პუტინის "კარმა": ბელგოროდი ცეცხლის ალში - რუსები რუსების წინააღმდეგ და ომის ბუმერანგის პრინციპი - კვირის პალიტრა

პუტინის "კარმა": ბელგოროდი ცეცხლის ალში - რუსები რუსების წინააღმდეგ და ომის ბუმერანგის პრინციპი

მესამე დღეა, რაც უკრაინა-რუსეთის საზღვრის იმ მონაკვეთზე, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მეორე წელია, აღარ მიმდინარეობდა, უცნაური ამბები ხდება... 12 მარტიდან უკრაინის ტერიტორიიდან ხორციელდება თავდასხმები რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვრისპირა რაიონებზე - სახელმწიფო საზღვარი ტანკებითა და ჯავშანმანქანებით გადაკვეთეს ლეგიონის - „თავისუფლება რუსეთს“, რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ციმბირული ბატალიონის მებრძოლებმა...

ანუ თეორიულად რუსები რუსებს დაესხნენ თავს, თუმცა დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ეს „რუსული“ საბრძოლო დანაყოფები შექმნილია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში.

გენერალ ბუდანოვის სამსახურმა - უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ერთი წლის წინ, 2023 წლის 22-24 მაისს უკვე გამოიყენა ლეგიონის -„თავისუფლება რუსეთს“ და რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლები რუსეთის ბელგოროდის რაიონის საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებზე სადაზვერვო-დივერსიული რეიდების განსახორცილებლად.

2024 წლის 12 მარტს დაწყებული შეტევებიც წააგავს გასული წლისას, მაგრამ უფრო ფართომასშტაბიანია და დროშიც გაიწელა - მაინც რა სურს მიიღოს ამით უკრაინის სამხედრო - პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, როდესაც უკრაინის არმიას ფრონტის ხაზზე თავდაცვის ბრძოლებისთვისაც არ ჰყოფნის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო საჭურველი და ამ დროს ახალი მიმართულების ფრონტს ხსნის უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე?

1-putinii-1710492905.jpg
ლეგიონის - „თავისუფლება რუსეთს“ მებრძოლები მესამე დღეა, აგრძელებენ სადაზვერვო-დივერსიულ მოქმედებებს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის პრეზიდენტის საარჩევნო პროცესის პარალელურად.

კიევის ჩანაფიქრი,„შეუსიოს“ რუსი ეროვნების მებრძოლები თავად აგრესორ რუსეთს, ისახავს რამდენიმე მიზანს:

პირველი - უკრაინამ კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს რუსეთის ფედერაციის საზღვრების დაცვის სისუსტე.

მეორე - რუსეთის მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის დასახლებულ პუნქტებში, მერამდენედ დარწმუნდნენ, რომ მათი ქვეყნის მეთაურის - პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ეს ომი რუსეთის ტერიტორიასვე უბრუნდება.

მესამე - ამ დივერსიული რეიდების შემდეგ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული გახდება, ბევრად უფრო მეტი დანაყოფი და სამხედრო ტექნიკა განათავსოს უკრაინასთან, საზღვარზე, რაც მეტ-ნაკლებად შეასუსტებს რუსი ოკუპანტების შეტევების შესაძლებლობებს უშუალოდ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე.

მეოთხე - უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელშეწყობით შექმნილი "რუს მოხალისეთა კორპუსისა" და ლეგიონის - "თავისუფლება რუსეთს" ასეთმა გააქტიურებამ, იდეაში, შეიძლება, "გამოაფხიზლოს" პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე და უბიძგოს, უფრო მეტი საბოტაჟური სახის მოქმედებებისკენ, მათ შორის, მათივე საცხოვრებელ ადგილებში, პუტინის რეჟიმის საბოლოო დამხობისთვის.

თუმცა გასული წლის რეიდებისგან განსხვავებით, წლევანდელ სადაზვერვო-დივერსიულ მოქმედებებს ლეგიონის - „თავისუფლება რუსეთს“, რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ციმბირული ბატალიონის მებრძოლების (ამ უკანასკნელში, როგორც ამბობენ, ბურიატებიც კი ყოფილან გაწევრებულნი) მონაწილეობით კიდევ ერთი და ძალზე მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს - დღეს დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები, რომლებიც 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება...

... ანუ იმის ფონზე, როდესაც არა ერთხელ „განულებული“ მოქმედი პრეზიდენტი პუტინი ამომრჩეველს კვლავ არწმუნებს, რომ რუსეთის ფედერაცია მისი ხელმძღვანელობით გამარჯვებას აღწევს, უკრაინასთან გაწელილ ომში, ამ დროს იმავე რუსეთის სოფლები და ქალაქები იბომბება და მათ ქუჩებში ბრძოლები მიდის, მათ შორის, ასევე, რუსეთის იმ მოქალაქეების მონაწილეობით, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს (რა თქმა უნდა, უკრაინის სპეცსამსახურების დახმარებით) „განულებული“ პუტინის 24-წლიანი დიქტატურის დასამხობად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი კიდევ ექვსი წლით გაიგრძელებს პრეზიდენტობის ვადას...

რა თქმა უნდა, უზარმაზარ რუსეთს დიდად ვერაფერს დააკლებს ბელგოროდისა და კურსკის რამდენიმე სოფელზე თავდასხმა, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მოქალაქების იმ დიდმა ნაწილმაც, რომელიც მხარს უჭერს პუტინის აგრესიას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, იგრძნონ - ომი ადრე თუ გვიან მათ ფანჯრებშიც „აისახება“, უკრაინული სადივერსიო რეიდებისა თუ კამიკაძე-დრონების გახშირებული „სტუმრობებით“...