პუტინის არჩევნები ანუ ტრაგიკომედია რუსეთში
რა ვერ ისწავლა, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთმა?!
ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები უინტერესოდ და განყენებულად ეჩვენება - თუ, რა თქმა უნდა, თვითონ პირადად არ შესჯახებია მოსამართლეების ობიექტურობა-არაობიექტურობას. დიახ, იქ არ არის "ექშენი", პოლიტიკოსების გაწევ-გამოწევა, აქციები და გამიშვი-გამატარე. თუმცა, თუ გვინდა, ბოლოს და ბოლოს, სტაბილური და დასავლური სტანდარტების სახელმწიფო, უნდა ვიცოდეთ, რომ ამის ხერხემალი სასამართლოა. უფრო ზუსტად ის, რომ სასამართლო სარგებლობდეს საყოველთაო ნდობით. კერძოდ, თუ სასამართლო სარგებლობს საყოველთაო ნდობით (რა თქმა უნდა, ამას საფუძვლად ის უნდა ჰქონდეს, რომ იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და თავისუფალი) და მის გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ პრიზმაში არ უყურებენ და ეჭქვეშ არ აყენებენ, არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგები და შესაბამისად, საფუძველი გამოეცლება "რევოლუციურ სცენარებს" და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სპეცსამსახურების თევზაობას მღვრიე წყალში. ეს კი გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობაა. თავის მხრივ, სანდო სასამართლო (და პოლიტიკური სტაბილურობა) ნიშნავს, რომ ბიზნესი იქნება თავისუფალი, თამამი და მაღალჩინოსნებთან "დალაგება-გადალაგების" პოლიტიკას თავს დაანებებს. ინვესტორებისთვის საქართველო უფრო მიმზიდველი იქნება, რადგან სადაც დაცულია კერძო საკუთრება და ყველაფერი მხოლოდ კანონის ენით წყდება, ის ქვეყანა სამოთხეა ნებისმიერი ინვესტორისთვის. ასევე, სანდო სასამართლო ნიშნავს, რომ მოქალაქეები დავების გადასაწყვეტად კრიმინალურ ავტორიტეტებს აღარ მიაკითხავენ. კიდევ ბევრ რამეს ნიშნავს სანდო სასამართლო. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რად ღირს თუნდაც ის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნებული იქნება, რომ თავის უფლებებს ყოველთვის სამართლიანად დაიცავს.
სამწუხაროდ, სასამართლოს გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟი ახალი ძალით მიმდინარეობს. კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშში კომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი, რომლითაც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება. ეს დაახლოებით ე.წ. ვეტინგის სისტემაა. მექანიზმი ასეთია - კომისია (რომელშიც უცხოელები არიან) სწავლობს კონკრეტული მოსამართლის საქმეს, სავარაუდოდ, იბარებს მას გასაუბრებაზე და შემდეგ გადაწყვეტს, უნდა დარჩეს თუ არა თანამდებობაზე. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ევროკომისიის დათქმების შესრულება არ უნდა. თქვენს მონა-მორჩილს ნამდვილად არ ეყოფა კომპეტენცია, რომ ე.წ. ვეტინგის სიავკარგე პროფესიონალურად განიხილოს. თუმცა ამ სტატიის ავტორის სუბიექტური აზრით, თუ უცხოელებმა უნდა შეგირჩიონ მოსამართლეები, მაშინ გამოდის, შენ ეს არ შეგიძლია და რაღა სახელმწიფო ხარ - ხარ კავკასიური სომალი მეკობრეების გარეშე.
თუმცა, მეორე მხრივ, სასამართლოში რეფორმები რომ უკიდურესაც აუცილებელია, ესეც ფაქტია. ყველამ თავის თავს უნდა ჰკითხოს - ის მოსამართლეები, რომლებიც თავის დროზე სინდისთან კომპრომისზე წავიდნენ და პოლიტიკური დაკვეთები შეასრულეს, გააკეთებენ (ან აკეთებენ თუ არა) იმავეს მეორედ ან მესამედ? ეს კითხვა ისმის ბოლო 12 წელია და პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ რეფორმები აუცილებელია. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება და რაც ადრე, მით უკეთესი.
რაზე უნდა დაფიქრდეს მიშა?!
მიშას ახალი "გასართობი" გამოუჩნდა - რუსეთის ციხიდან შაქრო კალაშოვის გათავისუფლება. კერძოდ, სააკაშვილის ლოგიკით, პუტინმა შაქრო "მალადოი" სპეციალურად გაათავისუფლა, რათა კრიმინალური ავტორიტეტი არჩევნებში ჩაერიოს და მიშა ხელისუფლებაში არ მოუშვას. თუმცა სააკაშვილის ადგილას, შეთქმულებების თეორიების ნაცვლად, სულ სხვა საკითხებით დავინტერესდებოდი. კერძოდ, იმით, რა ხდება ნიკა გვარამიას თავს, რომელმაც ძალიან ადვილად "გადააგდო", როგორც თვითონ ამბობდა, "მამა-დამფუძნებელი" და თავისუფალ ცურვაში წავიდა ნიკა მელიასთან ერთად.
შეიძლება მილიონჯერ იძახონ ექსპერტებმა, მერე რა მოხდა, გვარამია მაინც "მიშისტად" რჩებაო, და რა თქმა უნდა, დრო და მომენტი რომ იქნება, მიირბენს სააკაშვილის დედაპარტიასთან. ეს არაფერს ცვლის - მთავარია, მელია-გვარამიას ალიანსი ხმებს წაართმევს, მათ შორის "ნაცმოძრაობასაც". იფიქროს ამაზე სააკაშვილმა და შესაძლოა ძალიან საინტერესო და სკანდალურ დასკვნებამდე მივიდეს. რა ვიცი, შეიძლება გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც გაახსენდეს... შუალედში ისიც გაიხსენოს, როგორ გამოაგდო ნიკა გვარამიამ სააკაშვილის სპეცწარმომადგენელი "მთავარი არხიდან".
სააკაშვილის ადგილას იმაზეც დავფიქრდებოდი, თავად "ნაცმოძრაობაში" რა ხდება. კერძოდ, მის ფბ აპოკალიფსურ განცხადებებს "ნაცმოძრაობის" ლიდერები არ ავითარებენ. სააკაშვილი შემზარავ სცენარებს ხატავს, "ნაცმოძრაობა" კი თავისი გზით მიდის. ადრე სხვანაირად იყო - კერძოდ, პარტიის ბორდის წევრები მიშას მესიჯებს აიტაცებდნენ ხოლმე და სხვადასხვა კუთხით დაჰქონდათ აქეთ-იქით.
სავარაუდოდ, ეს იმიტომ ხდება, რომ დავით კეზერაშვილმა პარტიაზე სრული კონტროლი დაამყარა, მას აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები და მიშა მისთვის არის "დროშა", რომელსაც ხან ასწევს და ხან დასწევს. შესაძლოა დადგეს დრო და მომენტი და თავად მიშათი ივაჭროს ძალიან კარგად კეზერაშვილმა.
"არარევოლუციური" რიტორიკა
ეს არჩევნები წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ პარტიებმა წინა პლანზე წამოსწიეს სოციალური თემები, და არა ის, არიქა, ამწუთას და ამ წამს თუ არ მოხდა ცვლილებები, ჩვენ ყველანი ქვეყნიანად დავიღუპებით. დაეტყოთ უცხოელი პიარსპეციალისტების ხელი. ეს კარგია თუ ცუდი? კარგია. ჯობს ციფრებში შეეჯიბრონ პოლიტიკოსები ერთმანეთს, ვიდრე ქუჩის გადაკეტვებში.
ლევან ხაბეიშვილი მაღაზიებში დადის და ზეთის ფასს ამოწმებს. "ლელომ" 1000-ლარიან პენსიას 200 000 სამუშაო ადგილიც დაამატა, გახარია ამომრჩეველს 15 ახალ მეტროსადგურს და უმუშევრობის დაზღვევას ჰპირდება. ამის პარალელურად, "ოცნებას" გზადაგზა "შემოაქვს" სოციალური პროექტები. რომელი პარტიის დაპირებაა რეალური და რომლის არა, ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. ჩვენ კი ვისურვებთ, ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ ზღაპრული ჯოხი მოიქნიოს და ყველა პოლიტიკური დაპირება ახდეს - ევროკავშირი აქეთ გამოიქცევა ჩვენკენ და ჩვენ ხვეწნა არ მოგვიწევს.
პუტინის არჩევნები

რუსეთში ისეთი "არჩევნებია", ალბათ, თვითონ კრემლში ეცინებათ. ჯერ ის რად ღირდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავად შეარჩია კანდიდატები. მოთხოვნები იყო - ძალიან ახალგაზრდა არ უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, ყველას უნდა ჰყვარებოდა პუტინი. ნახეთ ვინ იყვნენ პუტინის "კონკურენტები": ნიკოლაი ხარიტონოვი, 75 წლის კომუნისტი. ისეთი ფარსია, თვით გენადი ზიუგანოვმაც კი უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. ხარიტონოვს ერთხელ ჟურნალისტები ჩააცივდნენ, რით ხარ პუტინზე კარგიო, და კითხვას პასუხი ვერ გასცა. უჭერს მხარს უკრაინასთან ომს. მეორე "მარგალიტია" ლეონიდ სლუცკი, ჟირინოვსკის მემკვიდრე, რომელსაც 2018 წელს ჟურნალისტები ფარიდა რუსტამოვა და ეკატერინე კოტრიკაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. რუსულმა "სამართალმა", რა თქმა უნდა, ბრალდებები არ "დაადასტურა". მესამე პერსონაჟია პარტია "ახალი ადამიანების" ლიდერი ვლადისლავ დავანკოვი, რომელიც ვითომდა "მშვიდობის მტრედია", თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომს მხარს უჭერს.
არ ვიცი, ალბათ, უკვე აღარავინ ელოდა, რომ რუსეთში არჩევნების დღეებში რამე ექსტრაორდინარული მომხდარიყო (ყოველ შემთხვევაში, როდესაც ეს სტატია იწერება, არც არაფერი ხდება). ნამდვილი ოპოზიცია რუსეთში აღარ არის. ბოლო "მოჰიკანი" ნავალნი მოკლეს. მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი მხარს უჭერს პუტინს და უკრაინაში მიმდინარე აგრესიას, ვინც მხარს არ უჭერს, ან გაქცეულია, ან სოროშია შემძვრალი.
ეს არც არის გასაკვირი. თავად განსაჯეთ, პუტინი უკვე 24 წელია რუსეთს მართავს და ამას გეგმავს კიდევ მინიმუმ ორი ვადით. პირველი, რაც გააკეთა პუტინმა ხელისუფლებაში მოსვლისას, თავისუფალი მედია დახურა. 24 წლის განმავლობაში რუსეთში მიმდინარეობდა ტვინგამომრეცხავი პროპაგანდა, რომ გარშემო მხოლოდ მტრები არიან, რომ პუტინმა წამოაყენა დაჩოქილი ქვეყანა და რომ არა კრემლის ბინადარი, ქვეყანას ანგლოსაქსები დაინაწილებდნენ. გარდა ამისა, ვისაც ოდნავ მაინც შეეძლო პუტინის რეჟიმისთვის პრობლემების შექმნა, ყველა, ელემენტარუ\ლად, მოკლეს. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყნიდან გააქციეს და მათ დღეს რუს საზოგადოებაზე არანაირი გავლენა არა აქვთ, ეთნიკურად არარუსებს კი ყველანაირად ჩაუკლეს ეროვნული თვითშეგნება.
ამ ქვეყანაში ველი ისეა მოსუფთავებული, ხვალ პუტინმა თავი კერპად რომ გამოაცხადოს და თანამოქალაქეებს ცოცხალი ადამიანების შეწირვა მოსთხოვოს, დარწმუნებული იყავით, ხმას არავინ ამოიღებს და ცხვრებივით წავლენ სასაკლაოზე.
რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესია უკრაინაში დასავლეთისთვის იყო შანსი ეკონომიკურად გაეტეხა ეს ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს, "ცხვრებს" შიმშილი შეაწუხებდათ და პუტინთან გაჩნდებოდა კითხვები, თუ რატომ ჩააგდო ხალხი ამ დღეში. თუმცა დასავლეთს არ ეყო პოლიტიკური ნება და სტრატეგიულ გათვლებშიც შეცდომა დაუშვა (ამაზე ლამის სამეცნიერო ნაშრომები დაწერეს უცხოელმა სპეციალისტებმა) და რუსეთის შემოსავლები ტრადიციული წყაროებიდან (ნავთობი, გაზი, სასარგებლო წიაღისეული და ა.შ) კი არ შემცირდა, ლამის გაიზარდა კიდეც.
ომიდან ორი წლის თავზეც, როდესაც საბოლოოდ გამოჩნდა, ვინ არის პუტინი და რაზეა წამსვლელი, დასავლური პოლიტიკური წრეების ნაწილი კვლავ მითურ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრობს. ნუთუ აზრს მხოლოდ მაშინ შეიცვლიან, როდესაც პუტინის ჯარებს პარიზის, ბერლინის ან რომის მისადგომებთან იხილავენ? საინტერესოა, მაშინ ვინ იტყვის, ჯობს სამშვიდობო მოლაპარაკებები დავიწყოთო?
გიორგი კვიტაშვილი