როგორ გაიხარა კოლხურმა ბზამ საგარეჯოელი მუსიკოსის ხელში - კვირის პალიტრა

როგორ გაიხარა კოლხურმა ბზამ საგარეჯოელი მუსიკოსის ხელში

მარინა ურდულაშვილი მუსიკოსია, არაერთი სიმღერისა და ტექსტის ავტორი. წერს ლექსებს, აქვს რამდენიმე საავტორო სიმღერაც. ქალიშვილთან ერთად ფოლკლორულ ანსამბლ "ჩინარის" წევრია... ორი ათწლეულია საგარეჯოში საბავშვო მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს. "საქმე, რომელსაც ვემსახურები, ძალიან მიყვარს. ჩემი სტუდიიდან ბევრი წარმატებული ბავშვი წავიდა არაერთ სატელევიზიო, საბავშვო-მუსიკალურ პროექტში. შესანიშნავი შედეგები აქვთ, რითაც ბედნიერი ვარ", - გვეუბნება მარინა ურდულაშვილი. ამავე დროს, იგი თავის კარ-მიდამოში საკუთარი ხელით შექმნილ ბაღს უვლის, ახერხებს იყოს წარმატებული მუსიკოსი, პედაგოგი და ეზოც ბაღნარად ჰქონდეს ქცეული.

vzhpx3m7-1710322670.jpeg

მარინა ურდულაშვილი: - დედას განსაკუთრებულად უყვარდა ვარდები, პატარა რომ ვიყავი, ჩვენი ეზო მისათითებელი იყო, რა ლამაზიაო. ამას დედა აკეთებდა და ბავშვები არ ვერთვებოდით. დედა გარდაიცვალა და ამის გამო დიდი ტკივილი მაქვს. დაოჯახების შემდეგ ეს ზრუნვა ჩვენს თავზე ავიღეთ, ეზოშიც რაღაცები შევცვალე. მეტი მცენარე შემოვიტანე.

ბზა დედასაც ჰქონდა, მაგრამ ბევრი ჯიშის ბზა გავამრავლე ჩემი ხელით. დაახლოებით 69 ძირია, კოლხური ჯიშები.

- ბზის გამრავლება ცოტა რთულია, როგორ ახერხებთ ამას?

- ტოტს ვჭრი და ვაფესვიანებ, ოღონდ, იცით, როგორ? ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვდებ მიწაზე და აუცილებლად ფესვიანდება. მხოლოდ სიმწვანეს ვტოვებ მიწის ზედაპირზე, დანარჩენ ღეროს, რასაც ვჭრი, ჰორიზონტალურად ვაწვენ, მიწას ვაყრი და ფესვი მას გამოაქვს. ეს მეთოდი ამართლებს.

32n538vh-1710322670.jpeg

- ძირს მიწით ფარავთ და რაც სიმწვანე აქვს, ნორჩი ყლორტები ზემოთ რჩება, ხომ? რამდენ ხანში გამოაქვს ფესვი?

- ერთ წლამდე მაინც უნდა. გაზაფხულზე რომ ვაწვენ, შემოდგომისთვის უკვე ფესვგადგმულია. თუკი სიმწვანე შემოდგომამდე შეინარჩუნა, ამით ვხვდები, რომ დაფესვიანდა - სხვა ვერაფრით. ანუ თუ მუდმივად მწვანეა და შემოდგომამდე ასე გაძლო, ესე იგი, შედეგს მივაღწიე. სულ ასე მაქვს ბზა გამრავლებული. მერე ბუჩქებს სხვადასხვა ფორმებს ვაძლევ, ხან სოკოსას, ხან ამა თუ იმ გეომეტრიული ფიგურის. ამაში ჩემი შვილი გიორგი მეხმარება. საკმაოდ ბევრი ბუჩქია და ფორმირებაც არ არის ადვილი.

- ეზო დიდი გქონიათ.

- 1200 კვადრატული მეტრია. არის პატარა ნაწილი, სადაც ხეხილის ბაღია. ბევრი ალუბალი ხარობს. როცა ნაყოფი ასხია, საოცრებაა, ასევე მომხიბლავია მისი ყვავილობაც... მინდა, რომ ეზოში ხეხილიც იყოს, უნდა გქონდეს ის, თორემ ამ ფართობსაც ავითვისებდი ყვავილებისთვის. თან მიყვარს, მამას დარგული ხეებია. ვერც მოვჭრი ხეხილს, თუ თვითონ არ გახმება. ერთი ალუჩა რომ გამიხმა, ლექსიც დავწერე - "მამაჩემის ალუჩები გამხმარა, ნუშის ხესაც დასცვენია რტო". გული მტკივა, როცა ჩემი მშობლების ნახელავს რამე ემართება. ამიტომ ხელს არ ვახლებ ხოლმე.

- ყველაფერი დავარცხნილი, გაკრეჭილი და გასუფთავებულია...

- ნებისმიერ საქმეში წესრიგი მიყვარს­ და მით უფრო, ჩემი ბზები არ შემიძლია არ იყოს მოწესრიგებული, დავარცხნილი, სხვა მცენარეები გასხლული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასა­კრეჭად ახალი ტექნოლოგიური საშუალებები არის და შეიძლება შევიძინო, რადგან ჩვენი ხელსაწყოთი მუშაობა ცოტა რთულია.

4d127d01-baf6-495b-96a8-a8402d075c40-1710321507.jpg

- ალბათ დედის დაწყებულ ტრადიციას განაგრძობთ და ვარდებს ახარებთ.

- დედას ვარდები რამდენიმე ძირი დამრჩა, სურნელოვანია, თუმცა ერთჯერადად მოყვავილე. ახლა რაც ოსტინის ვარდები შემოვიდა, მეორადი და მრავალჯერადი ყვავილობა ახასიათებთ, ზოგჯერ დეკემბრამდე ყვავიან და თან ძალიან სურნელოვანია. მაქვს ასევე ჯუჯა ვარდები და მარადმწვანე მცენარეები. ჩემთვის სიმწვანეს დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩემთან სულ გაზაფხულია. ზამთარში რომ ქრება ფერები, მე სულ რაღაცნაირად ვიგაზაფხულებ ხოლმე თავს ეზოშიც და სახლშიც.

- ანუ თქვენი ბაღი ზამთარშიც არ კარგავს თავის იერს?

- მაქვს ემონიუსები. მათ აქვთ კიდევ სიჭრელე - ყვითელი შერეული ფერის ფოთლები. აგრეთვე სურნელოვანი ლავანდები, ვერცხლისფერი ხავერდის ფოთლებით. ეს ჩემი ეზოს გამწვანებას კიდევ სხვა ელფერს მატებს. არის აგავები, ნაძვებიც, მაქვს მარადმწვანე ჯუნიპერუსები, ანუ ჩვენებურად ღვია.

ჩვენთან ახლოს, სართიჭალაში არის სანერგე, კარგი მცენარეები აქვთ, ბევრი რამ მომაქვს და ბაღს ვამდიდრებ... ულამაზესი პატარა ნაძვის ჯიშებიც ხარობს.

ee205417-2715-4590-8256-996944705eef-1710321507.jpg

- ბევრ საქმეს კი აუდიხართ - ძირითად პროფესიასაც და ბაღის გალამაზებასაც...

- სიყვარულით საქმის კეთება, მგონია, ენერგიას გვიორმაგებს, ჩემს შემთხვევაში ასეა. როცა გვიყვარს და იმ საქმეს ვაკეთებთ, ცხოვრება მეტად შინაარსიანი ხდება, უფრო ლამაზია, მიზანიც გაქვს. მგონი, ეს მეხმარება, რომ არ დავიღალო. ზამთრის გარდა, ყველა სეზონზე, ძირითადად დილას და საღამოს ვიცლი. 10-დან 6-მდე სკოლაში ვსაქმიანობ ან ჩემს სტუდიაში ვარ, სადაც უამრავი საქმეა, მაგრამ დილასა და საღამოს დროს ვპოულობ, რომ საყვარელ საქმეს მივხედო. ოჯახიც მეხმარება, მეუღლე და შვილიც.

- კომპოზიციები გაქვთ შექმნილი.

- სულ ვეძებ ძველ ნივთებს, რაც ბებიის დროინდელი თიხის ჭურჭელი თუ საკიდარი მქონდა დარჩენილი, ყველაფერი ეზოში გამოვიტანე და ამას გამომზეურება დავარქვი, მინდა, სულ ცოცხალი იყოს. ჩვენს წარსულთან უხილავი ძაფები გვაკავშირებს, არ მინდა, რომ ეს კავშირი გაწყდეს და ამ ნივთებსაც თავისი ადგილები მივუჩინე. თუმცა, ახალ რაღაცებსაც ვიძენ, თანამედროვე დიზაინის ნივთებიც მომწონს. მათ სიძველეებს ვუხამებ.

cf0f4143-588b-469e-b9c4-4d5250068914-1710321507.jpg

- ეზო ასე რომ გამოიყურება, სასუქად რას იყენებთ?

- ძირითადად გადამწვარ ნაკელს, ოთახის ყვავილებისთვის პერლიტი და ტყის მიწა მომაქვს.

- შვილები ახსენეთ და მათზეც გვითხარით რამე.

- ორი შვილი მყავს, წარმატებულები არიან თავიანთ საქმიანობაში. გიორგის ტურიზმის მიმართულებით აქვს განათლება, სალომე პიარმენეჯერია, არაერთი სატელევიზიო პროექტის მონაწილე... თავიანთი ოჯახები აქვთ, თუმცა გიორგი პაპის ტრადიციას განაგრძობს - მამაჩემმა დაგვიტოვა საფერავის ჯიშის ვენახები და მის შემდეგ ეს საქმე, რასაც მეღვინეობა ჰქვია, უნდა გაგვეგრძელებინა. გიორგიმაც კარგად გაართვა ამას თავი და პაპის ვენახს უვლის. საოჯახო ტიპის მარანს ვაფუძნებთ. ძველი მარანი განვაახლეთ, მამის დანატოვარია ესეც, ახალი ქვევრები დავამატეთ. ძირითადად საფერავსა და რქაწითელს ვწურავთ, თუმცა ჩვენთან მანავის მწვანეცაა. გიორგი ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით აყენებს, ბოთლებში ასხამს. ბევრი რამ ახლა შევიმუშავეთ და ყველაფერი მალე გვექნება. შატოს სახელი ჩვენი გვარიდან გამომდინარე დავარქვით, რადგან მამის კერაზე დავრჩით... მალე შევძლებთ სტუმრების მიღებას.

- როდესაც რაღაცას აკეთებთ, რაღაც გამოდის, იდეა ამართლებს, მუშაობაში დრო გადის, ემოციები როგორია?

- დადებითი ემოციით ვარ, არაფერს ვაკეთებ ძალდატანებით და ეს ჩემთვის სასიამოვნო საქმეა. მშენებლობები გვაქვს და ეს ეზოში ბევრი რამის გაკეთებას მოითხოვს, კიდევ ვაპირებ ბაღის გაზრდას.