რუსული არმია "დაატორმუზეს": რა ხდება ფრონტის ხაზზე - უკრაინელებმა თავდაცვით ბრძოლებში საუკეთესო ნაწილები ჩართეს - კვირის პალიტრა

რუსული არმია "დაატორმუზეს": რა ხდება ფრონტის ხაზზე - უკრაინელებმა თავდაცვით ბრძოლებში საუკეთესო ნაწილები ჩართეს

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთის შეტევამ ავდეევკის დასავლეთით, წარმატების შემდეგ, ტემპი დაკარგა“ (ავტორი - კონსტანტ მეჰეუთი) განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზის მდგომარეობა ავდეევკის დასავლეთით. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, უკრაინის არმიამ, როგორც ჩანს, რუსების წინსვლა ამ ეტაპზე შეაჩერა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

როცა სამი კვირის წინ უკრაინის ქალაქი ავდეევკა რუსეთის არმიის შეტევის შემდეგ დაეცა, კიევი და მისი მოკავშირეები შიშობდნენ, რომ მოსკოვის ჯარი აღებულ სწრაფ ტემპს გააგრძელებდა, წინ სწრაფად წავიდოდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს და დასახლებულ პუნქტებს დაიკავებდა.

მაგრამ ასე არ მოხდა. მომდევნო დღეებში რუსული ქვედანაყოფებმა წინსვლა შეანელეს და ავდეევკასთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფლის დაკავების შემდეგ თითქმის შეჩერდნენ კიდეც. სამხედრო ექსპერტები მიუთითებენ რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის:

ა) ადგილობრივ რელიეფზე - ლანდშაფტზე - რომელიც ხელს არ უწყობს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას; ბ) რუსეთის ჯარები საკმაოდ დაღლილები არიან მრავალთვიანი ბრძოლებით და გ) უკრაინის არმიის სარდლობამ სწრაფად გამონახა მნიშვნელოვანი ძალები და ამ რაიონის დასაცავად გადაისროლა.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთის არმიის ქვედანაყოფები ჯერ-ჯერობით მაინც ინარჩუნებენ ინიციატივას ბრძოლის ველზე და თუ ახალ ძალებს დროულად მიიღებენ, მათ შეუძლიათ უახლოეს ხანში უკრაინის მიერ შექმნილი გამაგრებული ზღუდეები გაარღვიონ, მით უმეტეს, რომ კიევის თავდაცვითი ძალისხმევა სულ უფრო სუსტი ხდება აშშ-ის დახმარების გარეშე.

ათდღიანი ბრძოლების შედეგად რუსეთის ჯარმა მხოლოდ რამდენიმე კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რომლის არეალში რამდენიმე სოფელია მოქცეული. ამჟამად სამხედრო მოქმედებების ხასიათი ისეთია, როგორიც გასულ წელს იყო - „ნახტომები წინ და უკან“, რომლებიც, ფაქტიურად, უშედეგოა და ფრონტის ხაზს არ ცვლის.

„რუსეთის ჯარი ცდილობს წინ გადაადგილდეს და ამ მიზნით მცირე შემტევ ჯგუფებს იყენებს, მაგრამ მარცხს განიცდის, რადგან ადგილი სრულიად ღიაა და მოწინააღმდეგის არტილერიისაგან თავს ვერსად აფარებს“, - ამბობს პასი პაროინენი, ფინელი ანალიტიკოსი Black Bird Group-იდან, რომელიც თანამგზავრულ მონაცემებს იკვლევს ბრძოლების ადგილებზე.

რა თქმა უნდა, რუსულ არმიას მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს - ჯერ კიდევ ავდეევკის ბრძოლებში კრემლის ჯარები დღე-ღამეში ათას ჯარისკაცამდე კარგავდნენ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელი ომის განმავლობაში. მაგრამ ავდეევკის დაცვა უკრაინის ჯარსაც ძვირად დაუჯდა, ამიტომ კიევმა, რუსების შესაჩერებლად, ბრძოლაში ჩააბა თავისი შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის საუკეთესო რეზერვები: მაგალითად, 47-ე ბრიგადა, რომლის ჯარისკაცები გასულ წელს აშშ-ში მომზადდნენ და აღიჭურვნენ, სოფელ ბერდიჩს იცავს. ბრიგადა თანამედროვე ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკით არის შეიარაღებული - „აბრამსის“ ტანკებით.

„უკრაინის არმიის სარდლობა რაც შეუძლია, ყველაფერით უზრუნველყოფს ავდეევკის დასავლეთით განლაგებულ ქვედანაყოფებს“, - ამბობს სერგეი კუზანი, უკრაინის უსაფრთხოების ცენტრის ანალიტიკოსი, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რუსებმა სამი ამერიკული „აბრამსი“ უკვე გაანადგურეს.

სამხედრო ექსპერტების თქმით, უკრაინის არმიის თავდაცვითი სტრატეგია ავდეევკის რაიონში, როგორც ჩანს, მიმართულია იქითკენ, რომ დრო მისცენ საინჟინრო ქვედანაყოფებს ახალი თავდაცვის ხაზი მოამზადონ დასავლეთის მიმართულებით.

თუ რუსები შეძლებენ და სოფლებს - ბერდიჩს, ორლოვკას და ტონენკოეს დაიკავებენ, გაურკვეველია, როგორ და საით მიმარტავენ ისინი შეტევას - იმიტომ, რომ ამ დოფლების დასავლეთით რელიეფი იცვლება, ბორცვიანია, ბევრია მცირე მდინარეები და წყალსაცავები, რაც წინსვლას ანელებს.

სერგეი კუზენის თქმით, რუსეთის არმია ამჟამად 600-მილიანი სიგრძის ფრონტის ხაზზე საკმაოდ ბევრ ადგილზე ცდილობს უკრაინის თავდაცვის გარღვევას. „რომელ მიმართულებას ამჯობინებენ რუსები, რომელი მიმართულება იქნება მათთვის პრიორიტეტული ორი დღის ან ერთი კვირის შემდეგ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით გაარღვევენ ისინი ჩვენს თავდაცვას. თუ რომელიმე ადგილზე კრემლი თავის მცდელობას წარმატებით განახორციელებს, მაშინ დამატებით რეზერვებს გამოიყენებს წინსვლისათვის. აი, ასეთია დღეისათვის რუსეთის არმიის სტრატეგია“, - ამბობს სერგეი კუზენი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო