"წმინდა კვირიკეს დღესასწაული რომ გათენდა,12 საათზე თქვა: "მე დღეს გარდავიცვლები!"
"თავზე მარტო 15 მაქვს, მთელ ტანზე 60-ზე მეტი მექნება... ძალიან მძიმეა, უფალო, ეს ჩემი ჯვარი, ძალიან მძიმე... ბეჭები სულ ჩამომწყვიტა, ისეთი მძიმეა. გევედრები მომეხმარე ჩემი ჯვრის ზიდვაში, როგორც შენ მოგეხმარა ის კეთილი ადამიანი, შენი ჯვარი რომ აიღო, როცა გოლგოთისკენ მიჰყავდი...", - ეს სიტყვები 17 წლის ასაკში ბერად აღკვეცილ ანდრიას ეკუთვნის, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, უდიდეს სულიერ სიმაღლეს მიაღწია და სასულიერო ცხოვრების დაწყებიდან 4 თვეში გარდაიცვალა. მას სპეციფიკური ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, რომელსაც ძალიან მძიმე ტკივილი სდევს თან.
"დავბადებულვარ სვანეთში 1994 წლის, 23 თებერვალს. იმ დროს ომი ახალი დამთავრებული იყო. ეს იყო ერის ერთმანეთის დაშორების, განცალკევებისა და საქართველოს ერთიანობის განადგურების ომი. ამ ომში იბრძოდა ჩემი ბიძა, პოლკოვნიკი ნუგზარ მილორავა. ამაყი, ახოვანი და თავდადებული იყო. 23 სექტემბრის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. მე კი ბიძის სახელი დამარქვეს მის პატივსაცემად" (ჩანაწერი ბერი ანდრიას დღიურიდან).
თინათინ ჩხვიმიანი, დედა: - ამდენი ომის, უბედურების, უღელტეხილზე გადმოსვლისა და ყველაფრის შემდეგ, შვილი რომ შემეძინა, ძალიან მიხაროდა. ჯერ კიდევ ბაღში რომ დადიოდა, იქიდანვე უცნაური კითხვები ჰქონდა. ხშირად რაღაცებს ხედავდა ხოლმე და შეშინებული გამოიღვიძებდა.
მარინა გიორგობიანი, მასწავლებელი:
- როცა გაკვეთილზე მოდიოდა, ხშირად წმინდანებზე მესაუბრებოდა. ყველაზე მეტად სიკვდილის საიდუმლოება აინტერესებდა. ყოველთვის მიკვირდა, 11 წლის ბავშვის დაინტერესება ასეთი თემებით. მაშინ მივხვდი, რომ სხვანაირი იყო. მეორე წელს ძალიან გახარებული იყო, სვანეთი ჰქონდა მოვლილი და ისე მიყვებოდა შთაბეჭდილებებზე, მეგონა, მეც მასთან ერთად ვიყავი სვანეთში. უცნაური და განსაკუთრებული იყო მასთან ყოველი წუთის გატარება.
დეკანოზი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი:
- თინათინმა ბერი ანდრია ჩვენს ტაძარში მოიყვანა, როცა მე-4 კლასში იყო. ბავშვი გამოირჩეოდა სიმშვიდით, მსახურებაზე არ გაინძრეოდა და როცა ამბიონზე საქადაგებლად გამოვდიოდი, ჩანდა, რომ ისრუტავდა ყველაფერს. ყმაწვილი იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან დაღვინებული...
"უფალო, გევედრები, ნუ მოდიხარ ტკივილით. მოდი სიმშვიდით და ნუგეშით. გევედრები, უფალო. შენ ხომ სიტკბოება და სიყვარული ხარ. მოდი, ჩემთან უფალო" (ჩანაწერი ბერი ანდრიას დღიურიდან).
დედა: - ყველა ექიმი ერთხმად მეუბნებოდა, ძალიან ჯანმრთელიაო. არაფერი სჭირს, თავი გაანებეთო. ამ დროს ბავშვს თურმე უიშვიათესი ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა მეოთხე სტადიაში გადასული და ამას ვერავინ ამჩნევდა.
ვლადიმერ კეჭეხმაძე, მეგობარი:
- როცა მასთან საავადმყოფოში ვრჩებოდი, შემსწრე ვარ, ტკივილის როგორი შეტევები ჰქონდა. მე ყურებაც კი არ შემეძლო, ის კი უფალს ადიდებდა. ისეთი გულწრფელი სიტყვებით მადლობდა უფალს, რომ ეს მომენტები ჩემი ცხოვრებიდან არასოდეს წაიშლება. ვიცოდი, ძალიან უნდოდა ენახა პატრიარქი. მივედი არქიდიაკონ მამა დემეტრესთან და ვთხოვე, თუკი მოხერხდებოდა, მამა ანდრია (მაშინ ჯერ კიდევ ნუგზარი) მიგვეყვანა პატრიარქთან და დაელოცა. დამპირდა და მართლაც მივედით მე და მამა ანდრია სამების საკურთხეველში, სადაც ვუცდიდით მის უწმინდესობას. დრო გავიდა და მამა ანდრიამ მითხრა, ვლადიმერ, წავიდეთ. თუკი უწმინდესთან ვეღარ მივალთ, ახლოდან ხომ მაინც ვნახე, ამითაც დიდი მადლი და სიხარული მივიღეო. უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და თავი დახარა. რატომ გააკეთე ასე-მეთქი? უწმინდესი გვიყურებს ამწუთასო და ისეთი უხერხულობა იგრძნო, რომ ვერ წარმოიდგენთ. ამასობაში უწმინდესმა დაგვიძახა. მამა ანდრიამ დაიჩოქა. ბევრჯერ მინახავს, რომ მიუყვანიათ პატრიარქთან სნეული, დაულოცია და წასულან. მამა ანდრიას შემთხვევა კი უჩვეულო იმით იყო, როცა დაგვლოცა უწმინდესმა და უნდა წამოვსულიყავით, თითქმის გამოსულები მოგვაბრუნა. ითხოვა მოეძებნათ ხატი, რომელიც უნდა ეჩუქებინა მამა ანდრიასთვის. მართლაც მოუტანეს ღვთისმშობლის ხატი "ოდიგიტრია", ანუ გზის მაჩვენებელი. ესეც სიმბოლურია, ალბათ, იმიტომ, რომ ეს აპრილში მოხდა, ზუსტად ერთი წლისთავზე კი მამა ანდრია ბერად აღკვეცეს ისევ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით.
დედა: - ეპისკოპოსი იაკობი პატრიარქთან შევიდა და მან მისცა კურთხევა მამა ანდრიას ბერად აღკვეცის. მოვიდა მამა შალვა. მას მეორე ბერი ახლდა. მგალობლებიც იყვნენ. კვართის ჩაცმა ძალიან გაუჭირდა, დიდხანს ვაცმევდით. დაიწყო ლოცვები, თან ნელ-ნელა მოსავდნენ, თმა შეაჭრეს. აღთქმები დადო... საოცარი წუთები იყო... და ასე აკურთხეს ბერად.
მამუკა ხუთლასშვილი, ექიმი: - სიმსივნე მთელ ორგანიზმში იყო გავრცელებული... უამრავი კვანძი ჰქონდა, სხეულზე აღარ იყო ადგილი. მათი შეხებაც კი მტკივნეული იყო. წარმოიდგინეთ, რა ტანჯვას იტანდა, როდესაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ლოგინშიც კი პოზას ვერ იცვლიდა.
ვლადიმერ კეჭეხმაძე: - ერთხელ სანახავად მივედი, შედარებით კარგ ხასიათზე იყო. სიცილით მითხრა, დღეს ერთი ბერი იყო. მე ხომ სულ ვთხოვ უფალს გამომაჯანმრთელოს, ის კი მეუბნება, როცა წარდგები ღვთის წინაშე, ჩემზეც სთხოვე, რომ შემიწყალოს უფალმაო. ამას ისეთი სიმშვიდითა და ღიმილიანი სახით ამბობდა, მეგონა ვიღაც სხვაზე მელაპარაკებოდა. ცოტა ხნის მერე, როცა ძალიან დამძიმდა და თვითონაც ხვდებოდა, რომ ღმერთთან მალე წარდგებოდა, იგივე სიტყვები მეც გავუმეორე. სერიოზული სახით მითხრა, ვიცი, მალე წარვდგები უფლის წინაშე და შენც მოგიხსენიებო.
"ჩემი სიყრმის ყველაზე ნათელი მოგონება იყო კვირიკობა სვანეთში... თითქმის საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან და უფლის სიყვარულით სავსე გულით ინანიებ ცოდვებს. ევედრებიან ყოვლისშემძლებ ღმერთს თავიანთ და სამშობლოს კეთილდღეობას. მე და ჩემი ოჯახი წმინდა კვირიკეს ეკლესიაში მივდიოდით. ბილიკს მაღლა და მაღლა ავყავდით და დანისლულ ტყეში შევყავდით. ახლაც თვალწინ მიდგას ის წუთები, როცა ჯვართან ვიდექი. როდესაც სანთლები ციალებდნენ და იღვენთებოდნენ. ახლაც მახსოვს ის დამატყვევებელი სურნელი, რომელიც ჰაერში იფრქვეოდა. ჩემი მოგონება, ალბათ, ღვთის ნება იყო, რადგანაც ის წუთები, წმიდათაწმიდა გახდა (ჩანაწერი ბერი ანდრიას დღიურიდან).
დედა: - წმინდა კვირიკეს დღესასწაული რომ გათენდა, 12 საათზე თქვა: "მე დღეს გარდავიცვლები!" არასოდეს უთქვამს, მე დღეს გარდავიცვლებიო. ყოველთვის სხვა სიტყვებით სთხოვდა უფალს, გამიყვანე, წამიყვანე, ჩამიხუტე... შემდეგ საშინელი ბრძოლები დაეწყო, მაგრამ არ ეშინოდა. ყოველ წუთს ვეკითხებოდი: "დედა, გეშინია?" გამიღიმებდა და მეტყოდა: "არა, დე, არა, დე..." ხელში ეჭირა სკვნილი და თავისი აღკვეცის ჯვარი, რომელიც სამი დღე არ გაუშვია ხელიდან. ოთახში მიმოვიხედე, და გავიფიქრე, აქ ახლა ანგელოზები არიან და ეხმარებიან მამა ანდრიას, ოღონდ მე ვერ ვხედავ-მეთქი. ამას რომ ვფიქრობ და ვლოცულობ, გაიღო კარი და შემოვიდნენ მამა შალვა და 7 მღვდელმონაზონი. მამა ანდრია ხმამაღლა ლოცულობდა, ყვიროდა: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე ცოდვილი ბერი ანდრია!" მამა შალვამ უთხრა, უკვე უფლის გზას ადგახარ. ეს შენი ბოლო ბრძოლაა და შენ იცი, როგორ მაგრად დადგები. უფალთან მიდიხარ და არაფრის უნდა შეგეშინდეს და ღვთის წინაშე რომ წარდგები, მე ხომ მომიხსენიებო. ისე გაიღიმა, გაგვიკვირდა ყველას. მოგიხსენიებ, მამა შალვა, აბა, რას ვიზამო. ვხედავდი, რომ უკვე უნდა გასულიყო ამ ქვეყნიდან და ისე ძალიან ვიყავი მომზადებული, ახლაც მიკვირის... ისე მომამზადა ჩემმა შვილმა, რომ ყველაფერს სულ სხვანაირად ვუყურებდი, მინდოდა სასუფევლის გზა მტკიცედ გაევლო. მინდოდა რაღაცით მეც დავხმარებოდი, იმიტომ, რომ წელიწად-ნახევარი მე მაძლიერებდა ჩემი შვილი... გაუნძრევლად იწვა, იტანჯებოდა და მაინც ჩემზე ფიქრობდა და ზრუნავდა. ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი, ნუ გეშინია, დე, ხომ იცი, რომ ღვთისმშობელი დაგხვდება. ყველაფერი კარგად იქნება, უფალთან მიდიხარ-მეთქი... გამომხედა და მომაშტერდა. ხომ არ გეშინია, დე-მეთქი? არაო, მითხრა და ისევ დაიწყო: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე ცოდვილი ბერი ანდრია!" სანამ მამებს ცალ-ცალკე შენდობა არ სთხოვა, სანამ მე აღსარება არ ჩამაბარა, მანამდე იბრძოდა. ეს ყველაფერი გავიარეთ ღვთის შეწევნით. არც მე ჩავვარდი სასოწარკვეთაში, არ დავიწყე წივილ-კივილი... დიდება უფალს, გაგვანება თავი ბოროტმა და ბოლომდე ლოცვით გავიდა ამ ქვეყნიდან.
მარინა (მასწავლებელი): - რომ დავკრძალეთ, იმ ღამესვე ვნახე სიზმარში თეთრებში გამოწყობილი. ოქროსფერი დიდი ჯვარი ეკიდა გულზე. იცით, როცა ძალიან მიჭირს, პირველად მამა ანდრიას ვუხმობ...
ემზარ მილორავა, მამა: - გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იცოდა, სადაც უნდა დაკრძალულიყო - ღვთაების მამათა მონასტერში, მარტყოფში. ამბობდა, რა ბედნიერებაა, რომ ღირსი მამა ანტონ მარტყოფლის გვერდით ვიქნებიო.
დედა: - ერთხელ მითხრა, ეს ბავშვები არ მიატოვო, ვინც აქ წევსო. არა, დედი როგორ მივატოვებ-მეთქი. ისედაც ვაპირებდი, ჩემი შვილის სახელზე მეპატრონა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისათვის. ხორციელი ერთი შვილი მყავდა და ახლა ძალიან ბევრი შვილი მყავს. ახლა უფრო სავსეა ჩემი ცხოვრება. მამა ანდრია ჩემ გვერდით არ არის ხორციელად, თორემ სულიერად სულ ჩემთან არის.
"ამქვეყნიური ცხოვრება ხომ სამზადისია და ვინც ამ გამოცდას ჭეშმარიტად დაძლევს, ის დაიმკვიდრებს თავის ადგილს ზეცათა სასუფეველში. ჭეშმარიტად ცხოვრება ხომ მხოლოდ სიკეთის თესვით, სიყვარულითა და გულითადი მეგობრობით შეიძლება" (ბერი ანდრიას დღიურის ჩანაწერი).
რუსუდან შაიშმელაშვილი