ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება დაიწყო. ისიც უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ჯერ ქალაქ ფოთში იმსახურა, შემდეგ ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში, ბოლოს გორში გადაიყვანეს და პირველი საბრძოლო ნათლობაც იქვე ახლოს, ცხინვალის რეგიონში მიიღო. 19 წლის ქართველი გმირის შესახებ მისი ძმისშვილი, თეო ქირია გვიამბობს:

- ბიძაჩემი, შოთიკო ქირია, ომში გიტა­რით წასულა. უთქვამს, თანამებრძოლები უნდა გავამხნევოო. ძალიან კარგად უკრავდა, მღეროდა, ცეკვავდა. მაღალი და ძალიან ლამაზი ბიჭი ყოფილა. ომი რომ დაიწყო, ყველა ეხვეწებოდა გვარდიიდან წამოსულიყო. დედამისისთვის ანუ ჩემი ბებოსთვის­ უთქვამს, მე და ჩემი ძმა ხომ კაცები ვართ, აბა, მითხარი, ჩვენ თუ არა, ქვეყანას ვინ დაიცავს, შენც ხომ იმისთვის გაგვაჩინე, რომ სამშობლოსთვის გვემსახურა, ამდენი ხანი ამას არ გვასწავლიდიო? მართლაც, ბებო უზომოდ პატრიოტი იყო, შვილებსაც სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგა­, გაუჭირდა შვილის ომში გაშვება. მამაჩემსაც­ უნდოდა წასვლა, მაგრამ მე და ჩემი ძმა პატა­რები ვიყავით და ვეღარ დაგვტოვა. მამაც ახალი დაღუპული ჰყავდა და ოჯახს ის პატრონობდა. შოთიკოსთვის ეზოშიც უთქვამთ, ნუ წახვალო, მას კი ასეთი რამ უთქვამს, იქ ჩემი ძმები არიან, ვერ დავაღალატებ, წესით, თქვენც მათ გვერდით უნდა იყოთ, აქ ნარდს კი არ უნდა თამაშობდეთო. ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბიძაჩემი ომში რომ წავიდა, ბებოც უკან გაჰყვა. ცხინვალიდან ძალით წამოიყვანეს. მამასაც არ უთმენდა გული, ხშირად აკითხავდა ცხინვალში.

- ცხინვალიდან სოხუმში "ბეტეერით" ჩასვლის ამბავზე უფრო მეტი რა იცით?

- "ბეტეერი" შოთიკომ და მისმა თანამებრძოლებმა ცხინვალში ოსებს წაართვეს. ცოტა დაზიანებული ყოფილა, მაგრამ ბიძაჩემს შეუკეთებია და თეთრი საღებავით ზედ "მარტოხელა მგელი" დაუწერია. ცხინვალის კონფლიქტი რომ დასრულდა, ბიჭების ერთი ნაწილი თბილისში წამოსულა, მეორეს კი სოხუმისკენ აუღია გეზი. სამი დღის განმავლობაში დანაღმულ ველზე შედიოდა ქართველების ორი "ბეტეერი"­ დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად. ერთხელაც ძალიან სარისკო მონაკვეთის გავლა გამხდარა საჭირო. თურმე წინ სხვა "ბეტეერი" მიდიოდა, რომელსაც გორელი დედისერთა ბიჭი, მუხრან აბრამიძე მართავდა. ბიძაჩემს გაუჩერებია და უთქვამს, დედაჩემს კიდევ ჰყავს შვილები და შვილიშვილები, დედაშენს კი შენ გარდა არავინ აბადია, მოდი, მე გამიშვი წინო. ის, რა თქმა უნდა, არ დათანხმებულა, მაგრამ შოთიკოს მაინც გადაუსწრია... სწორედ იმ ბიჭის თვალწინ აფეთქდა ბიძაჩემის "ბეტეერი". მუხრანი რუსთავში ჩამოსულა, მაგრამ ოჯახში ვერ ამოსულა, შოთას დედას თვალებში ვერ ჩავხედავ, მისი შვილი ჩემ მაგივრად მოკვდა, არ უნდა გამეშვა, მაგრამ გადამასწროო. ბიძაჩემის საფლავზე ქვითინით დამხობილა, ძლივს აუყენებიათ. ბებო დღემდე მკერდით ატარებს ბიძაჩემის სისხლიან მაისურს, მის ჩაფხუტს, ნიღაბს, ჯავშანჟილეტს, წყლის ჭავლის იარაღს დღემდე სათუთად ინახავს.

- როგორც ვიცი, ვიდრე საქართველოში ომი იყო, ის ქეიფს თავს არიდებდა.

- ერთი ასეთი ამბავი მახსოვს, ბიძაჩემი რამდენიმედღიანი შვებულებით ყოფილა ჩამოსული. უკან რომ ბრუნდებოდა, სადარბაზოდან გამოსვლისას დაუნახავს, რომ ეზოში ბიჭებს სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ქეიფობდნენ. გულთბილად დამშვიდობებია, მათ უთხოვიათ, ერთი ჭიქა დაგვილიეო, შოთიკოს კი უთქვამს, მაგის დროც მოვაო. ამ ამბავს ხშირად იხსენებდნენ მეზობლები, ამბობდნენ, თავაზიანად მიგვანიშნა, ახლა ქეიფის დრო არ არისო. საოცარი ადამიანი ყოფილა. ისეთ ამბებს ჰყვებიან, რომ ცრემლის გარეშე ვერასდროს ვისმენ. დღემდე წინ მხვდება მისი დატოვებული სიკეთე. სადაც არ უნდა წავიდე, თითქოს ყველგან მისი სახელი მმფარველობს. რუსთავში სადაც არ უნდა მივიდე, სკოლა იქნება, სპორტული დარბაზი, მერია თუ სხვა დაწესებულება და ვიტყვი, რომ ქირია ვარ, მაშინვე შემეკითხებიან, შოთა ქირია შენი რა იყოო? რომ გაიგებენ, მისი ძმისშვილი ვარ, იწყებენ მოყოლას, თუ როგორი განსაკუთრებული და კარგი ადამიანი იყო. ამ 19 წლის ბიჭს იმდენი სიკეთე დაუთესავს, ზოგს ამისთვის ასი წელიც არ ეყოფოდა. როგორც მიყვებიან, მე და ჩემი ძმა ძალიან ვყვარებივართ. სამი მამიდა მყავდა, თურმე­ სამივეს ჩვენს სახელს აფიცებდა. ისინი სიცილით ეუბნებოდნენ, ჩვენ რა, შვილები არა გვყავს, თემო და თეა რატომ უნდა დავიფიცოთო. მარტო ჩვენი ოჯახის დანაკარგი კი არ იყო, მთელმა უბანმა, ქალაქმა, ქვეყანამ დაკარგა.ვერავინ გაბედა, ბებიაჩემისთვის თქმა, რომ შვილი აღარ ჰყავდა, მამამაც არაფერი­ იცოდა, ისე მოასვენეს ეზოში. დღემდე ცხადად მახსოვს, მე და ჩემი ძმა ბაღიდან მოვყავდით მამას. მაღალი, სრული, ძლიერი კაცი იყო, ორივე ხელში ვყავდით აყვანილი. ეზოს რომ მოვუახლოვდით, კივილის ხმა გაისმა, მამა ჯერ შეცბა, გაირინდა, მერე იყვირა, უფრო სწორად, დაიღრიალა, ვაიმე, შოთა ბიჭოო, და მე და ჩემს ძმას უნებურად ხელი გაგვიშვა, დაბლა დაგვყარა და გაიქცა. ბებო მიწას ახლიდა თავს, წარმოუდგენელი ტრაგედია იყო... მამაჩემი მუხლებზე დამხობილი ტიროდა, ჩემი პატარა ბიჭი მეგონე, როგორი ვაჟკაცი მყოლიხარო. შოთიკო ქირიას გასვენებაში მთელი ბატალიონი ჩამოვიდა, თანამებრძოლებმა ხელით მიიყვანეს სამუდამო განსასვენებლამდე. მერე ორმოცამდე სულ მოდიოდნენ და მის საფლავზე ავტომატს ისროდნენ.

kiria2445-1710098910.jpg

- როგორც ვიცი, შეყვარებული ჰყავდა.

- კი, ჰყავდა, მაკა ჰქვია. სხვათა შორის, მაკა მართლა დიდხანს არ თხოვდებოდა. ამბობდა, რომ შოთას შემდეგ ვეღარავის შეიყვარებდა. ყოველი წლის 22 ივნისს ადიოდა ბიძაჩემის საფლავზე და დაბადების­ დღეს ულოცავდა. ჩვენთანაც მოდიოდა, ბებოს მოიკითხავდა ხოლმე, პატარა ძღვენს­ მოართმევდა, შოთიკოს გაიხსენ­ებდნენ, იტირებდნენ და წავიდოდა. ერთხანს აღარ გამოჩნდა, ჩვენც აღარ შევაწუხეთ. ბიძაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა, როდესაც დაუბარებია, მაკას გადაეცით, მე თუ ვერ დავბრუნდები, ეცადოს თავისი წილი ბედნიერება ნახოსო. ერთხელ ომის დაწყებამდე გორში ყოფნის დროს გვარდიიდან გამოპარულა და მცხეთაში ჩასულა მაკას სანახავად. იმ დღეს ვერ უნახავს და უკან დაბრუნებულა, მაგრამ მაინც ჩაუსვამთ ჰაუპტვახტში. მისი მეგობრები იხსენებდნენ, სანამ იქ იჯდა, სულ მღეროდა, არ გაჩერებულაო... სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მაკა გათხოვილა. ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მის ქორწილში თამადას ბიძაჩემის შესანდობარი უთქვამს და მაკას ისევ უტირია. მარტო სამშობლოს პატრიოტი კი არა, რაინდიც იყო. ერთხელ მის მეგობარს ქუჩაში თავს დასხმიან, იარაღი მკერდზე ჰქონია უკვე მიდებული, შოთიკო მივარდნილა,­ თავდამსხმელისთვის ხელი უკრავს და გადაჰფარებია. გაგიჟებულა ის ბიჭი, ბიძაჩემისთვის უთქვამს, შენმა ვაჟკაცობამ შეუნარჩუნა სიცოცხლე შენს მეგობარსო და წასულა. აფხაზეთშიც ყოფილა მსგავსი მომენტი, შორიდან დაუნახავს, რომ აფხაზები გოგოს აუპატიურებდნენ. შოთიკო მაშინვე გაქცეულა იმ საბრალოს დასახმარებლად. შექმნილა საფრთხე, რომ ბიძაჩემი იქვე ჩაეცხრილათ და თანამებრძოლებიც გაჰყოლიან უკან. საბოლოოდ შოთიკომ და მისმა თანამებრძოლებმა გოგონა გადაარჩინეს, მოძალადეები კი დახოცეს. ასეთი რაინდი და მებრძოლი ბიძა მყავდა, ვამაყობ, რომ ჩემს ძარღვებში მისი სისხლი ჩქეფს. ხან ცრემლებით, ხან განუზომელი სიამაყით, მაგრამ მუდამ თბილად ვუყვები ჩემს შვილებს მისი გმირობისა და ვაჟკაცობის ამბებს. სახლის სადარბაზოს, სადაც ის ცხოვრებდა, ახლა მისი სახელობის მემორიალური დაფა ამშვენებს.

ხათუნა ბახტურიძე