ქალბატონი ეთერ შენგელია 8 მარტს 100 წლის გახდა. როგორც kvirispalitra.ge - სთან საუბარში ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, კითხვის სურვილი ამ ასაკშიც არ განელებია და წიგნებთან ურთიერთობა მისი ყოველდღიურობის ნაწილია. "დედაჩემი დაბადებულია 1924 წლის 8 მარტს. პასპორტი დაეკარგა, მამაზე 2 წლით უფროსი იყო, ყოველთვის აწუხებდა ეს ამბავი და მალავდა. ამის გამო, მამაჩემმა თურმე პასპორტი გადაუკეთა და დაბადების თარიღად 1926 წელი ჩაუწერა. რეალურად, წელს შეუსრულდა 100 წელი, იურიდიულად კი 2026 წელს გახდება. ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ახლა აღვნიშნეთ დედის 100 წლის იუბილე" - ამბობს ქალბატონი ეთერის შვილი ელენა მამფორია. - როგორ ხართ? გილოცავთ 100 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ბედნიერ დღეებს გისურვებთ. - მადლობელი ვარ მოკითხვისთვის. მოხუცებული ადამიანის პირობაზე არა მიშავს, ჯანმრთელობის მხრივ, ხან ისე ვარ და ხან ასე. სიარული შემიძლია. ახლა ქალაქში ვარ ქალიშვილთან, სოფელში ვიყავი, შეუძლოდ გავხდი და აქეთ წამომიყვანეს, მკურნალობენ. - სად ცხოვრობდით? - იმერეთში, ვანის რაიონში დავიბადე და გავიზარდე, იქვე გავთხოვდი, ჩემი მეუღლე შალვა მამფორია, რაიაღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა ვანის რაიონში. სტუდენტი ვიყავი, როცა გავთხოვდი, ბიბლიოთეკის გამგემ გამაცნო ბიჭი და მერე აღარ მომშორდა. სოფელ ჭყვიშიდან ვარ, გალაკტიონის სოფლიდან, მეზობლად არის მისი სახლ-მუზეუმი. - რამდენი შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი გყავთ? - 4 ქალიშვილი მყავდა, ერთი გარდამეცვალა, ძალიან განათლებული, უნივერსიტეტდამთავრებული იყო, კარგ თანამდებობაზეც მუშაობდა და მისი სახელის სახსენებლად, მეუბნებიან, რომ ეს მძიმე ჯვარი უნდა ვატარო. 7 შვილიშვილი მყავს და 9 შვილთაშვილი. - როგორც შევიტყვე, ლექსებსაც წერთ და წიგნიც გამოგიციათ... - დიახ, ასეა. ახლაც ვწერ ლექსებს, ჩემი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე... თავის დროზე, სამედიცინოზე მქონდა განცხადება შეტანილი, ომის პერიოდი იყო და ფარმაცევტულზე მოვეწყვე, მერე აფთიაქის გამგე ვიყავი. ასევე, სკოლაში ვასწავლიდი ფიზიკას, ქიმიას და ბოტანიკას. ჭყვიშთან ახლოს, სოფელი მთისძირია და იქ ვასწავლიდი სკოლაში. შვილიშვილები რომ შემეძინა, მასწავლებლობას თავი დავანებე. მახსოვრობას არ ვუჩივი. ქალიშვილებიც, შვილიშვილებიც, შვილთაშვილებიც და სიძეებიც მეკითხებიან აზრს. ბავშვებსაც მივუთითებ, როგორ უნდა მიუდგნენ საგნების სწავლას. ახალგაზრდობაში გარმონზეც ვუკრავდი. - როგორია თქვენი ყოველდღიურობა? რას აკეთებთ? - ტელევიზორს ვუყურებ, მაინტერესებს, რა ხდება ჩემს სამშობლოში; წიგნებს, ლექსებს და პოემებს ვკითხულობ, ახლა ოთარ ჭილაძის ნაწარმოებებს ვკითხულობ. ტელევიზორის ყურებისას არა და კითხვის დროს ვიყენებ სათვალეს.