სენსაციური და შემზარავი ინფორმაცია გეოპოლიტიკური კულუარებიდან - რისთვის ემზადებოდა ამერიკა:პლანეტა დღეს შესაძლოა, განადგურებული ყოფილიყო?!
რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დასავლური, განსაკუთრებით კი ამერიკული მასმედია შიგადაშიგ ისეთ სენსაციურ და სკანდალურ ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს, თმა ყალყზე დაგიდგება - CNN-მა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმცია, რომ "2022 წლის მიწურულისთვის აშშ-მა დაიწყო სერიოზული მომზადება იმისთვის, რომ რუსეთი... უკრაინას ბირთვულ დარტყმას მიაყენებდა".
აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტელეკომპანია CNN-ს რომ პირდაპირი გასასვლელი აქვს ამერიკელ მაღალჩინოსან პოლიტიკოსებსა და სამხედროებზე, ეჭვი არავის ეპარება. შესაბამისად, დამაჯერებელი ჩანს, როდესაც ის ციტირებს ამ ამერიკელი მაღალჩინოსნების შიშნარევ მონაყოლს - პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროსგან შეიტყო, რომ რუსეთის ხელისუფლების ზედა და ქვედა შტოებში 2022 წლის დეკემბერში აქტიურად განიხილავდნენ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, რადგან უკრაინაში რუსეთის არმია მარცხს განიცდიდა - მოუწია ხარკოვის მისადგომებიდან უკუქცევამ, ხერსონისა და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვებამ მაშინ, როცა ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონის ოლქი რუსეთს უკვე თავის შემადგენლობაში ჰქონდა "გამოცხადებული" და მისი გათავისუფლება უკრაინის არმიის მიერ პუტინის ხედვაში შეიძლება აღქმული ყოფილიყო როგორც რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ამიტომ რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგიით დასაშვებია, რომ ბირთვული იარაღი პირველმა გამოიყენოს.
მართლაც, თუკი გავიხსენებთ 2022 წლის სეტემბერ-ნოემბრის მონაკვეთს, უკრაინის მოულოდნელი სწრაფი კონტრიერიშები ძალზე შედეგიანი გამოდგა - ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში რუსი ოკუპანტები უკრაინის დამცველებმა ხარკოვის მისადგომებიდან ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქამდე განდევნეს და დიდძალი რუსული სამხედრო ტექნიკაც ჩაიგდეს ალაფად, ხოლო ფრონტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკრაინის არმიამ არათუ მოახერხა ოკუპირებული ხერსონიდან რუსების გაყრა, არამედ მათი ჭაჭანებაც არ დატოვა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე.
ყოველივე ამის გამო გაჩნდა დიდი იმედი, რომ საჭირო მოცულობისა და ხარისხის დასავლური სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ მიწოდების შემთხვევაში წარმატებული კონტრშეტევებით დაფრთიანებული უკრაინის არმია უკანდახეულ და დეზორგანიზებულ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ზაპოროჟიეს ოლქიდანაც განდევნიდა და ანექსირებულ ყირიმშიც შეიჭრებოდა მისი გათავისუფლების დასაწყებად.
ამის წინა პირობები არსებობდა - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაკარგეს საბრძოლო ინიციატივა, საკმაო რაოდენობის შეიარაღება და ჯერ არც მასობრივი მობილიზაცია ჰქონდათ სრულად დაწყებული, მთავარი იყო დასავლეთს უკრაინის არმიის კონტრშეტევების მუხტისთვის მხარი აება. მაგრამ თითქოს საგანგებოდ სწორედ 2022 წლის შემოდგომის მიწურულიდან იწყება ნატოს წევრი წამყვანი ქვეყნების ფეხის ათრევა, ჭოჭმანი, მიაწოდონ თუ არა "აბრამსები" და "ლეოპარდები", "ჰაიმარსის" შორსმფრენი რაკეტები ან საარტილერიო ჭურვები უკრაინელებს.
მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ დასავლეთს ვინმესი თუ რაღაცის ეშინოდა და ძალიან უფრთხოდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.
დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები ნამდვილად დაბნეული იყვნენ - თუკი პუტინი მაინც გაბედავდა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული ბომბის ან ბომბების ჩამოყრას, რა სახის და როგორი პასუხი შეიძლება გაეცა ნატოს? ალიანსი საპასუხოდ რუსეთის ტერიტორიას ხომ ვერ მიაყენებდა ბირთვულ დარტყმებს? და სწორედ დასავლეთის ამ პოლიტიკურმა დაბნეულობამ და სიფრთხილემ მიიყვანა საქმე დღემდე, როდესაც უკრაინის მდგომარეობა ფრონტის ხაზზე ყოველდღე კრიტიკული ხდება - პუტინმა თავისი "ბირთვული შანტაჟით" მთელი დასავლეთი, თავისი ნატოებითა და ევროკავშირებით, "გააცურა" - კრემლმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დრო მოიგო მობილიზაციისთვის, საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელი გზების მოსაძებნად, მრეწველობის სამოქალაქოდან სამხედრო ლიანდაგებზე გადასაყვანად, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან საბრძოლო საჭურვლის დიდი პარტიების შესაძენად.
პუტინი, დიდი ალბათობით, არც მაშინ იყო ბირთვული, თუნდაც ტაქტიკური დანიშნულების იარაღის გამომყენებელი უკრაინაში (სად უნდა აეფეთქებინა, ფრონტის ხაზზე, სადაც თავისივე არმიასაც დააზარალებდა, თუ უკრაინული ქალაქის თავზე, რასაც არავითარი სამხედრო მნიშვნელობა არ ექნებოდა, პირიქით, მთელ მსოფლიოს, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთსაც, რუსეთს დაუპირისპირებდა) და მით უმეტეს, არც ახლაა, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უნიათობის გამო ფრონტის ხაზზე დაიბრუნეს საბრძოლო ინიციატივა და ბირთვული ბომბების გარეშეც ყველგან უტევენ.
თვით ამერიკელები ჯერ კიდევ 2022 წლის მიწურულს აღიარებდნენ და დღესაც იმეორებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსი პოლიტიკოსები მაშინაც იმუქრებოდნენ უკრაინის ბირთვული დაბომბვით, დასავლეთის სადაზვერვო ორგანოებს, რომლებიც მუდმივ აგენტურულ და ტექნიკურ დაზვერვას ეწევიან რუსეთის ბირთვული იარაღის შესანახ ბაზებზე, იმის მცირე ნიშნებიც კი არ აღმოუჩენიათ, რომ რუსეთის არმია ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის ემზადებოდა ან ემზადება.სამაგიეროდ, პუტინის „ბირთვულმა შანტაჟმა კრემლის სასარგებლოდ იმუშავა 2022 წლის მიწურულს და ახლაც მუშაობს - კრემლი ბაიდენს აშინებს 300 კმ-იანი "ჰაიმარსის" ბალისტიკური რაკეტების, ხოლო შოლცს კი 500 კმ-იანი "ტაურუსის" ფრთოსანი რაკეტების უკრაინის დამცველებისთვის მიწოდების განზრახვის გამო.