"ავანგარდი" არმაგედონისთვის:"ნულოვანი პაციენტი" - დასცინის თუ არა პუტინი ბაიდენს და რას დაუპირისპირებენ რუსულ რაკეტას ამერიკელები?! - კვირის პალიტრა

"ავანგარდი" არმაგედონისთვის:"ნულოვანი პაციენტი" - დასცინის თუ არა პუტინი ბაიდენს და რას დაუპირისპირებენ რუსულ რაკეტას ამერიკელები?!

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მორიგ ინტერვიუში მორიგი მარგალიტები „გამოაფრქვია“ და ამერიკელებს რუსული ბირთვული რაკეტებისგან თავდასხმის შემთხვევაში, გადარჩენის ყველა შანსი „გადაუწურა“...

...რომ იცოდეთ, რა უზარმაზარი თანხები დაუჯდათ ამერიკელებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნა და ამასთან შედარებით, რამდენად ნაკლებ ფასად გავაკეთეთ „ავანგარდი“, რომელიც ფაქტობრივად ანულებს აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის უნარს, ჩამოაგდოს ჩვენს მიერ გაშვებული ბირთვული ქობინები - დაახლოებით ასეთი მოსაზრება გააჟღერა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც გასაგებია, რომ მიმართული იყო არა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის,არამედ პირველ რიგში აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლების დასაშინებლად...

პუტინს თავად რუსეთშიც „განულებულს“ ეძახიან, რადგან მან გაანულა თავისივე წინა საპრეზიდენტო ვადები, რათა კვლავ და კვლავ „აერჩიათ“ პრეზიდენტად და უდავოა, რომ ამ კვირაში დაგეგმილ რუსეთის პრეზიდენტის მორიგ არჩევნებზე ისევ პუტინი „გაიმარჯვებს“ - შესაბამისად, მას სჭირდება წინასაარჩევნო პიარი, როგორც შიდა, რუსეთის მოქალაქეებზე ინფორმაციულო ზემოქმედება, ისე საერთაშორისო დონეზეც „გასროლა“ - რაც „ავაგარდებით“ ამერიკელების მორიგი დაშინებაა...

პირველად ეს პუტინმა 2018 წელს გააკეთა, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ამავე „ავანგარდებით“ დაემუქრა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს...

1-avangardi-1710317475.png
რუსული მანევრირებადი ჰიპერბგერითი ბირთვული ბლოკის „ავანგარდის“ შესაძლებელი დიზაინი...

რა არის ასეთი რუსული „ავანგარდი“ და რატომ უნდა ეშინოდეს მისი აშშ-ს?

"ავანგარდი" არის ჰიპერბგერითი მართვადი ბირთვული ბლოკი, დამონტაჟებული საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ნაკვეთურში, რომელიც ჩვეულებრივი ქობინისგან განსხვავებით, წინასწარ პროგნოზირებადი ბალისტიკური ტრაექტორიით კი არ მიფრინავს, არამედ უდიდესი - არანაკლებ 9 კმ/წმ-ში სიჩქარით მანევრირებს, რითაც ანტირაკეტის მართვად მოდულს მასთან შეჯახების შანსს აღარ უტოვებს.

დღეისათვის აშშ-ის ძირითად ანტისარაკეტო ფარს წარმოადგენს ალიასკასა და კალიფორნიაში განთავსებული 60-მდე GMD (Ground-based Midcourse Defense) ტიპის ანტირაკეტა, რომელთა სტარტი ხორციელდება მოწინააღმდეგის მხრიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების მძლავრი რადიოლოკაციური სადგურების მიერ აღმოჩენის შემდეგ - ანტირაკეტა დიდი სისწრაფით უახლოვდება ბალისტიკური რაკეტიდან „გამოტყორცნილ“ ბირთვულ ქობინებს, მათ ზუსტად ეჯახება და მხოლოდ კინეტიკური ენერგიის ხარჯზე ანადგურებს მათ(ანტირაკეტას არ გააჩნია ასაფეთქებელი მოწყობილობა). ეს მეთოდი მეტ-ნაკლებად შეიძლება ეფექტიანი ყოფილიყო იმ ბირთვული ქობინების წინააღმდეგ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტიდან „გამოტყორცნის“ შემდეგ ადვილად პროგნოზირებადი ტრაექტორიით „ეცემიან“ დედამიწაზე, მაგრამ „ავანგარდის“ შემთხვევაში(თუ დავუჯერებთ პუტინსა და მის პროპაგანდისტებს) ეს ბირთვული ბლოკი (რომელიც კონფიგურაციით ირანულ „შაჰიდს“ წააგავს, თუმცა ბევრად გამძლე მასალისგანაა დამზადებული) იწყებს მანევრირებას, თანაც ჰიპერბგერითი სიჩქარით, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ამერიკული ანტირაკეტის მასზე ზუსტად დაჯახებას და მხოლოდ კინეტიკური ენერგიით განადგურებას.

2-avangardi-1710319709.png
ღია კოსმოსში, რუსული საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ნაკვეთურის გახსნისას „ავანგარდის“ „გამოტყორცნის“ წინ...

აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას აქვს სხვა საშუალებებიც რუსული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, მათ შორის, კრეისერებსა და ფრეგატებზე დაყენებული საბრძოლო საინფორმაციო-სამეთაურო სისტემა Aegis -ი, Standard SM-3 Block IIA ტიპის ანტირაკეტების სახით, ასევე THAAD ტიპის სახმელეთო ანტისარაკეტო მობილური სისტემები, თუმცა ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა თუ რამდენად მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა ექნებათ მათ ჰიპერბგერითი და თანაც მანერირებადი რუსული ბირთვული „ავანგარდების“ მოსაგერიებლად...

დიდი ალბათობით, რუსული „ავანგარდი“ ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შემოსვლისას დაკარგავს ჰიპერბგერით სიჩქარეს, თუმცა მანევრირების უნარი მაინც დარჩება და ყველა შემთხვევაში ძალიან რთული საჰაერო სამიზნე იქნება...

აშშ-ში ახორცილებენ ანტისარაკეტო თავდაცვის ულტრათანამედროვე სისტემების შემუშავებას, მაგრამ ამას არაერთი წელი დასჭირდება, ხოლო კრემლის მტკიცებით, მათ ჯერ კიდევ 2021 წელს დააყენეს საბრძოლო მორიგებაზე მიწისქვეშა შახტებში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე დამიზნებული ის საკონტინეტშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომელთა საბრძოლო ნაკვეთურებში „ავანგარდის“ ჰიპერბგერითი და მანევრირებადი ბირთვული ბლოკებია განთავსებული...