„არასრულფასოვანი ძილი ჯანმრთელობას ანგრევს“ - კვირის პალიტრა

„არასრულფასოვანი ძილი ჯანმრთელობას ანგრევს“

რატომ ხარჯავს ადამიანი ძილზე სიცოცხლის მესამედს? ხომ შეიძლებოდა მუდამ მღვიძარი ვყოფილიყავით, მაშინ ხომ უფრო ბევრ რამეს მოვასწრებდით? ძილის მეცნიერულმა კვლევამ ჩამოაყალიბა ძილის მედიცინა, რომელიც ჯერ ახალგაზრდა დარგია, თუმცა სწორედ ის ეხმარება ადამიანს უძილობასთან ბრძოლაში, რაც ბევრისთვის ქრონიკულ ჯოჯოხეთად იქცა. ამ თემაზე ვესაუბრებით ძილისა­ და ელექტროენცელოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ექიმ ალექსანდრე ჭიკაძეს.

- ბატონო ალექსანდრე, ზოგიერთი კვლევით თანამედროვე ადამიანი, საშუალოდ, ძილს 6 საათზე ნაკლებ დროს ანდომებს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანი გადაეწყო მოკლე ძილის რეჟიმზე ან უძილობაზე, რათა სიცოცხლის დრო უკეთ გამოიყენოს?

- ძილი სიცოცხლის მართლაც მნიშვნელოვან დროს მოითხოვს, რასაც, სხვათა შორის, ბევრი ცნობილი ადამიანი დროის ტყუილად კარგვას უწოდებდა. მაგალითად, დიდი გამომგონებელი თომას ედისონი ამბობდა, ძილი დროის დანაშაულებრივი კარგვაა და მემკვიდრეობით გამოქვაბულში ცხოვრების პერიოდიდან გადმოგვყვაო. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო ფრაზებიც. მაგალითად, ცნობილი ფანტასტი მწერალი ჯიმ ბატჩერი ამტკიცებს, ძილი ღმერთია და პატივი ეცითო. ასეა თუ ისე, ძილი ღმერთი არ არის, მაგრამ მასზე სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობაც ნამდვილად არის დამოკიდებული. უამრავი კვლევა არსებობს იმის შესახებ, რომ რაც უფრო ნაკლებად და არასრულფასოვანი ძილით სძინავს ადამიანს, უფრო ნაკლებს ცოცხლობს; რომ უძილობა იწვევს უამრავ დაავადებას. ამის დასადასტურებლად სულაც არ არის აუცილებელი კვლევები. შეგვიძლია დავაკვირდეთ ჩვენს თავს და გვერდით მყოფებსაც, რომელთაც ძილის ქრონიკული დარღვევისას უჩნდებათ გაღიზიანება, კონცენტრაციის დაკარგვა, ჭარბი წონა, ტკივილი და ა.შ. მეცნიერთა უმეტესობა ერთხმად ამტკიცებს, თუ რამდენად ხანგრძლივად ვიცოცხლებთ, სწორედ ძილზეა დამოკიდებული. ადამიანის არსებობის დღიდან ჩამოყალიბდა ძილის ციკლი, შინაგანი, "ბიოლოგიური" საათი, რომელიც კავშირშია მზისა და მთვარის ციკლთან. აი, ამის გამო არ გამოვა ადამიანის "მოკლე ძილზე" გადართვა, უძილობის შემდეგ სრულფასოვანი ცხოვრება­ ან ხარისხიანი საქმის კეთება. შეუძლებელია ასე ქრონიკულად გაგრძელდეს და ჯანსაღი დავრჩეთ. ჩვენს ძილს არეგულირებს ჩვენი ბიოლოგიური საათი, რომელიც გვკარნახობს, როდის უნდა დავიძინოთ და გავიღვიძოთ. ის გამოყოფს ისეთ ნივთიერებას, რომ მზის ჩასვლის დროიდან დავწვეთ დასაძინებლად, მზის ამოსვლიდან კი ავდგეთ. დაძინების პირველი სიგნალი დაახლოებით 10-დან 11 საათამდე მოდის ჩვენამდე.

- ანუ 10-დან 11 საათამდე ვგრძნობთ, რომ ჩვენი ძილის დროა?

- დიახ. გააჩნია, დედამიწის რომელ სარტყელში ვართ და მზე რა დროს ამოდის­ ან ჩადის. რა თქმა უნდა, ამ დროს ოდნავ ცვლის ადამიანის გენეტიკური თავისებურებანი, მაგრამ თუ ამ სიგნალს გამუდმებით უარვყოფთ და მას ქცევად ვაქცევთ, მაშინ ჩნდება ძილის დარღვევები. ძილის დარღვევებს არა მარტო უძილობა­ ეკუთვნის, არამედ არასრულფასოვანი ძილი, ხვრინვა...

- როგორ ძილს მიიჩნევენ სრულფასოვან ძილად?

- როცა ორგანიზმი ძილის ოთხივე ფაზას სრულფასოვნად გადის და ხანგრძლივად სძინავს. შევეცდები, ეს ფაზები მოკლედ დავახასიათო: პირველ და მეორე ფაზაში ღვიძილიდან ჩაძინებაში გადავდივართ. ამ ეტაპზე ჩვენი გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე მცირდება, სხეულის ტემპერატურა კი იკლებს. მესამე ფაზის დადგომისას იწყება ტვინში ნელი ტალღებისა და ისეთი ჰორმონების წარმოქმნა, რაც ჩვენი ძვლებისა და კუნთების რეგენერაციას, აღდგენას ემსახურება. ამის შემდეგ დგება ძილის მეოთხე ფაზა, როდესაც ჩვენი სხეული იწყებს ისეთი ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ატონიას, ჩონჩხისა და კუნთების მოდუნებას ანუ პარალიზებას იწვევს. სამაგიეროდ, თავის ტვინი მუშაობს ისეთივე დატვირთვით, როგორც მღვიძარობისას. თვალებიც "მუშაობენ", ისინი გუგების ქვეშ სწრაფად ტრიალებენ.

- როგორც ღვიძილში, როდესაც რაღაცას ვათვალიერებთ.

- დიახ, დაახლოებით. სწორედ ეს არის ის ფაზა, როდესაც სიზმარი გვესიზმრება. ეს ძალიან საინტერესო ფაზაა, რომელიც განხილვის სხვა სფეროს ეკუთვნის. სწორედ ამ ფაზამ შეიძინა ქართული მეცნიერებისათვის ისეთი დატვირთვა, რომელიც მტკივნეულ, თუმცა საამაყო ისტორიად დარჩება. ეს ფაზა მსოფლიოში პირველად 1858 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ცუცქირიძემ აღმოაჩინა. მაშინ ქართველმა მეცნიერმა მას "უცნაური ძილი" უწოდა. თუმცა ეს ამბავი საბჭოთა კავშირის გარდა არავის გაუგია და ვერც გაიგებდნენ ჩაკეტილი რეჟიმის გამო. სამაგიეროდ, წლების შემდეგ ერთ-ერთმა ევროპელმა მეცნიერმაც იგივე აღმოაჩინა, რაშიც ნობელის პრემია მიიღო.

- დასანანია.

- ძალიან. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველმა მეცნიერებმა ლევან ცუცქირიძის აღმოჩენის შესახებ ინფო­რმაცია გაავრცელეს, თუმცა ეს მხოლოდ ცნობად იქნა მიღებული.

- ბრძანეთ, რომ უძილობაში არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ ადამიანს საერთოდ არ სძინავს. ძილის კიდევ რა დარღვევებია და რამდენად გაიზარდა მედიცინისადმი უძილობის გამო მომართვიანობა?

- მკვეთრად გაიზარდა. უძილობა ძალიან მძიმე მოვლენაა, ადამიანს ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად ქანცავს, ცხოვრების წესს აცლის. წყვეტილი ძილიც, სუნთქვის შეჩერება ძილში, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, რაც ადამიანს ხშირად აღვიძებს,­ ძილის დარღვევებს მიეკუთვნება, არასრულფასოვანი ძილია, რომელიც ჯანმრთელობას ანგრევს.

- ჩვენ ვსაუბრობთ არასრულფასოვანი ძილისგან ძალის გამოცლაზე, მაგრამ არაერთისაგან გამიგონია, მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ 15 წუთით ჩამეძინა და ეს მეყოო.

- ეს მხოლოდ დროებითი კომპენსაციაა. ენერგია მალევე იწურება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ - თუ არ არის სრულფასოვანი ძილი, არ არის სრულფასოვანი ღვიძილი და სრულფასოვანი შრომა. ღამის უძილობის სრული კომპენსირება დღის ძილით გამორიცხულია, იმიტომ, ჩვენი ბიოლოგიური საათი ასე არ მუშაობს. ის დღისა და ღამის რიტმებს ერთმანეთთან არ ანაცვლებს. როგორ ჩანაცვლდება, როდესაც ჩვენს სხეულში მზის ამოსვლისას სრულიად სხვა ნივთიერებები გამომუშავდება, მზის ჩასვლისას კი სრულიად სხვა: მზის ჩასვლისას მელოტონინის გამომუშავების პიკი დგება, მზის ამოსვლისას კი კორტიზოლის.

- იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არათუ ერთი ღამის, არამედ ღამეების­ განმავლობაში არ სძინავს, ამის გაძლება შეუძლია?

- გამორიცხულია, მთელი ღამეების განმავლობაში არ ეძინოს. ადამიანის ტვინი­ ისეა მოწყობილი, რომ ის უფლებას არ მისცემს სრული უძილობა 3 დღეზე დიდ­ხანს გააგრძელოს. უბრალოდ, ასეთი ჩივილის შემთხვევაში ადამიანს წყვეტილად სძინავს, მაგრამ იმდენად გადაქანცულია არასრულფასოვანი ძილით, რომ ძილის ნაწყვეტებს ვერ აღიქვამს.

- რას ნიშნავს ძილში სუნთქვის შეჩერება­ ან როდის ხდება? ეს ხომ რისკია, ადამიანი­ დაიღუპოს?

- მექანიზმი ასეთია: ალბათ, ბევრს გვინახავს, როგორ "მიჩუმდება" წამიერად ადამიანი ხვრინვის დროს და მერე ისევ აგრძელებს ხვრინვას. სწორედ ეს არის სუნთქვის წამიერი შეჩერება, რომელიც დაახლოებით 8 წამი გრძელდება. თუ ასეთი შეჩერება მეტ დროს გაგრძელდება, რისი შემთხვევებიც იშვიათია, მაგრამ მაინც არის, შესაძლოა ადამიანი დაიღუპოს.

- ეს ყველაფერი რაზეა დამოკიდებული?

- ჟანგბადის მიწოდებაზე. ჟანგბადი­ სწორედ სუნთქვისას მოგვეწოდება და როცა სუნთქვა წამიერად ჩერდება, ამ დროს ჟანგბადის მიწოდებაც წყდება. სწორედ ეს მომენტია სიცოცხლის რისკთან­ დაკავშირებული. აბა, ნახეთ, როდესაც დაუშვებელია ღვიძილისას სატურაცია იყოს 89-ზე დაბლა, ხვრინვის დროს სატურაცია 25 სიხშირეზეც კი ჩამოდის.

- ცნობილია, რომ ხვრინვის განკურნებაც შესაძლებელია.

- ხვრინვის მიზეზების გამოკვლევა სულ ერთი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს. მასთან ერთად ატარებენ პარალელურ გამოკვლევებს გულ-სიხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემაზე. თუკი სხვა დარღვევებია, პაციენტი პარალელურად მკურნალობს. თუ მხოლოდ ხვრინვაა, მკურნალობა მხოლოდ ამ მომენტზე მიმდინარეობს.

- რა საშუალებებით მკურნალობენ და საბოლოო განკურნება თუ ხდება?

- ხვრინვის განკურნება ნამდვილად შეიძლება და მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ამ ეტაპისთვის საუკეთესოდ ითვლება სპეციალური ნიღაბი ძილის დროს. ეს არის მოწყობილობა, რომელიც არ აწუხებს ადამიანს. თუმცა იმას ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ხვრინვის განკურნება ერთ-ორ დღეში შეიძლება.

- არიან ადამიანები, რომელთაც ხვრინვა იმდენად აწუხებთ, რომ მკურნალობისთვის დროს არ დაიშურებენ.

- ეს სიმართლეა, რადგან ხვრინვა ზოგჯერ ოჯახებსაც ანგრევს. ძალიან ძნელია ყურისწამღებად მხვრინავი ადამიანის გვერდით ძილი. გარდა ამისა, ხვრინვა თავად ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს.

- ცხადია, გამოკვლევების გარეშე ძილის ქრონიკული დარღვევების სრულფასოვანი მკურნალობა წამოუდგენელია. თუმცა არის მომენტები, როდესაც ადამიანი იმის გამო იტანჯება, რომ ვერ ჩაეძინა და თავზე ათენდება. ამ დროს რა გვიშველის?

- სრულფასოვანი ძილისთვის ძილის­ ჰიგიენაა აუცილებელი. უპირველესად, დროულად დაძინება და საძინებელი ოთახის სიმშვიდე. სავარძელში და კომპიუტერთან ჩაძინებულ ადამიანს სრულფასოვანი ძილი ვერ ექნება. როდესაც უძილობა ქრონიკულობასა და ცხოვრების წესიდან ამოვარდნაში გადადის, ამ შემთხვევაში ექიმი ნამდვილად არის საჭირო. თუმცაღა ერთეული შემთხვევების დროს იმოქმედეთ, ასე ვთქვათ, უძილობისგან თავის დაღწევის "ანაბანით": როდესაც ნახავთ, რომ დაწოლიდან 20 წუთის განმავლობაში ვერ დაიძინეთ, აუცილებლად ადექით, გამოდით საძინებლიდან და ცუდი ემოციების მოსაშორებლად სხვა რაიმე საქმე მოძებნეთ, რა თქმა უნდა, შედარებით მშვიდი. როდესაც ძილის სიგნალი კვლავ დაბრუნდება, შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ.