„ტრამპის საქციელმა შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს“ - კვირის პალიტრა

„ტრამპის საქციელმა შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს“

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და 17 მარტს დასრულდა, არჩევნებში მონაწილეობდა ოთხი კანდიდატი, მაგრამ შეიძლება ითქვას, მისი შედეგი წინასწარ იყო გამოცხადებული და ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადითაც გახდებოდა პრეზიდენტი, თუმცა მან მაინც ბევრი რამ გააკეთა საარჩევნოდ პოლიტიკური სივრცის უფრო მოსასუფთავებლად. არჩევნები წარიმართა უკრაინაში ომის ფონზე, შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში პუტინი უფრო მეტად იმუქრებოდა, ვიდრე დაპირებებს გასცემდა, მათ შორის 14 მარტსაც კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული ომით. ექსპერტთა ნაწილის აზრით, რუსეთის ხელისუფლების "ბირთვული ამბიციების" პერიოდული გამოვლენა უკავშირდება ბრძოლის ველზე განცდილ თუ მოსალოდნელ მარცხს, ან უკრაინის მოკავშირეების გააქტიურებას. ბოლო დროს ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ მიანიშნა, რომ "ყურადღებით აკვირდება" დასავლეთის მიერ უკრაინაში სამხედროების ოფიციალურად გაგზავნის შესაძლო პერსპექტივებს, რის თაობაზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ილაპარაკა. მან საკმაოდ ხისტი პასუხი გასცა პუტინის მუქარას: "ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა და ყველაფრისთვის მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა", - განაცხადა მაკრონმა. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში ომის გაჭიანურებისა და აფრიკის კონტინენტზე საფრანგეთის ინტერესების შევიწროების შემდეგ პარიზი, რომელიც ტრადიციულად რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა, მკვეთრად აძლიერებს მოსკოვის საწინააღმდეგო რიტორიკას და მოქმედებებსაც. სწორედ ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ეს ძალიან რთული და კომპლექსური თემაა. ბატონ პუტინს უკვე აშკარად მანიაკური შიშები აქვს. პატარა წინააღმდეგობაც კი ზაფრავს და მზად არის ყველა და ყველაფერი მიწასთან გაასწოროს, ოღონდ კი მის მმართველობას ჰიპოთეზური საფრთხეც არ შეექმნას. ნახეთ, რა უქნა პრიგოჟინს, როგორ მოიშორა. იგივე გაუკეთა ნავალნის - ციხეში მყოფი ადამიანიც კი საშიშად მიიჩნია და გაანადგურა. მისი ასეთი ქცევა პირველი არ არის. ძალაუფლების დაკარგვის შიში დიდი ხანია აწუხებს, თუმცა უკრაინის ამბების შემდეგ აშკარად ძალიან გაუმძაფრდა. ის იქცევა ისე, რაც დიქტატორებს ახასიათებს, მათ შორის გარკვეულწილად ახასიათებდა მიხეილ სააკაშვილსაც.

რაც შეეხება რუსეთის არჩევნებს, თავის დროზე, როდესაც დისიდენტურ ლიტერატურას ვკითხულობდით, იყო ერთი ცნობილი ავტორი არკადი ლვოვი, რომლის რომანში "ჩვენი ეზო" აღწერილია საბჭოთა კავშირში 1936 წელს ჩატარებული არჩევნები. დღეს რუსეთში გაიმართა სწორედ მისი ტყუპისცალი არჩევნები, რომლის დროსაც იყო სრული ფალსიფიკაცია, ადამიანების დაშინება, განსხვავებული აზრის განადგურება.... რასაც პუტინი აკეთებს, რუსი ხალხის დაცინვა. პუტინი რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელ კომუნისტურ ტერორში აბრუნებს. დღეს ამას თავისუფლად შეგვიძლია კომუნისტური კი არა, პუტინისტური ტერორი ვუწოდოთ. ნახეთ, რა კანონებს იღებენ, აბა, გაბედე და თქვი, ომი არ მინდაო, სულ ცოტა, 20-წლიან პატიმრობას მოგისჯიან. ბაბილონის გოდოლია დღევანდელი რუსეთი, თიხის ფეხებზე დგას და ერთ დღესაც ისე შეიძლება დაიშალოს, როგორც საბჭოთა კავშირი.

თავის დროზე დასავლეთს საბჭოთა კავშირის ეშინოდა, დღევანდელი რუსეთის კი არ ეშინია. არც მაგათი ბირთვული იარაღის ეშინია ვინმეს და არც სხვა რამ ბაქიბუქის. ჩემი აზრით, დღეს დასავლურ ქვეყნებს ისეთი ტექნოლოგიებიც კი აქვთ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ადგილზევე ჩაახშობენ რუსეთის ბირთვულ პოტენციალს.

რუსეთის ფიასკოს მთავარი მიზეზი კი გახდება ის, რომ რუსეთში ინტელექტუალური ელიტა აღარ დარჩა. ჩემი ინფორმაციით, მაგალითად, ყველა ჭკვიანი ფიზიკოსი, რომელთა დიდ ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ, რუსეთიდან კარგა ხანია წავიდნენ. რუსეთი დღეს ყოველგვარ ინტელექტუალურ მუხტს არის მოკლებული. ახალგაზრდებიც პერსპექტივას ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ და ყველა საშუალებით გაქცევას ცდილობენ. რაზე ვლაპარაკობთ, ჩიპებს ვერ უშვებენ და მტვერსასრუტებს ხსნიან, რათა სამხედრო მიზნებით გამოიყენონ. წარმოიდგინეთ, რა დღეშია ქვეყანა, რომ ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში ცდილობს რაკეტების შეძენას.

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - ისტორიამ შეიძლება სპირალური ბრუნი გააკეთოს, მაგრამ ის თავის პირვანდელ წერტილს აღარასდროს უბრუნდება. პუტინიც ვერ შეძლებს და ვერ დააბრუნებს რუსეთს საბჭოთა კავშირში. შეიცვალა მსოფლიო. მიმაჩნია, რომ მას უპირველესად საფრთხე საკუთარი გარემოცვისგან ემუქრება. ამ გარემოცვის წევრებს შვილები ჰყავთ, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, სწავლობენ თუ მუშაობენ, დიდძალი კაპიტალი აქვს ამ ხალხს გატანილი. როგორც ჩანს, პუტინის კარზეც მომავალი ძალაუფლების გაყოფაზე ბევრს ფიქრობენ და ამიტომაც ვერა და ვერ მოახერხა პუტინის უახლოესმა გარემოცვამ მისი ლიკვიდაცია.

- ბოლო დროს ძალიან ხისტი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომლის განცხადებას უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა...

- გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ ხვალ-ზეგ დასავლური ქვეყნების ჯარისკაცები ომს დაიწყებენ რუსეთთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, ნატოს ქვეყნები ამ ომში რუსეთს გამარჯვების უფლებას არ მისცემენ. ხედავთ, როგორი გააქტიურებულია ევროპა, გარდა განცხადებებისა, მიდის სერიოზული პროცესები სამხედრო მრეწველობის ასამუშავებლად. საფრანგეთი და გერმანია ამ ვითარებაში მოგვევლინენ ფლაგმანებად. მოგეხსენებათ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის შორი მანძილის არტილერიის კოალიციის შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამეულის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ არასდროს მისცემენ რუსეთს გამარჯვების საშუალებას და ბოლომდე დაუდგებიან უკრაინელ ხალხს გვერდში.

დღეს ტრამპი და მისი პარტია ყოვლად უპასუხისმგებლოდ იქცევიან, რამაც შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს. დახმარების ასეთი დაყოვნება ყოვლად გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ნელ-ნელა ეს აუცილებლად დალაგდება და სადღაც ზაფხულში ამ ომში გარდატეხა მოხდება. რაც არ უნდა თქვას პუტინმა, ვერც ერთი სტრატეგიული გამარჯვება უკრაინაში მან ვერ მოიპოვა. ის მიზნები, რაც თავიდან განაცხადეს, ჰაერშია გამოკიდებული და დღეს მაგაზე აღარც ლაპარაკობენ. გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ოპოზიცია, რომელიც უკრაინიდან შედის ქვეყანაში, თანდათან ძალას იკრებს, ბოლო კვირის განმავლობაში საზღვრისპირა ბელგოროდსა და სხვა ქალაქებში რაც ხდება, ამის ნიშანია - სწორედ პუტინის მოწინააღმდეგე შეიარაღებული რუსული ჯგუფები მოქმედებენ. ჩემი აზრით, "ვაგნერის" ამბოხის ჩახშობა დროებითი მოვლენაა. ასეთი ანტიპუტინისტური შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმები, დარწმუნებული ვარ, თანდათან გახშირდება რუსეთის ტერიტორიაზე.

- 15 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. ლაპარაკია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდებზე. ოფიციალური ცნობით, დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩეველი იყო 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია სვამს კითხვას, რატომ უნდა ემუშავა ასეთ თანამდებობაზე პირს, რომელიც ცნობილია რუსეთში ბიზნესის წარმოებითა და საეჭვო კავშირებით?

- მე თითქმის არაფერი ვიცი ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს შესაბამისი უწყებებისთვის გამოკვლევის საკითხი. რუსეთის ხელისუფლებასა და შესაძლოა სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობა ჩვენი უშიშროებისთვის შეიძლება ყოფილიყო საფრთხე, მაგრამ იქნება მას სწორედ რუსეთიდან ინფორმაციის გამოსატანად იყენებდნენ? ესეც ხომ უნდა დავუშვათ? ამ თემაზე სხვა მოსაზრების გამოთქმა გამიჭირდება. ისე, ყოფილ თავდაცვის მინისტრებს ბევრი ეცოდინებათ და უნდა თქვან, რას ურჩევდა მათ ხიდაშელი.

- სულ რაღაც 8 თვე რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რას ფიქრობთ, ვის რა შანსი აქვს?

- ეჭვი არ მეპარება ერთ რამეში - მომავალ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს "ქართული ოცნება". საკითხი დგას დაახლოებით ასე: მოახერხებს თუ არა იმდენი ხმის დაგროვებას, რომ მას მთავრობის დასაკომპლექტებლად ეყოს. წინა არჩევნებისას პროპორციულ სისტემაში 50%-ზე მეტი ვერ დააგროვეს. თუ სწორად მახსოვს, მათი მაჩვენებელი სადღაც 46%-მდე იყო და მაჟორიტარმა დეპუტატებმა უშველეს. ამჯერად არჩევნები სრულად პროპორციულად ტარდება, შესაბამისად, თუ წინა არჩევნებივით ვერ შეძლეს 50%-ის გადალახვა, მაშინ კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, მაგრამ შეძლებს კი ამას "ქართული ოცნება", რომელმაც, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ ძალასთან მოიჭრა მისასვლელი გზა, თუ არ ჩავთვლით მათივე სატელიტ "ხალხის ძალასა" და მსგავს ოდიოზურ ჯგუფებს. იმის ნაცვლად, მაგალითად, გახარიასთან ცოტა ზომიერი პოლიტიკა ეწარმოებინათ, დგანან და გაიძახიან, "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებააო. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ნორმალურ ძალას, რომელიც შევა "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში.

არის კითხვები ოპოზიციასთანაც, რომელიც მეტასტაბილურია, მას ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილის გარდა, სხვა იდეა არ აერთიანებს. აქედან გამომდინარე, თუ კოალიციაზე მიდგა საქმე, შეძლებენ კი მდგრადი ერთობის შექმნას? ხომ არ დაიწყება იქაც მერკანტილური კინკლაობა, საბოლოოდ კი "ქართული ოცნება" მოახერხებს საჭირო რაოდენობის დეპუტატების გადაბირებას. შეიძლება შეიქმნას კიდეც მყიფე ოპოზიციური კოალიცია, რომელიც მალევე დაიშლება და რიგგარეშე არჩევნები გახდება ჩასატარებელი. მოკლედ, ბევრი სცენარია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

ჩემი აზრით, ამ ჩიხიდან ორი გამოსავალია: პირველი - ძლიერი ცენტრისტული პარტიის შექმნა, ოღონდ არა გვარამია-მელიას და მსგავსი ოდიოზური ფიგურების მიერ, არამედ ახალი სახეები უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკაში. სახელგაუტეხელი ხალხი გვჭირდება. ჩვენი პარტნიორების დიდი შეცდომაა, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ძალიან ცუდად და უნიჭოდ ასაზრდოებენ.მეორე გამოსავალი კი პროპორციული საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩანაცვლებაა. ამაზე, სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილიც ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებისთვის ეს განუხორციელებელია, მაგრამ ვიმედოვნებ, არცთუ შორეულ მომავალში, ეს ორივე პირობა შესრულდება.

- გვარამია და მელია ახსენეთ და, რას ფიქრობთ მათ პოლიტიკურ ძალაზე, რომელსაც "ახალი" დაარქვეს?

- ის ჯერ არის პოლიტიკური ერთეული, აი, მისი ძალა ამ არჩევნებში გამოჩნდება. ჩემი აზრით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატს წამოიყვანენ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ მიემხრობა ის ამომრჩეველი, რომელიც ე.წ. შუაშისტურ განწყობაზეა და არც "ქართული ოცნება" მოსწონს და არც "ნაციონალური მოძრაობა. ამგვარად მოფიქრალი ხალხი საკმაოდ დიდ წილს შევადგენთ. ჩემი აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მელიას წასვლა აიძულა. ამით მნიშვნელოვნად დაისუსტეს თავი. ისე, "ახალი" კი დაირქვეს, მაგრამ, რა ვიცი, იქ ძველ სახეებს უფრო ვხედავთ. ეს ადამიანები, ვინც ამ ახალი პარტიის სათავეში დგანან, ნამდვილად არ არიან შორს "ნაციონალური მოძრაობისგან". ოპოზიციური ფრთის მთავარი პრობლემა კიდევ ის არის, რომ არავითარი სტრატეგია არ გააჩნიათ. ბისმარკმა თქვა, მცდარიც რომ იყოს პოლიტიკა, თუ თანამიმდევრულია, ყოველთვის გაიმარჯვებსო. ამ ხალხის წინ და უკან სიარულს არ დაესვა წერტილი, რა თანამიმდევრულობაზე ვლაპარაკობთ... თან არ დაგავიწყდეთ, რომ მათ უპირისპირდება ძალიან ხისტად სტრუქტურირებული "ქართული ოცნება", რომელიც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ კლონებივით ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს ხოლმე. თითქოს ზის ვიღაც სადღაც, მაგალითად, ჭორვილაში, და წერს სცენარს, რომელსაც ეს ვითომ პოლიტიკოსები იზეპირებენ და ზოგი ნიჭიერად და ზოგიც უნიჭოდ ასრულებს თავის დავალებებს.

- არსებობს მოსაზრება, რომ თუ "ლელო" და გახარიას პარტია "საქართველოსთვის" გაერთიანდებიან, შესაძლოა ძლიერ ცენტრისტულ ძალად იქცნენ...

- ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან მცირეა. მამუკა ხაზარაძე შეიძლება კარგი ბიზნესმენია, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი გამოდგა. მან საკრალური შეცდომები დაუშვა. მას თუ სურდა ცენტრისტული პარტიის გაკეთება, არც ერთი სხვა პარტიის კრიტიკა არ უნდა დაეწყო და მხოლოდ საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე ელაპარაკა. მას ქართულმა სულსწრაფობამ წასძლია. ეს ალიანსი რომც შედგეს, დიდი შედეგი ვერ ექნება, მეტიც, ამით გახარია ბევრს დაკარგავს. ვფიქრობ, ის დამოუკიდებლად გავა და გადალახავს 5%-იან ბარიერს. მე ძალიან დიდი იმედი მქონდა ანა დოლიძის, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმაოდ უსუსური გამოდგა.

- ხელისუფლება, განცხადებების მიხედვით, თითქოს მზად არის ევროპული 9 რეკომენდაციის შესასრულებლად, რომელთაგან ერთი მართლმსაჯულების რეფორმაა, რომელშიც შედის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გარკვევის საკითხი - ე.წ. ვეტინგი, რაზეც ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებს.

- ერთი რამის თქმა შემიძლია - თუ გვსურს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა გავაფართოოთ ყველა სისხლის სამართლის საქმეში, რაც გამორიცხავს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკურ თუ კორუფციულ გავლენას.

- გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს აშშ-მა ვიზა არ მისცა, რაც ამ უკანასკნელმა კოლუმბიის სასამართლოში გაასაჩივრა.

- გამოდის, კეზერაშვილი არც ისრაელის მოქალაქე ყოფილა და არც დიდი ბრიტანეთის, თორემ ამ ქვეყნების მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა აშშ-ში წასასვლელად. როგორც ჩანს, ისევ საქართველოს მოქალაქეა, რაც, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ჩემი აზრით, როგორც ადეიშვილის, ისე კეზერაშვილის დანაშაულის დამამტკიცებელი დოკუმენტები ნელ-ნელა გროვდება და იგზავნება დასავლურ ქვეყნებში. ჩვენი პროკურატურა, ალბათ, უკეთესად მუშაობს, ვიდრე 12 წლის წინ, როდესაც ახალაიათი დაწყებული, ადეიშვილით დასრულებული, ვერავის ექსტრადირება ვერ მოახერხეს.