რუსების ქართველი ტყვე, რომელსაც რუსებმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს - 23 წლის ქართველი ჯარისკაცის მძიმე ისტორია
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში სასამართლოზე უამრავ უკრაინელ თუ უკრაინის მხარეს მებრძოლ სამხედროს გამოუტანეს სასტიკი განაჩენი. დაკავებულთა შორის არიან ის სამხედროებიც, რომელთაც არ აქვთ უკრაინის მოქალაქეობა, მათ რუსეთის მხარე „უცხოელ დაქირავებულებს“ უწოდებს. დაკავებულთა შორის, სულ მცირე, საქართელოს სამი მოქალაქეა. ამის შესახებ სტატიას "ბიბისი" აქვეყნებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 20 თებერვალს ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ 23 წლის ქართველ მამუკა გაწერელიას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა გაწერელია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ის "აზოვსტალის" დამცველებიდან ერთ-ერთია.
შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია 45 წლის დალი ჩხეიძემ, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, სოციალური ქსელით გაიგო.
გაწერელიას ოჯახის ინფორმაციით, მამუკა რუსების ტყვეობაში 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა - მაშინ, როცა უკრაინელი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, სამხედროებმა "აზოვსტალი" დატოვეს. ამ პერიოდის განმავლობაში, დალიმ შვილთან მხოლოდ ორჯერ შეძლო დაკავშირება. საუბარი, დაახლოებით, 2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
„მითხრა, რომ ხვალ განაჩენს გამოუტანდნენ. მითხრა, რომ კარგად არის და ქართველებს კარგად ექცევიან, მაგრამ მესმოდა, რომ მას სათქმელს კარნახობდნენ. რუსული ვიცი და მთხოვა, რუსულად გვესაუბრა, რათა იმათაც გაეგოთ, რაზე ვლაპარაკობდით“, - იხსენებს შვილთან საუბარს დალი ჩხეიძე, BBC-ისთან ინტერვიუში.
გავრცელებულ ვიდეოში, სადაც გაწერელიას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ადანაშაულებენ, ეკითხებიან, აღიარებს თუ არა დანაშაულს. ქართველი მებრძოლი დადებითად პასუხობს.
„სასამართლომ გაწერელიას უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხდა მიუსაჯა“, - აღნიშნულია საოკუპაციო უწყების განცხადებაში.

გაწერელიას ოჯახმა ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროების დახმარებით გაიგეს, რომ 1 წლის წინ მამუკა ვლადიმირსკის ოლქში გადაიყვანეს, იანვარში კი - ტაგანროგში. ამის შემდეგ ზუსტად სად იმყოფება მამუკა გაწერელია, ოჯახს ინფორმაცია არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ გაწერელია ერთ-ერთია იმ სამხედროთა შორის, რომელთაც რუსეთის მხარემ პატიმრობა შეუფარდა. ამ სასჯელს არ ცნობს უკრაინა. უკრაინელი უფლებადამცველის თქმით, მსგავსი „სასამართლოები“ მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო დანაშაულია და ისინი უხეშად არღვევენ ჟენევის კონვენციას.
ვინ არის მამუკა გაწერელია?
23 წლის ქართველი მებრძოლი მამუკა გაწერელია აფხაზეთიდან დევნილია. უამრავ ქართველ მებრძოლთა შორის, ის ერთ-ერთია, რომელმაც საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ გადაწყვიტა, უკრაინის მხარეს ებრძოლა და რუსულ აგრესიას მეზობელ უკრაინაში დაპირისპირებოდა. უკრაინაში გამგზავრებამდე ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
გაწერელიას დედა აღნიშნავს, რომ მამუკამ უკრაინაში წასვლამდე გაწყვიტა კონტრაქტი და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობდა. უკრაინაში გამგზავრების გადაწყვეტულება კი მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.
„მახსოვს, სახლში ვიყავით და ტელევიზიით ქალაქის კადრები აჩვენეს, სადაც ბავშვები დაიღუპნენ. ზუსტად არ მახსოვს, ეს რომელი ქალაქი იყო. მას ასეთი ამბები ყოველთვის გულთან მიაქვს. მაშინ თქვა: „იქ უნდა წავიდე და მათ დავეხმარო“. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიყავით! ნათესავები საიდან არ მოდიოდნენ, რათა მას უკრაინაში წასვლა გადაეფიქრებია. მამამისი ემუქრებოდა, იქ თუ წახვალ, თავს მოვიკლავო, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა“, - იხსენებს დალი ჩხეიძე.
გაწერელია უკრაინაში 15 მარტს წავიდა, დედის ინფორმაციით, 31 მარტს ის უკვე მარიუპოლში, "აზოვსტალში" იმყოფებოდა. 12 მაისს, მანამდე, სანამ უკრაინელი სამხედროები "აზოვსტალს" დატოვებდნენ, ქართველმა მებრძოლმა შეძლო დედასთან დაკავშირება:
„ისინი ალყაში იყვნენ და მამუკამ უკვე იცოდა, რომ მათ ჩაბარება მოუწევდათ, რადგან არ ჰქონდათ არც საჭმელი, არც წყალი. უამრავი დაჭრილი ჰყავდათ. ისეთი თავდასხმის ქვეშ იყვნენ, რომ ან უნდა დაღუპულიყვნენ, ან ტყვედ უნდა ჩაბარებოდნენ. ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ამ სიტუაციას თავს დააღწევდნენ. ისიც კი მითხრა: "დედა, რომ დავბრუნდები, ჩემი საყვარელი ტორტი გამომიცხვეო“, - იხსენებს დედა შვილთან ტელეფონზე საუბარს.
დალი ჩხეიძე კატეგორიულად უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ მისი შვილი დაქირავებული იყო და უკრაინაში შემოსავლის გამო წავიდა. როგორც დედა აღნიშნავს, მამუკა ყოველთვის ცდილობდა სხვის დახმარებას და როცა უკრაინაში წავიდა, მამუკას ძმამ კრედიტიც კი აიღო და უკრაინაში ფული გაუგზავნა, რათა მას კარგი აღჭურვილობა შეეძინა.
„ხელფასიც კი არ მოჰქონდა სახლამდე, ყოველთვის სხვის დახმარებას ცდილობდა. თავისი პირველი ხელფასით ერთ ბავშვს დაეხმარა, რომელიც სენაკში ცხოვრობდა... შემდეგ სახლში მოვიდა და მითხრა: "დედა, იცი რა კარგი საქმე გავაკეთეო“ , - იხსენებს დალი ჩხეიძე.

ამ დროისთვის ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენი ქართველი მებრძოლია რუსების ტყვეობაში.
მამუკა გაწერელიას დედა დალი ჩხეიძე BBC-ისთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ოჯახმა საქართველის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით იქამდე მიმართა, ვიდრე ქართველ მებრძოლს განაჩენს გამოუტანდნენ. ის საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ, რათა მისი შვილი ტყვეობიდან დაიხსნან.
„იქ ვერ გადარჩება, რადგან ტელეგრამზე გავრცელებულ კადრებში ვნახე, როგორც გამოიყურება. არ მომეწონა, როგორც დადიოდა, მგონია რომ სცემდნენ. არც წარბები ჰქონდა, ვფიქრობ, აწამებდნენ. თუმცა, ჩვენი საუბრისას სულ იმეორებდა: „არ ინერვიულო, არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნებაო“, - იხსენებს დალი ჩხეიძე.
როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, სტატიის გამოქვეყნებამდე, მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან კითხვებზე პასუხო არ მიუღიათ. წყარო