"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც" - რა მოხდა სამტრედიის ქუჩაზე? - კვირის პალიტრა

"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც" - რა მოხდა სამტრედიის ქუჩაზე?

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება მოხდა, რომლის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც.

კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს.

3f406c7c-deda-4544-9055-d0463d531af1-1710396378.jpg

ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები.

მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, სამტრედიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე.

samt-1710396419.jpg

“სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველი სართულის აფეთქება. ფართი არის კომერციული, შიგნით მცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები”,- განაცხადა მუსელიანმა.

გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ადამიანების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა სამტრედიას ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

“ სავარაუდოდ, არის გაზით აფეთქება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი. ჩვენ ჩართულები ვართ, გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების საცხოვრებელი ბინებით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანარჩენს დაველოდებით. ჩვენ ვარაუდობთ, რომ არის გაზით აფეთქება", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2 კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

20f809cc-0a8a-4a23-9e3f-4cd0e2d67c19-1710396438.jpg

მათი ინფორმაციით. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

„დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.

პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ფოტოები: "ინტერპრესნიუსი"