"ისევ ურთულესი გზა ელის - ხანგრძლივი ტკივილით სავსე" - ძმის რა ვიდეოს აქვეყნებს თორნიკე მამალაძე - კვირის პალიტრა

"ისევ ურთულესი გზა ელის - ხანგრძლივი ტკივილით სავსე" - ძმის რა ვიდეოს აქვეყნებს თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ვიოდეს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ თურქეთის კლინიკაში მომუშავე ექიმები მის ფეხზე დაყენებას და როგორ გადის ის რეაბილიტაციას.

"7 წლიანი ცილისწამების, უსამართლობის, გულგრილი დამოკიდებულებისა და ტანჯვა-წამების შემდეგ, როგორც ჩანს, ისევ ურთულესი გზა ელის - ხანგრძლივი, ფიზიკური და სულიერი ტკივილით სავსე, მაგრამ - იმედის გზა..."

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე სულ ცოტა ხნის წინ დატოვა საპატიმრო, საიდანაც პირდაპირ მის სახლში, ქობულეთში წაიყვანეს, შემდეგ კი დაწოლილ მდგომარეობაში - თურქეთში.

"სტამბოლში, პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაუტარდება, შემდეგ მკურნალობა დაენიშნება. ოჯახმა ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, მთავარია, ჩემი ძმა ფეხზე დადგეს. დაწოლილ მდგომარეობაშია, საწოლი გვაქვს მანქანაში გაკეთებული, რადგან ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ გადავწყვიტეთ მანქანით წასვლა, იმედი გვაქვს, რომ ოჯახს თავისი ფეხით დაუბრუნდება“, - აცხადებდა თორნიკე მამალაძე გამგზავრებისას, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 14 თებერვალს გაათავისუფლა.

სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.