"30 ქართველია გატაცებული, ძალიან ვნერვიულობთ, გთხოვთ, დავიხსნათ ეს ხალხი" - რა ჰყვებიან მექსიკაში გატაცებული ქართველების ახლობლები - კვირის პალიტრა

"30 ქართველია გატაცებული, ძალიან ვნერვიულობთ, გთხოვთ, დავიხსნათ ეს ხალხი" - რა ჰყვებიან მექსიკაში გატაცებული ქართველების ახლობლები

დღეს სოციალურ ქსელში მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა და ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. ამ ინფორმაციის მიხედვით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, თურმე 90 000 დოლარს ითხოვენ. ვრცელდება ცნობები, რომ მძევლებს შორის ქალებიც არიან. ერთ-ერთმა გატაცებულმა ქართველმა ახლობელს და ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნა და დახმარება ითხოვა.

"მიშო, ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ ქართველები და 90 ათასს ითხოვენ. საქართველოში ვაცნობეთ, დედამ იცის, ყველა ფეხზეა. შეიძლება ცოტა ხანში ტელეფონი ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ, სულ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას. მიშო, იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ", - წერს გატაცებული ახლობელს და შველას ითხოვს.

418986832-122120087282226056-8438183887672924189-n-1710602585.jpg

როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, ამ ახალგაზრდა ბიჭთან კომუნიკაცია 14 მარტს შეწყდა და მას შემდეგ ვერც ოჯახი და ვერც ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ.

"ჩვენთან იყო რამდენიმე დღე ესპანეთში. 14 მარტს უნდა გადასულიყო საზღვარზე. სანამ მექსიკაში შევიდოდა, 3-ჯერ გაექცნენ პოლიციას. მექსიკაში რომ ჩავიდნენ, ამ ბიჭმა სასტუმროში გადაღებული ფოტოები დადო. მშვიდად ვიყავით, გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. 14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით. ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას ვერ დავუკავშირდით. გვეგონა, რომ მექსიკის პოლიციაში იყო. ირკვევა, რომ გატაცებულია, ძალიან ვღელავთ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

417553340-122120087336226056-5044350053003028073-n-1710602585.jpg

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომლის მიხედვით, უწყება კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან.

"საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"კვირის პალიტრა" ესპანეთში დაუკავშირდა ერთ-ერთი გატაცებული ბიჭის ახლობელს, მამუკა ტოროშელიძეს.

" ჩვენი ახლობელია ერთ - ერთი გატაცებული, ის აპირებდა გადასვლას საზღვარზე (აშშ-მექსიკის საზღვარი), რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, საზღვარზე კიდევ ერთ ჯგუფს დაესხნენ თავს... თუმცა ამ ჯგუფის წევრები დღეს პოლიციაში უსაფრთხოდ არიან.

417591500-122120087384226056-6796668946058187873-n-1710602585.jpg

ეხლა კი ჩვენი ახლობლის გატაცების შესახებ გავიგეთ. ჩვენი ინფორმაციით, 30 ქართველია გატაცებული. სულ ტყვეობაში 120 ადამიანია. ისინი ითხოვენ დახმარებას და თანხას, რომ თავი დაიხსნან. მათზე ძალადობაც ხდება. მესიჯი ჩვენმა ახლობელმა ჩემს მეგობარს მისწერა. 30 წლის თბილისელი ბიჭია. მის ვინაობას უსაფრთხოების გამო ვერ დავასახელებ. ჩვენ ახლობელს და მასთან მყოფ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ. გვინდა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მიიღონ ზომები მათ გამოსახსნელად. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით. გააკეთოს ხელისუფლებამ, რაც არის გასაკეთებელი ამ ხალხის გამოსახსნელად, რომ როგორმე მშვიდობიანად გამოვიყვანოთ ეს ადამიანები იქიდან. ...ვცდილობდით საელჩოსთან დაკავშირებას, მაგრამ ეს ყოველთვის პრობლემაა", - აცხადებს მამუკა ტოროშელიძე.

გატაცებული ქართველის კიდევ ერთი ახლობელი "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ ეხლა ამერიკაში მექსიკის გავლით გადასვლა ძალიან საშიშია, რადგან გახშირდა შემთხვევები, რომ მოქალაქეებს საზღვართან კრიმინალური დაჯგუფებები ესხმიან თავს და მძევლებად აჰყავთ.

(სპეციალურად საიტისთვის)