ნავალნის ქვრივის „წყევლა“: რა მოხდება რუსეთში 17 მარტს?! - კვირის პალიტრა

ნავალნის ქვრივის „წყევლა“: რა მოხდება რუსეთში 17 მარტს?!

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვა ამბობს, რომ პირველად რუსეთის თანამედროვე ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნები "ტოქ­სიკურ გეოპოლიტიკურ ატმოსფეროში" გაიმართება. რუსეთის ცესკოში ამბობენ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციური ხმის მიცემა­ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული არ არის. პუტინს ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ცნობილია, რომ კრემლი ამისთვის უკვე ემზადება. როგორც მედიაპორტალი მMედუზა წყაროებზე დაყრდნობით წერს, კრემლი ვარაუდობს, რომ პუტინი ამომრჩეველთა ხმის 80%-ზე მეტს მოიპოვებს. თარიღის გამოცხადების შემდეგ განცხადება გააკეთა პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს "კონკურენციას ვერავინ გაუწევს". ჩვენ პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი კობერიძესთან ერთად განვიხილავთ, როგორია ახლა რუსეთის ირგვლივ არსებული "ტოქსიკური გეოპოლიტიკური ატმოსფერო", რა ეტაპზე გადადის ომი უკრაინაში და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს მეზობელ სახელმწიფოებში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს.

- უკრაინის ფრონტზე დღეს ინიციატივა რუსეთის ხელშია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში გარდატეხა მოხდება, პირიქით, ომი შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მთავარი ის არის, დახმარების როგორი დინამიკა იქნება­ დასავლეთიდან. დიახ, რუსეთი ინიციატივას იმის ხარჯზე ინარჩუნებს, რომ ყოველდღიურად წირავს ათასობით თავის სამხედროს. მნიშვნელოვანი იქნება ის შესაძლებლობა, რომელიც ან რუსეთს უნდა მიეცეს, ან უკრაინას. ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის ზეწოლის შედეგად შეიძლება უკრაინელებმა ვეღარ მოახერხონ ფრონტის ხაზის შენარჩუნება, ან პირიქით, რუსეთის გამოფიტვის შედეგად თავად აიღონ ინიციატივა. ჯერ სიტუაცია ბუნდოვანია.

რუსებმა ავდეევკა კი აიღეს, მაგრამ შემდგომი შეტევისთვის ვეღარ გამოიყენეს. არ გაამართლა მოლოდინმა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ზეწოლას უკრაინის ფრონტის ხაზის ჩამოშლა უნდა მოჰყოლოდა. ძალიან საინტერესო მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა რუსების ხელშია, ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს რუსეთს საკუთარი თავის ხორცსაკეპ მანქანაში გატარებამ. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება უკრაინელების სტრატეგია, ისინი ცდილობენ ახალწვეულები ფრონტის ხაზზე არ გამოაჩინონ. ეს ნიშნავს­, რომ უკრაინა რეზერვს რაღაცისთვის ინახავს. საინტერესოა, რისთვის. სავარაუდოდ, აპირებენ მასობრივ შეტევას. თუმცა ეს საუბრები პოლიტიკური ფონია. ჩვენ გვახსოვს, გასულ წელს როგორი კამპანია იყო, ბევრი რამ, მათ შორის კონტრშეტევაც, წინასწარ იყო დაანონსებული... ახლა ყველაფერი პირიქითაა,­ ძალზე ბუნდოვანია, რა აქვთ დაგეგმილი. სხვათა შორის, აღარც რუსები ლაპარაკობენ თავიანთი გეგმების შესახებ, თუ არ ჩავთვლით მედვედევის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოდესა უკრაინაა და უკრაინის ახლებურ რუკას გვთავაზობს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ მხარეები ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული რას აპირებენ, და ძველ მეთოდებს მისდევენ. მოკლედ, ან რაღაც დიდისთვის ემზადება ერთი ან მეორე, ან ორივე ერთად.

- საჯარო წყაროების მიხედვით, პრეზიდენტ ბაიდენს სურს უკრაინას მასშტაბური დახმარება გაუწიოს, მაგრამ ამას ხელს უშლიან ტრამპი და რესპუბლიკელები. იმავდროულად დასავლურ პრესაში ვრცელდება ვერსიები, რომელთა მიხედვითაც, სინამდვილეში არც ბაიდენის ინტერესებში შედის უკრაინისთვის იმდენი და ისეთი იარაღის მიწოდება­, რომ კიევმა მასშტაბური შეტევა დაიწყოს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში ბაიდენს ტრამპისა და რესპუბლიკელების გვერდის ავლითაც შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

- ბაიდენს ნამდვილად შეუძლია ტრამპისა და რესპუბლიკელების გვერდის ავლით მცირე კალიბრის იარაღის მიწოდება, მაგრამ უკრაინას საარტილერიო დანადგარები, ავიაცია, შეტევისთვის საჭირო იარაღი სჭირდება, ამისთვის კი აუცილებელია კონგრესის მხარდაჭერა. ბაიდენის შეცდომა ის უფროა, რომ ლენდლიზი სათანადოდ ვერ გამოიყენა.

- ვერც იმას ვიტყვით, რომ ევროპა ერთსულოვანია უკრაინის შეიარაღებისთვის. ცოტა ხნის წინ აშშ-ის გაზეთში "პოლიტიკო" გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩიხში შეიყვანა­ ევროპელი მოკავშირეები, როცა უარი თქვა კიევისთვის ფრთოსანი რაკეტა "ტაურუსების" მიწოდებაზე და თავისი პოზიცია რუსეთის საპასუხო მოქმედების რისკით გაამართლა.

- შოლცს ხშირად აკრიტიკებენ თავად­ გერმანიაში და ამბობენ, რომ ის არ არის ისეთი ძლიერი ლიდერი, როგორიც ახლა ევროპას სჭირდება. გერმანია არ არის ერთპარტიული ქვეყანა, იქ არიან "მწვანეები", "თავისუფალი დემოკრატები", ქრისტიან-დემოკრატები, რომლებიც უჭერენ მხარს უკრაინისთვის იარაღის გადაცემას, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება უკრაინამ გერმანიისგან "ტაურუსები" ვერა, მაგრამ სხვა ტიპის შეიარაღება აუცილებლად მიიღოს. საუბარია კონკრეტულ შეიარაღებაზე, ფრთოსან რაკეტა "ტაურუსზე", რომლის გამოც გერმანიის კანცლერი ძალიან ფრთხილობს, ვინაიდან ამ რაკეტას 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია ობიექტის განადგურება და მას შოლცი აღიქვამს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული­ სამიზნეების გამანადგურებელ იარაღად. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროპელების დიდი ნაწილი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. საინტერესო ის არის, რომ ისეთი ფიგურები, როგორიც არიან ჯორჯია მელონი (იტალიის პრემიერი), ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი უფრო თამამები და ხისტები არიან რუსეთთან. სამწუხაროდ, მათ არა აქვთ იმ ტიპის იარაღი, რომელიც ახლა რუსეთის იარაღის ქარხნებზე, ზურგში არსებულ ამუნიციასა და მომარაგების ხაზებზე ეფექტური დარტყმებისთვის არის საჭირო.

4351fad7-4e3a-441e-8882-bc6ac1ccaa6c-cx0-cy16-cw0-w1597-n-r1-st-s-1710105952.jpg

- ამასობაში რა შეიძლება შეიცვალოს თავად რუსეთში რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ?

- ნავალნის სიკვდილის შემდეგ რუსეთი კიდევ უფრო დახურული ავტოკრატია გახდა და შიდაპოლიტიკური ცვლილებები წარმოუდგენელია. ნახეთ, ვინ არის პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე - ნიკოლაი ხარიტონოვი, კაცი, რომელიც 2004 წელს მხოლოდ იმიტომ დარეგისტრირდა პრეზიდენტობის კანდიდატად, რათა პუტინის საარჩევნო შედეგები გაემართლებინა. დღესაც ხარიტონოვია პუტინის მეტოქე, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთში პროცესების დემოკრატიულად განვითარების მოლოდინი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა გვქონდეს. ისტორია გვასწავლის, რომ რუსეთში შეიძლება რადიკალური ცვლილებები მოხდეს, მაგრამ მხოლოდ გარე კატასტროფის შედეგად. მაგალითად, როგორიც იყო XIX საუკუნეში ყირიმის ომი, XX საუკუნეში მეორე მსოფლიო ომი და ა.შ. რუსეთის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ შიდადემოკრატიული ცვლილებების გამო ხელისუფლება შეცვლილიყოს. დღეს რუსეთში სრული აპათია და ნიჰილიზმია.

- ნავალნის ქვრივი აპირებს პუტინის რეჟიმთან შეურიგებელ ბრძოლას, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ პოლიტიკურ წრეებში. ნავალნაია მიიწვიეს ევროპარლამენტში, სადაც მან დეპუტატებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არა პოლიტიკოსი, არამედ მონსტრია და მისი დამარცხება შეუძლებელია რეზოლუციებით, სანქციებითა და მოლაპარაკებით. პუტინის მოშორება მხოლოდ "ახალი მეთოდებით" არის შესაძლებელი. რა შეიძლება­ იყოს ეს "ახალი მეთოდები"?

- ნავალნაია ვერაფერს შეცვლის რუსეთში. ამ ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი უნდა ნახოს გარე ძალისგან, რათა საკუთარი დღის წესრიგი შეცვალოს.

- ფიქრობთ, რუსი ხალხი არ გაიზიარებს ნავალნაიას მოწოდებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ დღესა და ერთ დროს - 17 მარტს შუადღის საათებში მივიდნენ და ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს, გარდა პუტინისა, ან გააფუჭონ ბიულეტენი და დააწერონ ნავალნი?

- ათმა მილიონმა კაცმაც რომ დააწეროს ბიულეტენს ნავალნი, ვინ გაიგებს ამას? დამთვლელები ყველა ბიულეტენს დახევენ, რომლებზეც ნავალნი ეწერება. ნავალნაიას მეთოდები შეიძლება ეფექტური იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ არა რუსეთში. რუს ხალხს პუტინთან იდეოლოგიური წინააღმდეგობა არა აქვს, მათ შეიძლება­ არ მოსწონდეთ კორუფცია, თორემ ბევრს­ ვერავის ნახავთ, რომ უკრაინაში ომს გმობდეს. შეიძლება ვიღაცებმა საკუთარი სამხედროების მასობრივად დახოცვა გააპროტესტონ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იტყვიან, რომ ყირიმი უკრაინაა! ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთში სისტემური ცვლილება მხოლოდ დიდი კატასტროფული მარცხის შემდეგ შეიძლება.

ხათუნა ბახტურიძე