(ექსკლუზივი)პირველად ქართველებმა გამოიყენეს საზღვაო დრონი და მტრის გემიც ჩაძირეს - ამბავი აფხაზეთის ომიდან, რომელიც გაგაოცებთ
რუსეთთან უთანასწორო ომში მყოფმა უკრაინამ 2023 წლის ზაფხულიდან აქტიურად დაიწყო უეკიპაჟო დისტანციურად მართვადი საზღვაო კამიკაძე-კატარღების გამოყენება და რუსეთის არაერთი შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდი და კატარღა დააზიანა ან ჩაძირა.
გასულ წელს უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღების პირველი თავდასხმების შემდეგ ძალაუნებურად გამიჩნდა დეჟავიუს შეგრძნება - დაახლოებით ასეთი რამ ხომ უკვე ნანახი მქონდა. გავიხსენე და ომების პირად ფოტოარქივშიც მოვძებნე აფხაზეთის ომში ჩემი გადაღებული შავ-თეთრი და შედარებით დაბალხარისხიანი, მაგრამ უნიკალური ფოტოები - ქართველი სამხედროები სოხუმის სანაპიროსთან სარაკეტო დანადგარით აღჭურვილ რადიომართვადი კატარღის მოდელს ცდიან...
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1993 წლის ზაფხულში სოხუმში სამხედრო კორესპონდენტად მყოფს ერთ-ერთ შტაბში ახალგაზრდა ქართველი სამხედრო გამაცნეს, წაჰყევი და ისეთ შეიარაღებას განახებს, რაც ჯერ არ გინახავს, მაგრამ ამის შესახებ ვერაფერს დაწერ, ეგ ჩვენი მნიშვნელოვანი საიდუმლოებააო, დამმოძღვრეს მკაცრად.
ის ახალგაზრდა ქართველი სამხედრო ალეკო ქავთარაძე აღმოჩნდა, რომელიც სამხედრო ფორმის წესრიგიანობითა და წვერგაპარსულობით მართლაც გამოირჩეოდა ბევრი იმდროინდელი ჩვენი მებრძოლისგან და თან საინტერესო მოსაუბრეც გამოდგა, უმაღლესი ინჟინრული განათლება თავისას ამბობდა.
როგორც გაირკვა, ის განსაკუთრებული დანიშნულების დაზვერვის ჯგუფის მეთაური გახლდათ, რომელიც 1992 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა 23-ე მექანიზებული ბრიგადის დაზვერვის სამსახურში.
ალეკო ქავთარაძის განსაკუთრებული დანიშნულების დაზვერვის ჯგუფში შედიოდნენ რადიოტექნიკური დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფები, რომელთა დანიშნულება იყო მოწინააღმდეგის, აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების რადიოსაუბრების დაჭერა, გაშიფვრა, გაანალიზება, ასევე რადიოეთერში რადიოთამაშები მტრის დეზინფორმაციის მიზნით.
თუ რამდენად შედეგიანი იყო ქართული მხარის ომი რადიოეთერში, ამაზე ცალკე დიდი სტატიის დაწერა შეიძლება, მაგრამ ამჯერად ყურადღებას იმაზე შევაჩერებ, რაც იმ დღეს სოხუმის სანაპიროზე ვიხილე.
ქავთარაძის საიდუმლო ჯგუფის ორმა წევრმა ორი მეტრის სიგრძის მინიკატარღა ხელში აიღო და ზღვაში ჩაუშვა, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა - ამხელა ხალხი კატარღის მოდელით თამაშობს შუა ომში-მეთქი, გავიფიქრე.
თუმცა, როცა ამიხსნეს, რაში იყო საქმე, დამოკიდებულება წამში შემეცვალა, რადგან ეს რაღაც ახალი, წარმოუდგენელი ნოუ-ჰაუ იყო მაშინ, როცა აფხაზეთის ომში ახალშექმნილ ქართულ არმიაში ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნი თუ რეაქტიული ცეცხლისმტყორცნელი „შმელიც“ უკვე დიდი იშვიათობა იყო.
განსაკუთრებული დანიშნულების დაზვერვის ჯგუფის უფროსმა ალეკო ქავთარაძემ მაშინ ამიხსნა, შეიძლება ეს მინიკატარღა მართლაც სათამაშოს ჰგავს, მაგრამ მას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მოწინააღმდეგისთვის, რადიომართვადია და ზედ დაყენებულია С-8М ტიპის 80 მმ კალიბრის უმართავი რაკეტის გამშვები. ისედაც მცირე ზომის ეს მინიკატარღა ცურვისას ტალღებიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრზეა ამოწეული და როდესაც მისგან საავიაციო რაკეტა სტარტს იღებს, მტერი იბნევა, რუსი სამხედროები რადიოეთერში განგაშს აცხადებენ და გაკვირვებული კითხულობენ, ქართველებს წყალქვეშა ნავი ჰყავთ შეიარაღებაში, წყლის ზედაპირიდან რომ რაკეტებს გვესვრიანო?
ასეთი რადიომართვადი მინიკატარღით შეიძლებოდა შეუმჩნევლად მიახლოება მოწინააღმდეგის ჩვეულებრივ კატარღებთან და რაკეტის ზუსტი გასროლით მისი დაზიანება, რაც ქავთარაძის ჯგუფმა აფხაზეთის ომის დროს ერთხელ შეძლო კიდეც - აფხაზების შეიარაღებული სამოქალაქო კატარღა ჩაძირა.
შეიარაღების ამ უნიკალური სახეობის გაცნობის შემდეგ კი მკლავდა სურვილი, ექსკლუზიური სტატია დამეწერა პირველ ქართულ რადიომართვად სარაკეტო მინი-კატარღაზე, მაგრამ „შიდაცენზურის“ გამო თავს ამის უფლება არ მივეცი, შემდეგ კი იყო სხვა ომები, ეს თემა ძალაუნებურად გადამავიწყდა და მხოლოდ 30 წლის შემდეგ გამახსენდა, როდესაც უკრაინელებმა დისტანციურად მართვადი კამიკაძე-კატარღებით დაიწყეს რუსი ოკუპანტების ხომალდების ჩაძირვა.
მაგრამ პირველები მაინც ქართველები ვიყავით, ვინც შავ ზღვაში ომის დროს დისტანციურად მართვადი მცურავი საშუალება გამოიყენა საზღვაო ორთაბრძოლაში!
სამი ათეული წლის შემდეგ თბილისში მოვძებნე ალეკო ქავთარაძე, რომელმაც იმ საინტერესო ისტორიის გაგრძელება მიამბო - ის ერთრაკეტიანი მინიკატარღა, რომელიც სოხუმის სანაპიროსთან მაჩვენეს, მხოლოდ დასაწყისი ყოფილა, რადგან შემდეგ კატარღაზე უკვე სამი სარაკეტო გამშვები დააყენეს, ხოლო მოგვიანებით 4,5 მ სიგრძის გასასეირნებელი კატარღა რადიომართვადად გადააკეთეს და Б-8М უნივერსალური საავიაციო ბლოკით შეაიარაღეს, რომელსაც 20 ერთეული 80 მმ კალიბრის С-8М ტიპის რაკეტის თითქმის 4 კმ-მდე გასროლაც შეეძლო, მათ შორის სანაპირო სამიზნეებისკენ, კერძოდ, ზემო ეშერაში, მოწინააღმდეგის შტაბის მიმართულებით.
უფრო მეტიც, სარდლობამ ალეკო ქავთარაძის ჯგუფს მოსთხოვა რადიომართვად კატარღაზე МОН-100 ტიპის მიმართული მოქმედების ნაღმის დამონტაჟებაც, რომლის ამოქმედება აუცილებლად გაანადგურებდა ას მეტრში მყოფ მტრის კატარღას, მაგრამ თავადაც „დაიღუპებოდა“ ანუ შეიძლება პირველი ქართული საზღვაო კამიკაძე-დრონი გამხდარიყო, თუმცა მაშინ სიტყვა "დრონი" შეიძლება არც არსებობდა... (ამ წინადადებაზე იმიტომ თქვეს უარი, რომ თითოეულ რადიომართვად კატარღას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, მათი დეტალები ძირითადად საკუთარი სახსრებით ჰქონდათ შეძენილი და კამიკაძეობისთვის ვერ გაიმეტეს).
P.S. სხვათა შორის, უკრაინის მხარემ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ისინი კამიკაძე-კატარღებს რაკეტებით შეიარაღებასაც უპირებენ, რათა დისტანციურად მართვად სარაკეტო კატარღებად გადააქციონ - ანუ იმას, რასაც ქავთარაძის განსაკუთრებული დანიშნულების სადაზვერვო ჯგუფი ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ აფხაზეთის ომში აკეთებდა.