"ყოფილა შემთხვევა, გიტარის ქეისში 1000 ლარი ჩაუდიათ" - გზა მეგაპროექტებიდან "ქუჩის მუსიკოსობამდე": დოდონა ნამორაძე მრავალფეროვან კარიერაზე
დოდონა ნამორაძეს ადამიანების ნაწილი ქართული მეგაპროექტებიდან იცნობს, ნაწილი როგორც ქუჩის მუსიკოსს, რომელიც "მშვიდობის ხიდზე" მღეროდა. მართალია ნიჭიერ გოგონას ქართულ კონკურსებში არ გაუმართლა, მაგრამ 2023 წელს "ბერძნული ხმის" ფინალისტი გახდა და მეორე ადგილიც დაიმსახურა. შარშან „იუმორინას“ ხელმძღვანელმა გია ბაღაშვილმა მიიწვია და მისი დებიუტი მათ კონცერტზეც სიმბოლურად "იუმორინას" "ქუჩის მუსიკოსებთან" ერთად წარმატებით შედგა.
დოდონა ნამორაძე ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და მის შესახებ უფრო მეტს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბავშვობა
- მშობლებისგან ვიცი, რომ ბავშვობაში ძალიან ნიჭიერი და ცელქი ვყავი, პაპაჩემი ტორნადოს მეძახდა. ამასთან, მუდმივად ვმღეროდი. ჩემი გაჩუმება მხოლოდ მუსიკის მოსმენისას, ან წიგნის კითხვისას ხდებოდა. კითხვა 3 წლისამ ვისწავლე, 4 წლისამ კი უკვე „ტომ სოიერი“, „ბიძია თომას ქოხი,“ „პეპი გრძელი წინდა“ წავიკითხე - ისეთი ლიტერატურა, რომელსაც ბავშვები ცოტა გვიან კითხულობენ. ჩემთვის სულ პირველმა წიგნმა „ბურატინომ“ (საბავშვო ვერსიამ) მახსოვს, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და 10 წუთში წავიკითხე. მაშინ მშობლები მიხვდნენ, რომ ჩემთვის ბევრი წიგნის ყიდვა დასჭირდებოდათ... მოკლე დროში და სწრაფად ბევრ წიგნს ვკითხულობდი.
სპორტი და ინგლისური
- სპორტული აქტივობა 11 წლიდან დავიწყე, როცა ოჯახი ფილიპინებზე წავედით. იქ დღეში 8-9 საათს ვვარჯიშობდი. ინგლისურად დათვლა ბადმინტონის თამაშის დროს კორტზე ვისწავლე. ზოგადად ინგლისური, ჩასვლიდან ერთ თვეში ავითვისე.
დოდონა ნამორაძე - ფრენბურთის გუნდის კაპიტანი, ფილიპინები
მშობლები
- დედა მღერის, მამაჩემი პროფესიონალი კლარნეტისტია, მაგრამ რაღაც პერიოდში შეწყვიტა ეს საქმიანობა და სწავლა სხვა კუთხით გააგრძელა - ანთროპოლოგიის პროფესორია. დედასაც განათლების განხრით დოქტორანტურა აქვს დამთავრებული. ფილიპინებზე ამიტომ იყვნენ წასულები, სწავლობდნენ. მშობლები ახლა ჩემს ძმასთან ერთად ამერიკაში არიან. მამა მიწვეული პროფესორია. დედა ჯერჯერობით არ მუშაობს, ჩემი ძმა კი სკოლას ამთავრებს. მე ჯერჯერობით არსად წასვლა არ მინდა, კარიერის გაგრძელებას და დამკვიდრებას აქ ვაპირებ. გააგრძელეთ კითხვა