თავშეფარებული ძებნილები
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიისა და ბელგიის უწყებებს მიმართა... "ადრე თუ გვიან, მას ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისიც ციხეში აღმოჩნდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ, რაც ზურაბ ადეიშვილი 22 თებერვალს გერმანიის ბუნდესტაგის სხდომაზე გამოჩნდა (როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი). გერმანიის ბუნდესტაგის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერის მიხედვით, სხდომას უკრაინის გენპროკურორ ანდრეი კოსტინთან ერთად ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. ამასთან, უკრაინის გენპროკურორის ოფისმა 6 მარტს ტელეგრამის გვერდზე გაავრცელა ფოტო, სადაც ანდრეი კოსტინს გერტ იან კომპანთან შეხვედრაზე დელეგაციაში ადეიშვილიც ახლავს.
"საქართველოს პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით", - აცხადებენ პროკურატურაში.
ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ის დაუსწრებლად რამდენიმე სს საქმეზეა მსჯავრდადებული - 2012 წლის 28 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით. მას ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სს საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზებაც.
იუსტიციის ყოფილ მინისტრს ბრალი ედება პოლიტიკოს კობა დავითაშვილის გატაცება-ცემის, ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე, აკურის ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედში" შეჭრის, პატიმრების წამების, ასევე, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეზე.
2013 წლის 10 იანვარს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით ინტერპოლს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა... 2015 წლის 9 აპრილს პროკურატურამ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ ინტერპოლისგან წერილი მიიღო: "ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისთვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი". პროკურატურა არ აკონკრეტებდა, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი. გავრცელებული ვერსიით, ეს შესაძლოა ყოფილიყო უნგრეთი, სადაც ადეიშვილი საქართველოდან წასვლის შემდეგ ცხოვრობდა და თავშესაფრის მიღების პროცედურებიც საქართველოდან გამგზავრებისთანავე დაიწყო.
2020 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა ამცნო საზოგადოებას, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩევლად მუშაობდა. 2021 წელს ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, მან თავად მოითხოვა მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.ადეიშვილის მსგავსად, ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს... ის საფრანგეთში დააკავეს, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ საქართველოს მის ექსტრადირებაზე უარი უთხრა და პატიმრობიდანაც გაათავისუფლა...
"ადეიშვილი დამნაშავეა, მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი!"
მამუკა ნოზაძე, უფლებადამცველი: - უდავოა, რომ ადეიშვილი იმ რეპრესიული სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. საკითხის მეორე მხარეა ის, რომ ახალმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, გარდა იმისა, რომ ადეიშვილი ფორმალურად მისცა პასუხისგებაში, დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი, გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და დღეს ის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდადებული. ადეიშვილი ჯერ ბუდაპეშტში იყო მაღალ თანამდებობაზე (ორბანის მრჩეველი), მაგრამ საქართველოს უნგრეთისთვის, არც შესაბამისი სტრუქტურებისთვის, არც ინტერპოლისთვის არ მოუთხოვია და არ მიუწვდია შესაბამისი ინფორმაცია, რათა ამ პირზე განაჩენი აღსრულებულიყო. მეტიც, ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან მოხსნეს და დღეს უკან მიდევნებული ლამპარია ხელისუფლების განცხადებები. კარგად იცოდნენ, რომ ის ახლა უკრაინაში გენპროკურორის მრჩეველია, მაგრამ მანამდე უნგრეთში პრემიერის მრჩეველი იყო. ახლა წინასაარჩევნო პოლიტიკურ სვლად მიმაჩნია მისი ექსტრადიციის მოთხოვნა, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება, მხოლოდ ქულების დაწერას ემსახურება. როცა ხელისუფლებამ მოინდომა, უკრაინის მხარემ საქართველოს გადმოსცა კიდეც დავით ჭაკუა, მეგის ქარდავა და სხვა მაღალჩინოსნები...
ადეიშვილის ექსტრადირების მოთხოვნას შედეგი არ მოჰყვება, ასეთი საქმეები განცხადებებით არ კეთდება, ამას კომპეტენტური ორგანოები უნდა აკეთებდნენ, თუმცა თავის დროზე მათ არც ჰქონიათ პოლიტიკური ნება, რათა აღსრულებულიყო სასამართლოს განაჩენები. როდესაც ადეიშვილის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ხელისუფლებას მაშინვე უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია ყველა სახელმწიფოსთან, უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, მასალა და მტკიცებულებები, სანამ ადეიშვილი თავშესაფარს მიიღებდა. როცა სახელმწიფო გადაწყვეტს, პირს მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი, უკვე ვალდებულია ის დაიცვას. უკრაინა საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ გადმოსცემს ადეიშვილს. არადა, ადეიშვილი იდგა იმ რეჟიმის სათავეში, რომელიც აწყობდა რეპრესიებს, დამორჩილებული ჰყავდა მოსამართლეები, რომლებიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ - ბიზნესის დარეკეტება იქნებოდა, ადვოკატების დევნა თუ სხვა პროფესიის ადამიანების, ვინც მისთვის არ იყო სასურველი. მეც ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ ადეიშვილი დამნაშავეა, მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. მას "რუხ კარდინალს" უწოდებდნენ, პირდაპირ მისი განკარგულებით დევნიდნენ ადამიანებს, ავიწროებდნენ ბიზნესს... ხელისუფლებას ზეწოლა რომ მოეხდინა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ადეიშვილს მფარველობდნენ, შედეგიც იქნებოდა. ვფიქრობ, მაინც კოჰაბიტაციის ბრალია ყველაფერი. ახალ ხელისუფლებაში ბევრს ჰქონდა ადეიშვილთან ალიანსი, ბევრს მოსწონდა მისი ცოდნა-გამოცდილება, ბევრიც აქებდა, ძალიან ჭკვიანია, იმ ხელისუფლებაში არ უნდა ემუშავაო და სხვა.
"აშშ ჰაერზე არ მიიღებდა კეზერაშვილის დასანქცირების გადაწყვეტილებას"
ყოფილი ხელისუფლების მეორე მაღალჩინოსანი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ასევე ერთ დროს ძებნილი და ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. მას აშშ-მა ვიზა არ მისცა და მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი დასახელდა... BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად დავით კეზერაშვილი დასახელდა. როგორც ამბობენ, კეზერაშვილისთვის აშშ-ის ვიზაზე უარი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას და მისი გვარის ამ სკანდალში ფიგურირებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 12 აპრილს დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ გამოაქვეყნა სტატია "მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალდაკვალ", სადაც დეტალურად არის აღწერილი გლობალური თაღლითური სავაჭრო ქსელის ერთწლიანი გამოძიების შედეგები. გამოძიებამ, სავარაუდოდ, თაღლითური სქემის უკან მდგომი რამდენიმე პირიც დაასახელა, მათ შორის, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც.
პოლიციისთვის Milton Group-ის სახელით ცნობილი ქსელი მოიცავდა 152 ბრენდს, მათ შორის, Solo Capitals-ს, რომლებიც სამიზნედ შერჩეულ მსხვერპლებს თაღლითური ქსელის მეშვეობით ასიათასობით გირვანქა სტერლინგს სძალავდნენ.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, არსებობს არაერთი სხვა არაპირდაპირი მინიშნებაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის კავშირებზე Milton-ის ბრენდებთან. მაგალითად, პირადი ელექტრონული ფოსტის სერვერი, რომელსაც ექსკლუზიურად კეზერაშვილის კომპანიები და Milton Group-ში შემავალი კომპანიები იყენებდნენ, ასევე კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული საოფისე შენობები კიევში, სადაც ქოლცენტრი იყო განთავსებული, მჭიდრო სოციალური კავშირები Milton Group-ის ოთხ მაღალჩინოსანსა და კეზერაშვილს შორის, რასაც მოწმობს სოციალური მედიის პროფილები და ფოტოები, მის სოციალურ მედიაანგარიშებზე თაღლითობის სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაცია და ა.შ. სტატიის თანახმად, კეზერაშვილმა ადვოკატების მეშვეობით BBC-ის განუცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს კავშირს Milton Group-თან და სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა.
მამუკა ნოზაძე: - ის, რომ კეზერაშვილს ქოლცენტრები აქვს (და არა მარტო მას, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებსაც), ახალი ამბავი არ არის. ამას წინათ, გერმანიის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული ერთობლივი ოპერაციების ჩასატარებლად. დააკავეს რამდენიმე პირი, მაგრამ საქმე არ დასრულებულა, დღეს ქოლცენტრები ისევ მუშაობენ. ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს და მტკიცებულებებით დაადასტუროს, კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, რომ მას აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ასე რომ არ ხდება, ჩნდება ეჭვი, რომ მასთან ვიღაც-ვიღაცები თანამშრომლობენ, ამიტომ არ აწყობთ ამ საქმის გაქექვა. ამასთან, აშშ-ის გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩულიც უნდა ჰქონდეს - "ნაცმოძრაობას" კეზერაშვილი აფინანსებს, ეს ყველამ იცის, მათ შორის დასავლეთშიც. ეს არც "ნაცმოძრაობამ" უარყო. ამ საკითხს უკვე სწავლობენ კომპეტენტური ორგანოები. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე საფრანგეთის სასამართლომ ის გაამართლა, მასზე ეჭვები მაინც არის. როგორც ჩანს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, კერძოდ, ამერიკა, საქართველოში მის პოლიტიკურ საქმიანობას აკვირდება. შესაბამისი მტკიცებულებები თუ არ ექნებოდა, აშშ ჰაერზე არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც ქართველი მოსამართლეების (მურუსიძე, ჩინჩალაძე, შენგელია და ცერცვაძე) დასანქცირებისას მოიქცა...
რაც შეეხება ძველ ბრალდებებს, რომლებიც კეზერაშვილს ქართულმა სასამართლომ წარუდგინა, ადეიშვილისგან განსხვავებით, პროკურატურამ კეზერაშვილის დანაშაულების მტკიცებულებები გაგზავნა საფრანგეთში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მყარი მტკიცებულებების არარსებობის გამო ის გაამართლეს. ვფიქრობ, არ იყო ნება, რომ მისთვის დანაშაული დაემტკიცებინათ...