"სამი წლის ტყუპს ვაფრთხილებდით, ქართულად ხმა არ ამოეღოთ"
„მამამ დედას უთხრა: რა განერვიულებს, საკონცენტრაციო ბანაკი გამომივლია, დამხვრეტენ, მეტი რას მიზამენო?“
ოჯახი აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში 1962 წელს დასახლდა, რადგან მიხეილ ნიორაძე იქ სამუშაოდ მიიწვიეს. მისი უფროსი ქალიშვილი სვეტლანა მაშინ 10 წლის იყო. მან სკოლა ბიჭვინთაში დაამთავრა, მერე თბილისში სწავლობდა, აქვე გათხოვდა... თუმცა, დაბაში ხშირად ჩადიოდა, მისი მშობლები ომის მერეც იქ ცხოვრობდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე იხსენებს სკოლას, პედაგოგებს, მეზობლებს...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"მამაჩემი მშენებელი ინჟინერი იყო, ჯერ სამეგრელოში აშენებდა მცირე ჰესებს, მერე აფხაზეთში მოხვდა, იქაურობა ძალიან მოეწონა და დარჩა საცხოვრებლად. მე და ჩემი ორი და ბიჭვინთის რუსულ საშუალო სკოლაში ვსწავლობდით, ქართული მოგვიანებით აშენდა. როცა სენაკში ვცხოვრობდით, ქართულ სკოლაში დავდიოდი სამი წელი. მშობლებს უნდოდათ, ქართულად გვესწავლა, მაგრამ მხოლოდ გაგრაში იყო ქართული სასწავლებელი, იქამდე კი 20 კმ-ზე მეტი უნდა გაგვევლო და თან მგზავრობას ვერ ვიტანდი..."
"კლასელები ვმეგობრობდით. მაგრამ 2008 წლის მერე ყველასთან გავწყვიტე კონტაქტი. საშინელებებს ამბობდნენ: თქვენ იქ ბავშვებს კლავდითო; რუსებს არაფერი დაუბომბიათ, ეგ ტყუილიაო... ვწერდი, რომ ჩემი შვილი იბრძოდა ომში და გორიც დაბომბეს, ფოთიც-მეთქი. რად გინდა, ვერაფერს ვუმტკიცებდი!.."
"17 წლიდან თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ იქ ხშირად ჩავდიოდი. ომი რომ დაიწყო, იმ ზაფხულს ჩემი ოთხივე შვილით ბიჭვინთაში ვიყავი. იქიდან რაღაც საშინელი კატერით გამოვიქეცით, რომლითაც აფხაზებს ქართველები გადაჰყავდათ ადლერამდე. შიშით ქართულად არ ვლაპარაკობდით. უმცროსი შვილები, ტყუპი - ვახო და ირინა სამი წლის იყვნენ და მხოლოდ ქართული ენა იცოდნენ. სასაცილო იყო, ამ პატარებს რომ ვეუბნებოდით, ქართულად ხმა არ ამოიღოთო..."
"შეძლებულები იყვნენ და დედას ეხვეწებოდნენ, დაეტოვებინა სახლი, მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ ქალი კატეგორიულ უარზე იდგა, - აქედან არ წავალო, ჯიუტად იმეორებდა. აფხაზები დილის 6 საათზე დაადგნენ, დარეკეს ზარი და გარეთ გაიყვანეს. დედაჩემი მიყვებოდა, მთელ ბიჭვინთას ესმოდა მაგისი კივილიო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
ნანული ზოტიკიშვილი