"ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე ვისთანაც გინდაო" - რას ამბობდა გალაკტიონი ცოლზე, ტიციანზე და რა სტკენდა გულს? უცნობი ამბები პოეტების მეფის ცხოვრებიდან
1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძე სამუდამოდ დაემშვიდობა ამქვეყნიურ სინამდვილეს, მიწიერ ყოფას და მარადისობაში გადავიდა. 17 მარტი, გარკვეული აზრით, შესაძლებელია, გენიალური პოეტის მეორედ დაბადების თარიღადაც მივიჩნიოთ, რადგან ამ დღიდან იწყება გალაკტიონის საყოველთაო აღიარება. მოხდა ზუსტად ისე, როგორც თვითონ ამბობს ერთ-ერთ ბოლო შედევრში: "ვინა სთქვა შენი გარდაცვალება? არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე".
გალაკტიონის გარდაცვალებიდან 65 წელი გავიდა. მისი პოეზია დღესაც ისე უკიდეგანოდ აღაფრთოვანებს მკითხველს, როგორც ათწლეულების წინ. შესაბამისად, დიდია ინტერესი პოეტის ცხოვრებისეული ფაქტების მიმართაც.სწორედ გალაკტიონის ბიოგრაფიის დღემდე უცნობ ასპექტებზე გვესაუბრება "გალაკტიონის კვლევის ცენტრის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი, ნათია სიხარულიძე
- ჩვენი საუბარი გალაკტიონის გარდაცვალების თარიღს დაემთხვა, ამიტომ ამ თემით დავიწყოთ. 1959 წლის 17 მარტს პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რას გვეტყვით, როგორი იყო გალაკტიონის ცხოვრების უკანასკნელი წლები და რაც არანაკლებ საინტერესოა, რამ აიძულა გენიალური პოეტი გადაედგა ეს ნაბიჯი?
- "მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის", - ვკითხულობთ გალაკტიონის ცნობილ ლექსში. ამ სტრიქონის დაწერიდან დაახლოებით ოცდაათი წლის შემდეგ, გენიალურმა პოეტმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა. ეს ნაბიჯი, მისი მხრივ, არსებული სინამდვილის მიმართ პროტესტის უკიდურესი ფორმა იყო. ტრაგიკული თარიღიდან დღემდე მრავალი წელი გავიდა და მაინც, კვლავ აქტუალურია კითხვა: რამ განაპირობა გალაკტიონის თვითმკვლელობა. მიზეზი ბევრი იყო, თუმცა ამჯერად ერთს დავასახელებ. ბოლო წლების განმავლობაში გალაკტიონი უკიდურეს მარტოობას გრძნობდა, საშინლად აწუხებდა ის გულგრილობა, რასაც მის მიმართ იჩენდნენ. სიცოცხლის უკანასკნელი წლები განსაკუთრებით რთული და მძიმე გამოდგა მისთვის. ბევრს ახსოვს თბილისის ქუჩების, პარკების, სასადილოების მუდმივი სტუმარი - მიუსაფარი, უბინაო გალაკტიონი, რომელსაც "შინ" დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა. უთქვამს კიდეც ერთი ნაცნობისთვის: ჩემს სახლში ჩემი ადგილი არააო. ლექსადაც აქვს ნათქვამი – მის ერთ-ერთ ბოლო ლექსში ასეთ სტრიქონებს ვკითხულობთ:
"ვთქვი: ჩიტსაც კი აქვს თავისი ზღუდე,
მე კი – მოხეტემ კიდითი კიდის,
არ ვიცი ეს გზა საითკენ მიდის,
და მაინც უნდა ამ გზებს გავუდგე"...
არსებობს აზრი, რომ გალაკტიონის თვითმკვლელობა უნდა შეფასდეს, როგორც პოეტის თვითმკვლელობამდე მიყვანა. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეასრულა გალაკტიონის თვითმკვლელობამდე მიყვანაში იმდროინდელმა ხელისუფლებამ და, ზოგადად, როგორი ურთიერთობა ჰქონდა პოეტს ხელისუფლების წარმომადგენლებთან?
- დღემდე გრძელდება კამათი: ეს აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი თვითმკვლელობა იყო თუ პოეტის თვითმკვლელობამდე მიყვანა ანუ მკვლელობა. ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება თანდათანობით ბოლო ვერსიისაკენ იხრება. გალაკტიონოლოგი თეიმურაზ დოიაშვილი პოეტის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ წერს: "ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს იყო მკვლელობა. ნახევარი საუკუნის შემდეგ საქართველოში გასროლის გარეშე განმეორდა წიწამური. კონკრეტული დამნაშავე არ უძებნიათ, არც ობელისკი აღუმართავთ მკვლელობის ადგილზე. 1959 წლის 17 მარტი ყოველთვის უნდა ქენჯნიდეს ქართველ საზოგადოებრიობას, თუ ის სინდისთან კომპრომისზე არ წავა". ვფიქრობ, ეს სიტყვები თქვენს კითხვაზე პასუხსაც მოიცავს.
რაც შეეხება ხელისუფლებასთან დამოკიდებულებას: გალაკტიონი ავტორია არა ერთი, არამედ რამდენიმე ათეული ანტისაბჭოთა ტექსტისა. ჩემი აზრით, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. მკითხველისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ გალაკტიონმა 1924 წელს გამოაქვეყნა ბოლშევიკთა მამხილებელი პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“, სადაც აშკარად იყო მინიშნებული იმაზე, თუ როგორ არაადამიანურად ჩაახშეს 1924 წლის აჯანყება, რომლის მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.
პოემის გამოქვეყნების შემდეგ გალაკტიონი დააპატიმრეს და სასწაულებრივად გადაურჩა დაღუპვას, ხოლო ჟურნალის ტირაჟი თითქმის მთლიანად გაანადგურეს. ხშირად აღნიშნავენ, რომ გალაკტიონს ხელისუფლებისგან ყურადღება არ აკლდა. ვფიქრობ, მრავლისმთქმელია ის თუ, როგორ ექცეოდა გალაკტიონი ამ ყურადღებისა და დაფასების გამომხატველ უმაღლეს კომუნისტურ ჯილდოს - ლენინის ორდენს. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ორდენს პოეტი ჭიქა არყის საფასურის ნაცვლადაც კი ტოვებდა. ცხადია, ორდენისადმი დამოკიდებულებით გალაკტიონი საბჭოთა ხელისუფლებისადმი საკუთარ განწყობილებას გამოხატავდა.
- გალაკტიონის უკიდურესი მარტოობა ახსენეთ. ცნობილია, რომ პოეტი ბავშვობიდანვე მარტოსულობისკენ იყო მიდრეკილი, სიჭაბუკეშიც თავს არიდებდა ხალხმრავალ შეკრებებს, არც მეგობრების სიუხვით გამოირჩეოდა. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას სხვა პოეტებთან? თუნდაც მის ბიძაშვილთან, "ცისფერყანწელ" პოეტთან, ტიციან ტაბიძესთან...
- გალაკტიონი და ტიციანი მკვიდრი ბიძაშვილები იყვნენ. მათ სისხლისმიერ სიახლოვეს პოეზიისადმი უსაზღვრო სიყვარული კიდევ უფრო ამტკიცებდა და ამძაფრებდა. "ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი“, - წერს ტიციანი უფროსი ბიძაშვილისადმი მიძღვნილ ლექსში.
ლექსების წერა ორივემ ბავშვობიდან დაიწყო. პირველი მკითხველები და შემფასებლებიც თვითონვე იყვნენ. ტიციანს ხიბლავდა და ახარებდა უფროსი ბიძაშვილის წარმატება. იხილეთ სრულად