პუტინი და "სამი გოჭი": 75 წლის კომუნისტი, ჟირინოვსკის მემკვიდრე, სექსუალური მოძალადე და "მშვიდობის მტრედი" - ვინ არიან კრემლის ბინადრის ე.წ. კონკურენტები - კვირის პალიტრა

პუტინი და "სამი გოჭი": 75 წლის კომუნისტი, ჟირინოვსკის მემკვიდრე, სექსუალური მოძალადე და "მშვიდობის მტრედი" - ვინ არიან კრემლის ბინადრის ე.წ. კონკურენტები

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „პუტინი და მისი სამი „ოპონენტი“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში: ვინ ვინ არის?“, რომელშიც განხილულია 15-17 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე კანდიდატების მონაცემები, მათი იდეები და პერსპექტივა - ვის რა შანსები აქვს აქვს...

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

ვლადიმერ პუტინი - მოქმედი პრეზიდენტი.

არ ატარებს საარჩევნო კამპანიას, მაგრამ - აწარმოებს ომს. და სურს ორივე გააგრძელოს (ომიც და ქვეყნის ხელმძღვანელობაც). საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს მეხუთედ. ორი წლის წინ, მისი ბრძანებით, რუსეთის არმია შეიჭრა უკრაინაში, დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსირება.

2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ორდერი ვლადიმერ პუტინის დასაპატიმრებლად, უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით. პრეზიდენტობის წინა პერიოდში გადაწერა კონსტიტუცია, გაანულა თავისი პრეზიდენტობის ვადები და გააძლიერა პოლიტიკური რეპრესიები რუსეთის შიგნით, ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერებიდან ზოგი ციხეში ჩასვა, ზოგმაც თავს უშველა და რუსეთიდან გაიქცა.

დიდი ალბათობით, არჩევნებში გაიმარჯვებს, ხმების 80%-ით. რუსეთის ამჟამინდელი კანონებით, ვლადიმერ პუტინს უფლება აქვს, ხელისუფლებაში დარჩეს 2036 წლამდე (ანუ 83 წლის ასაკამდე).

ნიკოლაი ხარიტონოვი - კანდიდატი რუსეთის კომპარტიიდან

ყველაზე ხნიერი კანდიდატი საარჩევნო სიაში. მოსახლეობას სთავაზობს „მარცხნივ მოხვევას მომავალში“ და ხაზს უსვამს, რომ ვლადიმერ პუტინს არ აკრიტიკებს. იგი რუსეთის კომუნისტური პარტიის 75 წლის ვეტერანია, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, 20-წლიანი სტაჟით.

ნიკოლაი ხარიტონოვის საარჩევნო კამპანიის ერთადერთი მოულოდნელობა გახდა თვით მისი წარდგენის ფაქტი, კანდიდატად, კომპარტიის მრავალწლიანი ლიდერის გენადი ზიუგანოვის ნაცვლად. ბალოტირებს ლოზუნგით - „ვითამაშეთ კაპიტალიზმობანა და - გვეყოფა“.

მასმედიასთან შეხვედრების დროს ლაპარაკობს, რომ საკუთარ თავში მას „ადამიანების მიმართ სიყვარულის გამოვლენა“ მოსწონს. ინტერვიუში ჟურნალისტებს ეუბნება, რომ არ შეუძლია იმის თქმა, თუ რით არის ვლადიმერ პუტინზე კარგი. 2022 წელს მოხვდა დასავლური სანქციების ქვეშ. გამოდიოდა და გამოდის უკრაინის „დენაციფიკაციის“ მხარდაჭერით. ნიკოლაი ხარიტონოვს - როგორც პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს - თავისი ვებგვერდი არ აქვს.

ლეონიდ სლუცკი - კანდიდატი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი 1999 წლიდან, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. თავის საარჩევნო კამპანიას წარმართავს პარტიის აწ გარდაცვლილი დამაარსებლის, ვლადიმერ ჟირინოვსკის იდეების მიხედვით და აცხადებს, რომ „ვოლფოვიჩის“ საქმეს აგრძელებს.

ლეონიდ სლუცკის ამჟამად ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა აქვს დაკავებული. როგორც სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, განახორციელა ევროპელთა დელეგაციის ვიზიტი ოკუპირებულ ყირიმში, რისთვისაც ჯერ კიდევ 2014 წელს მოხვდა დასავლური სანქციების ქვეშ. მეგობრობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერებთან, მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას.

2018 წელს ლეონიდ სლუცკის რამდენიმე ახალგაზრდა ჟურნალისტმა ქალმა, მათ შორის - BBC-ისა [და RTVI-ის კორესპონდენტებმა ფარიდა რუსტამოვამ და ეკატერინა კოტრიკაძემ] ბრალი დასდეს სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა, 2018 წელს, როცა სათათბიროს ეთიკის კომისიამ, ოთარ არშბას თავმჯდომარეობით, ლეონიდ სლუცკის მიმართ ბრალდების საქმე განიხილა, დეპუტატის ქცევაში რაიმე დარღვევა ვერ იპოვა.

ვლადისლავ დავანკოვი - კანდიდატი პარტია „ახალი ადამიანებისაგან“

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე. კანდიდატი, თითქოსდა, მშვიდობის მომხრეა, მაგრამ სათათბიროში მხარი დაუჭირა რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრას.

ვლადისლავ დავანკოვი ახალი პარტიის ახალი სახეა, რუსეთში მას შედარებით ნაკლებად იცნობენ. ითვლება კომპანია Faberlic-ს თანადამაარსებლად. მონაწილეობდა მოსკოვის მერის არჩევნებში, 2023 წელს და ხმების მხოლოდ 5% მოაგროვა. უკრაინასთან ომში გამოდის ლოზუნგით - „მშვიდობა და მოლაპარაკება“, მაგრამ - „რუსეთის პირობებით“.

მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიის ანექსიას, რისთვისაც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვდა. საარჩევნო კამპანიის დროს მიიღო რუსული ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა. ცნობილი რუსი პოლიტტექნოლოგის, ოპოზიციური ლიდერების (ალექსი ნავალნის, დიმიტრი გუდკოვის და ა.შ.) - საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორის - მაქსიმ კაცის თქმით, ვლადისლავ დავანკოვი ყველაზე მისაღები კანდიდატია რუსეთის ფედერაციის იმ ამომრჩევლებისათვის, რომლებიც კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა ალექსი ნავალნის მომხრეები მის შეფასებას არ ეთანხმებიან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო