ფაშინიანის სენსაციური განცხადება და სომხური "ბუნტი" - გააძევებენ თუ არა პუტინს ერევნიდან და ირან-თურქეთის ფაქტორი - კვირის პალიტრა

ფაშინიანის სენსაციური განცხადება და სომხური "ბუნტი" - გააძევებენ თუ არა პუტინს ერევნიდან და ირან-თურქეთის ფაქტორი

ჩვენს მეზობელ სომხეთში ისეთი პოლიტიკური ძვრებია დაწყებული, რამაც შეიძლება, სულ მალე, მთელ სამხრეთ კავკასიაში რადიკალურად შეცვალოს სამხედრო-პოლიტიკური ძალთა ბალანსი...

12 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თითქმის სენსაციური განცხადება გააკეთა ОДКБ -სთან (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც 1992 წელს შეიქმნა და მასში დღეს რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთია გაერთიანებული) მიმართებაში - ჩვენ ეხლა ვთხოვთ, ველოდებით, მოვითხოვთ, რომ ჩვენმა პატივცემულმა პარტნიორებმა ОДКБ-დან გაგვცენ პასუხი კითხვაზე - პასუხისმგებლობის რა ზონა აქვს სომხეთთან მიმართებაში ОДКБ-ს. 2021 და 2022 წლებში აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარ მოვლენებზე ОДКБ-მ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის დაცვაზე რეაგირება არ მოახდინა. თუკი ОДКБ-დან არ მოგვცემენ ზუსტ პასუხს სომხეთის სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით, სომხეთი გამოვა ОДКБ-დან...

ფაშინიანის ეს ხისტი განცხადება გათვლილი იყო კრემლზე და მოსკოვიდან პასუხმაც არ დააგვიანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მოლაპარაკე თავმა“ - ზახაროვამ, თავის სტილში, არადიპლომატიურად და უხეშად უპასუხა ოფიციალურ ერევანს, რაც მთლიანად სომხეთისთვის შეურაცხმყოფელიც უნდა გამხდარიყო...

სომხეთის ხელისუფლების პოზიცია გასაგებია - ОДКБ-ში სომხეთი თავის დროზე იმიტომ გაწევრდა, რომ დიდი იმედი ჰქონდა ამ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის და პირველ რიგში - რუსეთის მხარდაჭერის „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა“ და მის გარშემო ოკუპირებული აზერბაიჯანის შვიდი რაიონის შენარჩუნებაში, თუკი აზერბაიჯანი ომით დაკარგულის ომით დაბრუნებას შეეცდებოდა.

2020 წლის შემოდგომაზე ასეც მოხდა და აზერბაიჯანმა 44 დღიანი ომის შედეგად გაათავისუფლა ოკუპირებული შვიდივე რაიონი და ყარაბაღის დიდი ნაწილიც დაიბრუნა, სომხეთი კი იმ დახმარების გარეშე დარჩა, რასაც გარედან ელოდა.

თუმცა ОДКБ ოფიციალურად ვერაფრით დაეხმარებოდა ერევანს, რადგან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ არ წარმოადგენდა სომხეთის ტერიტორიას (სომხეთს ის აღიარებულიც კი არ ჰქონდა), ამასთან, ამ ორგანიზაციის არანაკლებ ორი წევრი - ბელარუსი და ყაზახეთი აზერბაიჯანს უფრო უთანაგრძნობდნენ, ვიდრე - მათი ორგანიზაციის წევრ სომხეთს, და მაინც, ერევანში, კონკრეტულად მოსკოვის დიდი წყენა დარჩათ, სამხედრო დახმარების არ აღმოჩენის გამო...

44-დღიან ყარაბაღის ომში წაგების შემდეგ, რასაც 2023 წლის ერთდღიან ომში ყარაბაღზე კონტროლის სრული დაკარგვა და იქიდან სომეხი ეროვნების მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოჰყვა, ერევანს ახალი დიდი პრობლემები გაუჩნდა, უშუალოდ თავის საზღვრისპირა რაიონებში - ომებში გამარჯვებულ ბაქოს „აპეტიტი გაეხსნა“ და სომხეთისგან საზღვრისპირა ოთხი სომხური სოფლის ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემას მოითხოვს, რის გარეშეც ბაქო ერევანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას არ აპირებს...

სწორედ იმის ფონზე, რომ ახალი ტერიტორიული პრობლემები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე გაჩნდა, ერევანი, პირველ რიგში, პოლიტიკურ მხარდაჭერას მოითხოვს ОДКБ-ს წევრებისგან.

მაგრამ დიდი ალბათობით, სომხეთი ასეთ მხარდაჭერას ОДКБ-სგან ვერ მიიღებს, რომლის დანარჩენი წევრები თვალებში შეჰყურებენ რუსეთის პრეზიდენტს, ფაშინიანზე გაბრაზებული პუტინი კი ОДКБ-ს აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ „დაგეშავს“.

საქმე ის არის, რომ ОДКБ-სა და, განსაკუთრებით, რუსეთის უმოქმედობით განაწყენებული ფაშინიანის პოლიტიკური გუნდი ბოლო წელია, ძალზე გააქტიურდა „დასავლეთ ფრონტზე“ და მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბება დაიწყო ნატოს წევრ ქვეყნებთან, პირველ რიგში კი - საფრანგეთთან, ასევე, საბერძნეთთან, რამაც საპასუხო უარყოფითი რეაქცია გამოიწვია რუსეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.

მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგია დასავლეთის პოლიტიკური და მით უმეტეს - სამხედრო გავლენის გაზრდით სამხრეთ კავკასიის რეგიონში - კრემლში ჯერ ის ვერ მოუნელებიათ, რომ საქართველო დასავლეთისკენ ისწრაფოდა და ამდენი ომი მოგვახვიეს თავს, ეხლა თუკი სომხეთიც დასავლეთის გზას დაადგება, ეს რუსეთის გავლენას ჩვენს რეგიონში რეალურად დიდ პრობლემებს დაუმატებს.

მოსკოვის პოზიციას იზიარებს ბაქოც - პრეზიდენტ ალიევისთვის მიუღებელია საფრანგეთის სამხედრო დახმარების (მათ შორის - ჯავშანმანქანებითა და რადიოლოკატორებით) გაზრდა სომხეთის არმიისთვის და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ბაქოში ლამის მტრადაც კი აღიქვამენ.

თავის მხრივ, თურქეთსაც არანაირად არ მოსწონს საბერძნეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარების გაძლიერება სომხეთისთვის - მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიცა და საბერძნეთიც ნატოს წევრები არიან, მათ შორის სამხედრო დაპირისპირების კვლავ დაწყება (როგორც ეს არა ერთხელ უკვე მომხდარა) გამორიცხული სულაც არ არის.

სომხეთის მეზობელი ირანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია სომხეთსა და საქართველოზე გამავალ სახმელეთო დერეფანს და ამიტომაც თეირანისთვისაც მიუღებელი იქნება დასავლეთის ქვეყნების გავლენის მნიშვნელოვანი გაზრდა სომხეთზე, თუმცა ირანი ასევე ეწინააღმდეგება აზერბაიჯანიდან სომხეთის სიუნაკის რაიონზე ზანგეზურის დერეფნის გაჭრას ნახიჩევანამდე და, შესაბამისად, თურქეთამდე, რაც აუცილებლად გააძლიერებს პრეზიდენტ ერდოღანის „პოლიტიკურ მადას“, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე - შუა აზიის რეგიონებში და დაძაბულობის შემთხვევაში, ირანს შეიძლება სულაც გადაუკეტონ სომხეთიდან საქართველოსკენ მიმავალი სატრანსპორტო არტერია...

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი არა მარტო ОДКБ-სთან თანამშრომლობაზე აცხადებს მორატორიუმს, არამედ - სომხეთის მთავარი საჰაერო კარიბჭიდან, ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების სასწრაფო გაყვანასაც მოითხოვს.

ნონსენსია, მაგრამ ფაქტია, რომ სომხეთის სახელმწიფო საზღვრებს ირანთან და თურქეთთან ჯერ კიდევ 1992 წლიდან რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ, რომლებიც სტრუქტურულად შედიან რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში - ФСБ-ში...

თავად წარმოიდგინეთ, რამხელა კაზუსი იქმნება, როდესაც სომხეთი ევროკავშირში გასაწევრებლად მიისწრაფის და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე აცხადებს სურვილს და ამ დროს ზვარტნოცში ოფიციალური ვიზიტით ჩაფრენილი ევროდეპუტატები და, მით უმეტეს - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერლები აეროპორტში საპასპორტო კონტროლს... რუსეთის ФСБ-ს მესაზღვრე ოფიცრებთან გადიან?!დასავლეთისკენ სწრაფად დაახლოების გზაზე ფაშინიანის ხელისუფლებას მალე დასჭირდება მოსკოვისთვის იმის მოთხოვნაც, რომ ФСБ-ს რუსი მესაზღვრეები თურქეთისა და ირანის საზღვარზე სომეხი მესაზღვრეებით ჩაანაცვლოს, ხოლო შემდეგ თვით გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანის საკითხიც დადგება, რაც უკიდურესად დაძაბავს ურთიერთობას სომხეთსა და რუსეთს შორის...

მანამდე კი ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, რომელიც განიხილავს სომხეთისთვის ევროკავშირში გაწევრებაზე დებატების დაწყებას, თუკი ერევანი ასეთ სურვილს ოფიციალურად გამოხატავს...