რა უნდა ვიცოდეთ ინპლანტაციის გაკეთებამდე - კვირის პალიტრა

რა უნდა ვიცოდეთ ინპლანტაციის გაკეთებამდე

ორთოდონტ-სტომატოლოგ ზურაბ ლაფაურს კბილების იმპლანტაციაზე ვესაუბრეთ. ეს სამედიცინო მომსახურება, რომელიც ყველას აინტერესებს, დღეს ადვილად ხელმისაწვდომი და პოპულარულია. თუმცა სწორედ მომსახურების ასეთი­ პოპულარობა გვიბიძგებს, ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: განსხვავდება თუ არა ერთმანეთისაგან ხარისხის მიხედვით სხვადასხვა­ ქვეყნისა და სხვადასხვა ფასის იმპლანტები? რა იქნება შედეგი, მით უფრო, რომ პროცედურა არც ისე იაფია. ცნობისთვის: თითო იმპლანტი, ანუ კბილის ფესვის ფასი 600-დან 800 ლარამდე მერყეობს, ხოლო კბილი­ - 300-დან 500 ლარამდე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვითვალოთ სრული­ პირის ღრუს იმპლანტაციის ფასი (სადაც მინიმუმ 8 იმპლანტი და 20 კბილია საჭირო),­ რაც ძალიან ძვირი ჯდება.

- პრაქტიკულად ყოველი მეორე პაციენტი მზად არის, ჩაიტაროს მკურნალობა, შემდეგ კი იმპლანტაცია, იმის მიუხედავად, ძვირად ღირებულად მიაჩნია თუ არა, რადგან კბილები ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იმპლანტაცია არის კვეთა, ოპერაციული ჩარევა, რისთვისაც აუცილებელია წინასწარი კვლევა, მათ შორის სავალდებულოა სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, სისხლის შედედების შესახებ ინფორმაცია, ინსულინის და D ვიტამინის დონის ცოდნა. ეს ფაქტორები გვატყობინებს, რამდენად ეფექტურად წარიმართება­ შეხორცება და საზოგადოდ, როგორი იქნება იმპლანტების ფუნქციონირების ვადა. უნდა ვიცოდეთ კალციუმის შემადგენლობაც­ ძვალში. ყოველივე ეს გავლენას ახდენს შეხორცების პროცესზე. როდესაც იმპლანტი ძვალში ჯდება, რაღაც პერიოდის შემდეგ ძვალი იწყებს რეორგანიზაციას - ანუ აღმოჩნდება, რომ იმპლანტი მოეშვა, ისე მყარად­ აღარ არის ჩასმული, როგორც თავიდან გაკეთდა. ეს საშიში არ არის, ვაფრთხილებთ კიდეც პაციენტებს ამ მომენტზე და კვებისას ნაკლებ დატვირთვას ვურჩევთ. მომდევნი პერიოდში ძვალი აუცილებლად გამყარდება. ეს პროცესი დაახლოებით ორიდან ოთხ თვემდე გრძელდება, თუ რაიმე გართულებები არ არის. თუ რაიმე დარღვევაა ორგანიზმში, თვით ჰორმონულიც კი, საჭიროა მისი ნორმაში ჩადგომა, რათა ძვალი ეფექტურად შეხორცდეს. ამიტომ არის საჭირო მკურნალობა.

- ბრძანეთ, რომ ყოველი მეორე მოქალაქე მიმართავს იმპლანტაციას. ესე იგი, პროცესი ყველასთან პროგრესულად მიდის.

- ასეა, თუ ყველა წესი დაცულია. დენტალური იმპლანტაციის შედეგიანობის ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს ორგანიზმის­ სხვა იმპლანტებთან შედარებით. თუმცა უნდა გაგრძელდეს პაციენტის ჯანმრთელობის კონტროლი. თუ ისე მიუშვებთ ჯანმრთელობას, რომ ორგანიზმში ძვალწარმოქმნა შეფერხდეს, იმპლანტები ყბაში მოეშვება.

- დაახლოებით როგორია იმპლანტის მოხმარების საშუალო ვადა?

- ადამიანი არის ორგანიზმი, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელობის ისეთ პირობებში შეინარჩუნოს სასიცოცხლო მონაცემები, რომ მედიცინასაც უკვირდეს. ასე რომ, ვერც იმპლანტის მოხმარების ზუსტ ვადებს განვსაზღვრავთ. თუ კვლევის ყველა ეტაპი შესრულდა, ჰიგიენაც სათანადოდ იქნა დაცული, მყავს პაციენტები, რომელთაც­ იმპლანტები 15 წელია­ აქვთ. ესეც არ არის ზღვარი, სხვას­ ჰყავს პაციენტები, რომელთა იმპლანტი უფრო დიდხანს "მუშაობს".

- იმპლანტი სხვადასხვაგვარია, სწორედ ამის ეშინიათ­ პაციენტებს. ეს ხარისხის სხვაობას ნიშნავს?

- არა, არ ნიშნავს. იმპლანტები შეიძლება განსხვავდებოდეს ნივთიერებათა შემადგენლობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უხარისხოა ან საშიშია ყბისთვის. არც ერთი იმპლანტი არ არის სხვაზე ნაკლები. ვთქვათ, გერმანიის ან კორეის იმპლანტები ხარისხით არ ჩამორჩება ისრაელისას ან პირიქით. არც ერთი მწარმოებელი არ დაუშვებს, რომ მისმა დაბალხარისხიანმა ნაწარმმა მომხმარებელი დააზარალოს. როდესაც ექიმები ვამბობთ, რომ იმპლანტი სხვადასხვაგვარია, მარკეტინგულ მნიშვნელობას კი არა, იმას ვგულისხმობთ, რომ ყბის ძვალი სხვადასხვაგვარი და სხვადასხვა დაერთებისაა, ამიტომ საჭიროა სხვადასხვაგვარი იმპლანტი. მაგალითად, არსებობს მყარი ძვლისთვის, შედარებით ფაშარი ძვლისთვის, არსებობს იმ ადგილებისთვის, სადაც ძვლის დეფიციტია. რომელია საჭირო, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

- ქართველი ექიმების ჩატარებული იმპლა­ნტაციის შეცდომად იმას მიიჩნევენ, რომ ქირურგი ორთოდონტის გარეშე აკეთებს იმპლანტაციას, რაც შეიძლება ცუდად დამთავრდეს.

- ეს დაუშვებელია! პროცესში უნდა მონაწილეობდნენ არა მარტო სტომატოლოგი და ორთოდონტი, არამედ საჭიროა ექიმების კომპლექსური მომსახურება, ენდოკრინოლოგით დაწყებული, თერაპევტით დამთავრებული.

- ვიცი, რომ ბევრი იკეთებს იმპლანტაციას, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ ექიმებთან.

- დიახ, იმ ექიმებთან, რომლებსაც ენდობიან. ამ პროცედურის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნდობაა,M მეორე მომენტი კი - ფასი. როდესაც უცხოელები ჩვენი სტომატოლოგიური მომსახურების ფასს თავისას ადარებენ, ესეც მთავარი ფაქტორია. თუმცა უცხოელები სამკურნალოდ მხოლოდ ჩვენს სტომატოლოგებთან როდი ჩამოდიან, არამედ მედიცინის სხვა დარგის სპეციალისტებთანაც, რაც ქართული მედიცინის გამარჯვებაა.