"სტალინმა ბრძანა: "ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდისო" - "გეპეის კვარტეტის" აღიარება და წარმატებული გზა
სოციალურ ქსელში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გვერდზე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონ მაია გოგორიშვილის 4 წლის წინანდელ პოსტს გადავაწყდი: "...სუბიქტურად და ობიექტურადაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველოში არ იქნებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვერ გეტყვით, როგორ განვითარდებოდა ჩვენთან საესტრადო ხელოვნება. სტალინმა ბრძანა: "ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის". ეს აკრძალვა სტალინის გარდაცვალებამდე მოქმედებდა, შემდგომ კი შეიქმნა სხვადასხა ჯაზ-ორკესტრები, მაგრამ ისეთი აღიარება, როგორიც "გეპეის" ჯაზ-ორკესტრს ჰქონდა, არც ერთს არ მოუპოვებია. "გეპეის კვარტეტი", რომლის წევრებიც იყვნენ გურამ ბზვანელი, თამაზ ცინცაძე, გურამ ბაკურაძე და შოთა ხარაბაძე, ისეთი პოპულარული გახდა, რომ მოსკოვში ხალხით გადაჭედილ დარბაზებში მის კონცერტებს ცხენოსანი მილიცია იცავდა"... ოთხეულიდან დღეს, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარავინ არის. წლების წინ ლეგენდად ქცეული ჯაზ-კვარტეტიდან ერთ-ერთის, ინჟინრისა და კომპოზიტორის, ბატონი გურამ ბზვანელის გაცნობა მოვახერხე. ბატონი გურამი იყო ჯაზ-კვარტეტის სულისჩამდგმელი და იმ სიმღერების კომპოზიტორიც, რომლებიც დღემდე უყვარს ყველა თაობას. გული მწყდება, შოთა ხარაბაძის, თამაზ ცინცაძისა და გურამ ბაკურაძის გაცნობა რომ ვერ შევძელი (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ბევრისთვის საყვარელი მომღერლის - ნოდარიკო ხუციშვილის ბაბუა იყო), მაგრამ მიხარია, რომ შემიძლია ბატონი გურამ ბზვანელის მონათხრობით გიამბოთ ლეგენდარულ ოთხეულზე.
გურამ ბზვანელი - ახალგაზრდა უცნაური გვარით
გურამ ბზვანელი გვარად ტყეშელაშვილი იყო, მაგრამ მისი ოჯახის წარმომავლობა ვანის რაიონის სოფელ ბზვანს უკავშირდებოდა. ვფიქრობ, ბატონმა გურამმა, როგორც შემოქმედმა, გვარის ორიგინალური ვერსია აირჩია და ასე "დაიბადა" გურამ ბზვანელი!
ის კონსერვატორიის გვერდით, გრიბოედოვის 10 ნომერში ცხოვრობდა. გამიმხილა, სასკოლო ასაკიდან ვწერდი სიმღერებსო. თურმე სკოლის შემდეგ ძალიან უნდოდა რეჟისორობა, მაგრამ იმ წელს მიღება არ იყო. სამედიცინო ინსტიტუტში უცდია ბედი, მაგრამ ამაოდ. მომდევნო წელს მეგობრები შემომიჩნდნენ და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე და ამ ნაბიჯმა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. ერთი წლის შემდეგ ახლობლებიც კი მომიგზავნეს, სამედიცინო ინსტიტუტში გადმოდიო, მაგრამ არსად აღარ მინდოდა წასვლა, რადგან უკვე "გეპეის" ორკესტრში ვიყავი. მე რომ ინსტიტუტში მოვეწყვე, გურამ ბაკურაძე და თამაზ ცინცაძე უკვე იქ სწავლობდნენ. ინსტიტუტის ოლიმპიადაზე მათ ნოდარ დუმბაძის ტექსტზე დაწერილი ჩემი "სიმღერა თბილისზე" შეასრულეს, ორკესტრის ხელმძღვანელობას მოეწონა და ასე მიმიღეს ორკესტრშიო.
ბატონი გურამი სწავლის დაწყებამდე სოხუმში თამაზ ცინცაძესა და შოთა ხარაბაძეს შეხვედრია. იხსენებდა, ისინი დუეტში მღეროდნენ, გიტარაზე, მე კი შიგადაშიგ სხვადასხვა ხმას ვურთავდი. სწორედ მათ უთხრეს ინსტიტუტის დირექციას ჩემზე, კარგად მღერისო. მერე ხელმძღვანელობამ ბიჭებთან ერთად კვარტეტის შექმნა შემომთავაზა. ლექსზე "ქარი, აშარი" მოვამზადეთ სიმღერა და მოვასმენინეთ უნიჭიერეს კაცს, დორიან კიტიას - იმხანად პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტური პროფკომის თავმჯდომარეს. დორიანმა ემოციის გამოხატვა არ იცოდა, ვერ გაიგებდი, სწყინდა თუ უხაროდა, ამიტომ მეც უემოციოდ მითხრა, სტუდენტური ღონისძიება იმართება მუშთაიდის პარკში და იქნებ გამოხვიდეთო. კონცერტზე მსმენელს ისე მოვეწონეთ, გვთხოვდნენ, გვემღერა, მაგრამ ხმებში 2 სიმღერაზე მეტი არ ვიცოდით და რა შეგვესრულებინა? მერე გაირკვა, რომ დორიანს საცდელად გავუშვივართ კონცერტზე: აინტერესებდა, ხალხი თუ მოიწონებდა ჩვენს ნამღერს. თავდაპირველად, სამ ხმაში ვმღეროდით, 4 ხმაში სიმღერაზე მერე დავიწყე მუშაობა, თითქოს ყური თხოულობდა სხვა ხმას და, საბოლოოდ, სულ სხვა ჟღერადობის, ფორმისა და ჟანრის კვარტეტი გამოგვივიდაო. გააგრძელეთ კითხვა